შევარჩიოთ საზაფხულოდ შამპუნი, კონდიციონერი და ნიღაბი
გრადაცია გამოიყენეთ.
-
ცხიმიანი თმა
თმა ცხიმიანი მაშინ არის, როდესაც კანი ცხიმს ჭარბად გამოყოფს, ზაფხულის მცხუნვარე მზეზე კი ეს პროცესი უფრო მეტად ძლიერდება, ამიტომ ზაფხულში ასეთი თმა სწრაფად ჭუჭყიანდება და უსიამოვნო შესახედაობას იღებს. უნდა შევარჩიოთ ისეთი საშუალება, რომელიც მოაწესრიგებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, გახდის თმას დამყოლსა და მბრწყინავს.
ამ პრობლემას შესანიშნავად გაუმკლავდება შამპუნი ჭინჭრის, სალბის, ზღვის წყალმცენარეებისა და ვირისტერფას ექსტრაქტით. ასევე კარგად იმოქმედებს თმის მოვლის საშუალებები A, E, C ვიტამინებით, თუთით ან საფუვრით, რომლებიც ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას არეგულირებს. შედეგს რამდენიმეჯერ გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ.
მთავარია, ზაფხულში ცხიმიანი თმა შედარებით ხშირად დავიბანოთ, იდეალურ შემთხვევაში - დილა-საღამოს. ასე ის უფრო მეტ ხანს შეინარჩუნებს ჯანსაღ ბზინვარებას, ცხიმი არ დაახშობს ფორებს, თავის კანი უკეთ ისუნთქებს და თმაც ჯანსაღად იბზინებს.
-
საზაფხულო ნიღბები
თმის დამცავი ყველაზე ქმედითი საშუალებაა ნიღაბი, რომელიც კვირაში 2-ჯერ უნდა გამოვიყენოთ. ის ღრმად აღწევს ეპიდერმისის ფენაში, მაშასადამე, უფრო ძლერ ეფექტსაც ახდენს. შეიძლება მზა ნიღბის შეძენაც, მაგრამ არანაკლებ ეფექტიანია ნაცადი ხალხური საშუალებები:
-
- მდოგვის ნიღაბი: 2 სუფრის კოვზ მდოგვის ფხვნილს დაასხით 50 მლ მდუღარე წყალი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურიეთ. ნიღაბი შეიზილეთ თმაში და 5 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. მდოგვი ასტიმულირებს თმის ზრდას და არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას.
- კეფირის ნიღაბი: 1 ჩაის ჭიქა კეფირს დაუმატეთ 2-3 წვეთი ციტრუსის ეთერზეთი. ეს ნიღაბი თმას მოცულობას მიანიჭებს.
- გვირილის ნიღაბი: 4 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილს დაასხით 1,4 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. როდესაც გაცივდება, დაუმატეთ 1 კვერცხის ცილა. თუ ღია ფერის თმა გაქვთ, იგი მიიღებს სუსტ ოქროსფერ ელფერს. ეს ნიღაბი, გარდა იმისა რომ ამაგრებს თმას, სებორეის შემთხვევაში კარგი ანტისეპტიკური საშუალებაც არის.
- ფორთოხლის ნიღაბი: 1 ფორთოხალი გახეხეთ და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი. მიღებული ნარევი წაისვით ოდნავ ნოტიო თმაზე. იგი შესანიშნავად არეგულირებს ცხიმის გამოყოფას და თმას ჯანსაღ ბზინვარებას ანიჭებს.
-
მშრალი თმა
მშრალი თმა მყიფეა, ხოლო ბოლოები, როგორც წესი, ეყოფა, ამიტომ ზაფხულობით მას ისეთი კოსმეტიკური საშუალებები სჭირდება, რომლებიც ხანგრძლივად შეინარჩუნებს ტენს და ხელს შეუშლის გამოშრობას. მშრალი თმისთვის განკუთვნილი შამპუნის საფუძველია ჟოჟობას ან ყურძნის კურკების ეთერზეთი, რადგან ის კარგად ინარჩუნებს ტენს. კარგი იქნება, შამპუნი შეიცავდეს ჭინჭრის, ვირისტერფას, ლავანდის ან გულყვითელას ექსტრაქტს - ეს ინგრედიენტი სამკურნალო ეფექტს გააძლიერებს. თმა გახდება დამყოლი და გლუვი, ჯანსაღად იბზინებს.
-
გთავაზობთ საზაფხულო ნიღბებს მშრალი თმისთვის.
-
- კვერცხის ნიღაბი: 1 კვერცხის გული გაქენით 2 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთში და თმის ძირებში შეიზილეთ. შემოიხვიეთ პირსახოცი და 1 საათის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- ზეთის ნიღაბი: 2 სუფრის კოვზი ზეითუნისა და ბირკავას ზეთი ერთმანეთში აურიეთ და მსუბუქად შეიზილეთ თმაში, მერე კი სავარცხლით თმის მთელ სიგრძეზე გაანაწილეთ. თმა ივარცხნეთ არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით, მერე კი შამპუნით ჩამოიბანეთ. ნიღაბი ატენიანებს კანს, თმას დამცავი ფენით ფარავს და ტენის აორთქლებას აფერხებს.
- არაჟნისა და ალოეს ნიღაბი: 3 სუფრის კოვზ არაჟანს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ალოე. ნიღაბი წაისვით მშრალ თმაზე და 20 წუთი გაიჩერეთ. თმისა და კანისთვის სასარგებლო ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველობით ალოე რეკორდსმენია. ამ ნიღბის ხანგრძლივი გამოყენება აღადგენს თმის სტრუქტურას, აძლიერებს ღერებს და აჩერებს ცვენას.
- ავოკადოს ნიღაბი: გახეხეთ 1 ცალი ავოკადო და შეურიეთ 1 კვერცხი. ნარევი შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ 15 წუთი. ეს ეგზოტიკური ნიღაბი თმას შეავსებს პროტეინებით, გაამაგრებს და ააბზინებს, ხოლო უჩვეულო არომატი განწყობილებას აგიმაღლებთ.