ძვლებსა და სახსრებში მარილოვანი ცვლის დარღვევის თავისებურებანი

ის, რასაც ხალხში მარილების დაგროვებას უწოდებენ, სინამდვილეში ოსტეოართროზია - სახსრების ქრონიკული არაანთებითი დეგენერაციული დაავადება. მისი საფუძველია სახსრის ხრტილის პირველადი დეგენერაცია, რასაც მოჰყვება ძვლების სასახსრე ზედაპირის ცვლილებები, გვერდითი ოსტეოფიტების წარმოქმნა, დაბოლოს, სახსრის დეფორმაცია.
ოსტეოართროზი ყველაზე გავრცელებული რევმატული დაავადებაა - შემთხვევათა 60-70% სწორედ მის წილად მოდის - და ხშირად იწვევს შრომისუუნარობასა და ადრეულ ინვალიდობას.
- რა იწვევს თავად ხრტილის დეგენერაციას?
- დეგენერაციულ ცვლილებათა ხელშემწყობი მთავარი ფაქტორებია:
- სახსრის ფუნქციური გადატვირთვა (პროფესიული, სპორტული, ყოფითი და სხვა) სასახსრე ხრტილის სისტემატური მიკროტრავმით;
- ჩონჩხის თანდაყოლილი დისპლაზია და სტატიკის დარღვევა (სკოლიოზი, ბრტყელტერფიანობა და სხვა);
- მეტაბოლური დაავადებები.
ხრტილის დეგენერაციას საფუძვლად უდევს მეტაბოლიზმის დარღვევა, რის შედეგადაც ხრტილი კარგავს დრეკადობას, ხორკლიანდება, შემდგომ სკდება და წყლულდება, ალაგ-ალაგ ილევა და ქრება. ზოგჯერ ხრტილის ნატეხები სასახსრე ღრუში გამოიყოფა და ანთებით მოვლენებს იწვევს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ხრტილის ქვეშ მდებარე ამორტიზაციას მოკლებული ძვლის ქსოვილი (როგორც ვიცით, ხრტილი მოძრაობის დროს ასრულებს ამორტიზატორის როლს, ამცირებს ზეწოლას ძვალზე) ცვდება და მკვრივდება, სასახსრე ზედაპირის კიდეებთან კი ხდება ხრტილის კომპენსაციური ზრდა, შემდგომ - მისი გაძვალება და ოსტეოფიტების - ძვლოვანი წანაზარდების - წარმოქმნა, როგორც ხრტილის დანაკარგის ერთგვარი კომპენსაცია, ამ უკანასკნელს კი სახსრის ზედაპირის დეფორმაციამდე მივყავართ.
- უმთავრესად რომელ სახსრებს აზიანებს ოსტეოართროზი?
- ქვედა კიდურების სახსრებს და ხერხემალს. ლოკალიზაციის მიხედვით, განასხვავებენ:
- მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზს - კოქსართროზს;
- მუხლის სახსრის ოსტეოართროზს - გონართროზს;
- ხელის მტევნის დისტალურ ფალანგთაშუა სახსრების ართროზს - ჰებერდენის კვანძებს;
- პროქსიმული სახსრების ართროზს - ბუშარის კვანძებს (სწორედ მათ მოიხსენიებენ „მარილების დაგროვებად“);
- ხერხემლის ოსტეოართროზს, რომელიც მოიცავს ოსტეოქონდროზს (მალათაშუა დისკის დაზიანებას), სპონდილოზს (მალათა სხეულების დაზიანებას) და სპონდილოართროზს (მალათაშუა სახსრების დაზიანებას).
- კლინიკურად როგორ ვლინდება დაავადება?
- ოსტეოართროზის დროს ტკივილი სახსრებში მხოლოდ დატვირთვის შემდეგ იჩენს თავს, განსაკუთრებით - საღამოობით. მისი ინტენსივობა და ხანგრძლივობა თანდათანობით იმატებს და სისტემატურ ხასიათს იღებს.
რეაქტიული სინოვიტი (სახსრის სინოვიური გარსის ანთება) იწვევს სტარტულ ტკივილს, რომელიც თან ახლავს პირველ ნაბიჯებს, შემდეგ გაივლის, ხოლო გადაღლისას ხელახლა აღმოცენდება. დაზიანებულ სახსარში მოძრაობის დროს ისმის უხეში ხრაშუნი.
ხერხემლის დაზიანების შემთხვევაში, იმისდა მიხედვით, რომელი მონაკვეთია დაზიანებული, კლინიკური სურათი მეტ-ნაკლებად განსხვავებულია. მაგალითად, კისრის მალების ოსტეოქონდროზისთვის დამახასიათებელია თავის ტკივილი, თავბრუ, გულისრევა, ღებინება, კარდალგია, მხედველობის დაქვეითება.
გულმკერდის მალების დაზიანება ხშირად იწვევს გულის მწვავე იშემიის კლინიკურ სურათს.
წელის მალებში ლოკალიზებული პროცესი კი ვლინდება მწვავე ლუმბაგოთი (მწვავე ტკივილით წელის არეში) და იშიასით (ტკივილით საჯდომი ნერვის გასწვრივ).