მედიცინის სიახლეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ იპყრობს ზოგჯერ ადამიანს, მაგალითად, ნამცხვრის ან შოკოლადის (და არა, მაგალითად, ვაშლის) ჭამის დაუოკებელი სურვილი - საქმე ის არის, რომ ამგვარად ორგანიზმი პატრონს მიახვედრებს, რა სჭირდება სინამდვილეში. ტკბილეულისადმი ამგვარი ლტოლვის საწყისები თურმე ევოლუციაში, ფსიქოლოგიურ ფაქტორებში (სტრესი, ბედნიერების დეფიციტი) და რომელიმე ელემენტის უკმარისობაში უნდა ვეძებოთ.

ლიდსის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქიატრიის განყოფილების ხელმძღვანელი ენდრიუ ჰილი ამბობს, რომ შეტევები შიმშილის გამოვლინება არ არის, ვინაიდან საქმე კონკრეტული პროდუქტის ჭამის სურვილს ეხება. ამ მოვლენაზე პასუხს აგებს ტვინში არსებული ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება, მათ შორის - დოფამინი და ოპიატები. ამ ნივთიერებათა გავლენით ტვინი ზოგიერთ ქმედებას სიამოვნებასთან აკავშირებს და ამ ქმედებათა მუდმივად გამეორება უნდება.

ევოლუციის თვალსაზრისით ეს პროცესი უკავშირდება იმ დროს, როცა ოპიატები და დოფამინი ასრულებდნენ თვითგადარჩენის მექანიზმის როლს და "მონაწილეობდნენ" მაღალკალორიული საკვების მოძიებაში.

რაც შეეხება სტრესთან კავშირს, ფსიქიკისთვის ძნელად ასატან ვითარებაში ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონ კორტიზოლს, რომელიც შიმშილის გრძნობას აღძრავს. სისხლში გლუკოზის დონის მომატება განაპირობებს უჯრედების მეტი ენერგიით მომარაგებას, რაც ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმს უწყობს ხელს და კორტიზოლის მატებაზე იმუნურ პასუხს თრგუნავს. ამიტომაც მიილტვის სტრესის დროს ადამიანი კანფეტებისა და ნამცხვრებისაკენ. საინტერესოა, რომ ქალები მძიმე წუთებში უფრო მეტად ტკბილი, ცხიმიანი და კალორიული საკვებისკენ მიილტვიან, მამაკაცები კი ცხარე კერძებს ამჯობინებენ. რისი ბრალია ეს, მეცნიერებს დღემდე ვერ აუხსნიათ. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ თუ ადამიანს ტკბილეული უნდება, ე.ი. მისი ფსიქიკური მდგომარეობა არამყარია.

ომეგა-3 პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმის განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორია

დიეტოლოგები გვირჩევენ, ომეგა-3-ით მდიდარი სურსათი მივირთვათ. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ჯგუფია, რომლებიც ხელს უწყობს ანთებითი პროცესის ჩაცხრობას და გულს სხვადასხვა დაავადებისგან იცავს. ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ ეს მჟავები არც იმდენად სასარგებლო ყოფილა, როგორც ეგონათ. აღმოჩნდა, რომ ომეგა-3 ხელს უწყობს პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმის განვითარებას. სიეტლის ფრედ ჰატჩინსონის კიბოს კვლევის ცენტრის თანამშრომელი, მეცნიერი თეოდორ ბრასკი, აღნიშნავს, რომ მისი გუნდის წევრები ძალიან გააკვირვა ამ აღმოჩენამ, რადგან საპირისპირო შედეგს ელოდნენ.

მეცნიერებმა გააანალიზეს შვიდი წლის განმავლობაში დაგროვილი 55 წელს გადაცილებული იმ 19 000 მამაკაცის მონაცემები, რომლებიც ფინასტერიდის (პროსკარი) კიბოს საწინააღმდეგო თვისებების გამოსავლენ გამოკვლევაში მონაწილეობდნენ. ამ ხნის მანძილზე პროსტატის კიბო 1668 მამაკაცს განუვითარდა, ამათგან 1533-ს - ნელა პროგრესირებადი ფორმა, 125-ს კი აგრესიული. მამაკაცებს რეგულარულად უკეთებდნენ სისხლის ანალიზს. დოქტორ ბრასკის ჯგუფმა აიღო ეს ინფორმაცია და შეავსო ცხიმის მოხმარების შესახებ მონაცემებით, რათა კიბოსა და ცხიმოვან მჟავებს შორის კავშირის არსებობა გამოევლინა.

გამოკვლევამ ცხადყო, რომ მამაკაცებს, რომლებსაც სისხლში ომეგა-3 ტიპის მჟავების ყველაზე მაღალი დონე აღმოაჩნდათ, პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმის განვითარების 2,5-ჯერ მეტი ალბათობა ჰქონდათ, ვიდრე მამაკაცებს, რომლებსაც სისხლში იმავე მჟავების ყველაზე დაბალი შემცველობა დაუდასტურდათ. გასაკვირია, მაგრამ მამაკაცები, რომელთა სისხლში არაჯანსაღი ტრანსცხიმების შემცველობა შეიმჩნეოდა, აგრესიული კიბოთი 50%-ით უფრო იშვიათად ავადდებოდნენ. მეცნიერებს ეს ფაქტი ვერ აუხსნიათ.

ყავა წნევას არ სწევს

ამერიკელმა მეცნიერებმა უარყვეს თეორია, რომ ყავის უხვი და რეგულარული სმა არტერიული წნევის მატებას იწვევს. ახალი ორლეანის უნივერსიტეტის მეცნიერმა თანამშრომლებმა გააანალიზეს 33 წლის განმავლობაში დაგროვილი მონაცემები 170 000 ამერიკელის ყავის სმის ჩვევისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მათი დასკვნა ასეთია: თუნდაც დღეში 3 ფინჯან ყავაზე მეტს სვამდეთ, ჰიპერტენზიის განვითარების ალბათობა მაინცდამაინც არ იზრდება - ისეთივე რჩება, როგორიც 1-2 ფინჯანი ყავის სმის შემთხვევაში. თუმცა მეცნიერები არ უარყოფენ, რომ ყავისა და არტერიული წნევის ურთიერთკავშირზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის - ორგანიზმის თავისებურება, გენეტიკური ფონი და მემკვიდრეობა, ამიტომ ზოგიერთმა, გამორიცხული არ არის, ფინჯანი ყავის შემდეგაც კი შეუძლოდ იგრძნოს თავი. ამ თვალსაზრისს უკვე რამდენიმე ექსპერტი დაეთანხმა.


ქართული კომპანია "მანა" 10 წლისაა

ცოტა ხნის წინ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტისა და ქართული კომპანია "მანას" ხელშეწყობით საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა კონფერენცია, რომლის თემაც "ნატურალური მედიცინა - ტრადიცია, დღევანდელობა და პერსპექტივები" გახლდათ. კონფერენციის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებამ დარბაზში გამოფენილი "მანას" პროდუქცია დაათვალიერა. ეს კომპანია, რომელშიც ქართული კაპიტალია დაბანდებული, უკვე 10 წელია მოღვაწეობს. მისი პროდუქცია 18 დასახელების პრეპარატს ითვლის, რომლებიც წარმატებით გამოიყენება მედიცინის სხვადასხვა დარგში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ "მანა" ქართველი მეცნიერების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ ქართულ ფიტოთერაპიულ პრეპარატებზე მუშაობს, რომელთა ნედლეულიც საქართველოს ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებშია მოპოვებული. სხვათა შორის აქ, პირველად საქართველოში, ფიტოპრეპარატები მათი აქტიური საწყისის მიხედვით არის სტანდარტიზებული.

კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი მამა ადამი (ახალაძე) უძღვებოდა, სიტყვით გამოვიდნენ კომპანია "მანას" პრეზიდენტი მანანა ესაიაშვილი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ჩხიკვიშვილი, აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე, პროფესორი ირაკლი მეგრელაძე, პროფესორი თამარ სანიკიძე და სხვა გამოჩენილი მეცნიერები. მათ მაღალი შეფასება მისცეს კომპანია "მანას" მიერ წარმოებულ ფიტოთერაპიულ საშუალებებს.

ექნება თუ არა ბავშვს დაუნის სინდრომი

The times-ის ცნობით, მეცნიერებმა შეიმუშავეს სისხლის უმარტივესი და უსაფრთხო ანალიზის მეთოდი, რომელიც ორსულს ამცნობს, აქვს თუ არა მის მომავალ შვილს დაუნის სინდრომი. ანალიზი ათიდან 9 შემთხვევაში ავლენს დაუნის სინდრომს (ანუ ტესტების 10% იძლევა ცრუ უარყოფით შედეგს) და ასიდან 97 შემთხვევაში სწორად აჩვენებს მის არარსებობას (ანუ ტესტების 3% იძლევა ცრუ დადებით შედეგს). ჰონკონგში შემუშავებული ეს მეთოდი ჯერჯერობით არც ისე ბევრ პაციენტზეა შემოწმებული. მისი ეფექტიანობის საბოლოოდ დადგენას კიდევ 3-5 წლის მუშაობა დასჭირდება.

ამჟამად დაუნის სინდრომზე გენეტიკურ გამოკვლევას უტარებენ მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფის (40 წელს გადაცილებულ) ორსულებს. გამოსაკვლევად იღებენ სანაყოფე წყლებს, მაგრამ ამ დროს იქმნება ორსულობის შეწყვეტის საფრთხე (მაგალითად, ბრიტანეთში ამ პროცედურის შედეგად ყოველ წელს იღუპება 300-ზე მეტი ჯანმრთელი ემბრიონი), ამიტომ ბევრი გამოკვლევაზე უარს ამბობს.

სისხლის ანალიზით დაუნის სინდრომის დიაგნოსტირებას არავითარი საშიშროება არ ახლავს. ამ პროცედურის ჩატარება შეუძლია ნებისმიერ ორსულს. სამწუხარო ის არის, რომ დიაგნოსტიკის გამარტივებას შესაძლოა აბორტების გახშირება მოჰყვეს. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ სულიერი და ემოციური განვითარების მხრივ დაუნის სინდრომით დაავადებულები სრულფასოვანი ადამიანები არიან და არასრულყოფილთა რანგში მათი განხილვა არ შეიძლება, მაგრამ ჯერჯერობით ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ თითოეულმა ოჯახმა თავად უნდა გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა ასეთი ბავშვის აღზრდა.

აშშ-ში "დედისა" და "მამის" ცნებები გააუქმეს?!

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსახლეობას ამცნო, რომ 2011 წლის თებერვლიდან საპასპორტო განაცხადის ფორმაში მცირე ცვლილება შევიდა: მშობლების შესახებ გრაფაში სიტყვები "მამა" და "დედა" შეიცვლება სიტყვებით "მშობელი 1" და "მშობელი 2". სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ მშობლების სქესისადმი შენარჩუნებულ იქნეს ნეიტრალური დამოკიდებულება, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს განსხვავებული ტიპის ოჯახების მოქალაქეობრივ უფლებათა აღიარების კუთხით. "დღეს ვხვდებით ისეთ სიტუაციებს, რომელთაც 10-15 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა", - ამგვარად ახსნა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დეპარტამენტის გადაწყვეტილება. ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების ორგანიზაციები სახელმწოფი დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებას მიესალმნენ.

ჯენიფერ კრაისლერი, რომელიც "ოჯახთა თანასწორუფლებიანობის საბჭოს" (Family Equality Council) ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ტერმინების შეცვლა ერთსქესიან ოჯახებს საშუალებას მისცემს, შვილის პასპორტისთვის საპასპორტო დაწესებულებებს იმ გრძნობის გარეშე მიმართონ, თითქოს სახელმწიფო ასეთ ოჯახებს არ აღიარებს.

სქესის დადგენის ახალი მეთოდი

ისრაელელმა მეცნიერებმა აღმოჩენა გააკეთეს, რომლის წყალობითაც ნაყოფის სქესის დადგენა ორსულობის მესამე კვირასვე მოხერხდება (აქამდე ეს ექოსკოპიის მეშვეობით ორსულობის მე-11-12 კვირიდან ხდებოდა). თელ-ავივის სამედიცინო ცენტრის პრენატალურ-გენეტიკური დიაგნოსტიკის განყოფილებიაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ იმ ქალების სისხლში, რომელებიც გოგონაზე არიან ორსულად, ქორიონული გონადოტროპინის შემცველობა დაახლოებით 20%-ით მეტია. გამოკვლევის ხელმძღვანელმა, დოქტორმა იუვალ იარონმა, განაცხადა: "მიუხედავად იმისა, რომ გამოკვლევის შედეგები ეჭვს არ იწვევს, ჩასახვიდან რამდენიმე კვირაში ბავშვის სქესის განსაზღვრა 100%-იანი სიზუსტით მაინც შეუძლებელია". მეცნიერს მიაჩნია, რომ საჭიროა დამატებითი ფაქტორების დადგენაც.

ცნობისათვის: ქორიონული გონადოტროპინის განმსაზღვრელი ტესტსისტემები კარგა ხანია გამოიყენება სახლის პირობებში ორსულობის დასადგენად. ამავე ჰორმონზე სისხლის გამოკვლევით ადგენენ საშვილოსნოსგარე ორსულობას და სხვა საშიშ მდგომარეობებს, მათ შორის - დაუნის სინდრომს.