როგორ ჩავაცვათ ბავშვს ქუჩაში
როგორ ჩავაცვათ ჩვილს სეირნობისას
ჩვილის სასეირნოდ გაყვანისას მისი ჩაცმულობა დამოკიდებულია არა მარტო წელიწადის დროსა და ამინდზე, ასევე რეგიონზეც. ერთი და იგივე ტემპერატურული რეჟიმი მოზრდილისთვისაც კი სხვადასხვანაირად აღიქმება. ნულს ქვევით ტემპერატურა მაღალი ტენიანობისას გაცილებით მწვავედ აღიქმება.
ბავშვი ძალიან არ უნდა ჩავფუთნოთ. ჯობს, თან გვქონდეს დამატებით პლედი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთი და იგივე ტემპერატურა წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად შეიგრძნობა, რადგანაც ჰაერი სხვადასხვანაირადაა გამთბარი.
როგორ ჩავაცვათ 2-3 წლის ასაკის ბავშვს
აღნიშნულ ეტაპზე ნებისმიერ ამინდში ბავშვი ძალიან აქტიურია და ტანსაცმელთან დამოკიდებულებაში მას უკვე თავისი გემოვნებისა და უპირატესობებისკენ აქვს მიდრეკილება.
იმისათვის, რომ გავიგოთ, რამდენად კომფორტულად გრძნობს ბავშვი თავს გრილ ამინდში, უნდა ვნახოთ მისი არა ლოყები და ცხვირი, არამედ კისერი. თუ ის ზედმეტად ცხელი და ნოტიოა, ე.ი. ბავშვი ზედმეტად ჩავფუთნეთ. გადახურების ნიშანია მუდმივი წყურვილის შეგრძნება და ცხელი ან თბილი სახე სიცივეშიც კი. გადაციებაზე მეტყველებს ცივი კისერი, ფერმკრთალი კანი, ბავშვი ჭირვეულობს და ტირის.
მნიშვნელოვანია, რომ ფეხსაცმელი სრულად შეესაბამებოდეს ფეხის ზომას და თბილ წინდაზე არ უჭერდეს.
პედიატრები გვირჩევენ, ისევე ჩავაცვათ ბავშვს, როგორც თავად ვიცვამთ და ტანსაცმლის კიდევ ერთი ფენა. უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის მოძრაობა. აქტიურ ბავშვს უნდა ჩავაცვათ ერთი ფენით ნაკლები სამოსი, ვიდრე მის თანატოლს ნაკლები ტემპერამენტით.
როდესაც საუბარია 4-5 წლის ბავშვის ჩაცმაზე, რთულია მზა რეცეპტის მიცემა. ბავშვმა უკვე იცის, რაში გრძნობს თავს მოხერხებულად, რა ანიჭებს დისკომფორტს და შესაძლოა, თავად განსაზღვროს საკუთარი ჩაცმულობა. ზამთარსა და გარდამავალ პერიოდში, ბავშვის სასეირნოდ გასვლისას, უნდა გავითვალისწინოთ სამფენიანი სამოსის პრინციპი.
პირველი ფენა უნდა იყოს ნატურალური ქსოვილის თეთრეული ან თერმოთეთრეული „სუნთქვის“ ფუნქციით.
შუალედურ ფენად უნდა შევარჩიოთ თბილი სვიტერი, რომელიც კარგად შეინარჩუნებს სითბოს და მესამე საბოლოო ფენა არის ზედა ტანსაცმელი - კომბინეზონი ან ქურთუკი წელიწადის დროის შესაბამისად.
რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, მით მაღალია ტენიანობა და შესაძლებელია იყოს ქარი, ამიტომ სასურველია დავამატოთ ტანსაცმლის კიდევ ერთი ფენა.
სკოლამდელ ან უმცროს სასკოლო ასაკში ბავშვი უკვე დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის, მათ შორის - ტანსაცმლის არჩევაში. ის შეიძლება აქტიურად შეეწინააღმდეგოს მშობელს და ჩაიცვას ის, რაც მოსწონს. ამგვარი სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად ტანსაცმელი ბავშვთან ერთად შეარჩიეთ, რათა მან ის სიამოვნებით ატაროს.
აქაც უნდა დავიცვათ სამშრიანი ტანსაცმლის პრინციპი ტემპერატურის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი არ გადახურდეს. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ სეირნობისას ბავშვის გადახურება გადაციებაზე უფრო სახიფათოა, რადგანაც სწორედ ის ახდენს გაციების პროვოცირებას.
ბავშვზე და მის აქტიურობაზეც ბევრია დამოკიდებული. ჰაერის ტემპერატურასთან ერთად გავითვალისწინოთ მშობლიური კლიმატის თავისებურებები, პედიატრის რჩევები, საკუთარი შეგრძნებები და შევარჩიოთ სეირნობისთვის სწორი ტანსაცმელი, რომ ბავშვი ყოველთვის მოხერხებულად იყოს.