წარმოაჩინეთ საკუთარი თავი იმიჯის მთავარი ელემენტი
ოქროთი დაფერილი საათი ძალიან მდიდრულად გამოიყურება, მაგრამ დროთა განმავლობაში ნაწილობრივ უფერულდება. ეს დამოკიდებულია როგორც ოქროს ხარისხზე, ისე დაფარვის სისქეზე. უფრო მყარია ფოლადისფერი დაფარვა. მან შესაძლოა ათეული წელიც კი გაძლოს. არსებობს ასევე კერამიკული დაფარვა. ის, როგორც წესი, მუქია.
ყველაფერს სჯობს, შეიძინოთ საათი ყოველგვარი დაფერვის გარეშე - ფოლადისა, ტიტანისა ან კერამიკული. მექანიზმი საათის გულია. მექანიზმების უმეტესობას სამი მსოფლიო ლიდერი უშვებს: Miyota (koncerni Citizen), Seiko და Eta (კონცერნი SMH).
საათის მნიშვნელოვანი ნაწილია მინა. ის ოთხი ტიპისაა:
- Sapphire (საფირონი) - ყველაზე მაგარი და ძვირად ღირებული;
- Cristal (ბროლი) - ხარისხით ჩამოუვარდება პირველს, იყენებენ უმთავრესად საშუალო კლასის საათებისთვის;
- Mineral (მინერალური) სიმყარით რამდენადმე ჩამოუვარდება ზემოთ აღწერილ მასალებს;
- პლასტიკი.
არსებობს სხვა სახის მინებიც. მაგალითად, Seiko-ს ფირმის ზოგიერთ საათს შეიძლება ჰქონდეს ორფენიანი მინა sapphlex, რომლის ზედა ფენა საფირონისაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფაქტურა, რომლისგანაც საათია დამზადებული. უჟანგავი ფოლადი ერთ-ერთი საუკეთესო და ხელმისაწვდომი მასალაა, რომელიც გამოირჩევა სიმაგრითა და ქიმიური ინერტულობით.
ლატუნი საკმაოდ ხარისხიანი მასალაა საათისთვის. ის მხოლოდ სიმაგრით ჩამოუვარდება ფოლადს.
ალუმინის შენადნობისგან იაფფასიანი საათები მზადდება. ეს საათები მსუბუქია, მაგრამ რბილი.
პლასტმასის საათები ძვირად ღირებულიც შეიძლება იყოს (როგორიც არის, მაგალითად, g-shock casio, swotch) და იაფფასიანიც. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ტიტანი. ნამდვილ ტიტანის საათებს დიდი ხანია აღარ უშვებენ. ამჟამად მის ნაცვლად იყენებენ ტიტანიუმს - ტიტანის შენადნობს, რომელიც ტიტანზე რამდენადმე რბილია. ტიტანიუმის მთავარი ღირსება სიმსუბუქე და უვნებლობაა.
რა, სად, როდის
პირველი შთაბეჭდილება ბევრად არის დამოკიდებული ჩაცმულობაზე, ამიტომ ტანსაცმელი უნდა იყოს ხარისხიანი, სუფთა, დაუთოებული და იდეალურად მორგებული. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, როდის რა ჩავიცვათ. საღამოს მიღებაზე, რომელიც, წესისამებრ, 20 საათზე იწყება, მამაკაცს აუცილებლად შავი კოსტიუმი უნდა ეცვას. თუ მიღება 20 საათამდე იმართება, შეიძლება ნებისმიერი სხვა, არამკვეთრი ფერის კოსტიუმის ჩაცმაც.
ოფიციალურ შეხვედრებზე, დაუწერელი კანონით, პიჯაკი შეკრული უნდა იყოს. იგივე წესი მოქმედებს რესტორანში, კინოთეატრსა და თეატრში, თათბირსა და სხვა საქმიან შეხვედრებზე. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ პიჯაკის ქვედა ღილს არასოდეს იკრავენ! პიჯაკის ღილის გახსნა შეიძლება ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სადილზე, ვახშამზე ან უბრალოდ სავარძელში ჯდომისას.
ზოგჯერ მოსაწვევში მითითებულია, რომ სასურველია სმოკინგით მისვლა. სმოკინგთან იცვამენ მხოლოდ ლაქის ფეხსაცმელს. წინდები კოსტიუმზე ბევრად უფრო მუქი უნდა იყოს.
ახლა კი - რამდენიმე ზოგადი წესი:
- სადღესასწაულო და საქმიან კოსტიუმს წინდები იმავე ტონალობისა უნდა შევურჩიოთ (და არავითარ შემთხვევაში თეთრი).
- წინდები იმსიგრძე უნდა იყოს, რომ ჯდომისას შიშველი ფეხი არ მოჩანდეს.
- ჟილეტის სიგრძე ისეთი უნდა იყოს, რომ არც პერანგი ჩანდეს და არც ქამარი.
- შარვალი წინ ოდნავ უნდა ეშვებოდეს ფეხსაცმელზე, ხოლო უკან სწვდებოდეს ქუსლის დასაწყისს.
- პიჯაკის ქვეშ უნდა ჩაიცვათ მხოლოდ გრძელსახელოებიანი პერანგი.
- პერანგის საყელო სანტიმეტრით-სანტიმეტრნახევრით მაღლა უნდა იყოს ამოწეული პიჯაკის საყელოდან.
- პიჯაკის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ კლასიკურ სტილს. მასში გაცილებით ელეგანტური გამოჩნდებით.