პოდაგრა - ხაფანგი გურმანებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პოდაგრა - ხაფანგი გურმანებისთვის

მართლაც, ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია ქვედა კიდურების სახსართა უპირატესი დაზიანება და ამაზე მეტყველებს თავად სახელწოდება “პოდაგრაც”, რომელიც ბერძნულიდან მომდინარეობს და ქართულად “ფეხის ხაფანგს” ნიშნავს. მაგრამ პოდაგრამ სხვა, გაცილებით მძიმე დაზიანებებიც შეიძლება გამოიწვიოს: როგორც სხვა სახსრებისა, ისე შინაგანი ორგანოებისა, განსაკუთრებით კი თირკმელებისა, - რაც საფუძვლიან მკურნალობას მოითხოვს. პოდაგრა ორგანიზმის ზოგადი დაავადებაა, რომელიც ვითარდება გენეტიკური განწყობითა და ალიმენტური ფაქტორებით განპირობებული პურინული ცვლის დარღვევის გამო. ამას თან ახლავს ორგანიზმში შარდმჟავა ნაერთების მნიშვნელოვანი მატება და სხვადასხვა ქსოვილში ჩალაგება. დაავადებისთვის დამახასიათებელია ჰიპერურიკემია (სისხლის შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის მატება) და სახსრებში შარდმჟავა მარილების (კრისტალური ურატების) ჩალაგება, რასაც სახსრების რეაქტიული ანთება ახლავს თან, ასევე - შინაგანი ორგანოების, განსაკუთრებით კი თირკმელებისა და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება.

გენეტიკა და კვება

გენეტიკური განწყობა ზოგიერთი ფერმენტის ცვლის დარღვევით მჟღავნდება, რაც, თავის მხრივ, პურინების სინთეზის მკვეთრ გაძლიერებას იწვევს. პოდაგრის დროს ფერხდება თირკმელებით შარდმჟავას გამოყოფა, რაც იწვევს სისხლში მისი რაოდენობის მომატებას - ჰიპერურიკემიას. კვების თავისებურებები გულისხმობს პურინების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველი საკვებისა და ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია პოდაგრის განვითარებაში მაღალკალორიული კვებისა და დაბალი ფიზიკური აქტივობის როლი.

გავრცელება, ასაკი და სქესი

ევროპასა და აშშ-ში გავრცელებულ დაავადებებს შორის პოდაგრის წილად მოდის 0,01-0,3%, სხვა რევმატულ დაავადებებს შორის კი მისი ხვედრითი წილი 2-5%-ია. დაავადება უმთავრესად (ასიდან დაახლოებით 98 შემთხვევაში) 30-40 წლის მამაკაცებში გვხვდება. ქალებში პოდაგრა იშვიათია და შესაძლოა განვითარდეს მხოლოდ კლიმაქსურ პერიოდში.

სად ლაგდება ურატები?

ჰიპერურიკემიის შედეგად შესაძლოა მოხდეს კრისტალური ურატების ჩალაგება შემაერთებელ ქსოვილში, სინოვიურ გარსში, მყესში, ხრტილში, ძვლის სახსროვან ნაწილში, თვალის სკლერაში, თირკმელების ინტერსტიციულ შრეში, სისხლძარღვებში. ეს იწვევს მწვავე პოდაგრულ ართრიტს და მრავლობითი კვანძის - ე.წ ტოფუსების - განვითარებას.

მწვავე პოდაგრული ართრიტი

მწვავე პოდაგრული ართრიტი უმეტესად შუახნის მამაკაცებს ემართებათ უეცრად, თითქმის უმიზეზოდ, თუმცა არსებობს შეტევის რისკფაქტორები:

  • საკვები და ალკოჰოლური სასმელები;
  • ტრავმა;
  • ფიზიკური გადაღლა;
  • ნერვულ-ემოციური დატვირთვა;
  • გაციება;
  • ქირურგიული ჩარევა;
  • ცხოვრების წესის შეცვლა (აქტიური ცხოვრებიდან პასიურზე გადასვლა ან პირიქით);
  • სხვადასხვა ინფექციური დაავადება;
  • ალერგიული რეაქცია;
  • სამკურნალო პრეპარატები (კოფეინი, თეობრომინი, დიურეტინი, ეუფილინი, ვიტამინები, შარდმდენები, სულფანილამიდები, ღვიძლის ექსტრაქტები და ა.შ.), ხანგრძლივი სტეროიდული თერაპია ან სტეროიდების უეცარი შეწყვეტა.

ხშირად რამდენიმე ფაქტორი ერთმანეთს ერწყმის. მწვავე პოდაგრული ართრიტის კლინიკა, განსაკუთრებით - მისი პირველი შეტევა, იმდენადაა დამახასიათებელი დაავადებისთვის, რომ პოდაგრის ერთ-ერთ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმად არის მიჩნეული. პოდაგრის პირველი შეტევა უმეტესად ფეხის ცერა თითის სახსრის ანთებით იწყება, იშვიათად - ფეხის სხვა თითებისა, კოჭ-წვივისა, მუხლისა, კიდევ უფრო იშვიათად - სხივ-მაჯისა, იდაყვისა, ხელის მტევნისა, მენჯ-ბარძაყისა და სხვა სახსრებისა. როგორც წესი, ვითარდება ერთი სახსრის ანთება, თუმცა არც პოლიართრიტია გამორიცხული. პოდაგრულ ართრიტს ლოკალიზაციის მხრივ გარკვეული კანონზომიერება ახასიათებს: ზედა კიდურების სახსრებზე ხშირად ქვედა კიდურებისა ზიანდება, მსხვილ სახსრებზე ხშირად - წვრილი.

პოდაგრული ართრიტის შეტევა

შეტევა ვითარდება უეცრად, უმეტესად ღამით. ავადმყოფს აღვიძებს ფეხის ცერა თითის არეში ძლიერი ტკივილი. სახსარი სწრაფად (რამდენიმე საათში) სივდება, კანი ჰიპერემიულია, დაჭიმული და მბზინავი. ხშირად გაფართოებული ვენებიც კი მოჩანს. შესივებული ქსოვილები მკვრივია. ადგილობრივი ტემპერატურა მომატებულია, ამ სახსარში ყოველგვარი მოძრაობა მკვეთრად მტკივნეულია. ასეთი ძლიერი ტკივილი არ იცის არც ერთმა ართროლოგიურმა დაავადებამ. ჩვეულებრივ, კრიზი გრძელდება რამდენიმე საათიდან 10-12 დღემდე და თანდათანობით (ერთ-ორ კვირაში) ცხრება. ამის პარალელურად ქრება შეშუპება და სახსრის ფუნქცია მთლიანად აღდგება. ავადმყოფს ჰგონია, გამოჯანმრთელდა, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ შეტევა მეორდება. მისი სიხშირე და ინტენსივობა ინდივიდუალურია.

პერიოდულობა

ზოგიერთს სახსროვანი კრიზი უმეორდება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, ტკივილი არ არის ძლიერი და შრომისუნარიანობას დიდი ხნით არ აქვეითებს, ზოგს კი ძლიერი და ხშირი შეტევები აქვს, რაც ადრეულ ინვალიდობას იწვევს. თუ პირველი რამდენიმე შეტევა უპირატესად აზიანებს ტერფის პირველი თითის წინატერფფალანგთაშუა სახსარს, მომდევნო შეტევები უკვე სხვა სახსრების დაზიანებას იწვევს. თუ დაავადების დასაწყისში ძირითადად ერთი სახსრის ანთებასთან გვაქვს საქმე, შემდგომ პოდაგრის მწვავე შეტევა ერთდროულად ორი ან რამდენიმე სახსრის დაზიანებით მიმდინარეობს. შეტევებს შორის ავადმყოფების უმრავლესობა არაფერს უჩივის.


როდის გადადის დაავადება ქრონიკულ ფორმაში?

პირველი სახსროვანი კრიზიდან 3-5 წლის შემდეგ პოდაგრა ქრონიკულ ფორმაში გადადის. შესაძლოა, ეს პერიოდი 10-15 წლამდეც გაგრძელდეს. რაც უფრო მეტი ხანია გასული დაავადების დაწყებიდან, მით უფრო ხანმოკლეა ინტერვალი შეტევებს შორის. პროცესში თანდათანობით ერთვება ახალი სახსრები. შეუმჩნევლად წარმოიქმნება პოდაგრისთვის დამახასიათებელი კვანძები. დროთა განმავლობაში იმატებს სახსრების მყარი დაზიანებანი, ყალიბდება ტიპური ქრონიკული პოლიართრიტის სურათი - სახსრების დეფიგურაცია და დეფორმაცია ძვლების წანაზარდების ხარჯზე, თითების ქვეამოვარდნილობები, კონტრაქტურები, სახსრების უხეში ხრაშუნი, მოძრაობის შეზღუდვა. ავადმყოფს უჭირს მოძრაობა, უქვეითდება ან სრულიად ეკარგება შრომის უნარი. ჩვეულებრივ, ქრონიკული პოლიართრიტის საბოლოო შედეგი მეორეული მადეფორმირებელი პოლიოსტეოართროზია.

ტოფუსები

დაავადების განვითარების მესამე, ქრონიკული პერიოდისთვის დამახასიათებელია ტოფუსების წარმოქმნა. შესაძლოა ჩამოყალიბდეს ქრონიკული პოდაგრული პოლიართრიტი ან ორივე პათოლოგია ერთად. ტოფუსი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ზომის, მაგალითად, როგორც მუხუდოს მარცვლის, ისე ვაშლისოდენა. ტოფუსი კანქვეშ, ზედაპირთან ახლოს მდებარეობს, თეთრია, მკვრივი. უმეტესად წარმოიქმნება ყურის ნიჟარებზე, თვალის სკლერაზე ან იდაყვებზე, შედარებით იშვიათად ხელის ან ფეხის თითებზე და ნებისმიერ სხვა ადგილას. ტოფუსი ხშირად რბილდება, თავისთავად იხსნება და იქიდან გადმოედინება თეთრი, კბილისპასტისმაგვარი მასა. მიკროსკოპიული გამოკვლევის დროს მასში ნახულობენ შარდმჟავა ნატრიუმის კრისტალებს. ჭრილობა ძალიან იშვიათად ინფიცირდება, რაც შარდმჟავა მარილების ბაქტერიციდული ეფექტით უნდა აიხსნას (ამ ეფექტს განაპირობებს მჟავა რეაქცია).

პოდაგრული თირკმელი

პოდაგრის დროს შინაგანი ორგანოებიდან ყველაზე ხშირად ზიანდება თირკმელი. ყველაზე მეტად შარდკენჭოვანი დაავადებაა გავრცელებული, რომელიც პოდაგრით დაავადებულთა 14-38%-ს აღენიშნება. “პოდაგრული თირკმლის” ცნება გულისხმობს ინტერსტიციულ ნეფრიტს თირკმელებში კენჭის არსებობის გარეშე და პოდაგრულ გლომერულონეფრიტს. პოდაგრული თირკმლის ყველაზე სპეციფიკურ ნიშნად მიიჩნევა ურატების ჩალაგება თირკმელების ტვინოვან შრეში, იშვიათად - ქერქოვანშიც. ურატების ჩალაგება თავდაპირველად ატარებს კეროვან ხასიათს, მერე კი ირგვლივ მდებარე თირკმლის ქსოვილებში ვითარდება ანთებითი რეაქციები. ზიანდება თირკმლის სისხლძარღვები. თავდაპირველად ფიბროზი ვითარდება, მოგვიანებით შესაძლოა განვითარდეს ნეფროანგიოსკლეროზიც. იშვიათად წინა პლანზე წამოიწევს გორგლოვანი აპარატის დაზიანება.

რა აწუხებს ამ დროს ავადმყოფს?

კლინიკურად პოდაგრული თირკმელი ვლინდება შარდში ცილის, ცილინდრების გაჩენით, არტერიული წნევის მატებით.

დიაგნოსტიკა

სისხლში და დღეღამურ შარდში შარდმჟავას განსაზღვრით ადგენენ ჰიპერურიკემიის ტიპს. დიაგნოზის დასაზუსტებლად მნიშვნელოვანია დაზიანებული სახსრის პუნქცია და სინოვიური სითხის შესწავლა. პოდაგრისთვის დამახასიათებელია ანთებითი სითხის არსებობა და თუ მასში აღმოჩნდა ნატრიუმის ურატის კრისტალები, დიაგნოზი უტყუარია. თუ ავადმყოფს აქვს ტოფუსები ან ტოფუსისმაგვარი კვანძები, სასურველია მათი მიკროსკოპიული შესწავლა. ქრონიკული პოდაგრული პოლიართრიტისთვის პათოგნომურად მიიჩნევა  ე.წ “სახვრეტელას სიმპტომი”, რომელიც ძვალშიგა ტოფუსის რენტგენოლოგიურ ანაბეჭდს წარმოადგენს. “სახვრეტელას” რენტგენოლოგიური სიმპტომის მიზეზია ძვალშიდა ტოფუსის მიერ ქსოვილის დაშლა და ჩანაცვლება. ტოფუსი შეუფერხებლად ატარებს რენტგენის სხივებს.

მკურნალობა

პოდაგრის მკურნალობა კომპლექსურია და გულისხმობს მწვავე კრიზის კუპირებას, ბაზისური პრეპარატების გამოყენებას, მეორეული მადეფორმირებელი ოსტეოართროზის მკურნალობას, დიეტოთერაპიას, ფიზიოთერაპიას, ბალნეოლოგიურ მკურნალობას, ორთოპედიულ ოპერაციებს.

შეტევის მოხსნა

მწვავე სახსროვანი კრიზის დროს, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა წოლითი რეჟიმი, დაზიანებული კიდურის ოდნავ მაღლა აწევა. აუცილებელია დიეტოთერაპია. რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას, სახსროვანი შეტევის კუპირებისთვის გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ინდომეტაცინი, დიკლოფენაკი, კოლხიცინი, იბუპროფენი და სხვა), იშვიათად - სტეროიდული (გლუკოკორტიკოსტეროიდები). მსხვილი სახსრების ანთებითი პროცესის დროს, როდესაც ვითარდება გამოხატული სინოვიტი, იშვიათად ნებადართულია გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთჯერადი სახსარშიდა ინექცია. მწვავე პოდაგრული კრიზის ჩამთავრების შემდეგ ავადმყოფს უნდა დაენიშნოს ბაზისური თერაპია, რომელიც ხორციელდება ურიკოდეპრესანტებისა (ალოპურინოლი, მილურიტი, თიოპურინოლი და სხვა) და ურიკოელიმინატორების (ანტურანი, ეტამიდი, ბენემიდი) მეშვეობით. შარდკენჭოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება შარდის გასატუტიანებელი პრეპარატები - მაგურლიტი, სოლურანი, ბლემარენი და სხვა.

როდის არის საჭირო ორთოპედიული ოპერაცია?

ორთოპედიული ოპერაცია ნაჩვენებია სახსრის გამოხატული დეფორმაციისა და მისი ფუნქციის მკვეთრი დარღვევის დროს. დიდი ზომის კანქვეშა ტოფუსებს ამოკვეთენ. ოპერაციული ჩარევა მარტივია და უმტკივნეულო. ზოგჯერ შარდმჟავას ნაერთების ჩალაგება ისეთ გამოხატულ ძვლოვან დესტრუქციას და სახსრის ირგვლივ ქსოვილის დაზიანებას იწვევს, რომ საჭირო ხდება დაზიანებული ნაწილის (უმეტესად - ფალანგის) ამპუტაცია. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი ოპერაციული ჩარევა პოდაგრით დაავადებულს მდგომარეობას უმწვავებს, ამიტომ ქირურგიული მკურნალობა უნდა ტარდებოდეს შეტევის საწინააღმდეგო საშუალებების ფონზე.

როგორ დავიცვათ თავი?

მან, ვისაც მყარი უსიმპტომო ჰიპერურიკემია და პოდაგრის მიმართ მემკვიდრეობითი მიდრეკილება აქვს, უნდა დაიცვას დიეტა, თავი არიდოს ალკოჰოლურ სასმელებს, ცხიმოვანი საკვების მიღებას და ყველა იმ ფაქტორს, რომელსაც პოდაგრის შეტევის პროვოცირება შეუძლია.

შეიცვალეთ გემოვნება!

პოდაგრის დროს აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალს რომ გაეცნობით, ალბათ იფიქრებთ, რომ ყველზე გემრიელ კერძებს უნდა შეელიოთ. მაგრამ ჩვენი გემოვნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვევაა, რომლის შეცვლაც შესაძლებელია. დაიმახსოვრეთ ის პროდუქტები, რომლებიც თქვენს სუფრაზე იშვიათად უნდა მოხვდეს: ღვიძლი, თირკმელი, ტვინი, ენა, ნებისმიერი ხორცი, განსაკუთრებით - ახალგაზრდა ცხოველისა, თევზი, ფრინველი, ლორი, კონსერვი, ხორცისა და თევზის ნახარში, მცენარეებიდან - პარკოსნები, სოკო, ბოლოკი, ყვავილოვანი კომბოსტო, შოკოლადი, ასევე - ჩაი, ყავა, კაკაო, ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი, განსაკუთრებით - შამპანური. სვით ბევრი წყალი - დღეში 1,5 ლიტრი მაინც. კარგია ტუტე მინერალური წყლები (ბორჯომი). კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე (ხილისა, ბოსტნეულისა, ხაჭოსი).

საოჯახო რეცეპტები

  • დააყენეთ წითელი მოცვი ჩაისავით (20 გრამი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე). მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.
  • 20-20 გრამი კრაზანა, გვირილის ყვავილი, ცაცხვის ყვავილი, დიდგულას ყვავილი აურიეთ ერთმანეთში, ჩაყარეთ ფაიფურის ჭურჭელში, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და 15 წუთით ჩადგით ცხელი წყლის აბაზანაში. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე და გაფილტრეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. შეავსეთ 1 ლიტრამდე გადადუღებული წყლით და შედგით მაცივარში. მიიღეთ 1/2-1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ინახება მხოლოდ 3 დღე.
  • 3 ჩაის კოვზ მარიამსხალას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და 2 საათი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.
  • პოდაგრის გამწვავებისას მტკივანი სახსარი დაისუსხეთ ჭინჭრით, დილით კი ნავთით გაიწმინდეთ.
  • დილაობით სვით ნივრისა და ლიმონის ნაყენი.

ფიტოთერაპიის პარალელურად დილა-საღამოს, ჭამამდე 40-60 წუთით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ, მიირთვით ვაშლი.