ქალთა დღე
ქალი ხომ სიცოცხლის საწყისია, ბედნიერებისა და სიყვარულის წყარო, მარტივით თავქარიანი, ჭირვეული, იდუმალი და ამოუცნობი...
-
თანამედროვე ქალი
ქალის ოჯახური ცხოვრება ბედნიერებითა და სიხარულით რომ იყოს სავსე, ხოლო კარიერა - წარმატებული, ამის მოთხოვნილება მას თავად უნდა ჰქონდეს. თვითონვე უნდა მოინდომოს, უნდა შეეცადოს, რომ მისი გრძნობა და გონება სრულ ჰარმონიაში იყოს ერთმანეთთან.
ქალი ხან ბედნიერი იქნება, ხან უბედური - ეს ცხოვრების კანონზომიერებაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის, თუმცა ბედნიერებისკენ უნდა ისწრაფოდეს. სხვა საქმეა, რას მიიჩნევს ბედნიერებად... ათასწლეულების განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ქალს მხოლოდ ოჯახური კერის დაცვა ევალებოდა - ის, უპირველესად, კარგი დედა და დიასახლისი უნდა ყოფილიყო, სანიმუშო მეუღლე, პროფესიული თვითრეალიზაცია კი მამაკაცთა პრივილეგიად ითვლებოდა. დღეს ქალები წარმატებული კარიერით მამაკაცებს ტოლს არ უდებენ, ქვეყნის პრეზიდენტობაზეც კი აცხადებენ პრეტენზიას. აქვთ ამბიცია, რომ მშვენივრად შეუძლიათ საკმაოდ მსხვილი ფირმების მართვა. ქალი სულ უფრო და უფრო აქტიურ პოზიციას იკავებს საზოგადოებაში. საზოგადოებრივი პროცესებიც იქით არის მიმართული, რომ შინ თუ გარეთ მთავარი ქალი გახდეს. რაღა თქმა უნდა, მამაკაცი ფიზიკურადაც, სექსუალურადაც და ეკონომიურადაც უფრო ძლიერია და ამას ვერსად გავექცევით, მაგრამ ნებისმიერ ცხოვრებისეულ ვითარებაში ლიდერი მაინც ქალია. მამაკაცთა უმრავლესობაც წინააღმდეგი როდია, ლიდერის ისტორიული როლი ქალს გაუყოს. ის კი არა, ზოგიერთი მზად არის, ლიდერობა მთლიანად მშვენიერ სქესს გადაულოცოს.
-
პროფესია - დიასახლისი
თანამედროვე ქალიშვილები უფრო და უფრო ხშირად აცხადებენ, რომ მათთვის მთავარი კარიერაა. დრონი იცვალნენ... მათი დედები უმთავრესად ისეთ ოჯახებში იზრდებოდნენ, სადაც “შემომტანი” მამაკაცი იყო. მიიჩნეოდა, რომ ქალს სათანადო განათლება უნდა მიეღო, მაგრამ მხოლოდ იმისათვის, რომ ღირსეული შვილები აღეზარდა და მთელი შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ოჯახისთვის მოეხმარა. ქალიც, როცა ბედი ისეთ მეუღლეს შეახვედრებდა, რომელსაც ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფა შეეძლო, უმეტესად სიამოვნებით ამბობდა უარს სამსახურზე და დიასახლისთა რიგებს უერთდებოდა. თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ მათი ცხოვრება მხოლოდ სადილების კეთებისაგან, დალაგება-დასუფთავებისა და ტელეფონზე საუბრისგან, ანდა საათობით ტელესერიალების ყურებისგან შედგებოდა. ქალების უმრავლესობა საკმაოდ განათლებული და გემოვნებიანი იყო, ესწრებოდა კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს, მართავდა წვეულებებს, მოგზაურობდა და... მიაჩნდა, რომ ქალისთვის ეს ერთადერთი სწორი ცხოვრების წესი იყო. ჰოდა, ბუნებრივია, უკვირთ, რომ ახლა მათი ქალიშვილები მზად არიან, თავით გადაეშვნენ ბიზნესის ორომტრიალში და მყუდრო ბინის დიასახლისობა საქმიანი ქალის არცთუ იოლ ცხოვრებაზე გაცვალონ.
-
სვლა სირთულეებით
იმ ქალების ცხოვრება, რომელთაც კარიერის შექმნა გადაწყვიტეს, ნამდვილად არ არის იოლი და კომფორტული. ისინი მხოლოდ მაღალი კლასის სპეციალისტები კი არ უნდა გახდნენ, არამედ სრულყოფილადაც დაეუფლონ ურთიერთობის ხელოვნებას, შეეძლოთ, დაასაბუთონ თავიანთი კომპეტენტური აზრი, დაარწმუნონ ოპონენტები... გოგონები ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ეძებენ შესაძლებლობას იმუშაონ, პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, ღრმად ჩასწვდნენ საბაზრო ეკონომიკის არსს. შრომისმოყვარეობას, მონდომებას, ნებისყოფას და მიზანსწრაფვას სასურველი შედეგი მოაქვს - პრესტიჟული სამუშაო და სტაბილური შემოსავალი, სიამოვნებისა და კმაყოფილების განცდა იმის გამო, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახერხეს...
ცხოვრება კი თანდათან დაბრკოლებებით რბოლას ემსგავსება: მიზანი - წარმატება - ახალი მიზანი, კვლავ წარმატება და კვლავ ახალი ამოცანა. მშობლები წუწუნებენ, პირადი ცხოვრებისთვის ვეღარ იცლიო, საღამოობით არაქათგამოლეული და გასავათებული ბრუნდები შინ, ვახშმობის თავიც აღარ გაქვს. სამაგიეროდ, თავად ხარ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი...
რა დასამალია, საქმიანი ქალებიც ოცნებობენ ძლიერ და ერთგულ მამაკაცებზე, ბავშვებზე, მყუდრო სახლზე, მაგრამ ეს მათთვის ცხოვრების ერთადერთ მიზანს არ წარმოადგენს. როცა ბიზნესლედი ოჯახს ქმნის, ცდილობს, საოჯახო საქმეები, ბავშვების აღზრდა და მეუღლესთან ურთიერთობა თავის საქმიანობას შეუთავსოს. ეს არც ისე იოლია. კარიერა ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ოჯახს კი ყურადღება აკლდება.
თუ ქალს საკმარისი შემოსავალი აქვს, შეუძლია თავს უფლება მისცეს და საოჯახო საქმეებში დამხმარე ან ძიძა აიყვანოს, ანდა ერთიცა და მეორეც, მაგრამ შვილებსა და მეუღლესთან ურთიერთობაში მის ადგილს ვერვინ დაიკავებს. იწყება გაუცხოება, თავს იჩენს პრობლემები, ურთიერთობისა და სიხლოვის დეფიციტი. ასე რომ, ქალს ძლიერი ნებისყოფა და დიდი ენერგია სჭირდება, რათა პროფესიულ ასპარეზზეც და ოჯახშიც სათანადოდ მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება. ამისთვის კი საჭიროა ოჯახის წევრების თანადგომა, ურთიერთგაგება. სწორედ ასე მიიღწევა სრული ჰარმონია და ბედნიერება.