ფრჩხილები და მათი მოვლა
სხეული ფრჩხილის ხილული ნაწილია, აქვს ვარდისფერი შეფერილობა სისხლძარღვების გამო. გვერდებიდან და ბოლოში შემოფარგლულია ფრჩხილის მორგვებით. ფრჩხილს ძირზე აქვს თეთრი შეფერილობა, რასაც ფრჩხილის ნუნა ეწოდება, რადგან აქ სისხლძარღვები არ ჩანს. ფირფიტის თავისუფალი ბოლო იზრდება. ყველაზე უკანა ნაწილი არის ფრჩხილის ძირი, რომელიც ფრჩხილის მორგვში ღრმად შედის. ფრჩხილის პროქსიმული ნაწილის ეპიდერმულ უჯრედებს, რომლებიც განლაგებულია ფრჩხილის ძირის ქვეშ, ეწოდება ფრჩხილის მატრიცა, მის ხარჯზე იზრდება ფრჩხილი. ფრჩხილი შედგება მკვრივი რქოვანი მასისაგან, რომლის 89% კერატინია, 10% წყალი და 1% ცხიმი. ზედაპირი პრიალაა, შიდა ნაწილი მჭიდროდ ეკვრის ფრჩხილის საწოლს. ფრჩხილის ზრდის ტემპი შეადგენს 0,5-1მმ-ს კვირაში. მისი მთლიანი ცვლა ხდება 170-230 დღეში, ხელებზე უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ტერფებზე.
ფრჩხილები რომ ჯანმრთელი იყოს, მათ კარგი მოვლა სჭირდება, რაც გულისხმობს როგორც ჰიგიენის დაცვას, ისე ესტეთიკურ მხარეზე ზრუნვას.
ამ საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ მანიკიურისა და პედიკიურის გამოცდილ სპეციალისტს, შაგანე ჩამანიანს.
– როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს?
– სანამ ფრჩხილების მოვლაზე დავიწყებთ საუბარს, უნდა აღინიშნოს, რომ მოვლილი ფრჩხილი მხოლოდ ლამაზად წასმულ ლაქს არ ნიშნავს (გახსოვდეთ, რომ ლაქი უბრალოდ დროებით ფარავს დეფექტს). ხშირად, ფრჩხილების სტრუქტურის დარღვევას ორგანიზმში კოლაგენისა და ელასტინის დეფიციტი განაპირობებს. როგორც კანს და თმას, ფრჩხილებსაც სჭირდება კვება. ეს კი სწორი კვებითა და ნუტრიკოსმეტიკით არის შესაძლებელი.
– როგორ გავიქლიბოთ ფრჩხილები სწორად?
– ფრჩხილის გაქლიბვის დროს მოძრაობა ყოველთვის მხოლოდ ერთი მიმართულებით უნდა შეასრულოთ. წინ და უკან გაქლიბვა იწვევს ფრჩხილების დაყოფას.
– რა შეიძლება იყოს დაზიანებული (სუსტი) ფრჩხილის აქერცვლის მიზეზი?
– ვიტამინების ნაკლებობამ, მაგალითად, B ჯგუფის ვიტამინების, როგორებიცაა ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12, არასაკმარისმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სუსტი, დაზოლილი და მტვრევისკენ მიდრეკილი ფრჩხილები. ფოლიუმის მჟავას მიღების საუკეთესო გზა ვიტამინებით მდიდარი საკვებია: ლობიო, მარცვლეული და ა.შ.
– რომელი ნივთიერება უნდა გამოვიყენოთ ფრჩხილების გასამაგრებლად?
– ფრჩხილის გასამკვრივებელი საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ნეილონს (და/ან სულფჰყდრყლ ცილას), გამოიყენება ფრჩხილის ზედაპირზე წასმით, რომ გააუმჯობესოს ფრჩხილის სტრუქტურა. ის საშუალებები, რომლებიც შეიცავს კალციუმს ან ფორმალდეჰიდს, ძლიერ ამაგრებს ფრჩხილებს, რის გამოც ფრჩხილი შეიძლება გადატყდეს.
– ფრჩხილის ლოსიონმა შესაძლოა დაასუსტოს/გაათხელოს ფრჩხილები?
– ფრჩხილის ლოსიონები (ეგრეთ წოდებული „ფრჩხილის გასამაგრებელი“ კრემები) ატენიანებს ფრჩხილებს, საშუალებას აძლევს ფრჩხილს მოიღუნოს და არ გადატყდეს. ისეთი ძლიერი დამატენიანებლები, როგორიცაა: მინერალური ზეთები და/ან გლიცერინი, ვაზელინი და ფუტკრის ცვილი, უნდა გამოიყენოთ ზომიერად, რომ შეინარჩუნოთ ეფექტი.
– რამდენად სწორია, რომ ფრჩხილები ერთ ხელზე უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მეორეზე?
– უცნაურია, მაგრამ სიმართლეა, რომ ფრჩხილები იმ ხელზე უფრო სწრაფად იზრდება, რომელსაც უფრო ხშირად იყენებთ.
ეს არაა ყველაფერი: აღსანიშნავია, რომ პედიკიური უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე მანიკიური, რადგანაც ფრჩხილები ხელის თითებზე უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ფეხისაზე.
– რამდენად საშიშია ნუნების საჭრელი მაკრატლის გამოყენება?
– ყველაზე სუფთა და მოწესრიგებულ სალონშიც შესაძლოა მოხდეს დაინფიცირება აღნიშნული პროცედურის შედეგად. როგორც ექსპერტები გვაუწყებენ, უსაფრთხო გზაა არა ნუნის მაკრატლით მოჭრა, არამედ მისი ჩაწევა.
– ნუნის გაჭრის შემთხვევაში რა უნდა ვიღონოთ?
– სახლში მისვლისთანავე გამოიყენეთ ნუნის კრემი. დაზიანებულ ნუნას აქვს უსწორმასწორო კიდეები, რომლებიც გამოყოფილია ფრჩხილის ზედაპირიდან, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ნუნის სწრაფ გამოშრობას. ფრჩხილის ზეთი ან კრემი ნუნას სწრაფად აღადგენს. მსგავსი საშუალებები უნდა გამოიყენოთ დღეში რამდენჯერმე, რომ აირიდოთ ნუნის გამოშრობა/გარქოვანება.
– რითი გავიმაგროთ ფრჩხილები?
– ბიოტინი – B7 ვიტამინ გამოიყენება სუსტი და მტვრევადი ფრჩხილებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ ის ფრჩხილის სისქეს 25%-მდე ზრდის.
– მოქმედებს თუ არა საკვები ფრჩხილის ფორმაზე?
– არასაკმარისი რკინისა და პროტეინების მიღებით შესაძლოა განვითარდეს რბილი, კოვზის ფორმის ფრჩხილები.
– ფრჩხილს რა ფერის ლაქი აძლევს მოყვითალო ელფერს?
– ფრჩხილის ლაქი ხელს უშლის ფრჩხილში ჰაერის შეღწევას, ამიტომაც ნებისმიერი ფერის ლაქი ყვითელ შეფერილობას აძლევს ფრჩხილს. რაც უფრო მეტი პიგმენტია ლაქში, როგორიცაა: წითელი, მეწამული, შავი ან ლურჯი, მით მეტად ყვითელია ფრჩხილი.
ფრჩხილის ნაზი გაპრიალებით მას მოვაშორებთ იმ ყვითელ ელფერს, რომელსაც ტოვებს ლაქი. ეს საშუალებას მისცემს ჰაერს შეაღწიოს ფრჩხილის ფირფიტაში, რაც ფრჩხილს უფრო ვარდისფერს და ჯანსაღ შესახედაობას აძლევს, თუმცა, ასეთი ფრჩხილები მალე ტყდება და კარგავს ბუნებრივ ბზინვარებას. ფრჩხილის ფირფიტის გასაპრიალებლად არასდროს გამოიყენოთ ქლიბი. ის ზედმეტად უხეშია და შეიძლება აიღოს ზედმეტი შრეები. ფრჩხილი ლაქისგან უნდა დაასვენოთ რამდენიმე კვირაში ერთხელ.
– აქერცლილი ნუნები მყისიერად უნდა დავიჭრათ?
– აქერცლილი ნუნები არის მკვდარი, მშრალი ან ჯანსაღი ნაწილი თქვენი ნუნებისა. მათი მოშორებით შესაძლებელია დაზიანდეს ჯანსაღი ქსოვილი, რასაც მოჰყვება სისხლდენა, ტკივილი, შეშუპება და ზოგჯერ ინფექცია. გამოიყენეთ სუფთა, ბასრი მაკრატელი, რომლითაც მოიცილებთ მხოლოდ მკვდარ, უხეშ კანს.
– როგორ გავიკეთოთ პედიკიური და როგორ დავიჭრათ ფეხის ფრჩხილები, მრგვლად თუ თითის ფორმას მივყვეთ?
– ფეხის ფრჩხილები დაიჭერით სწორად, რათა თავიდან აირიდოთ ფრჩხილების ჩაბრუნება, რასაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მჭიდრო ფეხსაცმლის ტარება.
– რატომ არის შილაკი საშიში?
– გავრცელებული მოსაზრებით, შილაკი ფრჩხილისთვის საშიში პროცედურაა, რადგანაც აგრესიულად მოქმედებს ფრჩხილის ფირფიტაზე. ამას გარდა, მოხვეწისა და გაპრიალების პროცესმაც შეიძლება ფრჩხილის ტრავმირება გამოიწვიოს, ამ მანიპულაციებმა კი – ფრჩხილის განლევა. თუმცა, მხოლოდ ის ნაწილი შეიძლება დაზარალდეს, რომლისკენაცაა პროცედურა მიმართული. ფრჩხილის სტრუქტურის სრულად და მუდმივად შეცვლა მას არ შეუძლია. შილაკისგან ორთვიანი შესვენების შემდეგ ფრჩხილი პირვანდელ სახეს იბრუნებს.
მეორე საკამათო საკითხი შილაკის შრობის პროცესია, რომელიც სპეციალური ნათურით ხდება. ზოგიერთი მეცნიერი იხრება იმ აზრისკენ, რომ შილაკის თითოეული ფენის გასაშრობად გამოყენებული ულტრაიისფერი ნათურა შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კანის კიბოს პრობლემებზე მომუშავე ამერიკული ორგანიზაციის სპეციალისტები. დაავადების რისკი ძალიან მცირეა, თუმცა, სრულად მისი გამორიცხვა არ შეიძლება.
– დაცვის რა მექანიზმი გამოვიყენოთ?
– პირველი და ძირითადი რჩევაა ის, რომ ფრჩხილებს დასვენების საშუალება მივცეთ. თუ რეგულარულად იკეთებთ შილაკს, საუკეთესო იქნება, ორ თვეში ერთხელ, ერთი-ორი კვირით, დაასვენოთ ფრჩხილები და გადახვიდეთ ჩვეულებრივ ან სამკურნალო საფარზე. მით უმეტეს, რომ თხელ და მტვრევად ფრჩხილზე შილაკი უფრო ცუდად კეთდება, ვიდრე ჯანმრთელზე.
ნათურის მავნე ზემოქმედებისგან მაქსიმალურად დასაცავად ექიმები პროცედურის წინ არანაკლებ 15 SPF-ით მზისგან დამცავი ხელის კრემის გამოყენებას გვირჩევენ. მეორე ვარიანტია ისეთ სალონში მისვლა, სადაც საფარს არა ულტრაიისფერი, არამედ LED ნათურით ამაგრებენ, რაც გაცილებით უსაფრთხოა.
– როგორ დავიცვათ სისუფთავე?
– ჭუჭყი და ლაქის ნარჩენები უნდა მოიშოროთ სითხით, რომელიც არ შეიცავს აცეტონს (წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრჩხილი გამოშრება). თუ სისტემატურად ვერ მიდიხართ მანიკიურის სპეციალისტთან და თვითონვე გიხდებათ ფრჩხილებზე ზრუნვა, უნდა დაიცვათ შემდეგი წესები: წაუსვით საპონი კბილის ჯაგრისს და ფრთხილად დაამუშავეთ ფრჩხილები – ეს გაგათავისუფლებთ კანის მკვდარი, გაუხეშებული უჯრედებისგან და თან, ძვირად ღირებული ხელის სქრაბის არაჩვეულებრივი ალტერნატივაა.
– სიფრთხილის როგორი ზომების დაცვაა საჭირო?
– დაიჭერით ფრჩხილები ორ კვირაში ერთხელ. იყავით ფრთხილები – ნებისმიერი დაზიანება გაღიზიანებისა და ინფექციის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, ფრჩხილის გამოსასუფთავებლად არასოდეს იხმაროთ მეტალის იარაღი. დაუშვებელია ფრჩხილის ქვეშ კანის ე.წ. „გამოთხრა“. ეს გამოიწვევს კანისა და ფრჩხილის დაცილებას, წარმოიქმნება თავისუფალი ადგილები და შემდგომ იქცევა თეთრ ლაქებად.
– როგორ გავუფრთხილდეთ ნუნებს?
– ყოველთვის ვცდილობთ გავთავისუფლდეთ მათგან, მაგრამ ნუნებს თავიანთი ფუნქცია აქვთ – ისინი იცავენ ფრჩხილის ზედაპირს/კანს ბაქტერიებისა და მათგან გამოწვეული ინფექციებისგან. კვირაში ერთხელ, აბაზანის მიღების შემდეგ, ხის ჩხირით ნაზად გასწიეთ კანი უკან. შემდეგ კი დაამასაჟეთ ნაღების კრემით ან ნუნების ლოსიონით.
– როგორ მოვუაროთ ჩვენს იარაღებს?
– სილამაზის სალონების მსგავსად, ფრჩხილის მოვლის იარაღების დეზინფექცია სახლის პირობებშიც მნიშვნელოვანი და აუცილებელია. საპნითა და წყლით მათი გარეცხვა, შემდეგ კი სპირტით გაწმენდა თავიდან აგვაცილებს ინფექციებს. ასევე აუცილებელია ერთჯერადი იარაღების ხშირად შეცვლა.
– უნდა გამოვიყენოთ თუ არა დამცავი ბაზა?
– შიდა დამცავი ბაზა იცავს ფრჩხილს ლაქისგან და ამავდროულად, ლაქის ფერს უფრო მკვეთრს და ლამაზს ხდის. მეტი დაცვისა და ბზინვარებისთვის, გამჭვირვალე ბაზის წასმა ლაქის ფენებს შორისაც შეიძლება. იმისათვის, რომ ლაქი ხანგრძლივად შეინარჩუნოთ, არ დაგავიწყდეთ ზემოდან დამცავი ფენის გადასმა.
– რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქცია?
– ფრჩხილის ლაქის შეძენისას აუცილებლად წაიკითხეთ ეტიკეტი, დააკვირდით მასში შემავალ ნივთიერებებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. ზოგიერთი ლაქი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტოქსინებს შეიცავს, როგორებიცაა დიუბუტილ ფთალტატი, ფორმალდეჰიდი და ტოლუენი. ისინი უკარგავენ ფრჩხილს ბუნებრივ ბზინვარებას, იწვევენ მის დაყოფას და მტვრევას.
– შილაქი და გელი – როგორი ხანგრძლივობის ეფექტი და უარყოფითი მხარეები აქვს?
– მიუხედავად საფრთხეებისა, რომლებიც შილაქისა და გელის რეგულარულ ხმარებას ახლავს, ისინი უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ მთელ მსოფლიოში. რთულია უარის თქმა ლამაზ ფრჩხილებსა და ლაქზე, რომელიც, სულ მცირე, 2 კვირის განმავლობაში არ ზიანდება. ძირითად საფრთხეს ულტრაიისფერი სხივების მქონე საშრობი მოწყობილობა წარმოადგენს, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს კანი ფრჩხილის ქვეშ და მის გარშემო. იგი ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს. ამ რისკის მინიმუმამდე დასაყვანად, პროცედურამდე რეკომენდებულია 30 ან 50 SPF-ის მქონე დამცავი კრემის წასმა. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ხელთათმანები, რომლებშიც მხოლოდ ფრჩხილები ჩანს, ხელის დანარჩენი ნაწილი კი დაფარული და დაცულია.
– რამდენად ხშირად უნდა დავასვენოთ ფრჩხილები?
– კვირის ბოლოს, სანამ ახალ ლაქს წაისვამთ, დაასვენეთ ფრჩხილები, მიეცით აღდგენისა და გამაგრების საშუალება. გახსოვდეთ, ლაქის მუდმივად ხმარება აშრობს, ფერს უცვლის და ასუსტებს ფრჩხილებს.
– როგორ მოვუაროთ კანს ფრჩხილების გარშემო?
– ბევრი ადამიანი იკვნეტს ფრჩხილებს, როცა ნერვიულობენ ან რამით არიან გაღიზიანებულნი. ხანდახან ისიც შესაძლებელია, რომ მათ მოიჭამონ კანი ფრჩხილების გარშემო (ნუნები). იმისათვის, რომ ლამაზი და ჯანმრთელი ფრჩხილები გქონდეთ, თანმიმდევრულად მიჰყევით რჩევებს:
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ხელთათმანი;
- ხელის კრემი;
- ვაზელინი;
- ბლისტექსი;
- საფეხურები.
1. აიღეთ ბლისტექსი, თერაპიის კრემი, ვაზელინი, ხელის მოვლისათვის საჭირო რომელიმე კრემი, რომელიც ღრმად შეიწოვება კანში და დაატენიანებს მას. წაისვით კანის მოვლისთვის განკუთვნილი ხელის კრემი განსაკუთრებით ნუნებთან, დაზიანებულ თითზე ფრჩხილის ირგვლივ.
2. დარწმუნდი, რომ კანმა შეიწოვა საცხი, შემდეგ ისევ წაისვით;
3. ძილის წინ გაიკეთეთ ხელთათმანები;
4. წადით დასაძინებლად და დილით შეხედეთ თქვენს ფრჩხილებს. ისინი კარგად უნდა გამოიყურებოდნენ. ეცადეთ აღარ მოიკვნიტოთ ფრჩხილები;
5. წაისვით ლოსიონი, რომ მთელი დღის მანძილზე თქვენი ხელები დატენიანებული იყოს;
6. და კიდევ, შეეცადეთ, არ მოიკვნიტოთ ფრჩხილები, რომ ისინი მუდამ ლამაზი და მოხდენილი გქონდეთ.
– როგორია თქვენი საზოგადო რჩევები?
– თუ ფრჩხილები ადვილად გვტყდება, უნდა მივიღოთ A ვიტამინი და Ca (კალციუმი).
- სასურველია, ქლიბი მუყაოსი იყოს, რადგან მეტალის საგნებმა შესაძლებელია ფრჩხილები დაგიზიანოთ.
- არ გაიქლიბოთ ფრჩხილი გარე მხარის კუთხეებში, ეს მას ასუსტებს.
- არ მოიჭრათ გამაგრებული კანი. ის ისევ გაიზრდება და უფრო მაგარი გახდება.
- დაიცავით ფრჩხილები მზის მცხუნვარე სხივებისგან. მზეზე გასვლისას ხელებზე აუცილებლად წაისვით სპეციალური კრემი.
- მანიკიური გაიკეთეთ 7-10 დღეში ერთხელ მაინც.
- ფრჩხილები ღრმად არ მოიჭრათ.
- ფრჩხილები ძალიან ხშირად არ გაიპრიალოთ, რომ მყიფე არ გახდეს.
- ლაქი გამოიყენეთ მხოლოდ სუფთა, მშრალ ფრჩხილებზე.
- მაშინაც კი, თუ ძალიან გაგვიანდებათ, ფრჩხილებზე ლაქი შებერვით არ გაიშროთ, ის ეფექტური აღარ იქნება.