შარდის შეუკავებლობა ქალებში
მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ალეკო ხელაია.
- ბატონო ალეკო, დაგვეთანხმებით, რომ შარდის შეუკავებლობა საკმაოდ ბევრ ქალს აწუხებს...
- მართალს ბრძანებთ, შარდის შეუკავებლობა ქალებში საკმაოდ არის გავრცელებული. ამის გამო სუსტი სქესის წარმომადგენლებს უამრავი პრობლემა უჩნდებათ და ხშირად საქმე დეპრესიამდეც კი მიდის. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ არსებობს შარდის შეუკავებლობის რამდენიმე ფორმა:
- შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა, რომელიც დახველების, დაცემინების, სიცილის, ფიზიკური დატვირთვის, სირბილის, ხტუნვის, სიარულის, სიმძიმის აწევის, სავარძლიდან ან საწოლიდან წამოდგომისა თუ სქესობრივი ცხოვრების დროს შარდის უნებლიე დაღვრით ვლინდება. ადვილი წარმოსადგენია, როგორ ზღუდავს ეს ქალის ყოველდღიურ საქმიანობას. შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა გავრცელებით არ ჩამოუვარდება ისეთ დაავადებებს, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია. ცნობისათვის გეტყვით, რომ საფრანგეთში 70 წლისთვის ყოველ მეათე ქალს გაკეთებული აქვს ოპერაცია შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის გამო.
შარდის დაძაბვით შეუკავებლობას გამოვლინების ორი პიკი აქვს. პირველი მშობიარობის შემდგომ პერიოდზე მოდის. მშობიარობის დროს ზიანდება იოგები, ეშვება კუნთები, რასაც შარდის დაძაბვით შეუკავებლობამდე მივყავართ. ახალგაზრდა დედები ამას, სამწუხაროდ, სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, რადგან მთელი ყურადღება ბავშვზე გადააქვთ, თანაც ჰგონიათ, რომ ეს დროებითია და გაუვლით, თუმცა დაავადება თანდათან პროგრესირებს.
მეორე პიკი საშუალო ასაკზე მოდის და თან ახლავს მენსტრუალური ციკლის გაქრობის დროს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ცვლილებებს. კლიმაქსის შესახებ ყველა ქალს გაუგონია, მაგრამ ცოტა თუ აცნობიერებს, რა ცვლილებები ხდება კლიმაქსურ პერიოდში ორგანიზმში. ეს ცვლილებები საკმაოდ მრავალფეროვანია და მათი სრული სურათის ახსნას მრავალი საათი დასჭირდება.
დაგისახელებთ რამდენიმე დაავადებას, რათა ნათელი მოვფინო ამ პრობლემის მასშტაბს თანამედროვე მედიცინაში.
ეს დაავადებებია: შარდის შეუკავებლობა, მისი სხვადასხვა ფორმა (შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა, ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი), პოსტმენოპაუზური (კლიმაქტერიული) ქრონიკული ცისტიტი და ურეთრიტი, მტკივნეული შარდის ბუშტის სინდრომი.
დავუბრუნდეთ შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის მეორე პიკს. ამ დროს სუსტდება ის იოგები, რომლებიც შარდსადენი მილისა და შარდის ბუშტის ყელს ბოქვენის ძვლებთან აფიქსირებს. ამ იოგოვან-კუნთოვანი სტრუქტურების ტონუსი და ადეკვატური ფუნქციობა ირღვევა მენოპაუზის ანუ კლიმაქსის დადგომის შემდეგ, როდესაც სისხლში მკვეთრად მცირდება სასქესო ჰორმონის - ესტროგენის რაოდენობა. ხშირად შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის განვითარებას ხელს უწყობს მძიმე მშობიარობა, მძიმე ფიზიკური შრომა, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქული ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი, ყაბზობა.
- შარდის შეუკავებლობის მეორე ფორმა განპირობებულია ჰიპერაქტიური შარდის ბუშტით და იწვევს მოშარდვის ბრძანებით სურვილს. მარტივად რომ ვთქვათ, უეცრად ჩნდება მოშარდვის სურვილი, რაც ქალს აიძულებს, სასწრაფოდ გაეშუროს საპირფარეშოსკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უნებლიეთ დაღვრის შარდს. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს და განმეორდეს ნებისმიერი რაოდენობით. ადვილი წარმოსადგენია ჰიპერაქტიური შარდის ბუშტით დაავადებული ქალის განრიგი - ის მიჯაჭვულია საპირფარეშოზე, იძულებულია, შეიცვალოს სამსახური, შეზღუდვით მიიღოს სითხე და წინასწარ ეძებოს საპირფარეშო. ეს ყველაფერი მკვეთრად აუარესებს ქალის ცხოვრების ხარისხს და იწვევს დეპრესიას.
ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის პიკი კლიმაქტერიულ პერიოდს ემთხვევა. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როცა მოშარდვის უეცარი სურვილის დროს საპირფარეშოსაკენ გაქცეული ქალი ეცემა და რამეს იტეხს. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს (მენოპაუზის დადგომის შემდეგ) ხშირია ოსტეოპოროზი - ძვლების სისუსტე. ქალის ჰორმონის დანიშვნა ამ მდგომარეობასაც საგრძნობლად აუმჯობესებს.
- რას გულისხმობს მკურნალობა შარდის დაძაბვითი შეუკავებლობისა და ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის დროს?
- არსებობს შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი: კონსერვატიული და ოპერაციული. კონსერვატიული მეთოდის არსია ქალის სასქესო ჰორმონის დანიშვნა საშოს სანთლების ან მალამოს სახით და შორისის კუნთების ელექტრომიოსტიმულაცია, რაც ხელს უწყობს შორისის იოგოვან-კუნთოვანი აპარატის აღდგენას, უნებლიეთ დაღვრილი შარდის რაოდენობის შემცირებას. ასეთი მიდგომა მიზანშეწონილია დაავადების საწყისი და საშუალო სიმძიმის ფორმების დროს, მძიმე ფორმის შემთხვევაში კი ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა.
საბედნიეროდ, საქართველოში უკვე შესაძლებელია ზემოხსენებული იოგების ჩანაცვლება მინიმალურად ტრავმული ოპერაციის მეშვეობით. ოპერაციის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, ქალი მეორე დღესვე ეწერება კლინიკიდან და, რაც მთავარია, ამგვარი ოპერაციების ეფექტიანობა 90%-ს აღემატება.
ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის შემთხვევაში ძალზე ეფექტურია მკურნალობა სპეციალური, კერძოდ, ანტიქოლინერგიული მედიკამენტებით. ეს მედიკამენტები განაპირობებს შარდის ბუშტის კუნთოვანი მასის მოდუნებას, იზრდება ინტერვალები მოშარდვიდან მოშარდვამდე და მცირდება მოშარდვის იმპერატიული ანუ ბრძანებითი მოთხოვნა.
- ზემოთ პოსტმენოპაუზური ქრონიკული ცისტიტი ახსენეთ. იქნებ ორიოდე სიტყვით ამ პრობლემასაც შეეხოთ..
- კლიმაქტერიული ანუ პოსტმენოპაუზური ქრონიკული ცისტიტი ვლინდება საშარდე გზების განმეორებითი ინფექციით. ამის მიზეზია ესტროგენების ნაკლებობა, რაც შარდის ბუშტისა და საშოს ლორწოვანი გარსის ატროფიას, საშოს ნორმალური ფლორის შეცვლას განაპირობებს. ყოველივე ეს ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის საშოში ჩაბუდებას და საშოს გავლით შორისიდან საშარდე გზებში მიგრაციას. შარდის ბუშტის ანთების ხშირ გამწვავებას და პროცესის გაქრონიკულებას იქამდე მივყავართ, რომ შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსი მთელ სიღრმეზე ზიანდება.
- როგორია ეს დაზიანება?
- ჩნდება მიკროწყლულები, ანთებითი პროცესი ვრცელდება შარდის ბუშტის კუნთოვან შრეზე. ამ დაავადებას მტკივნეული შარდის ბუშტის სინდრომი ანუ ინტერსტიციული ცისტიტი ეწოდება. ვლინდება ტკივილით შარდის ბუშტში შარდის დაგროვების დროს, რაც ქალს მოშარდვას აიძულებს. ამის შემდეგ ტკივილი ცოტა ხნით სუსტდება, მერე კი ხელახლა იწყება და ასე მეორდება ყოველ 15-20 წუთში ერთხელ.
-რისი ბრალია ეს?
- იმისა, რომ შარდში არსებული ნივთიერებები ნერვულ დაბოლოებებს ქიმიურად აღიზიანებს.
- რას გამოიწვევს დაავადების ნებაზე მიშვება ან არასწორი, არასრულფასოვანი მკურნალობა?
- საბოლოოდ საქმე შარდის ბუშტის შეჭმუხვნამდე, მისი მოცულობის სრულ დაკარგვამდე მივა. სამწუხაროდ, ქალები მრავალ წელს კარგავენ "ქრონიკული ცისტიტის" სამკურნალოდ. ხშირად ეს მკურნალობა ნაკლებეფექტური ან სრულად უშედეგოა. მეტიც - შარდის ბუშტში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებები უფრო ღრმავდება.
- რას გულისხმობს სწორი მკურნალობა?
- პოსტმენოპაუზური ქრონიკული ცისტიტი მოითხოვს ხანგრძლივ ანტიბაქტერიულ მკურნალობას, ქალის სასქესო ჰორმონის დანიშვნას და შარდის ბუშტში სპეციალური ნივთიერებების შეყვანას, რომლებიც ხელს უწყობს შარდის ბუშტის დაზიანებული ლორწოვანის აღდგენას.
- დაბოლოს, შარდის შეუკავებლობის პრევენციის მიზნით რას ურჩევთ ჩვენი ჟურნალის მკითხველ ქალებს?
- მართალია, შარდის შეუკავებლობა, რომელიც საკმაოდ მძიმე პრობლემაა, ხშირად იწვევს ნევროზსა და დეპრესიას, მაგრამ სავსებით იკურნება, მის თავიდან ასაცილებლად კი მშობიარობის შემდგომ დროულად უნდა გატარდეს სათანადო ღონისძიებები.
ქალბატონებს ვთავაზობთ, უპასუხონ კითხვარს, შეაფასონ, რა მდგომარეობა აქვთ შარდის შეუკავებლობის მხრივ და სჭირდებათ თუ არა ექიმის კონსულტაცია.
1. უჩივით თუ არა შარდის შეუკავებლობას დახველების, დაცემინების ან სიცილის დროს?
კი - 1; არა - 0
2. უჩივით თუ არა შარდის შეუკავებლობას სიმძიმის აწევის, სიარულის ან სირბილის დროს?
კი - 1; არა - 0
3. უჩივით თუ არა შარდის შეუკავებლობას მოშარდვის უეცრად გაჩენილი სურვილის დროს?
კი - 1; არა - 0
4. იყენებთ თუ არა საფენებს ან სხვა საშუალებებს შარდის შეუკავებლობის გამო?
კი - 1; არა - 0
5. ზღუდავს თუ არა შარდის შეუკავებლობა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას?
კი - 1; არა - 0
6. ახდენს თუ არა შარდის შეუკავებლობა თქვენზე უარყოფით ემოციურ გავლენას?
კი - 1; არა - 0
შეაჯამეთ ქულები.
ნული ქულა ნიშნავს, რომ ქალს ამ მხრივ პრობლემა არ აქვს.
პირველ ორ კითხვაზე დადებითი პასუხი მიუთითებს, რომ შეინიშნება შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა და აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია.
მესამე კითხვაზე დადებითი პასუხი ჰიპერაქტიურ შარდის ბუშტზე მეტყველებს. უროლოგის ჩარევა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია.
მეოთხე და მეხუთე კითხვებზე დადებითი პასუხის შემთხვევაში პროცესი უფრო შორს არის წასული და ექიმთან ვიზიტის გადადებას არ გირჩევთ.
მეექვსე კითხვაზე დადებითი პასუხი ნევროზისა და დეპრესიის საშიშროებაზე მეტყველებს.