ფიმოზი, კრიპტორქიზმი
თუ ჩუჩის სპონტანურად გახსნამდე განვითარდა ასოს თავის ან ჩუჩის ანთება, შესაძლოა ჩამოყალიბდეს ანთებითი ნაწიბურები და ფიზიოლოგიური ფიმოზი თანდაყოლილ ანომალიაში გადაიზარდოს. ძლიერ გამოხატული ფიმოზის დროს შარდის გამოყოფა გაძნელებულია, ნაკადი - სუსტი. შარდვისას ჩუჩა გამოიბერება. თუ ამას ანთებითი პროცესიც დაერთო, შარდის გამოყოფა მტკივნეული ხდება. შარდის შეკავებამ შესაძლოა გამოიწვიოს შარდის ბუშტის ატონია, ფიმოზი გართულდეს ცისტიტით, საშარდე გზებსა და შარდის ბუშტში კენჭების ჩამოყალიბებით, პიელონეფრიტით და სხვა. რჩევა: არ შეიძლება ჩუჩის ძალით გადაწევა - ის შესაძლოა ჩაიჭედოს და წინ გამოცურების უნარი დაკარგოს. ეს გამოიწვევს ძლიერ ტკივილს და სისხლის შეგუბებას. ასეთ დროს საჭიროა სასწრაფო სამედიცინო ჩარევა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება ასოს თავის ან ჩუჩის ნეკროზი (კვდომა). სიცოცხლის პირველ წლებში ფიზიოლოგიური ფიმოზი მკურნალობას არ მოითხოვს, მაგრამ აუცილებელია ჩუჩისა და ასოს თავის ტუალეტი - თბილი წყლითა და საპნით გასუფთავება. თუ 3-6 წლის ასაკში იგი სპონტანურად არ გაიხსნა, ექიმის დახმარება დაგვჭირდება. ქირურგიულ ჩარევამდე უროლოგმა ჩუჩის უსისხლო მეთოდით გაფართოება უნდა სცადოს. ფიმოზის რეციდივის თავიდან ასაცილებლად მშობელმა ბავშვს სამედიცინო ჩარევიდან ერთი თვის განმავლობაში 2-3 დღეში ერთხელ უნდა გადაუწიოს ჩუჩა და გაუსუფთაოს თბილი წყლითა და საპნით.
რა არის კრიპტორქიზმი
კრიპტორქიზმი სათესლე პარკში სათესლე ჯირკვლის ჩამოუსვლელობაა. ის აღენიშნება ახალშობილთა 30%-ს და 15 წლამდე ასაკის ვაჟთა 2-4%-ს. ამ დროს სათესლე ჯირკვალი ჩარჩენილია საზარდულის არხში, მუცლის ღრუში, ანდა ჩამოსულია ისეთ ადგილას, სადაც მას არაფერი ესაქმება - შორისის მიდამოში ან ბარძაყის გვერდით. ჩანასახს სათესლე ჯირკვალი მუცლის ღრუში აქვს და დაახლოებით განვითარების მეხუთე თვეს ჩამოსდის სათესლე პარკში. ზოგჯერ ეს პროცესი ფერხდება და ვიღებთ კრიპტორქიზმს. ამ დარღვევას არაერთი მიზეზი აქვს - გენეტიკური ფაქტორი, დედის მძიმე ტოქსიკოზი ორსულობის დროს, მშობლების ქრონიკული დაავადებები და სხვა. პარკში ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი შედარებით პატარაა, განუვითარებელი და ფუნქციურად არასრულფასოვანი. თუ ორივე ჯირკვალი შეკავებულია, ეს შესაძლოა უშვილობის მიზეზადაც იქცეს. არსებობს სხვა საშიშროებაც - თამაშისა და ვარჯიშის, საზოგადოდ, ფიზიკური დატვირთვის დროს გამორიცხული არ არის ჯირკვლის შემოგრეხა და ჩაჭედვა. ამ დროს თავს იჩენს შეტევითი ტკივილი და საჭირო ხდება სასწრაფო ოპერაცია. კრიპტორქიზმის მოსალოდნელი გართულებებიდან ყველაზე სახიფათოა შეკავებული ჯირკვლის სიმსივნური გადაგვარება. საფრთხე მით უფრო დიდია, რაც უფრო მაღლა მდებარეობს ჯირკვალი და რაც უფრო დაგვიანებულია მისი ჩამოსვლა. რჩევა: დაბანის დროს შეუმოწმეთ ბავშვს, აქვს თუ არა ჯირკვალი სათესლე პარკში. კრიპტორქიზმს ყველაზე ადრე დედები ამჩნევენ. ბევრი ძალიან განიცდის და იმის მაგივრად, რომ უროლოგს მიმართოს, წლობით საიდუმლოდ ინახავს ამ ფაქტს, ანდა მიდის არაკვალიფიციურ ექიმთან, რომელიც ურჩევს, შვილის სქესობრივ მომწიფებას დაელოდოს, როდესაც ჯირკვალი თავისთავად ჩამოვა პარკში. ასეთი რამ მართლაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ გვიან ჩამოსული ჯირკვალი არასრულფასოვანი იქნება. მოსალოდნელი გართულებების რისკი რომ შემცირდეს და შეკავებული სათესლე ჯირკვალი ნორმალურად განვითარდეს, არ უნდა დაველოდოთ პარკში მის თავისთავად ჩამოსვლას და ექიმს მივმართოთ. ოპერაცია ორ წლამდე უნდა გაკეთდეს. ამ დროისთვის ჯირკვალში არსებული ცვლილებები არ არის ღრმა და ჯერ კიდევ შექცევადია.