რჩევები
ტყუილად კი არ ამბობენ, რომ აკრძალული ხილი გემრიელია და რაც უფრო მეტად "არ შეიძლება", მით უფრო მეტად "გვინდა". დაახლოებით "შეიძლებასა" და "არ შეიძლებას" შორის არსებულ ზღვარზე აღმოცენდა გემბლინგის (აზარტული თამაშების) ფსიქოლოგია.
-
აზარტული თამაშების ფსიქოლოგია
თითქმის ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად მიდრეკილია აზარტისკენ, მაგრამ ყველას როდი უვითარდება ემოციურ ლაბილობასთან, ქცევის არაადეკვატურობასთან, სოციოპათიასთან, დევიაციასთან, სუიციდთან დაკავშირებული პათოლოგია. გემბლინგი ფულზე თამაშისადმი დამოკიდებულების ნაირსახეობაა. ეს არის გარკვეულ მოქმედებათა კომპლექსი, ჩამოყალიბებული აზარტული თამაშების (რომლებსაც მოგების მოტანა შეუძლია) სხვადასხვა სახეობისადმი მიდრეკილების საფუძველზე.
ისეთებისა, როგორიც არის ბანქო, კაზინო, ფსონი რბოლებზე, სპორტული ფსონი, ტოტალიზატორი, ბილიარდი და სხვა. ერთხელ მოგების შემდეგ ადამიანს ყოველთვის როდი შეუძლია, შეჩერდეს და სიტუაცია რეალისტურად შეაფასოს. იოლად ნაშოვნმა ფულმა შესაძლოა ისე დაახვიოს თავბრუ, რომ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდეს და უმალვე იწყებდეს მორიგ მოგებაზე ბოდვას, რომელიც შეიძლება არც კი შედგეს.
აზარტული თამაშების ფსიქოლოგია მოიცავს რამდენიმე წესს, რომლებიც უნდა გვახსოვდეს, როდესაც სარისკო ავანტიურაში ვერთვებით:
- აზარტულ თამაშში გამარჯვება არ უნდა ახდენდეს გავლენას მოთამაშის ფსიქიკასა და პიროვნებაზე; ის უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ფსონის გაზრდას.
- უიღბლობის დაძლევის აკვიატებულმა სურვილმა შესაძლოა ძლიერი ზიანი მიაყენოს ადამიანის ფსიქიკას და მის მატერიალურ მდგომარეობას.
- ჯერ ვერავინ მოახერხა მოგების საიდუმლოს ამოხსნა, იმიტომ რომ ასეთი რამ არ არსებობს.
ადიქციური ქცევის ზოგიერთ სახეობას ახასიათებს ერთგვარი მსგავსება აზარტულ თამაშებთან, მაგრამ თამაშზე დამოკიდებულებას აქვს თავისი განმასხვავებელი ნიშნებიც, რომელთა შესწავლასაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.
-
ოჯახისა და კარიერის ფსიქოლოგია
მამაკაცებს მოსწონთ ძლიერი, მიზანსწრაფული, პრინციპული, ნებისყოფიანი ქალები. ასეთი ქალების გვერდით ისინი თავს უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად გრძნობენ. მაგრამ ქალის მთავარი მოწოდება ოჯახურ კერაზე ზრუნვა და ბავშვების აღზრდაა, დღე-ღამეში კი მეტისმეტად ცოტა დროა საიმისოდ, რომ სამსახურში სიარულიც მოვასწროთ, სახლსაც მივაქციოთ ყურადღება და ბავშვებსაც შევუმოწმოთ საშინაო დავალება, თან ქმარსაც დავუთმოთ დრო, რათა თავი უსარგებლოდ არ იგრძნოს.
ამბობენ, რომ იდეალური ადამიანი ყველაფერში იდეალურია. მაგრამ ასეა თუ არა სინამდვილეში?
დაოჯახებულმა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის - ოჯახი თუ კარიერა, იმიტომ, რომ ერთის მეორესთან შეთავსება ზოგჯერ შეუძლებელია. ძნელი საპოვნელია ოქროს შუალედი, რათა დილაობით სიამოვნებით მიაბიჯებდე სამსახურში, ხოლო საღამოობით არანაკლები სიამოვნებით მორბოდე სახლში.
ცხოვრებაში ყველაფერი ასე არ არის: თუ სამუშაოზე მიგიხარია, ყოველთვის არ გაქვს შინ დაბრუნების სურვილი და პირიქით. ერთ-ერთი მეუღლის კარიერულმა წარმატებებმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს ოჯახურ ურთიერთობებზე. ამასთან, როდესაც საქმე მამაკაცს ეხება, კარიერული წინსვლისკენ სწრაფვა ბუნებრივად მიიჩნევა, ქალი კი საკმარისია სერიოზულად მოეკიდოს პროფესიულ ზრდას, რომ ოჯახი მაშინვე იწყებს რღვევას. მოუგვარებელი პირადი ურთიერთობები ზოგჯერ ადამიანს იძულებულს ხდის, თავით გადაეშვას სამუშაოში, მაგრამ კარიერულ ზრდასთან ერთად ურთიერთობის გაცივება და განშორებაც შესაძლოა გარდაუვალი გახდეს.
ზოგჯერ ოჯახის დაშლის მიზეზად ისიც ქცეულა, რომ მამაკაცს ცოლისთვის მკაცრად აუკრძალავს კარიერასა და პროფესიულ განვითარებაზე ფიქრი. ხშირად ამას საფუძვლად უდევს მამაკაცის ბანალური სურვილი, აკონტროლოს მეორე ნახევარი. ახალი არაფერია იმაში, რომ თუ ქალი დიდ ანაზღაურებას იღებს და უფრო მაღალი თანამდებობა უკავია, ქმარი თავს დაჩაგრულად გრძნობს. მაგრამ, მეორე მხრივ, ჭკვიანი მამაკაცი თავადაც განვითარდება და ცოლსაც მისცემს პროფესიული განვითარების საშუალებას. ნამდვილად ბედნიერი მხოლოდ ის ოჯახია, სადაც ერთმანეთის ესმით და მუდმივად არ იბრძვიან პირველობისთვის.