შარდსასქესო ორგანოთა ანომალიები
ერთეულ და მრავლობით, მსუბუქ (რომლებიც მთელი სიცოცხლე არ იჩენს თავს) და რთულ (რომელიც ხშირად სიცოცხლესთან შეუთავსებელია) ანომალიებად.
ვინაიდან საშარდე და სასქესო სისტემების განვითარება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ასიდან 33 შემთხვევაში საშარდე სისტემის ორგანოთა ანომალიები სასქესო ორგანოთა ანომალიებთან არის შეუღლებული.
შარდსასქესო ორგანოთა ანომალიებს შორის შემდეგ ჯგუფებს გამოყოფენ: თირკმლის სისხლძარღვების ანომალიებს; თირკმლის ანომალიებს; შარდსაწვეთების ანომალიებს; შარდის ბუშტის ანომალიებს; შარდგამომყოფი არხის ანომალიებს; ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოთა ანომალიებს. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:
თირკმლის სისხლძარღვთა ანომალიები
ეს შარდსასქესო ორგანოების საკმაოდ გავრცელებული ანომალიებია, თუმცა მათდამი დამოკიდებულება ორგვარი შეიძლება იყოს. ერთი მხრივ, ისინი, როგორც წესი, თან სდევს თირკმლის სხვადასხვა ანომალიას - გაორებას, დისტოპირებას და სხვა, მეორე მხრივ, შეიძლება დამოუკიდებელ დაავადებადაც მოგვევლინოს. ისეც ხდება, რომ სისხლძარღვთა ანომალიები თირკმელების დაავადების - ჰიდრონეფროზის, არტერიული ჰიპერტონიის - მიზეზად იქცევა.
განასხვავებენ თირკმლის ვენებისა და არტერიების რაოდენობრივ ანომალიებს, მათი ფორმისა და განლაგების ანომალიებს. ამ პათოლოგიებს მეტწილად ქირურგიული გზით მკურნალობენ, უფრო ხშირად კი თირკმლის სისხლძარღვთა ანომალიები არაფრით იჩენენ თავს.
შარდსაწვეთების ანომალიები
შარდსაწვეთების ანომალიები შარდსასქესო სისტემის ანომალიათა 22%-ს შეადგენს. ისინი, ისევე როგორც სხვა ანომალიები, შესაძლოა ბავშვობაში შემთხვევით გამოვლინდეს სულ სხვა დაავადების სადიაგნოზოდ ჩატარებული გამოკვლევისას, თუმცა მათ შეიძლება თან ახლდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევებიც. უმეტესად გვხვდება შარდსაწვეთის შევიწროება ან გაფართოება.
შარდსაწვეთის ანომალია მრავალგვარია, თუმცა ყოველი მათგანი შარდის გადაადგილების, უროდინამიკის, დარღვევას იწვევს. უროდინამიკის დარღვევას, თავის მხრივ, თირკმლის ანთება და მისი ფუნქციის მოშლა მოსდევს. ბავშვებში შარდსაწვეთების ანომალიები ხშირად ორმხრივია და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევამდე მივყავართ. ასეთი ანომალიები 6-10 წლის ასაკში ვლინდება. დიაგნოსტიკაში წამყვან როლს ექსკრეტორული უროგრაფია ასრულებს.
შარდის ბუშტისა და შარდსადენი არხის ანომალიები
ეს შარდსასქესო სისტემის შედარებით იშვიათი ანომალიებია. მათ მიეკუთვნება შარდის ბუშტის ექსტროფია, შარდის ბუშტის დივერტიკული, ჰიპოსპადია, ეპისპადია და სხვა. ამ ანომალიებმა შესაძლოა დაბადებისთანავე იჩინოს თავი (შარდის ბუშტის ექსტროფია), შესაძლოა მთელი სიცოცხლე შეუმჩნეველი დარჩეს (შარდის ბუშტის დივერტიკული).
შარდის ბუშტისა და შარდსადენი არხის ანომალიებს მკურნალობენ მსოფლიოში მიღებული პრინციპებით ბავშვის ასაკისა და პათოლოგიის სიმძიმის გათვალისწინებით. ახლა კი ამ პათოლოგიებზე უფრო ვრცლად შევჩერდეთ.
- შარდის ბუშტის ექსტროფია განვითარების უმძიმესი მანკია. ამ დროს არც შარდის ბუშტის წინა კედელია ჩამოყალიბებული და არც მისი შესაბამისი მუცლის წინა კედელი. ვაჟებში ეს ანომალია გოგონებზე^ორჯერ ხშირია. ამ მანკის ბუნება ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. შარდის ბუშტის ექსტროფიას ყოველთვის ახლავს თან ტოტალური ეპისპადია და ბოქვენის ძვლების გახლეჩა. დიაგნოზს დაბადებისთანავე სვამენ. შარდის ბუშტის ექსტროფიის მკურნალობა მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიული გზით ხდება, ხოლო ოპერაციის მეთოდი მანკის ხარისხზეა დამოკიდებული.
- დივერტიკული შარდის ბუშტის თანდაყოლილი ან შეძენილი ანომალიაა, რომლის დროსაც ბუშტის ერთ-ერთ კედელზე ტომსიკისმაგვარი გამობერილობა ჩნდება. ბავშვებში ეს მანკი, წესისამებრ, თანდაყოლილია. დივერტიკული უმეტესად ერთეულია, ძალზე იშვიათად - მრავლობითი და უფრო მეტად შარდის ბუშტის უკანა და გვერდითა კედელზე ყალიბდება. დივერტიკულში, ჩვეულებრივ, შარდი გროვდება, რაც ცისტიტის განვითარებას უწყობს ხელს, ხოლო როცა მასში იხსნება ერთ-ერთი შარდსაწვეთი, წარმოიშობა პიელონეფრიტის განვითარების საფრთხე.
ბავშვი შესაძლოა უჩიოდეს შარდვის გაძნელებას, შარდის ორ ნაწილად გამოყოფას (ამ დროს ჯერ შარდის ბუშტი იცლება, შემდეგ - დივერტიკული). უროლოგმა შარდის ბუშტის დივერტიკულის დიაგნოზი შეიძლება დასვას ცისტოსკოპიის და ცისტოგრაფიის ჩატარების შემდეგ. ამ ანომალიას ქირურგიული გზით მკურნალობენ. ჩარევის არსი შარდის ბუშტის დეფექტის მოშორებაა.
რით იჩენს თავს შარდის ბუშტის დივერტიკული?
- ურაქუსის ანომალიები. ურაქუსი საშარდე არხია, თავისებური მილი, რომელიც ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში შარდის ბუშტს ჭიპლარის გავლით სანაყოფე წყლებთან აერთებს. ბავშვის დაბადებისას ურაქუსი უკვე შეხორცებული უნდა იყოს, მაგრამ ხდება ისეც, რომ იგი მხოლოდ ნაწილობრივ არის გადაკეტილი. მის ანომალიებსაც უმთავრესად ქირურგიულად მკურნალობენ.
- შარდის ბუშტის აგნეზია. ამ დროს შარდის ბუშტი საერთოდ არ არის ჩამოყალიბებული. ეს მეტად იშვიათი მანკი განვითარების სხვა იმ მანკებთან არის შეუღლებული, რომლებიც სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას ქმნიან.
- შარდის ბუშტის გაორება. ამ დროს შარდის ბუშტში ძგიდე, ტიხარია განვითარებული, რომელიც ორ ნაწილად ყოფს მას. ასეთ ანომალიას თან სდევს შარდსადენი არხის გაორებაც. ამ ანომალიის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით არის შესაძლებელი.
- შარდის ბუშტის ყელის კონტრაქტურა. შარდის ბუშტის კედელში შარდის გამოსვლის ადგილას ზედმეტი შემაერთებელი ქსოვილი ვითარდება, რაც შარდვის გაძნელებას, ზოგჯერ კი მისი გამოყოფის სრულ შეწყვეტას იწვევს. ექიმი დიაგნოზს უროცისტოსკოპიისა და ურეთროცისტოგრაფიის შედეგების საფუძველზე სვამს. მკურნალობა ამ დროსაც ქირურგიულია.
ეპისპადია
ეს შარდგამომყოფი არხის თანდაყოლილი პათოლოგიაა, რომლის დროსაც მთლიანად არხი ან მხოლოდ მისი წინა კედელი იხლიჩება. ეპისპადია იშვიათია, თუმცა ბიჭებში ხუთჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე გოგონებში.
გამოყოფენ ეპისპადიის სამ ფორმას:
ბიჭუნებში - სასქესო ასოს თავის ეპისპადიას (მხოლოდ თავის გახლეჩას), სასქესო ასოს ეპისპადიას (სასქესო ასოს სხეულის გახლეჩას) და ტოტალურ ეპისპადიას (მთელი შარდგამომყოფი არხის გახლეჩას შარდის ბუშტამდე);
გოგონებში - კლიტორულ ეპისპადიას, ბოქვენქვეშა ეპისპადიასა და ტოტალურ ეპისპადიას. ეპისპადიის დიაგნოზს, ჰიპოსპადიის მსგავსად, გარეთა სასქესო ორგანოების გულდასმით დათვალიერების შედეგად სვამენ.
ეპისპადიის დროს სასქესო ასოს თავის შარდგამომყოფი არხის გარეთა ხვრელი თავის ზედა ნაწილზე მდებარეობს. ასო რამდენადმე გამრუდებულია, თუმცა ერექციის დროს ეს გამრუდება ქრება. სასქესო ასოს ეპისპადიის დროს შეინიშნება მისი ზედა ნაწილის არხისმაგვარი გახლეჩა. შარდგამომყოფი არხის გარეთა ხვრელი ამ დროს თავიდან ფუძემდე ნებისმიერ ადგილზე შეიძლება იყოს განლაგებული. არცთუ იშვიათად სიცილის, ხველის დროს შესაძლოა შარდის თვითნებური გამოყოფა.
გოგონებში ეპისპადიის კლიტორულ ფორმას კლიტორის გახლეჩა ახასიათებს და უმეტესად არავითარ პრობლემას არ ქმნის, ამიტომ შეუმჩნეველი რჩება. არც ბოქვენქვეშა ეპისპადია იწვევს გოგონებში რაიმე პრობლემას, თუმცა იშვიათად მის ფონზე შარდის შეუკავებლობაა მოსალოდნელი. თუ ექიმმა ბიჭუნას სასქესო ასოს ეპისპადიის, ტოტალური ეპისპადიის, შარდის შეუკავებლობით მიმდინარე ბოქვენქვეშა ეპისპადიის, ხოლო გოგონას ეპისპადიის ტოტალური ფორმის დიაგნოზი დაუსვა, ქირურგიული მკურნალობა აუცილებელია. ოპერაცია ყველაზე ხშირად 2-დან 4 წლამდე ტარდება.
ეპისპადიის ქირურგიული მკურნალობის არსი ნორმალური შარდგამომყოფი არხის ფორმირება და შარდის შეუკავებლობის აღმოფხვრაა. შარდგამომყოფი არხის შექმნის მეთოდები, წესისამებრ, ბავშვის სქესსა და ეპისპადიის ფორმაზეა დამოკიდებული.
ჰიპოსპადია
შარდგამომყოფი არხის განვითარების ეს მანკი, რომლის დროსაც შარდგამომყოფი არხის გარეთა ხვრელი სასქესო ასოს ქვედა ზედაპირზე, სათესლე პარკზე ან შორისზე იხსნება, ბიჭებში შარდსასქესო სისტემის ყველაზე ხშირი პათოლოგიაა. ის 150-დან 1 ბავშვს მაინც აქვს. გოგონებში ეს პათოლოგია ძალიან იშვიათად გვხვდება.
ჰიპოსპადიის დროს შარდგამომყოფი არხი ბოლომდე არ არის განვითარებული და არხის სიგრძე ნორმაზე ნაკლებია. ამის გამო სასქესო ასო გამრუდებულია. ზოგჯერ გვხვდება მეტისმეტად მოკლე შარდგამომყოფი არხი, რომელიც ჩვეულ ადგილზე იხსნება, მაგრამ მისი სიმოკლის გამო სასქესო ასო კაკვივით არის მოხრილი. ერექციის დროს მოხრის კუთხე კიდევ უფრო იზრდება.
ჰიპოსპადიის დიაგნოზი გარეგნული დათვალიერებით სამშობიაროშივე ისმება. მისი მკურნალობა კი ქირურგიული გზით ხორციელდება.
შარდსაწვეთთა ანომალიებს შორის ხშირად გვხვდება შარდსაწვეთთა სტრუქტურის განვითარების მანკები. ასეთი ანომალიების ერთ-ერთ სახეობად მიიჩნევა ურეთროცელე - შარდის ბუშტში ჩასვლის ადგილას შარდსაწვეთის კისტოზური გაფართოება. თუ ეს პათოლოგია ადრეულ ასაკში არ გამოვლინდა, მრავალი დაავადების - პიელონეფრიტის, ურეთრიტის, ცისტიტის, შარდკენჭოვანი დაავადების და სხვათა - მიზეზად იქცევა.
ურეთროცელე თავს იჩენს ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა ტკივილი წელის მიდამოში, დიზურია, ჰემატურია. ექიმი ამ ანომალიას ცისტოსკოპიის ან ექსკრეტორული უროგრაფიის მეშვეობით გამოავლენს. ურეთროცელეს მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით არის შესაძლებელი. თუ ანომალიამ დიდ ზომას მიაღწია, ექიმი უროლოგები დაზიანებულ შარდსაწვეთს მთლიანად კვეთენ.