მუსიკა როგორც თერაპია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მუსიკა როგორც თერაპია

მუსიკას სამკურნალო მიზნებისთვისაც კი იყენებენ. მაგალითად, საბერძნეთში, ეპიდავროსის ტაძარში, ცნობილი ექიმი ესკულაპი მუსიკას იყენებდა სულიერად დაავადებულთა სამკურნალოდ. პითაგორას თქმით: „მუსიკით შეიძლება ვუმკურნალოთ ადამიანის შეშლილობას“.

ძველი დროის ექიმები – ჰიპოკრატე, თეოფრასტე, ცელსიუსი, აურელიანუსი, გალენი და სხვები – თავიანთ სამკურნალო პრაქტიკაში ფართოდ იყენებდნენ ვოკალურ და ინსტრუმენტულ მუსიკას. ბიბლიიდან ცნობილია, რომ ისრაელთა სულიერად დაავადებული მეფე, საული, მშვიდდებოდა, როდესაც დავითის სიმღერას და ქნარზე დაკვრას უსმენდა. დღესაც იტალიის ქალაქებში, საფრანგეთში (წმ. მადლენის ჰოსპიტალში), გერმანიაში (ჰალეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში) და სხვაგან ფსიქიკურად და ნერვულად დაავადებული ავადმყოფების მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მუსიკას.

ყაზახმა პროფესორმა დოგელმა დაამტკიცა, რომ მუსიკალური ბგერების სხვადასხვა სიმაღლე, ძალა და ტემბრი სხვადასხვაგვარად მოქმედებს ადამიანის სისხლის მიმოქცევაზე, გულისცემის აჩქარება-შენელებაზე, მაჯისცემის ტალღის აწევა-დაწევაზე. გერმანელი პროფესორის, ჰ. მენტცის აზრით, სასიამოვნო ბგერები ანელებენ გულის მუშაობას, ხოლო უსიამო ბგერები აჩქარებენ. პარიზის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პროფესორმა ფერემ დაასკვნა, რომ მხიარული მელოდიები აფართოებენ სისხლძარღვებს და აძლიერებენ კუნთოვან ენერგიას, ხოლო ნაღვლიანი, დეპრესიული, სევდიანი მელოდიები იწვევენ კუნთოვანი ენერგიის მოდუნებას.

სათანადოდ შერჩეულმა მუსიკამ შეიძლება თავისებური კათარზისის როლი ითამაშოს, ე. ი. მოხსნას, განმუხტოს ადამიანში დაგროვილი მძაფრი ვნებანი, მძიმე განცდები, განუწყვეტელი შინაგანი კონფლიქტები. მუსიკით შეიძლება შესუსტდეს მეტისმეტი აღგზნებულობა, მოიხსნას დამქანცველი ნერვიული და ფიზიკური გადაღლილობა, ან პირიქით, გაძლიერდეს, აღიგზნოს. შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ რა მუსიკას უსმენს ადამიანი, შეიძლება გავარკვიოთ მისი შინაგანი მდგომარეობა, დავინახოთ მისი სულიერი განცდები, ფიქრები, ჩამოვაყალიბოთ ადამიანის სულიერი პორტრეტი და საერთოდ, ვიმსჯელოთ ამ ადამიანის რაობაზე. კონკრეტულად კი, ესა თუ ის მუსიკალური მიმდინარეობა, ჟანრი, რომელსაც ადამიანი უსმენს, ნათლად მიუთითებს, როგორ ადამიანთან გვაქვს საქმე, როგორი სულიერი სიცარიელის შესავსებად სჭირდება ეს მუსიკა და რა სახის დეპრესია შეიძლება დაემართოს.

უნდა აღინიშნოს, რომ სიღრმის, ხარისხისა და სიმძიმის მიხედვით დეპრესია შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, დაწყებული იოლი სუბდეპრესიული მდგომარეობით მძიმე აუტოაგრესიამდე (გააჩნია, რა მუსიკას უსმენს ადამიანი – ანუ „პაპსადან“ „ბლექამდე“). განმარტოება, საზოგადოებისგან მოწყვეტა, ნდობისა და რწმენის დაკარგვა, სულიერი სიცარიელის განცდა, შიში, ღელვა, ეჭვი, უიმედობის გრძნობა, მოუსვენრობა, დარდი, ზოგჯერ თვითდამცირებაც კი – განეკუთვნება სუბ- ანუ ჰიპოდეპრესიებს. მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში კი ადამიანს აქვს საკუთარი დანაშაულისა და ცოდვის განცდა, უიმედობა აწმყოში და სრული წყვდიადი მომავალში, აუტოაგრესია, თვითდასჯის ცდები, ზოგჯერ აღინიშნება სუიციდის შემთხვევებიც.

1. ადამიანები, რომლებიც უსმენენ მძიმე მუსიკას (მძიმე როკი, მეტალი – თავისი მრავალი მიმდინარეობითურთ) – ასეთი ადამიანების დეპრესიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს ის, რომ ვერ მოახერხა ცხოვრებაში, საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება და საკუთარი თავის რეალიზაცია. ყოველივე ამაში კი ისინი ადანაშაულებენ სხვებს, შესაბამისად, მუსიკაც და ტექსტებიც გამსჭვალულია აგრესიით სხვების მიმართ. ისეთი მოვლენების, საგნების, ცნებების მიმართ, როგორებიცაა: მზე, სინათლე, სიყვარული. მათ მობეზრდათ ამდენი სიტკბო და სიტკბოებაში ჩაძირული ადამიანების ყურება. ჰგონიათ, რომ საჭიროა საზოგადოება გამოაფხიზლონ და ამისათვის ყველანაირ საშუალებას იყენებენ. ხშირად ამის გამო უმღერიან სიბნელეს, სიძულვილს, სატანას და ა. შ.

2. ადამიანები, რომლებიც უსმენენ როკს, პანკ-როკს, მელანქოლიურ-დეპრესიულ მუსიკას, მუსიკას, რომელიც უმღერის ცხოვრების ამაოებას, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებს გარკვეული ოპტიმიზმის ელემენტს – აქ ყველაფერი სისულელეა, ამაოებაა, მაგრამ უნდა იცხოვრო მაინც, „იკაიფო“, დალიო, გაიხარო და „დაიკიდო, ვინ რას ფიქრობს“ – ასეთი მუსიკის მსმენელების დეპრესიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: ტკივილი, შიში, შფოთი, სევდა. ტკივილისა და შიშის გრძნობა ადამიანს მთლიანად მოიცავს, მაგრამ როცა პიროვნულ დონეზე გადაინაცვლებს, ეს გაერთიანებული ინტელექტუალური ემოცია დეპრესიის სახით გამოიხატება. ასეთი სახის დეპრესიის დამახასიათებელი ნიშნებია: შიში და ყოყმანი, ნდობისა და სიმართლის რწმენის დაკარგვა, სინდისის დეპრივაციაში დარწმუნება, ამორალური იდეები, ამორალური ქცევის გამოვლენის სურვილი, „ფეხებზე მკიდიას“ როლის თამაში და საკუთარ თავსა და სინდისთან მარტო დარჩენის შიში.

3. ადამიანები, რომლებიც უსმენენ – ჰიპ-ჰოპს, რეპს – ანუ ქართულ რეალობაში ე. წ. კაიბიჭურ-ძველბიჭური მენტალიტეტის მქონე ხალხი, ძირითადად განიცდიან დეპრესიულ-ჰალუცინატორულ და დეპრესიულ-ბოდვით სინდრომებს. ისინი ებრძვიან არარეალურ ვიღაცებს ან რაღაცებს, ცდილობენ დაამკვიდრონ თავიანთი ცხოვრების წესი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ გაუმართლათ ცხოვრებაში.

4. ადამიანები, რომლებიც უსმენენ ჯაზს, ბლუზს, ფოლკლორს, კლასიკას. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედარებით ასაკოვანი ხალხი შედის, ანუ ისეთი, რომლებმაც ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფეხური უკვე გაიარეს. მათთვის დამახასიათებელია „ფარული“, „შეცვლილი“ ან „შენიღბული დეპრესია“ – მობეზრებული აქვთ ყოველგვარი ამქვეყნიური სიტკბო-სიამე და ეძებენ ჰარმონიას. პესიმისტური და სუიციდური განწყობის პიროვნების ზოგადუარყოფითი ცხოვრების მოდუსი თავისებურად კომპენსირებულია მომეტებული შრომითი რეჟიმით, რომელიც სულის განგაშს ახშობს, პროტესტის სახით საკუთარი ძალების აქტიურ მობილიზაციას ახდენს პიროვნების უბედურებასთან საბრძოლველად. ასეთი ფარული დეპრესიის დროს ადამიანს ყურადღება გადააქვს ოჯახსა და სამსახურზე.

5. ე. წ. „პაპსავიკები“, რომლებიც უსმენენ იმას, რასაც მათ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აწვდის. ასეთ ადამიანებს ძირითადად ემართებათ ნევროზული და სუბფსიქოზური დეპრესია. დეპრესიაში არსებული ბოდვითი სინდრომი ადამიანს მხოლოდ სწორხაზოვანი აზროვნების საშუალებას აძლევს. ასეთი დეპრესიის დამახასიათებელი თვისებებია უუნარობა, მარტოობისა და განსხვავებული აზრის გამოთქმის მანიაკური შიში, ზოგჯერ უსაფუძვლო თვითტკბობა და ა. შ.

6. ფოლკლორის მსმენელები – ასეთი ადამიანები ძირითადად აღსავსე არიან პატრიოტული გრძნობებით. მათთვის დამახასიათებელია ე. წ. „ეროვნული“ დეპრესია, რადგან „ერის ტკივილი – მათი ტკივილია“. ისინი ძალიან გულღია, ალალი და მიამიტი ხალხია. ადვილია მათი წყენინება. მუდმივად აწუხებთ შიში და შფოთი იმისა, ვაითუ ვერაფერი ღირებული დატოვონ ამქვეყანად. ხშირად მისტირიან წარსულს და თვლიან, რომ „ყველაფერი, რაც ამქვეყნად ხდება, უარესობისაკენ მიემართება“. დეპრესიაც ძირითადად ამ ნიადაგზე ემართებათ. ხშირად აწუხებთ აკვიატებული აზრებიც (ნაციონალისტური ხასიათისა), რომლებიც ზოგჯერ გადაიზრდება ჰიპოქონდრიულ დეპრესიაში (შოვინისტური ხასიათის).

7. კლასიკური მუსიკის მსმენელები – აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედიან ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენელი – მხატვრები, მწერლები, თავად მუსიკოსები და ა. შ. ანუ შემოქმედი, ხელოვანი ადამიანები. ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ განსაკუთრებულადაც გამოირჩევიან სხვებისგან. მათთვის დამახასიათებელია ე. წ. „მძიმე, ჩაკეტილი დეპრესია“ – ასეთი სახის დეპრესიის ნიშნებია – ჩაკეტილობა, მძიმე ხასიათი, არამკვეთრად გამოხატული შინაგანი შფოთი და მოუსვენრობა, აკვიატებული აზრები, ყველაფრის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება, საკუთარი სამყაროს შექმნა და იქ ცხოვრება.

8. ელექტრონული მუსიკის მსმენელები – ამ ჯგუფის ადამიანები საკმაოდ აქტიური და ენერგიულები არიან. შესაბამისად, მათი ცხოვრების რიტმიც საკმაოდ სწრაფია და უფრო ნაკლებია დეპრესიის გამოვლენის შესაძლებლობა. ასეთი ადამიანებისათვის დამახასიათებელია ე. წ. აჟიტირებული დეპრესია – ყოველგვარი „რუტინის“ წინააღმდეგ ბრძოლა. დეპრესიული განწყობა შეიძლება განვითარდეს მკვეთრად ჩამოყალიბებული ინდივიდუალობისა და გარესამყაროს ურთიერთდაპირისპირება-შეჯახების საფუძველზე.

9. საქეიფო, ე. წ. სუფრული მუსიკის მოყვარულები – ამ ტიპის ადამიანები გარკვეულწილად ჰგვანან კიდეც ზემოთ განხილულ (2 კატეგორიის) ადამიანებს. მსგავსება ისაა, რომ ამ ადამიანების ცხოვრება ამაოა, მაგრამ რადგან „ნიახური არა ხარ, მეორედ რომ მოხვიდე“, ამიტომ უნდა იქეიფო, დალიო, ღიპი დაიდო, იცეკვო, იმხიარულო და შენი გაიტანო, თუმცა გამოთქმა „დაიკიდე, ვინ რას ფიქრობს“ ამ ტიპის ადამიანებს სრულებით არ შეესაბამებათ. მათთვის ძალიანაც მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი! ასეთი ტიპის ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბავშვურები და გულუბრყვილოები არიან, ხშირად კონფლიქტების და აყალმაყალის მოთავეებიც ხდებიან. მათი დეპრესიის დამახასიათებელი ნიშნებია: უსუსურობისა და უიმედობის შეგრძნება, პათოლოგიური მელანქოლია, შეგრძნება იმისა, რომ არავის სჭირდება, არავის უყვარს და რომ საერთოდ ზედმეტია.

10. უკატეგორიო – კატეგორია სპეციალურად იმათთვის, ვინც საკუთარი თავი ზემოთ ჩამოთვლილ ვერცერთ კატეგორიაში ვერ დაინახა ან რამდენიმე მათგანში ან საერთოდ ყველაში დაინახა. ასეთი ტიპის ადამიანები ან საერთოდ არ უსმენენ მუსიკას (მაგრამ მათზე მე აქ არ შევჩერდები, რადგან ისინი არ არიან ჩემი კვლევის ინტერესი), ან უსმენენ – ყველაფერს, სიტუაციის და განწყობის შესაბამისად. ასეთი ადამიანები საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოები არიან. ისინი ადვილად ეგუებიან ცვლილებებს, ნებისმიერ გარემოში კარგი ორიენტაციის უნარი აქვთ და გამუდმებით ეძებენ საკუთარ თავს. მათი დეპრესიაში ჩაგდება შეუძლია ძალიან წვრილმან რამესაც კი. მათთვის დამახასიათებელი დეპრესიული ნიშნებია – საკუთარი უბედურებისა და გამუდმებული ერთფეროვნების შეგრძნება, სამყაროში საკუთარი ადგილის მიუგნებლობა და ამის გამო გამუდმებული თვითგვემა და ა. შ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, ასეთი ტიპის ადამიანები ძალიან ღრმა დეპრესიის დროსაც კი ინარჩუნებენ ოპტიმიზმს, რაც მათ ეხმარება დეპრესიისგან თავის ადვილად დაღწევასა და ახალი ძალების მოკრებაში.