დიდ კომპანიაში მუშაობის ხიბლი
საქმე ის არის, რომ დიდ კომპანიაში მუშაობას თავისი სპეციფიკა აქვს, თუმცა თავს იქ ყველა როდი იგრძნობს კომფორტულად... ყოველი შემთხვევისთვის, გაგაცნობთ დიდ კომპანიებში მუშაობის ძირითად თავისებურებებს.
დავიწყოთ პლიუსებით:
- სტაბილურობა. დიდი კომპანიები უფრო მყარად დგანან ფეხზე. ბაზარზე მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში მათ მდიდარი გამოცდილება და "ცხიმოვანი შრე" უგროვდებათ, რომელიც მშიერი პერიოდის შედარებით ადვილად გადატანის საშუალებას აძლევთ, ხოლო როდესაც ეკონომიკა აღმავლობას განიცდის, დიდი კორპორაციები უბრალოდ წარმატებისა და გაფურჩქვნის სიმბოლოებად იქცევა.
- კარიერული ზრდის შესანიშნავი შესაძლებლობა. დიდ კომპანიებში ძალიან ბევრია სხვადასხვა ტიპის მენეჯერული პოზიცია და პრაქტიკულად ყოველთვის არის რაიმე საინტერესო ვაკანსია. პერსპექტიული თანამშრომლები საფეხურებრივად მიიწევენ ზევით, რითაც ადგილს ათავისუფლებენ უფრო ახალგაზრდა კოლეგებისთვის. როგორც წესი, ასეთ კომპანიებში ახალგაზრდა სპეციალისტების აყვანის სპეციალური პროგრამებიც კი მოქმედებს.
- გამოცდილებისა და ცოდნის შეძენის შესაძლებლობა. დიდ კომპანიებს აქვთ აუცილებელი რესურსები პერსონალის სწავლებისთვის. კვალიფიკაციის ასამაღლებლად დასახულია სათანადო გეგმა და გრაფიკი. თუ შესაძლებლობა მოგეცემათ, მონაწილეობა მიიღოთ მასშტაბური (მეტადრე - საერთაშორისო) პროექტის რეალიზაციაში, თქვენ უნიკალურ გამოცდილებას შეიძენთ.
- ოფიციალური ხელფასი, სოციალური პაკეტები და გარანტიები. ხელფასი, ჩვეულებრივ, გაიცემა განსაზღვრულ დღეს; უფრო ადვილად მართავთ შემოსავალსა და გასავალს; უფრო ადვილია ბანკში კრედიტის მიღება; მკაცრად არის გაწერილი რეგლამენტი, მოვალეობები და ა. შ.
- პრესტიჟი. ცნობილ კომპანიაში მუშაობა ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი პლიუსიCV-ს წარდგენის დროს. პოტენციური დამქირავებელი გასაუბრებაზე არ გკითხავთ, რა საქმიანობას ეწევა ფირმა, სადაც აქამდე მუშაობდით. ცნობილ კომპანიაში მუშაობა სიამაყით გავსებთ, საკუთარი თავის რწმენას გმატებთ, კლიენტები და პარტნიორები პატივისცემით გეპყრობიან.
- შრომის კომფორტული პირობები: სრულყოფილად აღჭურვილი სამუშაო ადგილი თანამედროვე ბიზნესცენტრში.
- სასიამოვნო მომენტია კორპორატიული ღონისძიებებიც.
მაგრამ ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა - დიდ კორპორაციაში მუშაობას თავისი მინუსებიც აქვს.
დავიწყოთ იმით, რომ თავად სამუშაო შეიძლება აღმოჩნდეს სტრესული. სტაბილურობაც ფარდობითი ცნებაა - უკანასკნელმა კრიზისმა აჩვენა, რომ ძალიან დიდი კომპანიაც კი შეიძლება აღმოჩნდეს გაკოტრების პირას. თუ კარიერულ ზრდაზე ვისაუბრებთ, შესაძლებლობა მართლაც უამრავია, განსაკუთრებით - თუ კომპანია მზარდია, მაგრამ უმაღლეს ხელმძღვანელობაში მოხვედრა მცირე კომპანიებში უფრო იოლია. ახლა დიდ კომპანიებში მუშაობასთან დაკავშირებული მინუსები ჩამოვთვალოთ:
- ბიუროკრატია. თითოეულმა დოკუმენტმა შესათანხმებლად უამრავი ადამიანის ხელში უნდა გაიაროს. გადაწყვეტილების მიღებას ხშირად საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება. საკანცელარიო სამუშაოზე, ანგარიშებზე, გეგმებსა და ასეთ წვრილმანებსა თუ მსხვილმანებზე უამრავი დრო იკარგება.
- მკაცრი კორპორატიული წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ - დრესკოდი, საკუთარი სამუშაო დღის პირადი შეხედულებისამებრ დაგეგმვის შეუძლებლობა (განსაკუთრებით ძნელია სამსახურიდან ამა თუ იმ ობიექტური მიზეზით გამოსვლა) და სხვა. ბევრ მცირე კომპანიაში გაცილებით მეტი თავისუფლება, ინიციატივის გამოჩენისა და გადაწყვეტილების მიღების მეტი შესაძლებლობა გექნებათ, რადგან კონტროლი შედარებით ნაკლებია.
- თანამშრომლებთან ურთიერთობაში გაცილებით ნაკლებია ინდივიდუალიზმი.
- ხელმძღვანელთა სიმრავლე. იმის გათვალისწინებით, რომ უფროსები მაინცდამაინც არ უყვართ, ამ საკითხზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.
- კომპანიის შიგნით ურთიერთობათა შეზღუდვა. ვინაიდან დიდ კომპანიებში ბევრი ხალხი მუშაობს, ურთიერთობა ძირითადად განყოფილებით ან სართულით შემოიფარგლება, ხასიათიც უფრო ფორმალური აქვს, ვიდრე მცირე ფირმებში.
- ინტრიგები. როგორც ცნობილია, პერსონალის საკმაოდ დიდ ნაწილს კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სარგებლობა არ მოაქვს (თუნდაც იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა იმდენად პერსონიფიცირებული არ არის, როგორც პატარა კომპანიებში). რეალური მუშაობის ნაცვლად ეს თანამშრომლები ქმნიან მუშაობის იმიტაციას, სინამდვილეში კი დაკავებულნი არიან ჭორებით, ინტრიგებით და ა.შ.
- მასობრივი დათხოვნის შესაძლებლობა. როდესაც კომპანიაში პრობლემები იჩენს თავს, შესაძლოა, შტატების შემცირებას ბევრი თანამშრომელი შეეწიროს. ზემოდან მოდის მითითება: "დაითხოვეთ თანამშრომელთა ამდენი და ამდენი პროცენტი", - და ყველაზე მზრუნველი ხელმძღვანელიც კი იძულებული ხდება, წარადგინოს შესამცირებელთა სია.
- ტვინების გამორეცხვა. ზოგჯერ ცნობილი საერთაშორისო კომპანიების თანამშრომლები ისე უაზროდ იქცევიან, რომ შორიდან სასაცილოები ჩანან. სინამდვილეში ეს მხოლოდ დაქირავებული პერსონალია, რომელსაც აიძულებენ დაივიწყოს, რომ ბრენდი (თუნდაც ყველაზე ცნობილი) კერპთაყვანისმცემლობის საგანი ვერ იქნნება.
ამ მინუსების გათვალისწინებით, ნათელია, რომ დიდ კომპანიებში მუშაობა ყველასთვის შესაძლოა არ იყოს მისაღები. დაფიქრდით, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, სად უკეთ იმუშავებთ, და არჩევანი ამის გათვალისწინებით გააკეთეთ. თუ საშუალება გექნებათ, ჯობს, დიდ კომპანიებშიც იმუშაოთ და მცირეშიც - ამგვარად უფრო მდიდარ და მრავალმხრივ გამოცდილებას შეიძენთ.