ანურია სიცოცხლისთვის მეტად საშიში სიმპტომია. ამ დროს შარდის ბუშტში შარდი აღარ გროვდება (აღარ ჩადის). ანურიის დროს შარდის პროდუქცია საგრძნობლად იკლებს (100 მლ-ზე ნაკლები დღე-ღამეში, ანუ 5 მლ-ზე ნაკლები საათში).
კლასიფიკაცია
გამოყოფენ ანურიის სეკრეტორულ და ექსკრეტორულ ფორმებს. სეკრეტორული ანურიის დროს დარღვეულია შარდის წარმოქმნა. ეს ტიპი, თავის მხრივ, მოიცავს არენულ, პრერენულ და რენულ ფორმებს. ექსკრეტორული ანუ პოსტრენული ანურიის დროს შეფერხებულია თირკმლიდან შარდის ბუშტში შარდის პასაჟი - გადასვლა.
- არენული ანურია ვლინდება ორივე თირკმლის თანდაყოლილი აპლაზიის (განუვითარებლობის), ორივე ან ერთადერთი მოფუნქციე თირკმლის ამოკვეთის დროს.
- პრერენულ ანურიას ჰემოდინამიკურ ანურიასაც უწოდებენ. ის თირკმელთან სისხლის მიწოდების შეფერხების ან სრული შეწყვეტის შემთხვევაში ვითარდება.
- რენული ანუ პარენქიმული ანურია გამოწვეულია თირკმლის პარენქიმის დაზიანებით.
- პოსტრენული ანურია ობსტრუქციული ანურიის სახელწოდებითაც არის ცნობილი. ის შარდის გადაადგილების მწვავე დარღვევის შედეგია.
მიზეზები და პათოგენეზი
პრერენული ანურია განპირობებულია ჰიპოვოლემიით (სისხლის საერთო მოცულობის შემცირებით) ან არტერიული ჰიპოტენზიით (წნევის დაქვეითებით). ზოგადი ჰემოდინამიკის დარღვევა თირკმლის სისხლმომარაგების მკვეთრი გაღარიბებით იწვევს თირკმლის იშემიას. ამ უკანასკნელის გაღრმავებისას ვითარდება თირკმლის მილაკოვანი სისტემის ეპითელიუმის ნეკროზი (კვდომა), ამიტომ პრერენული ანურია შესაძლოა რენულში გადაიზარდოს. პრერენულ ანურიას იწვევს:
- გულის მიერ გადასროლილი სისხლის მოცულობის დაქვეითება (კარდიოგენული შოკი, გულის ტამპონადა, არითმია, გულის უკმარისობა, სისხლდენა);
- სისტემური ვაზოდილატაცია ანუ სისხლძარღვთა გაფართოება (ენდოტოქსიკური შოკი სეფსისის დროს, ვაზოდილატაციური საშუალებების გამოყენება);
- ქსოვილებში სითხის სეკვესტრაცია (პანკრეატიტი, პერიტონიტი, ღვიძლის ციროზი, ნეფროზული სინდრომი);
- ორგანიზმის გაუწყლოება ღებინების, ფაღარათის (დიარეის), შარდმდენი (დიურეზული) და საფაღარათო საშუალებების გამოყენებისა და დამწვრობის დროს.
რენული ანურიის მიზეზებია:
- პრერენული ანურიის შედეგები;
- მილაკშიდა ბლოკადა პიგმენტებით (მიოგლობინით - ხანგრძლივად მიჭყლეტის სინდრომის დროს, ხანგრძლივი ასთმური სტატუსის, კომისა და სხვა შემთხვევების დროს; ჰემოგლობინით - ერითროციტების ჰემოლიზის (დაშლის) დროს), ცილოვანი ცილინდრებით (მიელომური ნეფროპათია, პარაპროტეინემია), შარდის მჟავას კრისტალებით, ოქსალატებით;
- თირკმლის ანთებითი და ნივთიერებათა ცვლის მოშლით მიმდინარე დაავადებები (გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი, ამილოიდოზი, ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით, მწვავე ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტი);
- თირკმლის სისხლძარღვთა დაზიანება (სისტემური სკლეროდერმია, სისტემური ვასკულიტები, ავთვისებიანი არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის არტერიებისა და ვენების თრომბოზი და სხვა).
პოსტრენული ანურია თირკმლიდან შარდის ბუშტში შარდის გადასვლის მწვავე დარღვევაა. ის შარდის გამომტანი გზების ზედა ნაწილის ოკლუზიის (დახშობის) შედეგია. პოსტრენული ანურიის განვითარებისთვის ხშირად საკმარისია ცალმხრივი ობსტრუქცია. მეორე თირკმელში ამ დროს რეფლექსურად აღმოცენდება აფერენტული ვაზოკონსტრიქცია (სისხლძარღვთა შევიწროება) და ვითარდება ანურია. პოსტრენული ანურიის მიზეზებია:
- შარდკენჭოვანი დაავადება, უპირატესად - შარდსაწვეთში კენჭების არსებობით;
- საშარდე გზებზე გარეგანი ზეწოლა რეტროპერიტონეალური ფიბროზის დროს;
- საშვილოსნოსა და საკვერცხეების სიმსივნე.
კლინიკური სურათი
ანურიის დროს ადამიანს შარდის გამოყოფის მოთხოვნილება უქრება. ანურიის ადრეული სიმპტომები ყოველთვის გამომწვევ მიზეზებთან არის დაკავშირებული (კერძოდ, შარდსაწვეთის ობსტრუქციის დროს შესაძლოა გამოვლინდეს თირკმლის ჭვალი (კოლიკა)). ანურიის დროს აღინიშნება:
- წყალმარილოვანი ცვლის დარღვევა, ჰიპერკალიემია;
- მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევა;
- მზარდი აზოტემია;
- ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება (ურემიული ინტოქსიკაცია), კუსმაულის სუნთქვა;
- ფილტვების ურემიული შეშუპება;
- ორგანოთა მწვავე ბაქტერიული ან არაბაქტერიული ანთება.