რა არის ჰორმონოთერაპია და როდის ინიშნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ჰორმონოთერაპია და როდის ინიშნება

ამ მეთოდის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის, ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეებისა და ენდოკრინული დარღვევებისას.

უფრო დაწვრილებით:

ჰორმონოთერაპია (ან ენდოკრინული თერაპია) - გულისხმობს ისეთი პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზმის ჰორმონულ ფონზე, თრგუნავენ ბუნებრივი ჰორმონების მოქმედებას ან ახდენენ ამ მოქმედების იმიტირებას.

ჰორმონოთერაპიის მიზანი შეიძლება იყოს:

  • დაკარგული (შემცირებული, განლეული) ჰორმონების ჩანაცვლება - გამოიყენება მაშინ, როდესაც ორგანიზმი საკმარისად არ გამოიმუშავებს გარკვეული სახის ჰორმონებს, მაგალითად, ჰიპოთირეოზის დროს ან ქალებთან მენოპაუზის დროს.
  • ჰორმონების მოქმედების ბლოკირება - გამოიყენება ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეების - სარძევე ჯირკვლის კიბოს, პროსტატისა და ენდომეტრიუმის კიბოს ზრდის დასათრგუნად.
  • ჰორმონული დისბალანსის კორექცია - მიმართულია ენდოკრინული სისტემის სხვადასხვა დარღვევის დროს ჰორმონების დონის ნორმალიზებისათვის.

ჰორმონოთერაპიის სახეები:

  • ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია

ავსებს ჰორმონების დეფიციტს, ხშირად გამოიყენება მენოპაუზის ან ჰორმონების დეფიციტთან დაკავშირებული სხვა მდგომარეობების დროს.

  • ანტიჰორმონული თერაპია

ბლოკავს სიმსივნის ზრდის მასტიმულირებელი ჰორმონების მოქმედებას, გამოიყენება ონკოლოგიაში.

  • ჰორმონული თერაპია გინეკოლოგიაში

მიზნად ისახავს მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა დარღვევის კორექციას, უნაყოფობის მკურნალობას და მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქებას.

  • ჰორმონული თერაპია ონკოლოგიაში

გამოიყენება ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეების - სარძევე ჯირკვლის, პროსტატისა და ენდომეტრიუმის კიბოს, სამკურნალოდ.

მნიშვნელოვანია: ჰორმონოთერაპიას შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. ის უნდა დანიშნოს ექიმმა საფუძვლიანი გამოკვლევის, რისკისა და სარგებლის შეფასების შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში, ჰორმონოთერაპია შეიძლება გაგრძელდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ჰორმონოჩანაცვლებითი თერაპია კლიმაქსის დროს

კლიმაქსის დროს ჰორმონოჩანაცვლებითი თერაპია არის მედიკამენტებზე დაფუძნებული მეთოდი, მენოპაუზის სიმპტომების კორექციისა და ქალის ჰორმონული დონის ასაკობრივ ცვლილებებთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციისთვის. მკურნალობა გულისხმობს ქალის სასქესო ჰორმონების სინთეზური ანალოგების მიღებას, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი დაბერების პროცესის შენელებას, პაციენტის სექსუალური აქტივობისა და მაღალი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.

კლიმაქსის დროს ჰორმონოჩანაცვლებით თერაპიას ექიმი გინეკოლოგი ნიშნავს, პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლიანი გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.

როდის არის საჭირო ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია?

პრემენოპაუზის დროს ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია არის გზა აქტიური დღეგრძელობისკენ. ქალის ჰორმონების ბუნებრივი ანალოგები არბილებენ მომწიფებულ ასაკში გადასვლის პროცესს, ხელს უშლიან ძვლების დემინერალიზაციას და სხვა არასასურველ მოვლენებს, ახანგრძლივებენ ბიოლოგიურ და ესთეტიკურ ახალგაზრდობას.

ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია ქალებისთვის უსაფრთხო უნდა იყოს. ამიტომ, კონკრეტული პრეპარატის დანიშვნამდე, პაციენტი გადის სტანდარტულ გამოკვლევას და გინეკოლოგი არჩევს ყველაზე ოპტიმალურ პრეპარატს. საშუალოდ, ასეთი მკურნალობა ინიშნება 5 წლით, რომლის განმავლობაშიც ესტროგენის დოზა თანდათანობით მცირდება, რაც ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს იმიტირებს. ამასთან, სისტემურ თერაპიას შეიძლება დაემატოს ადგილობრივი (ლოკალური) ჰორმონები, თუ პაციენტს აქვს უროგენიტალური ატროფიის გამოხატული სიმპტომები (ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, ვულვის სიმშრალე, შარდის შეუკავებლობა, მენჯის ორგანოების პროლაფსი და ა.შ.).

ჩვენებები:

კლიმაქსის მძიმე მიმდინარეობის ნიშნებს და ქალის სასქესო ჰორმონების დანიშვნისთვის ჩვენებებს წარმოადგენს შემდეგი მდგომარეობები:

  • არტერიული წნევის მერყეობა, რომელიც ძნელად კუპირდება მედიკამენტებით;
  • ფსიქო-ემოციური ლაბილობა, რომელიც ხელს უშლის სოციალურ ცხოვრებას;
  • დეპრესიული აშლილობები;
  • გულის წასვლა;
  • ალოპეცია;
  • სიმსუქნე;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარება;
  • ოსტეოპოროზის რისკი;
  • სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების სიმშრალით გამოწვეული ძლიერი დისკომფორტი;
  • შარდის შეუკავებლობა.

მთლიანობაში, მენოპაუზის ჰორმონოთერაპია ანელებს ქალის ორგანიზმის დაბერებას და ესტროგენის დეფიციტთან ასოცირებული დაავადებების განვითარებას. ასეთი მკურნალობა აქტიური და ჯანსაღი სიბერის საშუალებას იძლევა. თუ ქალს არ აქვს უკუჩვენებები და სურს ჰორმონების ბუნებრივი ანალოგების მიღება, გინეკოლოგი შეარჩევს მისთვის მენოპაუზის თერაპიის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს.

უკუჩვენებები

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დანიშვნისას, ექიმი ყურადღებით აწონ-დაწონის დადებით და უარყოფით მხარეებს. სწორი მკურნალობის ტაქტიკის შესარჩევად, აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის შეგროვება. ამისათვის ტარდება ყოვლისმომცველი გამოკვლევა.

მენოპაუზის ჰორმონოთერაპია არ ინიშნება, თუ დიაგნოსტიკური პროცესის დროს გამოვლინდა შემდეგი პრობლემები:

  • სისხლის კოაგულაციის დარღვევები და თრომბოზისადმი მიდრეკილება;
  • ესტროგენის დონეზე დამოკიდებული ონკოლოგიური დაავადებები წარსულში და აწმყოში (ძუძუს კიბო, საშვილოსნოს კიბო და ა.შ.);
  • სასქესო ორგანოების კეთილთვისებიანი ნეოპლაზმები (საჭიროა წინასწარი მკურნალობა);
  • ჰიპერქოლესტერინემია (ზოგიერთი ფორმისთვის შეირჩევა სპეციალურად დამტკიცებული პრეპარატები);
  • ფსიქიკური დარღვევები;
  • მძიმე შაქრიანი დიაბეტი.

ჰორმონების სახეები

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია გულისხმობს ქალის ბუნებრივი სასქესო ჰორმონების (ესტროგენი, პროგესტერონი) გამოყენებას. დოზები და მკურნალობის სქემა შეირჩევა ინდივიდუალურად.

კლიმაქსის ვეგეტატური სიმპტომების კორექციისთვის ასევე გამოიყენება მცენარეული წარმოშობის ჰორმონის მსგავსი ნივთიერებები (ფიტოესტროგენები) და დანამატები. ისინი აღმოფხვრიან უსიამოვნო სიმპტომებს, მაგრამ არ იცავენ სამიზნე ორგანოებს ესტროგენის დეფიციტისგან.

ეფექტურობა

კლიმაქსის დროს ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დადებით ეფექტებად აღიარებულია:

  • ფსიქოემოციური მდგომარეობის ნორმალიზება;
  • ოსტეოპოროზისა და ძვლების მოტეხილობების შემთხვევათა შემცირება სიბერეში;
  • ათეროსკლეროზის განვითარების რისკის შემცირება;
  • სხეულის წონისა და სიმსუქნესთან დაკავშირებული რისკების კონტროლის პროცესის გამარტივება;
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებათა განვითარების რისკის შემცირება;
  • შარდ-სასქესო სისტემის ატროფიული ცვლილებების პროფილაქტიკა;
  • ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკა.

ზოგადად, ჰორმონოთერაპია საშუალებას აძლევს ქალს, უფრო დიდხანს დარჩეს მიმზიდველი და ჯანმრთელი, იცხოვროს აქტიური და სრულფასოვანი ცხოვრებით. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჰორმონული პრეპარატების თვითნებურად დანიშვნა. მენოპაუზის თერაპია უნდა იყოს ეფექტური და უსაფრთხო. ამიტომ, მის შესარჩევად, უნდა დაუკავშირდეთ გინეკოლოგს.

ჰორმონოთერაპია სიმსივნური პათოლოგიის მკურნალობაში

ჰორმონოთერაპია კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც ზღუდავს ავთვისებიანი უჯრედების ზრდასა და გამრავლებას, აფერხებს სიმსივნის გავრცელებას ორგანიზმში და საბოლოოდ ზრდის ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობას.

რა არის ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები?

ჰორმონებს, მათი ძირითადი ამოცანების გარდა, შეუძლიათ უჯრედების დაყოფისა და ზრდის პროცესის სტიმულირებაც. ჩვეულებრივ, ნორმალურ მდგომარეობაში, ეს იწვევს ორგანიზმის ბუნებრივ განახლებას. თუმცა, თუ ადამიანს აქვს ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნე, ის ჰორმონებისგან იღებს სიგნალებს, რომლებიც ხელს უწყობენ ავთვისებიანი უჯრედების აქტიურ დაყოფას და, შესაბამისად, ამ უკანასკნელთა რაოდენობა სულ უფრო მატულობს.

ყველაზე ხშირად, ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები წარმოიქმნება სარძევე ჯირკვალში, საშვილოსნოსა და საკვერცხეებში, ფარისებრ ჯირკვალსა და პროსტატაში.

ჰორმონები, რომლებსაც შეუძლიათ ავთვისებიანი სიმსივნის ზრდის პროვოცირება:

  • ქალის სასქესო ჰორმონები - ესტროგენები, პროგესტერონი;
  • მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი;
  • თირეოტროპული ჰორმონი (TSH) - გამომუშავდება ჰიპოფიზში, არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.

რას გულისხმობს სიმსივნური პათოლოგიის ჰორმონოთერაპია?

ჰორმონოთერაპია კიბოს მკურნალობის მეთოდია, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ან სულ მცირე შეანელოს ავთვისებიანი უჯრედების ზრდა და დაყოფა. ამ ეფექტის მიღწევა შეიძლება ორგანიზმში გარკვეული ჰორმონების გამომუშავების შემცირებით ან მათ მიმართ სიმსივნის მგრძნობელობის შეცვლით (ამ შემთხვევაში, ავთვისებიანი უჯრედები წყვეტენ აქტიური დაყოფის სიგნალებზე რეაგირებას).

ჰორმონოთერაპიის დანიშვნამდე ექიმები ყოველთვის ატარებენ კვლევას და ამოწმებენ, არის თუ არა სიმსივნე ჰორმონდამოკიდებული. ამისათვის ისინი მიმართვენ ბიოფსიას - იღებენ სიმსივნური ქსოვილის მცირე ნიმუშს და ამოწმებენ, თუ როგორ რეაგირებენ ავთვისებიანი უჯრედები ჰორმონებზე, იწყებენ თუ არა აქტიურად დაყოფას.

თუ კვლევის შედეგები დადებითია და სიმსივნე ჰორმონდამოკიდებულია, მაშინ ექიმები პაციენტებს უნიშნავენ მედიკამენტებს, რომლებიც თრგუნავენ გარკვეული ჰორმონების სინთეზს ან გავლენას ახდენენ ქსოვილების მგრძნობელობაზე ჰორმონების მიმართ. ასეთი პრეპარატები არ ანადგურებენ სიმსივნურ უჯრედებს, არამედ აჩერებენ მათ ზრდას და აქტიურ დაყოფას.

1966 წელს ამერიკელმა ფიზიოლოგმა და ონკოლოგმა, ჩარლზ ბრენტონ ჰაგინსმა, ჰორმონოთერაპიის აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიიღო.

ზოგიერთ შემთხვევაში, ტარდება ქირურგიული ჩარევა ჰორმონების გამომმუშავებელი ორგანოების (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის, საკვერცხეების, სათესლე ჯირკვლების) ამოსაკვეთად. ეს მეთოდი ასევე მიეკუთვნება ჰორმონოთერაპიას.

ჰორმონოთერაპიის სახეები

ჰორმონოთერაპიის ტიპის არჩევანზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი - სიმსივნის ტიპი, კიბოს სტადია, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ასაკი, თანმხლები დაავადებები).

ჰორმონოთერაპიის ძირითადი ტიპებია:

  • წამლისმიერი (მედიკამენტური) თერაპია - ჰორმონების სინთეზის დამთრგუნველი მედიკამენტების გამოყენება;
  • ჰორმონის წარმომქმნელი ჯირკვლების ან ორგანოების - საკვერცხეების, ფარისებრი ჯირკვლის, სათესლე ჯირკვლების - ქირურგიული გზით ამოკვეთა;
  • სხივური თერაპია - ჰორმონის წარმომქმნელი ქსოვილების დასხივება (რის შემდეგაც მათ აღარ შეუძლიათ ჰორმონების გამომუშავება).

ჰორმონული თერაპიისთვის მომზადება

უმეტეს შემთხვევაში, ჰორმონოთერაპიას განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება. თერაპიის ეფექტურობის მონიტორინგისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს ჰორმონული ტესტები (ანალიზი ჰორმონებზე). მაგალითად, მამაკაცებს, რომლებიც სათესლე ჯირკვლის კიბოს მკურნალობას გადიან, ტესტოსტერონის დონის კონტროლი სჭირდებათ, ხოლო ქალებს, რომლებიც სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობენ, ქალის სასქესო ჰორმონების (ესტროგენების და პროგესტერონის) დონის შემოწმება.

როგორ ტარდება ჰორმონოთერაპია?

თუ ექიმმა დანიშნა ჰორმონული პრეპარატები კაფსულების ან ტაბლეტების სახით, მაშინ მათი მიღება სახლშიც შეიძლება. მთავარია, პრეპარატის მიღების რეჟიმისა და დოზების მკაცრად დაცვა.

თუ ნაჩვენებია კუნთშიდა ან კანქვეშა ინიექციები, მაშინ პროცედურებისთვის კლინიკაში ან სამედიცინო ცენტრში მისვლაა საჭირო.

ჰორმონების მასინთეზებელი ორგანოების ამოსაღებად (ამოსაკვეთად) ოპერაციები საავადმყოფოში ტარდება. ოპერაციის შემდეგ, საჭიროა რეაბილიტაციის პერიოდის ყველა წესის სათანადოდ დაცვა, ცხოვრების ნორმალურ რიტმში სწრაფად დაბრუნებისთვის.

ჰორმონოთერაპიის გვერდითი მოვლენები

ჰორმონოთერაპია სხვადასხვაგვარად მოქმედებს ადამიანებზე. ზოგიერთ ადამიანს მედიკამენტების მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება, ზოგს კი - პირიქით, უვლინდება და თანაც საკმაოდ სერიოზული სახით. თუ მკურნალობის ფონზე პაციენტი თავს ცუდად გრძნობს, რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოს ექიმს და მიიღოს შესაბამისი ზომები გვერდითი მოვლენების აღმოსაფხვრელად ან, სულ მცირე, მათი სიმძიმის შესამცირებლად.

ჰორმონოთერაპიის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია:

  • ლიბიდოს დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მენსტრუაციათაშორისი სისხლდენა;
  • ალები, ღამის ოფლიანობა;
  • წონის მატება;
  • ოსტეოპოროზი - დაავადება, რომლის დროსაც ძვლები ხდება მყიფე, ფოროვანი და ადვილად მსხვრევადი;
  • განწყობის ცვალებადობა, დეპრესია;
  • განავლის დარღვევა: დიარეა, ყაბზობა;
  • გულისრევა და ღებინება;
  • მეხსიერების პრობლემები;
  • უნაყოფობა (თუ რეპროდუქციული ორგანოები ქირურგიულად ამოიღეს).