მაკიაჟის საიდუმლო
კანის მოვლა
- სახის კანი სუფთა და ჯანსაღი რომ იყოს, ყოველ დილა-საღამოს უნდა გავისუფთაოთ. მას უნდა მოვეპყროთ ნაზად. არ შეიძლება გაჭიმვა ან უხეში მოძრაობებით გასუფთავება - ამან შესაძლოა კანის გაღიზიანება და ნაადრევი ნაოჭების გაჩენა გამოიწვიოს.
- გაწმენდის შემდეგ კანი უნდა გამოვაცოცხლოთ შესაბამისი ტონიკით.
- ტონიკით გაწმენდის შემდეგ კანზე უნდა წავისვათ დამატენიანებელი საშუალება. იგი უნდა შეესაბამებოდეს კანის ტიპს და შეიცავდეს მზისგან დამცავ ფაქტორს (SPF), მინიმუმ 15 ინდექსით.
- კვირაში 2-3-ჯერ სახე შეიძლება გავიწმინდოთ რბილი სქრაბით.
- სქრაბით გაწმენდის შემდეგ შეგვიძლია წავისვათ ნიღაბი და მკვებავი კრემი.
მაკიაჟის ხელოვნება
მაკიაჟის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია საფუძვლის მომზადება. ამ დროს სახის კანი უნდა იყოს სუფთა და ნოტიო. ასეთ კანზე მაკიაჟი კარგად ჯდება, რაც პროცესს ამარტივებს, ხოლო შედეგს შეუდარებელს ხდის. მას შემდეგ, რაც კანს მოვიწესრიგებთ, შეიძლება წავისვათ ტონალური კრემი ან მაკიაჟის ფუძე. კანის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიძლება გამოვიყენოთ სპეციალური მაკიაჟის ბაზა ან ჩვეულებრივი ტონალური კრემი, მაგრამ მათ სხვადასხვა ეფექტი აქვთ: თუ ბაზა ასწორებს კანის სტრუქტურას, ავიწროებს ფორებს, ტონალური კრემი უბრალოდ კანის ფერს ათანაბრებს.
მაკიაჟის ფუძე, ჯობს, წავისვათ ბუნებრივი განათების პირობებში. პროცესი ასეთი თანამიმდევრობით სრულდება:
- გავისუფთავოთ და დავინოტივოთ კანი. ფუნჯით, ღრუბლით ან სუფთა თითებით წავისვათ მაკიაჟის ფუძე ლოყებზე, შუბლსა და ნიკაპზე. ტონალური საშუალებით მოვხაზოთ სახის კონტური თმის ზრდის ხაზის გასწვრივ.
- წავისვათ ტონალური საშუალება კისერზე. ფრთხილად და გულდასმით მოვხაზოთ კონტური ნიკაპის ქვეშ და კისერზე.
- თუ ტონალური კრემის წასმის შემდეგ თვალებქვეშ მაინც დარჩა შავი რგოლები, ნუ გადაისვამთ ტონალური კრემის კიდევ ერთ ფენას - სქლად წასმული კრემი უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს დეფექტებს. უმჯობესია, გამოიყენოთ სპეციალური კორექტორი - ის უკეთ შენიღბავს იმას, რისი დაფარვაც ტონალური საშუალებით ვერ მოახერხეთ.
- ტონალური კრემის ფერი უნდა თანხვდებოდეს კანის ფერს ნიკაპზე. ტონალური კრემის ტესტირებაც ბუნებრივი განათების პირობებში ჯობს.
- ტონალური კრემის წასმა უნდა დავიწყოთ მინიმალური რაოდენობით. თუ საჭირო გახდა, ფენის სისქე შეიძლება გავზარდოთ. ეს უფრო ადვილია, ვიდრე ჭარბი კრემის მოშორება.
- ტონი თანაბრად რომ დაჯდეს, შეიძლება შევურიოთ ცოტაოდენი დამატენიანებელი კრემი.
ნაკლოვანებათა გამოსწორება
თუ მაკიაჟის ბაზის წასმის შემდეგ კანზე დეფექტები ჯერ კიდევ შესამჩნევია, უნდა მივმართოთ შემნიღბველ საშუალებას - კორექტორს. კორექტორს უფრო მკვრივი სტრუქტურა აქვს, ვიდრე ტონალურ კრემს, ამიტომ უფრო ეფექტურად მალავს კანის ნაკლოვანებებს: მუწუკებს, ფერიმჭამელებს, სიწითლეებს და მუქ რგოლებს თვალების ირგვლივ. მისი ფერი უნდა შეესატყვისებოდეს კანისას ან იყოს ერთი ტონით ბაცი.
თვალების ირგვლივ მუქი წრეების შესანიღბავად წაისვით კორექტორი მხოლოდ ამ უბანზე და თვალის კუთხეებში, ცხვირთან. ის ამ საზღვრებს არ უნდა გასცდეს. კანის განსაკუთრებით შესამჩნევი დეფექტები შეიძლება დავფაროთ კორექტორის უფრო სქელი ფენით, მერე კი ჭარბი ნაწილი ხელსახოცით ან ღრუბლით მოვიშოროთ.
ფინალური ეტაპი - პუდრი
მას შემდეგ, რაც კანის ფერი გათანაბრდება, ვისვამთ პუდრს. ის სახეს ბუნებრივ იერს აძლევს, ხოლო კანს ხავერდოვნებას ანიჭებს. გარდა ამისა, პუდრი უკეთ აკავებს ჩრდილებს და რუჟს.
- ფუნჯით ან ღრუბლით ავიღოთ ცოტაოდენი ფხვიერი პუდრი, ჩამოვბერტყოთ, რომ ზედმეტი ფხვნილი მოშორდეს და წავისვათ სახესა და კისერზე.
- მაკიაჟმა მთელი დღე რომ გაძლოს, უმჯობესია გამოვიყენოთ კომპაქტური პუდრი.
- პუდრი შეიძლება წავისვათ ტონალურ კრემზეც და მის გარეშეც, პირდაპირ დამატენიანებელი კრემის წასმის შემდეგ. პუდრი ტონალურ კრემზე სამი ტონით ბაცი უნდა იყოს.
- 30 წელს გადაცილებული ქალებისთვის არ არის რეკომენდებული თვალებთან პუდრის წასმა - შესაძლოა, წვრილი ნაოჭები უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს.
- ცხიმის შემწოვი სპეციალური ხელსახოცი მაკიაჟის დიდხანს შენარჩუნებაში დაგვეხმარება. ის მაკიაჟის დაუზიანებლად აშორებს სახის კანს ზედმეტ ცხიმს.
- ტუჩსაცხი უმჯობესია წავისვათ სპეციალური პატარა ფუნჯით. თუ ნეიტრალური ფერის ტუჩსაცხს იყენებთ, კონტური აუცილებელი არ არის, ხოლო თუ მკვეთრი ფერისაა, ტუჩებს აუცილებლად უნდა შემოვავლოთ ხაზი ზედმიწევნით მისადაგებული ფერის კონტურული ფანქრით. თუ ასეთი ფერისა არ აღმოგვაჩნდა, ჯობს, საერთოდ არ გამოვიყენოთ, ვიდრე კონტური მეტისმეტად ბაცი ან მუქი გამოგვივიდეს.