ანურია და ნიქტურია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანურია და ნიქტურია

  • არენული ანურია ვლინდება ორივე თირკმლის თანდაყოლილი აპლაზიის (განუვითარებლობის), ორივე ან ერთადერთი მოფუნქციე თირკმლის ამოკვეთის დროს.
  • პრერენულ ანურიას ჰემოდინამიკურ ანურიასაც უწოდებენ. ის თირკმელთან სისხლის მიწოდების შეფერხების ან სრული შეწყვეტის შემთხვევაში ვითარდება.
  • რენული ანუ პარენქიმული ანურია გამოწვეულია თირკმლის პარენქიმის დაზიანებით.
  • პოსტრენული ანურია ობსტრუქციული ანურიის სახელწოდებითაც არის ცნობილი. ის შარდის გადაადგილების მწვავე დარღვევის შედეგია.

მიზეზები და პათოგენეზი

პრერენული ანურია განპირობებულია ჰიპოვოლემიით (სისხლის საერთო მოცულობის შემცირებით) ან არტერიული ჰიპოტენზიით (წნევის დაქვეითებით). ზოგადი ჰემოდინამიკის დარღვევა თირკმლის სისხლმომარაგების მკვეთრი გაღარიბებით იწვევს თირკმლის იშემიას. ამ უკანასკნელის გაღრმავებისას ვითარდება თირკმლის მილაკოვანი სისტემის ეპითელიუმის ნეკროზი (კვდომა), ამიტომ პრერენული ანურია შესაძლოა რენულში გადაიზარდოს. პრერენულ ანურიას იწვევს:

  • გულის მიერ გადასროლილი სისხლის მოცულობის დაქვეითება (კარდიოგენული შოკი, გულის ტამპონადა, არითმია, გულის უკმარისობა, სისხლდენა);
  • სისტემური ვაზოდილატაცია ანუ სისხლძარღვთა გაფართოება (ენდოტოქსიკური შოკი სეფსისის დროს, ვაზოდილატაციური საშუალებების გამოყენება);
  • ქსოვილებში სითხის სეკვესტრაცია (პანკრეატიტი, პერიტონიტი, ღვიძლის ციროზი, ნეფროზული სინდრომი);
  • ორგანიზმის გაუწყლოება ღებინების, ფაღარათის (დიარეის), შარდმდენი (დიურეზული) და საფაღარათო საშუალებების გამოყენებისა და დამწვრობის დროს.

რენული ანურიის მიზეზებია:

  • პრერენული ანურიის შედეგები;
  • მილაკშიდა ბლოკადა პიგმენტებით (მიოგლობინით - ხანგრძლივად მიჭყლეტის სინდრომის დროს, ხანგრძლივი ასთმური სტატუსის, კომისა და სხვა შემთხვევების დროს; ჰემოგლობინით - ერითროციტების ჰემოლიზის (დაშლის) დროს), ცილოვანი ცილინდრებით (მიელომური ნეფროპათია, პარაპროტეინემია), შარდის მჟავას კრისტალებით, ოქსალატებით;
  • თირკმლის ანთებითი და ნივთიერებათა ცვლის მოშლით მიმდინარე დაავადებები (გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი, ამილოიდოზი, ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით, მწვავე ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტი);
  • თირკმლის სისხლძარღვთა დაზიანება (სისტემური სკლეროდერმია, სისტემური ვასკულიტები, ავთვისებიანი არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის არტერიებისა და ვენების თრომბოზი და სხვა).

პოსტრენული ანურია თირკმლიდან შარდის ბუშტში შარდის გადასვლის მწვავე დარღვევაა. ის შარდის გამომტანი გზების ზედა ნაწილის ოკლუზიის (დახშობის) შედეგია. პოსტრენული ანურიის განვითარებისთვის  ხშირად საკმარისია ცალმხრივი ობსტრუქცია. მეორე თირკმელში ამ დროს რეფლექსურად აღმოცენდება აფერენტული ვაზოკონსტრიქცია (სისხლძარღვთა შევიწროება) და ვითარდება ანურია. პოსტრენული ანურიის მიზეზებია:

  • შარდკენჭოვანი დაავადება, უპირატესად - შარდსაწვეთში კენჭების არსებობით;
  • საშარდე გზებზე გარეგანი ზეწოლა რეტროპერიტონეალური ფიბროზის დროს;
  • საშვილოსნოსა და საკვერცხეების სიმსივნე.

კლინიკური სურათი

ანურიის დროს ადამიანს შარდის გამოყოფის მოთხოვნილება უქრება. ანურიის ადრეული სიმპტომები  ყოველთვის გამომწვევ მიზეზებთან არის დაკავშირებული (კერძოდ, შარდსაწვეთის ობსტრუქციის დროს შესაძლოა გამოვლინდეს თირკმლის ჭვალი (კოლიკა)). ანურიის დროს აღინიშნება:

  • წყალმარილოვანი ცვლის დარღვევა, ჰიპერკალიემია;
  • მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევა;
  • მზარდი აზოტემია;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება (ურემიული ინტოქსიკაცია), კუსმაულის სუნთქვა;
  • ფილტვების ურემიული შეშუპება;
  • ორგანოთა მწვავე ბაქტერიული ან არაბაქტერიული ანთება.


დიფერენციალური დიაგნოსტიკა

ანურია დიფერენცირდება შარდის მწვავე შეკავებისგან. ამ უკანასკნელს ახასიათებს:

  • ძლიერი ტკივილი ბოქვენის ზედა არეში;
  • შარდის გამოყოფის მტანჯველი და უნაყოფო მოთხოვნილება;
  • შარდის ბუშტის გადავსების შეგრძნება;
  • პალპაციითა და პერკუსიით გადიდებული შარდის ბუშტის გამოვლენა.

ანურიის ნებისმიერი ფორმის დროს აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია უროლოგიურ განყოფილებაში.

გასარკვევია შემდეგი საკითხები:

  • რამდენი ხანია შეფერხებულია შარდის გამოყოფა?
  • ხომ არ განიცადა პაციენტმა ნეფროტოქსიკური ფაქტორების ზემოქმედება?
  • ხომ არ აქვს პაციენტს ანურიის გამომწვევი დაავადება (შარდკენჭოვანი დაავადება, პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) პათოლოგია, გულის, გინეკოლოგიური და სხვა დაავადებები)?
  • ხომ არ ჰქონია თირკმლის ჭვლის ეპიზოდები?
  • რა სიმპტომები ახლავს ანურიას?

შეცდომები, რომლებიც ხშირად მოსდით:

  • ფუროსემიდის (ლიზიქსის), ოსმოსური დიურეზული საშუალებების ან  ინფუზიური (გადასხმა) თერაპიის გამოყენება პოსტრენული ანურიის დროს;
  • შარდის ბუშტის კათეტერიზაცია პაციენტის ჰოსპიტალიზაციამდე (არ არის მიზანშეწონილი, დროის ფუჭად კარგვაა).

რა არის ნიქტურია

ნიქტურია ღამის შარდვის იმ დონემდე გახშირებაა, რომ ღამით გამოყოფილი შარდის მოცულობა დღისით გამოყოფილისას აჭარბებს. წესისამებრ, ნიქტურია შეუღლებულია პოლიურიასთან ანუ შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფასთან.  ნიქტურია ყველაზე ხშირად გვხვდება ასაკოვან მამაკაცებში, რომელთაც გადიდებული აქვთ წინამდებარე ჯირკვალი. ამ დროს ნიქტურიის სამკურნალოდ პროსტატექტომიას - ჯირკვლის ამოკვეთას მიმართავენ. ქვედა საშარდე გზებში მიმდინარე ასაკობრივი ანატომიური და ფიზიოლოგიური ძვრების გამო  ღამით შარდის გამოყოფის გახშირება უშუალოდ ასაკთან ასოცირდება. არსებული სტატისტიკით, ნიქტურია აღენიშნება:

  • 7-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების 4%-ს;
  • 50-დან 59 წლამდე ასაკის მამაკაცთა 66%-ს;
  • 80 წელს გადაცილებულთა 91%-ს.

საყურადღებოა შემდეგი საკითხიც: ასაკოვანი პაციენტების საფუძვლიანი გამოკვლევისას ხშირად ირკვევა, რომ მათ ვაზოპრესინის (ანტიდიურეზული ჰორმონის) დონე დაქვეითებული აქვთ. ამ ჰორმონის ფუნქცია ღამის შარდის შემცირებაა. ორგანიზმში მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებების კვალად, ვაზოპრესინის გამომუშავება მცირდება, რაც ნიქტურიის განვითარებას აძლევს დასაბამს. ნიქტურია იწვევს ძილის დარღვევას, ქრონიკულ დაღლილობას, აქვეითებს შრომის ნაყოფიერებას. ჯანმრთელ ადამიანს შესაძლოა გამოაჩნდეს ნიქტურიის მსგავსი მდგომარეობა, თუ  საღამოობით ხშირად სვამს კოფეინის შემცველ სასმელებს (ჩაის, ყავას, ასევე ალკოჰოლს), რომლებსაც შარდმდენი მოქმედება აქვს. სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ღამის განმავლობაში ტუალეტში ერთხელ შესვლა ნორმაა, მაგრამ თუ ერთზე მეტჯერ გიხდებათ ძილის გატეხა, ეს თირკმლის დაავადების ნიშანია და საკონსულტაციოდ აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს. ნიქტურია თან ახლავს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა გულის უკმარისობა, პროსტატის ადენომა, ქრონიკული გლომერულონეფრიტი, ღვიძლის ციროზი, პერნიციოზული ანემია. თუ ნიქტურია გამოწვეულია გულის უკმარისობით, კლინიკურ სურათში გამოხატული იქნება ვენური შეგუბება და სითხის შეკავება ქსოვილებში დღის განმავლობაში.  დღისით გულ-სისხლძარღვთა სისტემა ვერ უმკლავდება ასეთ დატვირთვას, ღამით კი ვენური შეგუბება თანდათანობით გაიწოვება. თუ ნიქტურიას დროულად მივაქცევთ ყურადღებას და არ გადავდებთ ექიმთან ვიზიტს, გულის უკმარისობის მკურნალობას ადრევე შევუდგებით. თუ ნიქტურიას  თირკმლის დაავადებათა გამოვლინებად განვიხილავთ, შარდის გამოყოფის გახშირება ძილის დროს თირკმლის სისხლძარღვთა გაფართოებას და ამ ორგანოს სისხლმომარაგების გაძლიერებას უნდა დავაბრალოთ. თირკმლის დაავადებები ხშირად უწევენ პროვოცირებას გულის უკმარისობას, ამიტომაც ნიქტურიის წარმოშობის თაობაზე დასკვნის გამოტანა შესაძლებელია მხოლოდ ავადმყოფობის დინამიკაზე დაკვირვების შემდეგ. ნიქტურია ხშირად თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ადრეული სიმპტომია. გულისა და თირკმლის უკმარისობის დროს მან შესაძლოა სტაბილიზაცია განიცადოს, რაც მეტად არაკეთილსაიმედო პროგნოზის საფუძველს გვაძლევს. ნიქტურიის დიაგნოსტიკა ზიმნიცკის ცდის საშუალებით ხდება: აკვირდებიან და აფასებენ შარდის გამოყოფის დღეღამურ რიტმს, თირკმელების კონცენტრაციულ ფუნქციას პაციენტის ჩვეულებრივი მოძრაობითი აქტივობის პირობებში. შარდის ყველა ულუფას (ჩვეულებრივ, რვას) ყოფენ ღამისა და დღის ნაწილებად (დღე-ღამის განმავლობაში ადამიანი სამსაათიანი ინტერვალებით ცალ-ცალკე ჭურჭელში აგროვებს შარდს), რის შემდეგაც აანალიზებენ ცალკეული ულუფების მოცულობას და ხვედრით წონას. ნიქტურიის დროს გამოყოფილი შარდის უდიდესი ნაწილი (2/3) ღამის შარდის წილად მოდის. ამასთან, ის არასაკმარისად კონცენტრირებულია. ნიქტურიის მკურნალობა მიმართულია შარდის გამოყოფის დარღვეული აქტის აღმოფხვრისკენ. ვინაიდან ნიქტურია ხშირად პროსტატის გადიდებასთან არის დაკავშირებული, ინიშნება ალფა1-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტი, 5ალფა-რედუქტაზის ინჰიბიტორი ან ორივე ამ პრეპარატის კომბინაცია. იმავდროულად, ძილის მოსაწესრიგებლად შეიძლება სუსტი საძილე პრეპარატების მიღებაც. ნიქტურიის მიზეზად შეიძლება იქცეს სხვადასხვა მედიკამენტის თერაპიული კურსი ან შარდის ბუშტის ჰიპერრეაქტიულობაც. ეს უკანასკნელი შარდის ბუშტის ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც ბუშტი შარდის მცირე ულუფის მოხვედრაზეც კი რეაგირებს და შარდის გამოყოფის მოთხოვნილებას იწვევს. შედეგად შარდის ბუშტის სარეზერვო (დაგროვებითი) ფუნქცია ირღვევა. ჰიპერრეაქტიული შარდის ბუშტი ცალკე, დამოუკიდებელი პათოლოგიის სახითაც შეიძლება შეგვხვდეს და სხვა დაავადებასთანაც (მაგალითად, პროსტატის ადენომასთან) იყოს დაკავშირებული, განვითარდეს როგორც მისი შედეგი. თუ მამაკაცებში ნიქტურიის მიზეზი უმეტესად პროსტატის გადიდებაა, ქალებში ღამის გახშირებულ შარდვას მენჯის ფუძის კუნთების ატროფიის გამო შარდის შეუკავებლობა იწვევს.