როგორ შევარჩიოთ ტონალური კრემი
სქელი კრემი (ტონალური ფუძე) ხშირად გამოიყენება საღამოს მაკიაჟისთვის, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია სახის კანის საფუძვლიანი ტონირება. ეს კრემი სახეს ლამაზსა და მიმზიდველს აჩენს ხელოვნურ შუქზე.
მეორე სახეობაა თხევადი ტონალური კრემი. სამწუხაროდ, მისი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ იმ ქალებს, რომლებსაც კარგი სახის კანი აქვთ. მისი საიდუმლო ის არის, რომ შესანიშნავად ათანაბრებს სახის ფერს, თუმცა კანის დეფექტებს ვერ ფარავს.
კიდევ ერთი სახეობაა ტონალური კრემ-პუდრა. ის შესანიშნავად აქრობს ცხიმოვან ბზინვარებას, ამიტომ ცხიმიან კანს შეეფერება.
კლასიკურ ტონალურ კრემს კი ყველაზე ხშირად დღის მაკიაჟისთვის იყენებენ. ის განკუთვნილია მშრალი და ნორმალური კანისთვის.
ცალკე უნდა განვიხილოთ კრემ-სპრეი, რომელსაც მსუბუქი ტექსტურა აქვს. მისი მეშვეობით შესაძლებელია სახის კანის მცირე დეფექტების კორექტირება და თვალების ირგვლივ არსებული მუქი რგოლების შენიღბვა. არჩევანი, უპირველესად, კანის ტიპზეა დამოკიდებული. რაც უფრო კარგი კანი გაქვთ, მით უფრო მსუბუქი ტექსტურის კრემი უნდა გამოიყენოთ და პირიქით. სწორად შერჩეული ტონალური საშუალება შეუმჩნეველი უნდა დარჩეს. ტონალური კრემის ელფერის განსაზღვრისთვის სტილისტთან გაიარეთ კონსულტაცია.
მაღაზიებში მყიდველებს უყვართ ტონალური კრემის სასინჯი ნიმუშების ხელზე წასმა, რაც არასწორია. უმჯობესია, ყელზე წაისვათ. თუ საჭირო ტონალობის კრემს ვერ მიაგენით, შეიძინეთ ორი ნიმუში. ერთი - თქვენს ბუნებრივ ფერზე ბაცი, ხოლო მეორე - მუქი. მათი შერევისას საჭირო ტონალობას მიიღებთ.