ჰიპერტონიით დაავაადებულ პაციენტებს მედიკამენტების მიღების შემდეგ მუსიკის მოსმენა ურჩიეს
სან პაულოს უნივერსიტეტის, ხუაზეირო დუ ნორტეს კოლეჯისა და ABC მედიცინის სკოლის (ბრაზილია) მკვლევარების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ „Scientific Reports“-ში.
კვლევაში მონაწილეობდა ჰიპერტენზიის მქონე 37 პაციენტი. ყველა მათგანი რეგულარულად იღებდა არტერიული წნევის მედიკამენტებს ექვსი თვიდან ერთ წლამდე.
ერთ დღეს, მედიკამენტების მიღებისთანავე, მონაწილეები ერთი საათის განმავლობაში ყურსასმენებით უსმენდნენ ინსტრუმენტულ მუსიკას. ორი დღის შემდეგ, იგივე პროცედურა ჩატარდა, იმ განსხვავებით, რომ ყურსასმენები გამორთული იყო. ორივე შემთხვევაში, მეცნიერები მონაწილეთა გულისცემის ცვალებადობას აკვირდებოდნენ მედიკამენტების მიღებამდე 10 წუთით ადრე, ასევე მიღებიდან 20, 40 და 60 წუთის შემდეგ.
გულისცემის ცვალებადობა მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელიც ასახავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას და იმას, თუ როგორ ურთიერთქმედებს ის სხეულის სხვა სისტემებთან.
როგორც აღმოჩნდა, იმ დღეებში, როდესაც მონაწილეები აბების მიღების შემდეგ მუსიკას უსმენდნენ, მედიკამენტები უფრო ეფექტური იყო, ვიდრე იმ დღეებში, როდესაც ყურსასმენები გამორთული იყო. მუსიკის მოსმენიდან ერთი საათის განმავლობაში, როგორც გულისცემა, ასევე არტერიული წნევა სრულად ნორმალიზდა, მაშინ როდესაც მუსიკის გარეშე პრეპარატის ეფექტი ნაკლებად შთამბეჭდავი იყო.
მკვლევარებმა გამოთქვეს ჰიპოთეზა, რომ ამ ფენომენის საფუძველი შემდეგი მექანიზმია: მუსიკა ასტიმულირებს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას და ამშვიდებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას. სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობა დაკავშირებულია გულისცემის გახშირებასთან, სისხლძარღვების შევიწროებასთან და არტერიული წნევის მატებასთან, ხოლო პარასიმპათიკური ნერვული სისტემა პასუხისმგებელია მოსვენების მდგომარეობაზე, ამცირებს გულისცემას და არტერიულ წნევას და სტაბილიზაციას უკეთებს სისხლში შაქრისა და ადრენალინის დონეს. პარასიმპათიკური ნერვული სისტემის სტიმულაცია ზრდის კუჭ-ნაწლავის აქტივობას, რაც თავის მხრივ აძლიერებს არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტების შეწოვას.