დავეხმაროთ ერთმანეთს
მართალია, როდესაც ამბობენ, დიაბეტი დაავადება კი არა, ცხოვრების წესიაო. აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა, რათა მან მთელი სიმწვავით არ შემოგვიტიოს. დიდი ხანია, ვაგროვებ რჩევებს დიაბეტიანებისთვის. საკმაოდ ბევრი დამიგროვდა. გადავარჩიე და რამდენიმე მათგანს, უკვე დიდი ხანია, რეგულარულად ვიყენებ. ერთ-ერთია ხახვის დიეტა, რომელსაც კვირაში 2-ჯერ ვიცავ. იგი საშუალებას მაძლევს, სისხლში შაქრის დონე სტაბილურად შევინარჩუნო.
- 6 საშუალო ზომის ხახვი გაფცქვენით და შედგით ცხელ ღუმელში. უნდა დარბილდეს და არა შეიწვას. ეს დღიური ულუფაა. უნდა მიირთვათ 2 ცალი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.გამომცხვარი ხახვის სპეციფიკური გემო ზოგს არ მოსწონს, მაგრამ თუ გაიაზრებთ, რომ ის ძლიერ წაადგება ჯანმრთელობას, მისი გემო ისეთი უსიამოვნო აღარ მოგეჩვენებათ.
გაუფრთხილდით ყურებს
ყურის ტკივილთან ხუმრობა არ შეიძლება, ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, მანამდე კი შეგიძლიათ, ტკივილის გასაყუჩებლად ძველი, ნაცადი საშუალებები გამოიყენოთ.
- ძალიან წვრილად გახეხეთ ჭარხალი, გამოწურეთ, გამონაწურს დაუმატეთ იმავე რაოდენობის გაცხელებული თაფლი, კარგად აურიეთ და ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თითოეულ ყურში.
გამოწურულ მასას დაუმატეთ იმავე რაოდენობის თაფლი და ცოტაოდენი ფქვილი, რათა სქელი ცომი მიიღოთ. მოაგუნდავეთ, გააბრტყელეთ და ჩამოიცვით ყურის ირგვლივ. გარედან შემოიხვიეთ შალის შარფი. ასეთი კომპრესით დაძინებაც შეიძლება. ტკივილი თანდათან იკლებს და გაქრება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექიმთან წასვლა საჭირო აღარ არის.
ხველის საწინააღმდეგო შინაური მეთოდები
აცივებას ყოველთვის თან ახლავს ხველა, გამოწვეული ამა თუ იმ რესპირატორული ვირუსული დაავადებით. ბევრმა არ იცის, რომ თუ ხველას დასაწყისშივე უმკურნალე, აღარ გართულდება და სწრაფადაც გაივლის. გასწავლით, როგორ დააღწიოთ თავი ახალდაწყებულ ხველას.
- პირველი მეთოდი: აიღეთ პურის მაგარი ყუა, ამოაწეთ ზეითუნის ზეთში და რაც შეიძლება ნელა დაღეჭეთ. გაიმეორეთ ეს 3-4-ჯერ და ხველა ისე გაგივლით, წამალი აღარ დაგჭირდებათ.
- მეორე მეთოდი: აიღეთ 2 მწიფე ბანანი და გასრისეთ ჩანგლით ან გახეხეთ. დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. ცოტა ხანს დადგით, მერე კი მიიღეთ 1 სადილის კოვზი საათში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 7-8 კოვზისა.
ერთი შეხედვით შესაძლოა რეცეპტები ძალზე მარტივი მოგეჩვენოთ, მაგრამ ისინი ძალიან უხდება გაციებით გამოწვეულ ხველას და, ამასთან, არც ღვიძლსა და იმუნურ სისტემას აზიანებს.
კარტოფილით წნევას უწამლოდ დაიწევთ
ადამიანებს, რომლებსაც ჰიპერტონია აწუხებთ, წამლების მთელი არსენალი აქვთ, წნევის მკვეთრი მომატებისას სწრაფად რომ მიიღონ. მეც ჰიპერტონიკი ვარ, და ერთ მშვენიერ დღეს ასეთი რამ დამემართა: სოფელში, ნათესავთან სტუმრობისას, სახლში, სადაც მხოლოდ ღრმად მოხუცებული ბებია იმყოფებოდა, წნევამ ამიწია, ხელთ კი არც ერთი წამალი არ მქონდა. სწორედ იმ ბებიამ მასწავლა მაღალი წნევის ეს წამალი, რომელიც თავის ტკივილსაც უხდება:
- წნევის მომატებისას ხელები 10 წუთით ჩაყავით ცხელ წყალში, შემდგომ აიღეთ 2-3 საშუალო ზომის კარტოფილი, გაფცქვენით და მსხვილად გახეხეთ. გახეხილი მასა მოათავსეთ ბამბის ქსოვილში, კონვერტივით გაახვიეთ და დაიდეთ შუბლზე 30-40 წუთით. წნევა თანდათან დაიწევს.
- თუ ტემპერატურამ აგიწიათ და წამალი არ გაქვთ, შეგიძლიათ გახეხილ კარტოფილს დაუმატოთ 1 საჩაროზე კოვზი ძმარი და კომპრესი შუბლზე დაიდოთ. ტემპერატურა ნახევარ საათში დაიწევს.
- გახეხილი კარტოფილი კარგია დამწვრობის, შეშუპების, კანის დაავადებების დროს. თუ უძილობის გამო, ნაბახუსევზე ან სხვა მიზეზით დილით თვალებშეშუპებულს გაგეღვიძათ, გახეხილი კარტოფილის კომპრესი 30-40 წუთით დაიდეთ ქუთუთოებზე - შეშუპება გაქრება.
ფრჩხილის ჩაბრუნება უექიმოდ მოვირჩინე
დიდხანს მაწუხებდა ფრჩხილების ჩაბრუნება ორივე ფეხის ცერზე. ექიმთან მისვლისა მეშინოდა, ამიტომ ვამჯობინე, ხალხური სამკურნალო საშუალებები მეძებნა. ერთმა ნაცნობმა ასეთი რეცეპტი მასწავლა:
- ერთმანეთში უნდა ავურიოთ თითო სუფრის კოვზი დანაყილი ნიორი, ხახვი, ალოე, დამდნარი კარაქი და თაფლის სანთელი, ეს ყველაფერი 2 წუთით წამოვადუღოთ, თან ხის კოვზით ვურიოთ, მერე შევაგრილოთ, სქლად დავიდოთ ჩაზრდილ ფრჩხილზე და მის ირგვლივ, შემოვიხვიოთ კომბოსტოს თხელი ფურცელი, რომელიც წინასწარ ოდნავ უნდა დავჟეჟოთ, და ცელოფნით, ბინტითა და შალის ქსოვილით შევიხვიოთ, რომ თითი ჩახურდეს. ეს პროცედურა იმდენჯერ უნდა გავიმეოროთ, რამდენჯერაც დაგვჭირდება. შემდეგ ფრჩხილი ფრთხილად შემოვჭრათ და წყალბადის ზეჟანგით დავიმუშაოთ.
ამ წამლით ვიმკურნალე და ფრჩხილები ისე მოვირჩინე, რომ ჩაბრუნების კვალიც აღარ მეტყობა.
შვრიის ნახარში უებარი წამალია
გამუდმებით მტკიოდა თავი, ხშირად მემართებოდა ბრონქიტი და ვერაფერს ვშველოდი მშრალ ხველას, კუჭის მოქმედება სულ დარღვეული მქონდა - ხან შეკრულობა მაწუხებდა, ხან აშლილობა. ყველა ჩივილი მომიხსნა შვრიის ნახარშმა, რომელიც ასე მზადდება:
- 2 ს/კ შვრიას დაასხით ოთახის ტემპერატურის 1 ჩ/ჭ წყალი და გააჩერეთ 3-5 საათი, შემდეგ ადუღეთ 5-7 წუთი და გააცივეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი გაწურული ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, 5-10 დღის განმავლობაში.
სტაფილო თირკმელებსაც უხდება
თირკმელებიდან კენჭები, ქვიშა, შარდიდან ცილა შეგიძლიათ მოიშოროთ სტაფილოსა და ქიშმიშის მეშვეობით. ეს რეცეპტი ბევრჯერ გამოვცადე ნათესავებსა და ახლობლებზე და მერწმუნეთ - შედეგი ფაქტობრივად გარანტირებულია.
- 500 გ სტაფილო გარეცხეთ, გაასუფთავეთ, დაჭერით კუბებად, დაუმატეთ 500 გ კარგად გარეცხილი ქიშმიში. ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 1 ლ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ აადუღოთ, გადმოდგით ცეცხლიდან. ქვაბს დაახურეთ სახურავი და მჭიდროდ შემოახვიეთ ფოლგა. შედგით ქვაბი ღუმელში, ძალიან დაბალ ცეცხლზე, და 8 საათი დატოვეთ.
შემდეგ გამოიღეთ და 1 საათი დადგით გასაგრილებლად. ნაყენი ცალკე ჭურჭელში გადმოასხით, ქიშმიში და სტაფილო კი ოთხფა დოლბანდში გაწურეთ და გამონაწური დანარჩენ ნაყენს დაამატეთ. მიიღებთ მუქ ყავისფერ სასმელს, რომელიც უნდა შედგათ მაცივარში. მიიღეთ 100-100 გრამი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 7-14 დღის განმავლობაში, კენჭების სრულ დაშლამდე. კენჭები ქვიშად იქცევა და შეუმჩნევლად გამოიდევნება.
მკურნალობის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ ექოსკოპია გაიკეთეთ, რომ შედეგი თვალნათლივ დაინახოთ. წამლის ახალი ულუფა ყოველ მესამე დღეს უნდა მოამზადოთ, რათა მკურნალობის კურსი არ გაგიწყდეთ.
შტოშის ნაყენი ფარისებრ ჯირკვალს უკეთ აამუშავებს
დიდი ხნის წინ დამისვეს ჰიპოთირეოზის დიაგნოზი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაქვეითებული მაქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. ექიმმა მითხრა, რომ ეს იოდის ნაკლებობის ბრალია. წლების განმავლობაში ვცდილობდი, მიმეგნო მცენარეული წამლისთვის, რომელიც უკეთესობას მაგრძნობინებდა. ვიპოვე კიდეც - შტოშის ნაყენი:
- 4 ს/კ შტოშის ნაყოფს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, 2 საათი გააჩერეთ თავდახურული, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 10-12 დღის განმავლობაში. შემდეგ ერთი თვე დაისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.
ასეთი მკურნალობის შემდეგ თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ - აღარც მოდუნებული ვარ, წონასაც თანდათან ვიკლებ, მიწესრიგდება ნივთიერებათა ცვლა. ჩემი ორგანიზმი იოდს უკეთ ითვისებს. ამის მისახვედრად ვიტარებ იოდის ტესტს: კანზე ვიკეთებ იოდის ბადეს. თუ ბადე სამ საათზე ნაკლებ ხანში გაქრა, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს იოდი ნამდვილად აკლია; თუ ბადის გაქრობას სამი-ოთხი საათი დასჭირდა - კარგი შედეგია. ამ ტესტს მკურნალობის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ ვიტარებ და ცვლილებას აშკარად ვამჩნევ. მიწესრიგდება წნევაც. გაითვალისწინეთ - ეს წამალი უნდა მიიღოთ ჰიპოთირეოზის და არა ჰიპერთირეოზის დროს!
იოდი ფეხის ოფლიანობის წინააღმდეგ
ახალგაზრდობაში ძალიან მაწუხებდა ფეხის ოფლიანობა. განსაკუთრებით შევწუხდი ჯარში ყოფნისას. ოფლიანობის გამო დამემართა სოკოვანი დაავადებაც. ეს ორი პრობლემა ყოველთვის ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მაგრამ მათგან თავის დაღწევა შესაძლებელია - იოლად და, რაც მთავარია, იაფად:
- ფეხები კარგად დაიბანეთ და გაიმშრალეთ, შემდეგ ბამბის ტამპონი დაასველეთ 3%-იანი ან 5%-იანი იოდით, შეიზილეთ თითებს შორის და თითებიდან 3-4 სმ-ზე, ტერფებზე. სასურველია, ეს პროცედურა ყოველ საღამოს ჩაიტაროთ. სულ რამდენიმე პროცედურაა საკმარისი, რომ ოფლიანობამ 1-2 წელი აღარ შეგაწუხოთ. მე სამი პროცედურა მეყო.