სიმსუქნე სახიფათოა
რა საფრთხე მემუქრება?
დღეს ზედმეტი წონა აქტუალურ პრობლემად იქცა. ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ სიმსუქნის ტენდენცია ბავშვობიდანვე შეიმჩნევა. სიმსუქნე საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. დადგენილია, რომ სიმსუქნესა და სიკვდილიანობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. მაგალითად, 55 წლის მამაკაცებში, რომელთა წონაც ნორმას 20%-ით აჭარბებს, სიკვდილიანობაც საშუალოზე 20%-ით მეტია. ხოლო როცა წონა 35%-ით მეტია, სიკვდილიანობის პროცენტი 40%-ით იზრდება.
ქალები სიმსუქნეს მონდომებით ებრძვიან დიეტითა თუ სპეციალური ვარჯიშებით. რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი ამ საკითხს უმეტესად გულგრილად და ზერელედ ეკიდებიან. მათი დიდი უმრავლესობა ხშირად მთელი დღის განმავლობაში სამსახურშია და მხოლოდ საღამოს მიირთმევს მთელი დღის ულუფას. როცა ეს სისტემატურად ხდება, ზედმეტი წონის დაგროვებაც არ დააყოვნებს.
გარდა ამისა, საქმიან მამაკაცებს ხშირად უხდებათ საქმიან სადილებსა და ვახშმებზე სიარული. ამას ემატება ბანკეტები, ახლობელთა დაბადების დღეები, ქეიფი და დროსტარება მეგობრებთან, სადღესასწაულო სუფრები. ქართველ მამაკაცებს კი ზომიერების გრძნობა აკლიათ. ყველაფერი ეს დიდ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.
ზედმეტი წონა დამღუპველად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, მუცლის ღრუში გროვდება ზედმეტი ქონი, რომელიც დიაფრაგმას აწვება. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უშლის სუნთქვას. გული ქონის ბადეში ეხვევა და შეკუმშვა უძნელდება. მსუქან ადამიანებს სუნთქვა უჭირთ, რადგან ქონში ჩაფლული გული ვერ უმკლავდება დატვირთვას.
სიმსუქნე ხელს უწყობს ათეროსკლეროზის, ჰიპრეტონიის, დიაბეტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებათა განვითარებას, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკულ დაავადებებს.
დღეს წონის რეგულირებისთვის უამრავი საშუალება არსებობს: სამეცნიერო კვლევის საფუძველზე შემუშავებული დიეტები, სავარჯიშო პროგრამები; ამაზე წარმატებით მუშაობს მრავალი დიეტოლოგი. თანამედროვე მედიცინა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნორმირებულ შიმშილს.
უცხოელმა დიეტოლოგებმა შეიმუშავეს სპეციალური დიეტა, რომლითაც საკვების რაოდენობა არ იზღუდება. ადამიანს შეუძლია მიიღოს იმდენი ხილი და ბოსტნეული, რამდენსაც მოისურვებს. დიეტაში შედის ჩაი, მოხარშული კვერცხი, უცხიმო შაშხი;
რაციონიდან ამოღებულია პური, საკონდიტრო ნაწარმი, კარტოფილი, რძე, ცხოველური ცხიმი, თევზი, ალკოჰოლი და ყავა.
დიეტის ავტორთა აზრით, ასეთი დიეტის დაცვის შემთხვევაში მესამე დღეს წონა 1,8 კილოგრამით მცირდება, ერთი კვირის შემდეგ - 2,4 კილოგრამით, მეორე კვირის დასასრულს - 3,2 კილოგრამით, ერთი თვის შემდეგ - 5 კილოგრამით.
სამკურნალო შიმშილს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. ასეთი დიეტის დროს უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, მინრალური წყალი. ნაწლავები უნდა გაიწმინდოს ოყნით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოწევა და წამლების მიღება. აუცილებელია სუფთა ჰაერზე ყოფნა და მსუბუქი ფიზიკური ვარჯიში.
შიმშილის უცბად დაწყებაც არ შეიძლება. ამისთვის თანდათანობით უნდა მოემზადოთ. ასევე თანდათანობით უნდა შემცირდეს საკვების ულუფა. სრულ შიმშილობაზე გადასვლის წინა დღეს კი უნდა მიიღოთ მხოლოდ რამდენიმე ჭიქა წყალი, მინერალური წყალი ან ხილის წვენი.
შიმშილობის დამთავრებისას ჭამა უცბად არ უნდა დაიწყოთ - შესაძლოა გაუვალობა დაგემართოთ. პირველ ორ დღეს უნდა მიიღოთ რამდენიმე ჭიქა წყლით გაზავებული წვენი. მომდევნო დღეებში რაციონი ნელ-ნელა გაზარდეთ.
მუცელზე ზედმეტი ცხიმის წარმოქმნას თავიდან აიცილებთ, თუ დღის განმავლობაში ყოველ ორ საათში ერთხელ მუცელს 8-10-ჯერ გამობერავთ და შეკუმშავთ.
40 წლიდან ჭარბ კვებას განსაკუთრებით უნდა ერიდოთ. სადილის შემდეგ ნუ დაწვებით, მით უმეტეს - ზურგზე, რადგან ამ დროს თორმეტგოჯა ნაწლავი იკუმშება, ზედმეტად იტვირთება და ხელს უწყობს ნაღვლის უკუგადაქცევას, ამას მოჰყვება საყლაპავი მილის ანთება.
მამაკაცებს უნდა ახსოვდეთ, რომ ღვინის მადლსაც მხოლოდ მისი ზომიერი მიღების შემთხვევაში აქვს ძალა, ხოლო ზედმეტი დოზის მიღება ისევე მომწამვლელია, როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება. დღესასწაულებზე მამაკაცებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ ღვინის ჭარბი სმა შლის უჯრედებს, ასუსტებს კუნთებს და იწვევს წონის მომატებას. ღვინის ხშირი მოხმარების გამო ორგანიზმში გროვდება ცხიმები, ქოლესტერინი და ცხიმოვანი მჟავები. ერიდეთ ზედმეტი სასმელისა და ცხიმიანი საკვების მიღებას.
სწორი კვება და სწორად შერჩეული რაციონი ჭარბი წონის მოცილებაში დაგეხმარებათ, ეს კი თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია.