მობილური მოწყობილობები, როგორც ნარკოტიკი
თუმცა, რაოდენ პარადოქსული უნდა იყოს, ამ ძლიერმა სოციალურმა ინსტრუმენტმა ადამიანთა იზოლირებაც მოახდინა, საკუთარი მოწყობილობების მონებად აქცია ისინი. ისიც ფაქტია, რომ მობილური ტელეფონებით გართობის გამო საგრძნობლად გაიზარდა საგზაო-სატრანსპორტო თუ სხვა უბედური შემთხვევების რიცხვი. პრობლემა ისიცაა, რომ ადამიანები სულ უფრო მეტად ამჯობინებენ მობილური ტელეფონის გამოყენებით ინტერნეტში „სერფინგს“, ვიდრე პირდაპირ, უშუალო, „ცოცხალ“ კომუნიკაციას.
-
მობილური მოწყობილობებით ნარკომანია
ნიუ-იორკელმა ფსიქოთერაპევტმა ნენსი კოლიემ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ნაშრომი მობილური მოწყობილობების გადაჭარბებული გამოყენების უარყოფითი შედეგების თაობაზე. მისი დასკვნების თანახმად, ადამიანი ტელეფონს საშუალოდ ყოველ ექვს წუთში, ანუ დღეში 150-ჯერ ამოწმებს. ახალგაზრდები დღეში 100-ზე მეტ შეტყობინებას აგზავნიან და მათი 46% თვლის, რომ „უტელეფონოდ ცხოვრება არ შეუძლია“.
მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ახლახან აღმოაჩინეს, რომ სტუდენტების უმეტესობა ძლიერ დისკომფორტს განიცდის, თუ მათი ტელეფონი მხოლოდ 24 საათის განმავლობაშია გამორთული; სამიდან ერთ ახალგზრდას მობილურ ტელეფონთან განშორებას სექსზე უარის თქმა ურჩევნია.
-
მობილური ტელეფონების ტროტუარები ჩუნცინში
2014 წლის სექტემბერში ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში მობილური მოწყობილობების მომხმარებლებისთვის ცალკე ტროტუარები გაიხსნა. დღეს ბევრ ტროტუარზე უკვე არის თეთრი საღებავით გამოყოფილი სპეციალური ზოლები, რომლებიც განკუთვნილია მათთვის, ვინც ეკრანს თვალს ვერ აშორებს და მაღლა არ იყურება.
-
მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებული პრობლემები შვედეთში
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ასობით შვედი ფეხით მოსიარულე დაშავდა გზაზე მობილური ტელეფონის მიერ ყურადღების გაფანტვის გამო. 2016 წლის მაისში შვედეთის სატრანსპორტო სააგენტომ გამოაცხადა, რომ ერთ წელიწადში 650-მა კაცმა მიიღო საწარმოო ტრავმა მობილური მოწყობილობის გამო.
ევროპის ექვს დედაქალაქში მობილური ტელეფონის 14 000 მომხმარებლის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტად გზაზე რისკავენ სტოკჰოლმელები. ამ, სულ უფრო ფართოდ გავრცელებადი პრობლემის საპასუხოდ, მხატვრებმა იაკობ სემპლერმა და ემილ ტიისმანმა შექმნეს საგზაო ნიშნები, რომლებიც აფრთხილებენ ფეხით მოსიარულეებს და მძღოლებს „სმარტფონის ზომბების“ შესახებ.
-
ფანტომური ზარები
ეს თითქმის ყველას გამოუცდია. ადამიანს ესმის ზარი ან შეტყობინების გაფრთხილება, მაგრამ როცა ტელეფონს ამოწმებს, აღმოჩნდება, რომ იქ არაფერია. ეს ფანტომური ზარები მობილურ მოწყობილობებზე დამოკიდებულებისა და ნევროზის აშკარა ნიშანია.
დენიელ კრიუგერმა მიჩიგანის უნივერსიტეტში გამოკითხა მაღალი კურსის 800-მდე სტუდენტი. აღმოჩნდა, რომ უფრო კეთილსინდისიერ და ემოციურად სტაბილურებს ნაკლებად ემუქრება ტელეფონზე დამოკიდებულების რისკი. დამოკიდებულების უფრო მაღალი დონე დაფიქსირდა ქალებთან.
-
მობილური მოწყობილობების სეულისეული მიჯაჭვულობა
2016 წელს სეულის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. ამიტომ, სეულში დაიწყო ექსპერიმენტული ნიშნების, „ფრთხილად, მობილური ტელეფონით ხელში სიარულისას“, დაყენება ქალაქის ყველაზე დატვირთულ საცალფეხო ხუთ უბანში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ნიშნებს ყურადღებას არ აქცევდნენ.
მსოფლიოში ყველაზე მეტი მობილური მოწყობილობები სამხრეთ კორეაშია – ზრდასრულთა 88%-ს სულ მცირე, ერთი მოწყობილობა მაინც აქვს. კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში მობილური ტელეფონის ყველა მომხმარებლის 15 % მიდრეკილია „სმარტფონული ნარკომანიისადმი“ და ტელეფონი „მისი სხეულის გაგრძელებად“ მიაჩნია.
-
ჰოლანდიური მანათობელი ტროტუარები
2016 წლის თებერვალში, ჰოლანდიის ქალაქ ბოდეგრავენში, სკოლის მახლობლად, დატვირთულ გზაჯვარედინზე, საცალფეხო გადასასვლელებზე დამონტაჟდა ტროტუარული განათება (ცეცხლი) „სმარტფონის ზომბებისთვის“. ის გამიზნულია მათთვის, ვინც თვალს ვერ წყვეტს მობილურ ტელეფონს. როცა შუქნიშანზე წითელი შუქი აინთება, ამ ფერისვე ნათება ფეხქვეშაც იწყებს ციმციმს.
-
ჰონკონგის „დაწეული თავების ტომი“
Ipsos Group-ის კვლევის თანახმად, ჰონკონგის მაცხოვრებლების 15-დან 34 წლამდე ასაკის 80 %-ზე მეტს აქვს მობილური ტელეფონი. „ეკრანზე მიჯაჭვულობა“ იმდენად გავრცელდა, რომ მის აღსაწერად დამკვიდრდა ფრაზა: „დაწეული თავების ტომი“.
2015 წლის თებერვალში ნეიროქირურგმა ჩენ კი-მინმა გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ მობილური ტელეფონის ეკრანისკენ თავის მუდმივი დახრილობა ზრდის ჯანმრთელობის პრობლემებს კისრის მალებზე გადაჭარბებული ზეწოლის გამო.
-
მომაკვდინებელი საფრთხე ბავშვებისთვის
2017 წლის თებერვალში ბრიტანეთის ტრანსპორტის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მობილური მოწყობილობების გამოყენება ზრდის გზებზე ბავშვთა სიკვდილიანობას.
2016 წლის ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებული ბავშვთა უბედური შემთხვევების რიცხვი გაიზარდა 6 %-ით.