კოლაჟი
ყოველ შემთხვევაში, ასეთი დასკვნა გამოიტანეს შოტლანდიელმა მეცნიერებმა, რომლებმაც შეისწავლეს ბუნებრივი აირის წვის პროდუქტების ზემოქმედება ფილტვების უჯრედებზე. აღმოჩნდა, რომ ნამწვი აირის ნაწილაკები ასტიმულირებენ უჯრედთა მიერ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ციტოკინების, გამომუშავებას, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ სასუნთქი ორგანოების ანთების განვითარებაში. ექსპერტთა აზრით, ჩვეულებრივ მდგომარეობაში, როდესაც გაზქურა სწორად არის დამონტაჟებული, ბუნებრივი აირის უარყოფითი ზემოქმედების რისკი არცთუ ისე დიდია, მაგრამ თუ წვის პროდუქტების კონცენტრაციამ საგრძნობლად მოიმატა, ეს უკვე სახიფათოა, ამიტომ მედიკოსები გვირჩევენ, სამზარეულოს ვენტილაციაზე სათანადოდ ვიზრუნოთ. არანაკლებ მავნე ყოფილა ნივთიერებები, რომლებიც ზოგიერთი პროდუქტის კულინარიული დამუშავებისას გამოიყოფა. ამ კუთხით განსაკუთრებით საშიშია ჩინური სამზარეულოს კერძები, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ჩინელ ქალებს ფილტვების დაავადებები სხვებზე გაცილებით ხშირად ემართებათ.
რა უწყობს ხელს ფილტვის კიბოს აღმოცენებას
მკვლევართა უმრავლესობა აღიარებს, რომ ფილტვის კიბოს წარმოშობაში დიდ როლს ასრულებს ბრონქების ლორწოვან გარსში მომხდარი ცვლილებები. ბრონქების ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის მეტაპლაზია ფილტვის კიბოს განვითარებისთვის ხელსაყრელ ფონს ქმნის. ასეთი ცვლილებები თავს იჩენს ფილტვების რიგი ანთებითი დაავადების დროს. ამის კვალობაზე, ფილტვის კიბოსწინარე დაავადებათა ჯგუფს მიაკუთვნეს ქრონიკული ანთებითი დაავადებები, რომლებსაც თან სდევს ბრონქების ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის ატიპური გარდაქმნები და პროლიფერაცია. ამ სნეულებათა რიცხვში შედის ქრონიკული ბრონქიტი, პნევმოსკლეროზი, ბრონქოექტაზია, ქრონიკული პნევმონია და ქრონიკული ტუბერკულოზის ზოგიერთი ფორმა.
ვიაგრა სასუნთქი სისტემის მცველი
ბრიტანელმა მეცნიერებმა ვიაგრას კიდევ ერთი ღირსება აღმოაჩინეს: მოხალისეებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ეს პრეპარატი ხელს უშლის ფილტვის სისხლძარღვებში წნევის მატებას ფილტვისმიერ ჰიპერტენზიას. ლონდონის ჰამერსმიტის საავადმყოფოს ექიმებმა ჯანმრთელ მამაკაცებში ხელოვნურად გამოიწვიეს ფილტვის ჰიპერტენზია ისინი 30 წუთის განმავლობაში ასუნთქეს ჟანგბადით ღარიბი ჰაერით, რასაც ფილტვის არტერიაში წნევის დაახლოებით 50%-ით მატება უნდა გამოეწვია. აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც ექსპერიმენტის დაწყებამდე ვიაგრას იღებდა, წნევა პრაქტიკულად არ უწევდათ. ასეთივე ეფექტი აღმოაჩნდა ვიაგრას ფილტვის ჰიპერტენზიის მემკვიდრეობითი დაავადების მქონე თაგვებში. კვლევების ავტორებმა დაასკვნეს, რომ ვიაგრა ხელს უშლის ფილტვის სისხლძარღვებში ჟანგბადის უკმარისობის საპასუხო შევიწროებას, რომელიც ხშირად გვხვდება ქრონიკული ბრონქიტისა და ფილტვის ემფიზემის დროს. სწორედ ფილტვის ჰიპერტენზია იწვევს ამ პროფილის ავადმყოფებში პროგრესირებად ქოშინს, რომელიც უმნიშვნელო ფიზიკურ დატვირთვასაც კი აძნელებს და საბოლოოდ სიკვდილის მიზეზად იქცევა.
ამავე ეფექტის გამო ვიაგრა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ალპინიზმშიც მწვერვალზე ასვლისას ხომ მთამსვლელი სწორედ გაუხშოებული ჰაერის ზემოქმედების ქვეშ ექცევა და ჟანგბადის უკმარისობას განიცდის. უკვე კვლევაც ჩატარდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ვიაგრა საგრძნობლად აქვეითებს ფილტვში მომატებულ არტერიულ წნევას და აუმჯობესებს ჟანგბადის ტრანსპორტირებას. მეცნიერები პრეპარატის უჩვეულო ეფექტს ამგვარად ხსნიან: სასქესო ასოში (მღვიმოვან სხეულში) და ფილტვის ალვეოლებში სისხლის მიმოქცევა მსგავსია; ორივე შემთხვევაში უარყოფით გავლენას ახდენს ფერმენტი ფოსფოდიესტერაზა, რომელიც აფერხებს ერექციას და იწვევს ფილტვის არტერიოლების სპაზმს, ვიაგრა კი ამ ფერმენტს ბლოკავს და, ამრიგად, არა მარტო ერექციას, არამედ ფილტვის ქსოვილის მიკროცირკუ-ლაციასაც აუმჯობესებს.