რატომ და როდის არის საჭირო რევმატოიდული დაავადებების დროს ფიზიოთერაპიული მკურნალობის ჩართვა
თუმცა, ფიზიოთერაპიული პროცედურები კარგი დამატებაა ძირითადი მკურნალობისთვის, რადგან ხელს უწყობს მეტაბოლურ-ტროფიკული და ადგილობრივი ნეიროჰუმორული პროცესების გაუმჯობესებას, ამცირებს ტკივილის სინდრომს, აჩქარებენ ძვლისა და შემაერთებელი ქსოვილის რეგენერაციას, ამაღლებს ცხოვრების ხარისხს. ფიზიოთერაპია მიზნად ისახავს დაზიანებული სახსრების გარშემო კუნთების გაძლიერებას, მოქნილობის გაუმჯობესებას და სხეულის ბუნებრივი სამკურნალო პროცესების გააქტიურებას.
როდის არის საჭირო რევმატოიდული დაავადებების სამკურნალოდ ფიზიოთერაპიული პროცედურების ჩართვა, ამ საკითხზე გვესაუბრება „თოდუას კლინიკის“ ექიმი-რევმატოლოგი, თამთა კობახიძე.
- ქალბატონო თამთა, რა მიზანს ისახავს ფიზიოთერაპიული მკურნალობა რევმატოლოგიური დაავადებების დროს?
- რევმატოლოგიური დაავადებები მიეკუთვნება ქრონიკულ, აუტოიმუნურ, სისტემურ დაავადებათა ჯგუფს, რომელიც საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას, კონტროლსა და შესაბამის სამკურნალო-სარეაბილიტაციო მედიკამენტურ თუ არამედიკამენტურ თერაპიას. ფიზიოთერაპია კი - ეს არის „ბუნებით მკურნალობა“. თანამედროვე ფიზიოთერაპია კი ძირითადად გულისხმობს აპარატული მეთოდებით მკურნალობას, რომელშიც თავმოყრილია ბუნებრივი მოვლენების მიმართულებები, მაგალითად: ლაზეროთერაპია მზის სხივების მთელი გამით მკურნალობაა, ნებისმიერ კვანტური ლაზეროთერაპიის თავაკში მოიპოვება ულტრაიისფერი, ულტრაწითელი, ინფრაწითელი და სხვა სხივები. ელექტროთერაპია კი ეს არის ფიზიოთერაპიის ის მიმართულება, რომლის დროსაც ელექტროველის კანსა და კანქვეშა ქსოვილზე ზემოქმედებენ.
ელექტროთერაპიის სახეობებია:
- ელექტრომიოსტიმულაცია (ძირითადად კუნთებზე ზემოქმედების მუხტია, რომლის მიზანია კუნთის მოჭიმვა ან რელაქსაცია, ანუ მოდუნება). ელექტრონეიროსტიმულაცია (გათვლილია სპონდილოზების ან სხვა ნერვული დაბოლოებების პათოლოგიური დაზიანების დროს);
- გალვანიზაცია (ერთადერთი სახეობის დენი რომლითაც შესაძლებელია როგორც სტიმულაცია, აგრეთვე მედიკამენტური მკურნალობა), გალვანიზაცია არის ელექტროფორეზის საფუძველი.
- რევმატოლოგიური პათოლოგიით დაავადებულ პაციენტთა ფიზიოთერაპიული მკურნალობა გვაძლევს კლინიკურად არსებული ცვლილებების გაუმჯობესებას.
- როდის დგება ფიზიოთერაპიული მკურნალობის ჩართვის საკითხი რევმატოლოგიური დაავადებების დროს?
- არსებობს რევმატოლოგიური დაავადებები, რომლებიც მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად ფიზიოთერაპიულ მკურნალობასაც საჭიროებს: მაგალითად, ისეთი რევმატოლოგიური ცვლილება, როგორიც არის მხრის სახსრის ბურსიტი (სახსრის ანთება). აღნიშნული ცვლილება შეიძლება იყოს დამოუკიდებლად, გარკვეული მექანიკური ზემოქმედების ან ტრავმის შედეგად, ან შეიძლება თან ახლდეს ისეთ ქრონიკულ აუტოიმუნურ სისტემურ დაავადებებს, როგორიც არის:
- რევმატოიდული ართრიტი;
- ფსორიაზული ართრიტი;
- მაანკილოზირებელი სპონდილიტი;
- იდიოპათიური ნიკრისი, იგივე პოდაგრული ართრიტი და ა. შ.
ფიზიოთერაპიული მკურნალობა კონკრეტულ დაზიანებულ სახსარზე პარალელურად მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად შეიძლება დაიწყოს.
- მკურნალობის დაწყებამდე რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა?
- ფიზიოთერაპიულ მკურნალობამდე აუცილებელია შეფასდეს პაციენტის ობიექტური მონაცემები, განისაზღვროს ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული მაჩვენებლები, რადგან სწორად დაისვას დიაგნოზი და მკურნალობის სწორი ტაქტიკა შეირჩეს. მოგეხსენებათ, ფიზიოთერაპიული ჩართულობა არ არის საჭირო ყველა რევმატოლოგიური დაავადების დროს.
- ფიზიოთერაპიული მკურნალობის საშუალებებიდან რომელი და როდის გამოიყენება რევმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ?
- ფიზიოთერაპიის ჩართულობა რევმატოლოგიური პათოლოგიის დროს საჭიროა მწვავე ან ქვემწვავე პროცესის კუპირებისთვის, მაგალითად: მუხლის სახსრის ანთება (გონიტი), შეშუპება, ჰიპერემია, ჰიპერთერმია, რომელიც საჭიროებს როგორც მედიკამენტურ თერაპიას, ისე ფიზიოთერაპიული კურსის ჩატარებას, მიზანშეწონილია ფონოფორეზი მედიკამენტის მეშვეობით.
- როდის არ შეიძლება რევმატოლოგიური დაავადებების დროს ფიზიოთერაპიული მკურნალობა?
- მოგეხსენებათ არსებობს რიგი რევმატოლოგიური სისტემური დაავადებები, მაგალითად:
- სისტემური წითელი მგლურა;
- სისტემური სკლეროდერმია;
- სისტემური ვასკულიტი;
- შოგრენის სინდრომი და ა.შ. რომელთა დიაგნოსტირების შემთხვევაში ფიზიოთერაპიული ჩარევა არ არის რეკომენდებული.