სახის მოვლა ზაფხულში
კოსმეტოლოგები ერთხმად აცხადებენ, რომ კანი სწრაფად დაკარგავს ელასტიკურობას და სიმკვრივეს, თუ უჯრედებს მოაკლდათ სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპონენტი - სითხე. სილამაზის კოქტეილები, რომლებსაც შეიცავს დამანოტივებელი კოსმეტიკა, აღმოფხვრის სიმშრალესა და დაჭიმულობას, რაც ნაოჭების გაჩენას განაპირობებს. მთავარია, კანს რეგულარულად მოვუაროთ. კანის მოვლისთვის განკუთვნილი მაინც რომელი საშუალებებია ყველაზე ეფექტური და რამდენად ხშირად შეიძლება მათი გამოყენება?
გამაგრილებელი შხეფები
თერმული წყალი ძალიან კარგია კანის ექსტრემალური გამოშრობისა და გადახურების დროს. სასხურებელი ადვილად თავსდება ქალის ხელჩანთაში, ხოლო მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც შენობის გარეთ, ისე შენობაშიც. წყალი სახეზე 10-15 სმ-ის მანძილიდან უნდა ისხუროთ. ამ დროს ფლაკონით ჰაერში უნდა მოხაზოთ წრე ან რვიანი. უმჯობესია, წვეთები სახეზე არ შეიშროთ - ფაქიზად მოიშოროთ ხელსაწმენდით.
ყველა კომპანიას თერმული წყლის თავისი წყარო აქვს, რომლებიც შემადგენლობით განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგში უფრო მეტია ნატრიუმი, ზოგში - კალციუმი. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, რომელშიც ბევრი მარილია. მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის სასარგებლოა თერმული წყალი მარილის მცირე შემცველობით. სანამ კანი გაშრება, წაისვით დამატენიანებელი საცხი ან ნიღაბი - ამით ორმაგ ეფექტს მიიღებთ.
მუდამ ტონუსში
კანის ყოველდღიური მოვლა, განსაკუთრებით - ზაფხულში, მატონიზებელი ლოსიონის ან მიცერალური წყლის გამოყენებასაც გულისხმობს. მარგებლობის თვალსაზრისით ამ საშუალებებს შეიძლება კოსმეტიკის ლიდერებიც ვუწოდოთ. თავად განსაჯეთ - აშორებს მაკიაჟის ნარჩენებს, გამწმენდი საშუალებების კვალს, ანოტივებს და კრემის წასასმელად ამზადებს კანს... ისინი შეგიძლიათ გამოიყენოთ დღეში ორჯერ. მშრალ და მგრძნობიარე კანს უხდება დამარბილებელი ლოსიონი (მაგალითად, ალოე ვერას ან გვირილის შემცველი), ხოლო ცხიმიანს მიესადაგება ისეთი ტონალური საშუალება, რომელიც აკონტროლებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას.
დროა, თვალი გადაავლოთ კოსმეტიკური ჩანთის შიგთავსს და ჩვეული დღის კრემი დამატენიანებელი გელით შეცვალოთ. ის თითქოს „აუთოებს“ სახის ნაკვთებს და კანის უჯრედებს მთელი დღის განმავლობაში უადვილებს სუნთქვას.
არ დაივიწყოთ გამაგრილებელი ნიღბები - მათი წასმა კვირაში ერთხელ ან ორჯერ სავსებით საკმარისია. სახის მოვლის საშუალებების შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი კანის ტიპი - შედეგისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
საზაფხულო ნიღბები
1. დააქუცმაცეთ ვირისტერფას ნორჩი ფოთლები, დაუმატეთ 2 ს/კ რძე (ისე, რომ მიიღოთ სქელი მასა). წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
2. 2 ს/კ პიტნის ფოთლებს დაასხით ქაფქაფა წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი და გადაწურეთ. დაასველეთ ნაყენში დოლბანდი და დაიდეთ სახეზე. ეს ნიღაბი დაამშვიდებს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად გაღიზიანებულ კანს.
3. 2 ს/კ გახეხილ კიტრს დაუმატეთ 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. როდესაც ნიღაბი შეგაშრებათ, ბამბით მოიშორეთ (არ ჩამოიბანოთ წყლით).
4. გახეხეთ სტაფილო და ნიახურისა და ოხრახუშის ფესვები. აიღეთ თითოეული 1 ს/კ ოდენობით, დაუმატეთ 2 კვერცხის გული და კარგად აურიეთ ერთმანეთში.
5. აიღეთ თანაბარი რაოდენობით ვარდის ფურცლები, პიტნის ფოთლები, კამის ღერები, გვირილას, ცაცხვისა და სალბის ყვავილები და დაფქვით ყავის საფქვავში. მიღებული ფხვნილიდან აიღეთ 6 ჩ/კ და წამოადუღეთ 1,5 ლ მდუღარე წყალში. გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ. დაასველეთ ქსოვილი ნაყენში და დაიდეთ სახეზე.
6. გახეხეთ ჭარხალი, მოასხით ლიმონის წვენი, დაუმატეთ არაჟანი და წვრილად დაკეპილი ოხრახუში, კარგად აურიეთ. ნიღაბი ჩამოიბანეთ 15-20 წუთის შემდეგ გრილი წყლით.
7. მშრალი და ჭკნობაშეპარული კანისათვის ეფექტურია პომიდვრის ნიღაბი: პომიდორს კანი მოაცილეთ, რბილობი დასრისეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და წაისვით სახეზე (20 წთ). პომიდვრის ნიღაბი კანს მოქნილს ხდის და ბზინვარებას ანიჭებს.
8. ცხიმიანი კანის მქონე ქალებისთვის რეკომენდებულია მჟაუნის ნიღაბი: მჟაუნის რამდენიმე ფოთოლი დააქუცმაცეთ, დაუმატეთ კვერცხის ცილა და წაისვით სახეზე (გაიჩერეთ 15 წუთი). ეს ნიღაბი ასუფთავებს ფორებს და აქრობს ცხიმის სიპრიალეს.
9. ნესვის ნიღაბი არბილებს, აცოცხლებს და კვებავს კანს. სახეზე წაისვით ნესვის რბილობი და 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
10. დასრისეთ მარწყვი და პიურე თხელ ფენად წაისვით სახეზე. როდესაც პირველი ფენა გაშრება, კვლავ გადაისვით კენკრის მეორე ფენა. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. მარწყვის ნიღაბი ეფექტურია კანზე ანთებითი პროცესების დროს.
11. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, აიღეთ 1 მწიფე ატმის რბილობი და დაუმატეთ 1 ს/კ არაჟანი, ასევე, 1 ს/კ მცენარეული ზეთი, კარგად აურიეთ. ნიღაბი სახეზე 10 წუთი გაიჩერეთ.
12. ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი: 1 ს/კ ატმის რბილობს დაუმატეთ 1 ჩ/კ შემთბარი თაფლი, აურიეთ და წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
13. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, 2 ჩ/კ დასრესილ მწიფე ატმის რბილობს დაუმატეთ 1 კვერცხის ათქვეფილი ცილა, წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
14. ანთებითი გამონაყარისკენ მიდრეკილ მშრალ კანს გარგარი დაეხმარება. 1 ს/კ გარგრის რბილობი კარგად დასრისეთ 1 ჩ/კ ხაჭოსთან ერთად, წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ.
15. გარგრის რბილობს დაუმატეთ 1 ს/კ არაჟანი, მცენარეული ზეთი და ათქვეფილი ცილა, შემდეგ წაისვით სახესა და კისერზე და 20 წთ გაიჩერეთ. ამ ნიღაბს ლიფტინგის ეფექტი აქვს.
16. წითელი მოცხარის ნიღაბი ცხიმიანი კანისათვის. დასრისეთ 2 ს/კ წითელი მოცხარი ან გამოიყენეთ წითელი მოცხარის წვენი (3 ს/კ). გახსენით 1 ს/კ კარტოფილის ფქვილში, წაისვით სახეზე და 15 წუთში გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
17. მსუბუქი პილინგი სახლის პირობებში მშრალი, ნორმალური და კომბინირებული კანისათვის: 1 ს/კ მოცვი კარგად დასრისეთ და მიღებული ფაფისებური მასა აურიეთ იმავე რაოდენობის არაჟანში (ნორმ. კანის შემთხვევაში) ან იოგურტში (ცხიმიანი და კომბინირებული კანის შემთხვევაში). წაისვით ნიღაბი ნამიან კანზე და მსუბუქი მოძრაობებით დაიმასაჟეთ (2-3 წუთის მანძილზე).
18. ალუბალს გამოაცალეთ კურკები, დასრისეთ და დაიდეთ მიღებული მასა სახეზე. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი ნამიანი ბამბის ტამპონით მოიშორეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სახეზე წყლის მიკარება.
19. აიღეთ 3 ცალი მოზრდილი ქლიავი, მოაშორეთ კანი, გამოაცალეთ კურკები და დასრისეთ. დაუმატეთ 1 კვერცხის გული, ნახევარი ჩ/კ თაფლი და 1 ს/კ წიწიბურას ფქვილი. კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი მშრალი კანისთვისაა.
20. გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი: აიღეთ 1 ყვითელი და 1 მწვანე ქლიავი, გამოუღეთ კურკები და კარგად დასრისეთ, დაუმატეთ 1 ჩ/კ თხევადი თაფლი და მასა სახეზე წაისვით. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ანადუღარი წყლით და შემდეგ კანი ყინულის კუბით დაიმუშავეთ. ბოლოს დამატენიანებელი კრემი გამოიყენეთ.