პოდაგრული ართრიტი
- პოდაგრული ართრიტი, პოდაგრა, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთი ეტაპის მოშლით გამოწვეული დაავადებაა. ამ ეტაპის მოშლის შედეგად შარდმჟავას მარილები, ურატები, სახსრებში ილექება და იწვევს მის ანთებით დაზიანებას - პოდაგრულ ართრიტს. საბედნიეროდ, ეს პათოლოგია კარგად ემორჩილება მკურნალობას. პოდაგრულ ართრიტს არც ისე ხშირად ვხვდებით, თუმცა თავად ტერმინი “პოდაგრა” გაცილებით ხშირად გვესმის - ბევრი შეცდომით ამ სახელს უწოდებს ფეხის დიდი თითის დაზიანებით მიმდინარე პათოლოგიებს. დაავადება უმეტესად მამაკაცებს ემართებათ 40 წლიდან. ქალებში ის იშვიათია და ნაკლები სიმწვავითა და აგრესიით მიმდინარეობს. ყოველივე ამას ქალისა და მამაკაცის სასქესო ჰორმონები განაპირობებს. კერძოდ, მამაკაცის სასქესო ჰორმონები არსებით გავლენას ახდენს სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციაზე და მის მატებას იწვევს, რაც ქალებში, გასაგები მიზეზით, ნაკლებმოსალოდნელია.
- რამ შეიძლება გაუწიოს პროვოცირება პოდაგრულ ართრიტს?
- პოდაგრა იმ დაავადებათაგანია, რომელთა მიმდინარეობას საგრძნობლად ამძიმებს არანორმალური და არარაციონალური კვება, განსაკუთრებით - ხორციანი საკვები. დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორებია:
- ალკოჰოლური სასმელების ჭარბი მოხმარება;
- ჰიპერტონია, თირკმლის დაავადებები;
- გაცხიმოვნება და ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი;
- მემკვიდრეობა;
- გადაცივება;
- ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი მიღება.
ზოგჯერ პოდარული ართრიტი მეორეულია. იგი დაერთვის:
- თანდაყოლილ და შეძენილ გულის მანკებს;
- ინტოქსიკაციებს;
- ზოგიერთი სახეობის ლეიკოზს;
- შარდმდენი პრეპარატების, რიბოქსინისა და ასპირინის ხანგრძლივ მიღებას და სხვა.
- რა ნიშნებით ვლინდება დაავადება?
- პოდაგრა ორგანიზმში ორ სისტემას აზიანებს: შარდგამომყოფსა და საყრდენ-მამოძრავებელს, - ამიტომ კლინიკურად სწორედ ამ სისტემებთან დაკავშირებული სიმპტომები იჩენს თავს. იწყება შეტევითი ტკივილი, რომელიც პირველ ხანებში არარეგულარულია - შესაძლოა, 2-3 თვეში ერთხელ შეგვაწუხოს. შეტევისას სახსრის მწვავე ტკივილს ერთვის მისი შეწითლება და შესივება. სახსარში მნიშვნელოვნად იზღუდება მოძრაობა. იმატებს ტემპერატურა. ზოგჯერ შეტევას თან ახლავს ღებინება, გულძმარვა, მადისა და გემოვნების დაქვეითება. მოსალოდნელია, აიწიოს არტერიულმა წნევამ, გაძნელდეს სუნთქვა. შეტევას წინ უძღვის განწყობის მკვეთრი ცვალებადობა. პოდაგრული ართრიტის შეტევა უმეტესად ღამით იწყება და 2-3 საათის განმავლობაში ძლიერდება. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ შეტევები რეგულარულ ხასიათს იძენს და პაციენტის ცხოვრების ხარისხზე აისახება. თუ დაავადება ნებაზე მივუშვით, მოსალოდნელია მისი გავრცელება სხვა სახსრებზე, ასევე - თირკმელებსა და შარდგამომყოფ გზებზე. გართულების პირველი ნიშანი თირკმელკენჭოვანი დაავადებაა, ამიტომ თუ შეტევა გამეორდა, აუცილებელია სპეციალისტთან მისვლა, რადგან ადრეულ სტადიაზე დაავადების მკურნალობა გაცილებით ადვილი და შედეგიანია.
- როგორ მკურნალობენ ამ ტიპის ართრიტს?
- მკურნალობა იწყება მედიკამენტური თერაპიით. პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება მიზნად ისახავს ორგანიზმიდან შარდმჟავა მარილების გამოდევნას. მნიშვნელოვანია სრულფასოვანი სწორი კვება, ვიტამინთერაპია. პოდაგრული ართრიტის მკურნალობაში განირჩევა სამი ეტაპი:
ნ ანთების კუპრება;
ნ ორგანიზმში შარდმჟავას კონცენტრაციის შემცირება;
ნ მიღწეული შედეგის გამყარება დიეტის დახმარებით.
ანთებითი პროცესის კუპირება პოდაგრული ართრიტის მკურნალობის ძირითადი ეტაპია, რომელიც ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული და არასტეროიდული პრეპარატებით ტარდება. ანთებითი პროცესის მკურნალობისა და მწვავე ტკივილის კუპირების შემდეგ აუცილებელია დაავადების მთავარი მიზეზის მკურნალობა - ორგანიზმში შარდმჟავას დონის შემცირება. ამისთვის იყენებენ სამი ტიპის მედიკამენტებს:
- პირველნი ხელს უწყობენ ურატების დაშლას, რათა არ მოხდეს მათი გამოლექვა სახსრებში;
- მეორენი აძლიერებენ მათ გამოყოფას ორგანიზმიდან;
- მესამენი კი თრგუნავენ ორგანიზმში შარდმჟავას პროდუქციას.
გასათვალისწინებელია, რომ თირკმელების დაზიანებისას ურატების ორგანიზმიდან გამოდევნის გამაძლიერებელი პრეპარატების გამოყენება იკრძალება. სასურველი შედეგის მისაღებად ზოგჯერ საჭირო ხდება კომპლექსური მკურნალობის კურსში დამხმარე საშუალებების ჩართვა. ამ კუთხით შედეგიანია დაზიანებული სახსრის ულტრაიისფერი გამოსხივებით დამუშავება (ფიზიოთერაპია), სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟი. თუმცა არც ერთი სამკურნალო მეთოდი არ გამორიცხავს დაავადების რეციდივს ანუ განმეორებას, თუ პაციენტი მთელი სიცოცხლე არ დაიცავს კვებით რეკომენდაციებს.
- დიდხანს დომინირებდა აზრი პოდაგრული ართრიტის სამკურნალო დიეტის თაობაზე. რამდენად ეფექტიანია იგი?
- დიეტა კომპლექსური თერაპიის ნაწილია. იგი არ არის მკაცრი, პირიქით, საკმაოდ დამზოგველია და ითვალისწინებს რაციონიდან ზოგიერთი საკვების ამოღებას: შებოლილი და ცხარე პროდუქტებისა, ხორცის ნახარშისა, თევზისა და ხორცის კონსერვებისა, შოკოლადისა და ყავისა. სამაგიეროდ, აუცილებელია, რაციონში ჩაირთოს ხილის წვენები, ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული, რძის ნაწარმი, ბუნებრივი ქონდროპროტექტორებით მდიდარი საკვები, ხრტილების ნახარში. რაციონი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ დღის განმავლობაში მიღებული შარდმჟავას რაოდენობა არ აღემატებოდეს 500 მგ-ს, ხოლო კვირის განმავლობაში - 3000-ს. იკრძალება ალკოჰოლური სასმელები. მკურნალობის პერიოდში სასურველია სტრესული სიტუაციებისა და გადაღლისთვის თავის არიდება.
- რას ურჩევდით პაციენტებს დაავადების შეტევათა თავიდან ასაცილებლად?
- გამწვავებისას ერიდონ პურინებით მდიდარ საკვებს: ხორცს, ხორცის სუბპროდუქტებს (საქონლისა და ღორის გულს, თირკმელებს, ტვინს), ცხიმიან თევზს, პარკოსნებს: ბარდას, ლობიოს, სოიას, - და სხვა. რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, განსაკუთრებით - მწვანე ჩაისა, ასევე კენკრის ნაყოფისა და ფოთლებისგან დამზადებული სასმელებისა. გარდა კვებითი რეკომენდაციების დაცვისა, აუცილებელია დაზიანებული სახსრის განტვირთვა, დასვენება, ისეთი ფეხსაცმლის ტარება, რომელიც მაქსიმალურად დაზოგავს სახსარს და დააზღვევს ტრავმისგან. მკურნალ ექიმთან უნდა გადამოწმდეს და შეთანხმდეს ყველა იმ მედიკამენტის ნუსხა, რომლებსაც სხვა დაავადებათა სამკურნალოდ იღებენ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, აუცილებელია, ყველა წამალს დააყოლონ დიდი რაოდენობით წყალი. მიზანშეწონილია აქტიური ცხოვრების წესი: სწრაფი სიარული, ველოსიპედი, ცურვა, ტანვარჯიში. ამ რეკომენდაციათა შესრულება საჭიროა მაშინაც, როდესაც დაავადება რემისიის ანუ მიძინების სტადიაშია.