ცოტა რამ მამაკაცის საცვლებისა და წინდების შესახებ
ტანსაცმელი უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული, დაუთოებული, მოვლილი და, სასურველია, გემოვნებით შეხამებული. ქვედა საცვალი და წინდები, მართალია, გარეშე თვალისგან დაფარულია, მაგრამ ტანსაცმლის მეტად მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, ის უნდა იყოს სუფთა, მთელი და სწორად შერჩეული.
დავიწყოთ ქვედა თეთრეულით. ზოგიერთს მისი მნიშვნელობა არ ესმის.
ქვედა საცვალი უნდა ვიცვალოთ ყოველდღე. მისი ფერი და მოდელი ნებისმიერი შეიძლება იყოს. ტრუსების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ხარისხს და მოხერხებულობას, რადგან გარდერობის ეს ელემენტი ეხება სხეულის ყველაზე სათუთ ნაწილს. იდეალურია 100%-იანი ბამბის ქსოვილის საცვლები, თუმცა ისინიც შეიძლება იყოს უხარისხო. ხარისხის შესამოწმებლად საკმარისია, გავჭიმოთ ქსოვილი და გავხედოთ შუქზე - მისი სტრუქტურა უნდა იყოს ერთგვაროვანი, კვანძების, ხაოებისა და უცხო ჩანართების გარეშე. თუ სტრუქტურა არაერთგვაროვანია, ე.ი. თეთრეული შეკერილია ცუდი ნართისგან, რომელიც სწრაფად გაცვდება, დაიბურცება, მოითელება და დაიხევა.
ხარისხიანი თეთრეულის შეფუთვა თითქმის ყოველთვის ინდივიდუალურია. ყურადღება მიაქციეთ ნაკერებს, ვინაიდან მათზეა დამოკიდებული ნაწარმის „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ და კომფორტულობა. ისინი არ უნდა იყოს უხეში, სქელი, რათა სხეულზე არ დატოვოს ნაწიბურები. ნაკერს უნდა მიუყვებოდეს ზიგზაგისებური გვირისტი, ძაფის ბოლოები ფაქიზად უნდა იყოს ჩამაგრებული.
წინდებიც ყოველდღიურად უნდა იცვალოთ. მათი შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ფერს და გაითვალისწინეთ რამდენიმე წესი.
- მამაკაცის წინდის ფერი უნდა შეესაბამებოდეს კოსტიუმისას, მაგრამ იყოს ფეხსაცმელზე ოდნავ ბაცი. თეთრი წინდა საქმიანი სტილისთვის მიუღებელია. თეთრი და მკვეთრი ფერის წინდები სპორტისთვის დაიტოვეთ.
- წინდა აუცილებლად მაღალი უნდა იყოს. შიშველი ფეხი არ უნდა ჩანდეს, მაშინაც კი, როდესაც ფეხიფეხგადადებული ზიხართ.
- უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად ფეხი უნდა „სუნთქავდეს“, ამიტომ შეარჩიეთ თხელი, ხარისხიანი ბამბის ფაქტურა. შეიძლება, ლაიკრის ან სხვა სინთეტიკის 5%-იანი (უკიდურეს შემთხვევაში, 20%-მდე) შემცველობითაც. ძალიან კომფორტული და მოხერხებულია შალისა და ბამბის, აბრეშუმისა და ბამბის ნარევი.
- კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანია. წინდის რეზინი არ უნდა აწვებოდეს ფეხს და არ ტოვებდეს ნაჭდევს.
ეს ის მთავარი წესებია, რომლებიც ნებისმიერ მამაკაცს გამოადგება. დანარჩენი კი თქვენს გემოვნებაზე, სტილსა და ცხოვრების წესზეა დამოკიდებული.
სოლიდური მამაკაცის გარდერობი
მამაკაცი საქმიან შეხვედრებზე უნაკლოდ და შთამბეჭდავად რომ გამოიყურებოდეს, საჭიროა, იცავდეს ჩაცმის გარკვეულ წესებს.
ნებისმიერი დარგის პროფესიონალს უნდა შეეძლოს სწორად ჩაცმა. „თავისუფალი ხელოვანის” სტილი ბიზნესმენისთვის შეუფერებელია. საქმიანმა კოსტიუმმა მამაკაცურად და წარმოსადეგად უნდა წარმოგაჩინოთ.
უმაღლესი ხარისხის შალის ქსოვილის კოსტიუმით ყოველდღე სიარული სულაც არ არის საჭირო. როგორც შარვალს, ისევე პიჯაკს სჭირდება საკიდზე “დასვენება”. ამიტომ, გირჩევთ, შეიძინოთ 2-3 კოსტიუმი როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონისთვის.
როგორ შევარჩიოთ შარვლის სიგრძე?
თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/mamakaci/rchevebi/4234-soliduri-mamakacis-garderobi.html