ხახვი - უნიკალური მკურნალი
რას შეიცავს ხახვი?
ხახვის ანტიბაქტერიულ (დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების საწინააღმდეგო) მოქმედებას ფიტონციდების შემცველობა განაპირობებს. ამ მცენარეში უხვად არის აზოტოვანი ნაერთები, შაქრები, მათ შორის - გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, მალტოზა, ასევე - კალციუმის, რკინის, ფოსფორისა და სპილენძის მარილები, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. ხახვი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ (გამომყოფ) ფუნქციას, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას. მასში შემავალი კალციუმის ნაერთები ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცებას. ხახვისგან არაერთი სამკურნალო საშუალებაა მიღებული. მაგალითად, პრეპარატი ალილჩეპი, ხახვის სპირტიანი გამონაწვლილი, გამოიყენება ნაწლავთა ატონიის, ფაღარათის, ათეროსკლეროზის დროს. გამონაწვლილის გლიცერინიანი ნარევით, ალილგლიცერით, მკურნალობენ ტრიქომონადულ კოლპიტს (ტრიქომონათი გამოწვეულ საშოს ანთებას). ხახვის ახალგამოწურული წვენის რეგულარული მიღება ხელს უწყობს სპერმის წარმოქმნას, ზრდის სქესობრივ პოტენციას, ეფექტურად უწევს პროფილაქტიკას და მკურნალობს ათეროსკლეროზულ პროცესებს, ვინაიდან ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ხახვს ძველთაგანვე მიაწერდნენ ენერგიის მომატების და ტკივილის გაყუჩების უნარს. ამის გამო ის რომაელ ჯარისკაცთა რაციონის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო. კანიანად შებრაწული ხახვის ბოლქვებს თხის რძეში ალბობდნენ და ჯარისკაცებს ტკივილის დასაამებლად და იარების მოსაშუშებლად ჭრილობებზე ადებდნენ. ეს მეთოდი დღესაც პოპულარულია. ხახვის ფიტონციდების შესუნთქვა ეფექტურია ბრონქიტის, ხველის, საზოგადოდ, ზედა სასუნთქი გზების სხვადასხვა პათოლოგიის დროს.
ხახვი ხველის სამკურნალოდ
ხველის სამკურნალო საშუალებების ფართო არჩევანის მიუხედავად, ხახვით მკურნალობის ხალხური ტრადიცია კვლავაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს
- ორი თავი ხახვი წვრილად დაჭერით, დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქრის ფხვნილი და ორი ჩაის ჭიქა წყალი, შემოდგით ნელ ცეცხლზე და შესქელებამდე ადუღეთ. მიიღეთ სამ საათში ერთხელ თითო სადილის კოვზი.
- გახანგრძლივებული ხველისა და, საზოგადოდ, ბრონქიტის დროს მეტად ეფექტურია რძეში მოხარშული ხახვი: 1-2 საშუალო ზომის თავი გაფცქვენით, ჩაუშვით რძეში, შემოდგით ნელ ცეცხლზე და 3-4 წუთს, ხახვის დარბილებამდე ადუღეთ. შემდეგ ამოიღეთ, შეგრილებისთანავე დაჭერით და მიირთვით. არსებობს მომზადების სხვა წესიც: აიღეთ იმავე ოდენობის ხახვი, წვრილად დაჭერით და რძეში მოხარშეთ. ნახარში 4 საათით გააჩერეთ, მერე კი დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ თითო სადილის კოვზი 2-3 საათში ერთხელ.
- წინაპართაგან შემოგვრჩა ასეთი რეცეპტი: 1-2 თავი ხახვი რგოლებად დაჭერით და ცოტაოდენ (დაახლოებით ერთ სადილის კოვზ) ცხიმში, უმჯობესია, ღორის ქონში დარბილებამდე და შევარდისფერებამდე შუშეთ. მიირთვით თბილი, უმჯობესია, ორ ულუფად - დილით და საღამოს, ჭამის წინ.
- არსებობს ასეთი რეცეპტიც: ერთ სადილის კოვზ ალთეს ფესვს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, 20 წუთით გააჩერეთ, მერე დაამატეთ გახეხილი ხახვი (1-2 თავი), კიდევ 20 წუთით გააჩერეთ და დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ თითო სადილის კოვზი. ალთეს ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვირისტერფა.