პროფესიონალური მანიკიური სახლის პირობებში
ოქროს ფირფიტებისგან დამზადებული მანიკიურის უძველესი ნაკრები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3200 წლით თარიღდება და ბაბილონის ნანგრევებშია ნაპოვნი. ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა თავის გრძელ ფრჩხილებს ინით იღებავდა. ძველად, როდესაც სამყაროს ერთპიროვნულად მართავდნენ მამაკაცები, მანიკიურმა სქესი არ იცოდა. ფერადი ფრჩხილები რომაელი და ასირიელი მეომრების ერთგვარი უნიფორმაც კი იყო - ისინი ფრჩხილებს იღებავდნენ საპასუხისმგებლო ბრძოლის წინ. ძვ. წ. I საუკუნეში ეგვიპტეში იყენებდნენ ფრჩხილის საღებავების მთელ გამას, როგორც საგვარეულო კოდს. მკვეთრი ფერით შეღებილი გრძელი ფრჩხილები სამეფო წარმომავლობაზე მიუთითებდა. უბრალო ხალხსა და მონებს მოკლე, ბაცი, პასტელური ტონით შეღებილი ფრჩხილები ჰქონდათ. მე-17 საუკუნეში აღმოსავლეთის ქალები ფრჩხილებს სპეციალური მცენარეული საღებავებით იღებავდნენ. ძველ ჩინეთში ფრჩხილების ლაქს ცვილის, კვერცხისა და ჟელატინისგან ამზადებდნენ. 600 წლის წინათ ჩინელები უპირატესობას ანიჭებდნენ ოქროსფერ და ვერცხლისფერ ფრჩხილებს, ხოლო მინის დინასტიის დროს ფრჩხილებს შავად და წითლად იღებავდნენ. თანამედროვე სახით მანიკიური საფრანგეთში აღმოცენდა 1830 წელს. მე-20 საუკუნის დასაწყისში ხელებისა და ფრჩხილების მოვლა მძლავრ კომერციულ ინდუსტრიად იქცა, ხოლო “ფრჩხილების ნაკრები”, რომელშიც შედიოდა პუდრი, ნატის ქლიბი, ხელის კრემი და ფორთოხლის ჩხირი, ყველა უნივერსალურ მაღაზიაში იყიდებოდა. ამ ნაკრებით სარგებლობდნენ როგორც ქალები, ისე მამაკაცებიც. რაც უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდა ფრჩხილებს, მით მეტი ახალი ნივთიერება იქმნებოდა ლაქის სიმკვეთრის, ბრწყინვალებისა და ფერის გასაძლიერებლად. პირველ ლაქებს პასტისებრი კონსისტენცია ჰქონდა, მათ ფრჩხილზე იზელდნენ და შემდეგ ქლიბით იპრიალებდნენ. 1917 წელს აშშ-ში პირველად გამოჩნდა ფრჩხილის ვარდისფერი ლაქი, ხოლო 20-იან წლებში მსოფლიოს ყველა აფთიაქში გახდა შესაძლებელი სხვადასხვა ფერის ლაქის შეძენა, თუმცა ძირითად ფერად დიდხანს რჩებოდა წითელი. ახლა კი - იმის შესახებ, როგორ გავიკეთოთ სწორად და ხარისხიანად მანიკიური სახლის პირობებში. დაგვჭირდება:
- ფორთოხლის ხის ჩხირი ან სამანიკიურე ნიჩაბი;
- ფრჩხილების ორი ქლიბი (ერთ-ერთი - ნაკლებაბრაზიული, ხაოიანი ზედაპირით, მაგალითად, ქაღალდის საფუძველზე);
- მკვნეტარა ან კუტიკულების მოსაჭრელი მაკრატელი (მოხრილი მჭრელი ბოლოებით);
- კუტიკულების დასარბილებელი საშუალება;
- ზეთი კუტიკულებისთვის;
- კოსმეტიკური მარილი ან საპონი აბაზანისთვის;
- ლაქის ქვეშ წასასმელი ფუძე;
- თავად ლაქი;
- ხელის მკვებავი კრემი;
- ლაქის მოსაცილებელი სითხე (სასურველია, უაცეტონო - ასეთი უფრო დამზოგველია);
- ანტიბაქტერიული საშუალება.
ვიდრე პროცედურას დაიწყებდეთ, დეზინფექცია ჩაუტარეთ ხელებსა და ინსტრუმენტებს. მოიშორეთ ფრჩხილებიდან ლაქის ნარჩენები. ქლიბით მიეცით ფრჩხილებს სასურველი ფორმა. ფრჩხილის ფორმის განსაზღვრა მიღებულია კუტიკულის ზრდის მიხედვით, რომელიც სარკისებურად ასახავს ფრჩხილის კიდეს. მაღალი აბრაზიულობის ოთხმხრივი ქლიბით გაიქლიბეთ ფრჩხილის ზედაპირი, ისე, რომ მოაშოროთ ირგვლივ კანის გარქოვანებული შრე. შემდეგ სამანიკიურე ნიჩბით, უმჯობესია, ფორთოხლის ხის ჩხირით (ხის ჩხირი ძალიან რბილია, შეიცავს ეთერზეთებს, რომლებსაც ანტისეპტიკური მოქმედებაც აქვს) გადასწიეთ კუტიკულა და წაისვით მასზე დამარბილებელი საშუალება. ამის შემდეგ ხელები რამდენიმე წუთით ჩაყავით კოსმეტიკური მარილით შეზავებულ ან უბრალოდ საპნიან თბილ წყალში - კუტიკულა უფრო მეტად დარბილდება, ხოლო ხელები დაისვენებს. წყლის აბაზანის შემდეგ დაიზილეთ თითები, მტევანი, შეიზილეთ კრემი. მკვნეტარათი ან მაკრატლით ფრთხილად მოიჭერით კუტიკულა, რათა კანი არ დაგიზიანდეთ. თუ მაინც გაიჭერით, დაიმუშავეთ ანტისეპტიკური საშუალებით. დამუშავებულ ზონაზე წაისვით ზეთი, რომელიც კუტიკულას გაუხეშების საშუალებას არ მისცემს. ბოლოს მოიშორეთ ცხიმის ნარჩენები ლაქის მოსაშორებელი სითხით, რათა მანიკიური თანაბარი და ლამაზი გამოვიდეს. ფრჩხილებზე წაისვით ლაქის ქვეშ წასასმელი ფუძე. ის სიგლუვეს მატებს ფრჩხილის ფირფიტას, იცავს გაყვითლებისგან, კვებავს და ამაგრებს. ფუძის წასმის შემდეგ მაშინვე გადაისვით ფერადი ლაქი. ფრჩხილების შეღებვა დაიწყეთ კუტიკულიდან თავისუფალი კიდისკენ. ნაჯერი და ლამაზი ტონის მისაღებად ლაქი წაისვით ორ ფენად. თუ ლაქი კანზე მოხვდა, მოიშორეთ მაკორექტირებელი ფანქრით, რომელიც აცეტონის შემცველი სითხითაა შევსებული. ბოლოს გადაისვით გამამაგრებელი საშუალება, რომ ლაქმა იბზინოს და უფრო მეტხანს გაძლოს. ჰიგიენური მანიკიური უნდა გაკეთდეს ორ კვირაში ერთხელ. წითელი ლაქი სხვებზე მეტხანს შრება - ფერის შერჩევისას ეს დეტალიც გაითვალისწინეთ. წასმის წინ ლაქს ნუ შეანჯღრევთ - უფრო სწრაფად შესქელდება. ფლაკონი ხელისგულებს შორის მოიქციეთ და ამოძრავეთ.