ერთად ვისწავლოთ ჩაცმა
მშობლები ორ უკიდურესობაში ცვივიან - ერთნი მოუთმენლად ელიან, როდის ისწავლის შვილი ჩაცმას, ხოლო მეორენი დიდხანს არ აძლევენ საშუალებას, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს.
უცნაურია, მაგრამ მიზეზი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივეა - მშობელს მოთმინება არ ჰყოფნის. მართლაც, პატარა ბავშვი, რომელიც დამოუკიდებლად ჩაცმას სწავლობს, ძალიან ნელა ირჯება. იმას, რისთვისაც მოზრდილ ადამიანს სულ ხუთი წუთი სჭირდება, ბავშვმა შეიძლება ერთი საათი მოანდომოს. ეს დედას მოთმინებას აკარგვინებს და აბრაზებს. მასაც ურჩევნია, თვითონვე ჩააცვას პატარას, რათა დროულად მიხედოს სხვა საქმეს.
მთავარია მოთმინება
რასაკვირველია, ადრე თუ გვიან ყველა ბავშვი ისწავლის ჩაცმას, მაგრამ მშობელს მართებული ქცევით ნამდვილად შეუძლია, შვილს ამ ჩვევის სწრაფად გამომუშავებაში დაეხმაროს. იქნებ გაგიკვირდეთ, მაგრამ სათამაშოები, რომლებიც სიზუსტეს, ხვრელში ჯოხის გაყრას თუ მიზანში მოხვედრას მოითხოვს, ამ დროს დახმარებას ვერ გაგვიწევს. მათი მიზანი მხოლოდ წვრილი მოტორიკის განვითარებაა. ამ თამაშების დახმარებით ბავშვი ვერც თასმების გაყრას ისწავლის და ვერც ღილების შეკვრას. ერთადერთი რამ, რაც მშობლებს მართლა დაეხმარება, მოთმინებაა. ბავშვს ჩაცმისათვის მოზრდილზე მეტი ხანი სჭირდება, ამიტომ თუ სადმე მიბრძანდებით, პატარამ ჩაცმა თქვენზე გაცილებით ადრე უნდა დაიწყოს. როცა ბავშვს ჩაცმაში ეხმარებით, აუცილებლად აუხსენით, რას აკეთებთ. გამეორება მართლაც ცოდნის დედაა და ჩვევის სათანადოდ ასათვისებლად ყველაფრის მრავალჯერ გამეორებაა საჭირო.
რა გავქვს გარდერობში?
ჩაცმის სწავლის პროცესი უფრო სწრაფად რომ წარიმართოს, ეცადეთ, პატარას ადვილად ჩასაცმელი ტანსაცმელი ჰქონდეს. არ არის საჭირო ბევრი ღილი, თასმა... არსებობს მარტივი ხერხები, რომელთა მეშვეობითაც ბავშვს შეიძლება ვასწავლოთ ტანსაცმლის წინა და უკანა მხარეების გარჩევა. მაგალითად, მაისურს - სურათი, ხოლო შარვალს - ელვა შესაკრავი ან ღილები წინა მხარეს აქვს. ამ უბრალო რჩევით პატარას საგრძნობლად გავუადვილებთ საქმეს. მაისური ან ფართოსაყელოიანი პულოვერი, შარვალი ან რეზინიანი ქვედატანი, წინდები ან უბრალო, მოხერხებული ფეხსაცმელი გარდერობის ის საწყისი ელემენტებია, რომლებსაც ბავშვი ყველაზე ადვილად გაუმკლავდება. ქვემოთ თითოეულ მათგანზე უფრო ვრცლად შევჩერდებით.
მაისური და სვიტერი
მაისურის ან სვიტერის ჩაცმისას მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბავშვი, მოზრდილი ადამიანისგან განსხვავებით, ცდილობს, მის საყელოში გაუყაროს არა თავი, არამედ სახე. რასაკვირველია, სახე საყელოში იჭედება, ბავშვი ვერაფერს ხედავს და შეშინებული ყვირის. თუ მშობელს მოთმინება არ ეყო და გაუბრაზდა, ბავშვი იფიქრებს, რომ ჩაცმა ძალიან ძნელია, თანაც საშიში. ამიტომ ზოგიერთი პატარა ყველანაირად არიდებს თავს დამოუკიდებლად ჩაცმას და ცდილობს, ეს საქმიანობა რაც შეიძლება მეტი ხნით მიანდოს მშობლებს.
ახლა ის მარტივი ხერხები ჩამოვაყალიბოთ, რომლებიც ბავშვს სვიტერისა და მაისურის ჩაცმაში დაეხმარება. უპირველეს ყოვლისა, რაც შეიძლება ფართოდ გასწიეთ საყელო. მოხერხებულია მაისური, რომელიც მხართან იკვრება. თავდაპირველად აუცილებელია, ბავშვს დავეხმაროთ, მის თავს სწორი მიმართულება მივცეთ, ვასწავლოთ, როგორ გასწიოს საყელო, რომ შიგ თავი იოლად გაყოს. ამავე დროს გაითვალისწინეთ, რომ გამეორება ორჯერ და სამჯერ კი არა, ათჯერ და მეტჯერაც მოგიწევთ. ეს აუცილებელია, რათა ბავშვმა რთული პროცესი კარგად აითვისოს.
წინდები
ჩაცმულობის ამ ელემენტს ბავშვები სწრაფად ითვისებენ. მთავარი სირთულე ის არის, რომ ჩაცმის დროს ფეხის თითებს შლიან და ამის გამო წინდის ბოლომდე ამოცმა უჭირთ. თავდაპირველად პატარას ყოველი ჩაცმისას უნდა შევახსენოთ, რომ თითები ერთმანეთს მიატყუპოს და გაჭიმოს.
მეორე რთული მომენტია წინდის ქუსლი, რომელიც თითქმის ყოველთვის ზემოდან აღმოჩნდება ხოლმე. ამასაც უნდა მიექცეს ყურადღება, მაგრამ თუნდაც ზემოდან მოექცეს, საგანგაშო არაფერია.
შარვალი
რასაკვირველია, ქვედაკაბის ჩაცმა გაცილებით ადვილია, მაგრამ თუ გოგონა აქტიური თამაშის მოყვარულია, უშარვლოდ ფონს ვერ გავალთ. რასაკვირველია, შარვალი საწოლის ან ტახტის კიდეზე მჯდომმა უნდა ჩავიცვათ. ამ დროს ფეხები დაშვებული უნდა გვქონდეს. იატაკს არ უნდა სწვდებოდეს, მაგრამ არც ისე მაღლა იყოს, რომ ჩამოხტომა გაჭირდეს. შესთავაზეთ ბავშვს, ფეხები გაჭიმოს და შარვალი ასე ჩააცვით. ყველაზე გავრცელებული შეცდომა ის არის, რომ ბავშვი დროზე ადრე ხრის ფეხს. ამ შემთხვევაში აუცილებელია შარვლის გახდა და ყველაფრის თავიდან გამეორება. როგორც კი შარვლის ტოტებიდან ტერფი გამოჩნდება, ბავშვი უნდა ადგეს - ჩაცმა დამთავრებულია!
ფეხსაცმელი
თავდაპირველად ყველაზე მოხერხებულია ფეხსაცმელი მარტივი, მწებავი შესაკრავით. თუ ფეხსაცმელს აქვს ენა, მშობლის დახმარება კიდევ დიდხანს იქნება საჭირო - ენის დაჭერა გარკვეულ ასაკამდე ბავშვისთვის გადაუჭრელი პრობლემაა.
რის გამო არ ღირს წუხილი
დედები ხშირად მეტისმეტად კრიტიკულად ეკიდებიან თავისი თუ სხვისი შვილების გარეგნობასა და ჩაცმულობას. ნუ იქნებით ზედმეტად პრეტენზიულნი, გაითვალისწინეთ, რომ პატარა ბავშვისათვის მნიშვნელოვანია არა ის, რა ჩაიცვა, არამედ თვით დამოუკიდებლად ჩაცმის ფაქტი. ბავშვის სიამაყე საკუთარი მიღწევის გამო გაცილებით მეტს უნდა ნიშნავდეს, ვიდრე სხვა ადამიანთა შეხედულებები.
არის დეტალები, რომელთა გამო ბავშვს არათუ არ უნდა ვუსაყვედუროთ, არამედ არც კი შევიმჩნიოთ. მაგალითად, თუ პატარამ ახლახან დაიწყო დამოუკიდებლად ჩაცმა და მაისურის შარვალსა თუ ქვედატანში ჩატანებას ვერ ახერხებს, ამ გარემოებაზე აქცენტი არ უნდა გავაკეთოთ. მეტადრე - მაშინ, როცა ბავშვი იმდენს მოძრაობს, რომ მაისური მაინც სულ ამოჩაჩული აქვს. ჯობს, პრობლემა სხვანაირად მოვაგვაროთ - პატარას გრძელი მაისური ვუყიდოთ, რათა ზურგი და წელი არ გაუშიშვლდეს. საყვედური არც მაშინ არის მიზანშეწონილი, როცა ბავშვი ღილებს არასწორად შეიკრავს. პატარა უნდა შევაქოთ სიბეჯითის გამო და შევთავაზოთ, ოდნავ შეისწოროს ტანსაცმელი დამოუკიდებლად ან თქვენთან ერთად.
საყვარელი ტანსაცმელი
თითქმის ყველა პატარას აქვს საყვარელი ტანსაცმელი. ამაში არაფერია ცუდი, გარდა ერთისა: ტანსაცმელი პატარავდება ან იხევა, ბავშვს კი სხვა სამოსის გაგონებაც არ სურს. როგორ მოვიქცეთ? აი რამდენიმე ვარიანტი:
- გაქექილი ადგილები გავალამაზოთ აპლიკაციით, ხვრელები კი ამოვკემსოთ.
- დაპატარავებული ტანსაცმელი ბავშვის საყვარელ თოჯინას ან ფუმფულა დათუნიას (ცუგას, ბაჭიას...) ჩავაცვათ.
- თუ დედას კერვა შეუძლია, კაბის ან შარვლის დაგრძელება არ არის ძნელი. ამ შემთხვევაში ბავშვს წინასწარ უნდა ავუხსნათ, რას ვაპირებთ და დახმარებაც ვთხოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მადლობის ნაცვლად მისგან შეიძლება საყვედური მივიღოთ.
- თუ ახლობლებს პატარა ბავშვები ჰყავთ, ჰკითხეთ პატარას, ხომ არ აჩუქებდა თავის საყვარელ დაპატარავებულ ტანსაცმელს სხვა ბავშვს. თუ შვილი გადაჭრით გეტყვით უარს, ჯობს თავი დაანებოთ. თუმცა, როგორც წესი, თბილი გრძნობები პატარას მიმართ იმდენად ძლიერია, რომ ბავშვი ასეთ წინადადებას თანხმდება.
- შეიძლება, დაძველებული ტანსაცმელი ჩუმად მოიცილოთ. თუ ბავშვს თავად არ მიაქცევინებთ ყურადღებას, შესაძლოა აღარც კი გაახსენდეს, რომ რაღაც ჰქონდა, მეტადრე - თუ ახალ ტანსაცმელს უყიდით. თუ ბავშვი შეკითხვებით შეგაწუხებთ, შეიძლება მას ასეთი პასუხი გასცეთ: "სადღაც აქ იყო, თუ გინდა მოძებნე..." შეგიძლიათ შეთხზათ პატარა მოთხრობა-ზღაპარი, როგორ წაიღო დათუნიამ ან ბაჭიამ მაისური თავისი შვილებისთვის. ფსიქოლოგების აზრით, მართალი, მაგრამ მკვახე პასუხი - "გადავაგდე, იმიტომ რომ დაძველდა" - ბავშვს გაანერვიულებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საყვარელ ტანსაცმელს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ნივთს, ბავშვი თითქმის სულიერ არსებად აღიქვამს.
- ხშირად შეაქეთ ბავშვი და მალე სიცილით გაიხსენებთ ყველა სირთულეს, რაც ჩაცმის სწავლისას შეგხვდათ.