სახსრების ტკივილი, შეშუპება, შეწითლება და ტემპერატული რეაქცია
- ახასიათებს თუ არა ტკივილის დროს სახსრის არეს შეშუპება, შეწითლება, ტემპერატურული რეაქცია?
დიახ, რევმატული დაავადებების დროს სახსრის ტკივილს თან სდევს მისი გარეგნული ცვლილებებიც. მაგალითად, პოდაგრული პოლიართრიტი იწყება ერთბაშად, ღამით, ტერფის, ცერის, წინატერფ-ფალანგთა სახსრის ართრიტით. შეტევას ახასიათებს უძლიერესი ტკივილი, სახსრის სწრაფი შესივება, კანის ჰიპერემია (შეწითლება), ციანოზური ელფერი, დაჭიმულობა და ბზინვარება.
შესივებული ქსოვილი შეხებისას მკვრივია, ადგილობრივი ტემპერატურა მომატებულია, მოძრაობა - შეზღუდული, ავადმყოფს აღენიშნება ციებ-ცხელება, შემცივნება... ასეთი მძაფრი კლინიკა არც ერთ ართროლოგიურ დაავადებას არ ახასიათებს. ართროზული პროცესი პერიოდულად რეაქტიული სინოვიტით რთულდება. ამ შემთხვევაში ტკივილი ძლიერდება, სახსარი სივდება, იმატებს კანის ადგილობრივი ტემპერატურა. რევმატოიდული ართრიტის დროს ხელის თითები თითისტარივით მსხვილდება და ციანოზურ ელფერს იღებს, კანი ჰიპერპიგმენტაციას განიცდის. პროცესში ანალოგიურად ერთვება სხვა სახსრებიც.
- რას გვირჩევთ სახსრების არეში ტკივილის მოსახსნელად?
- რევმატული დაავადებები მრავალფეროვანია. მათი მიმდინარეობა ძირითადად ქრონიკულია და, შესაბამისად, მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. მწვავე პერიოდში საჭიროა მედიკამენტური მკურნალობა. პარალელურად შესაძლებელია ფიზიოთერაპიისა და კურორტული მკურნალობის ჩატარება. სახსრების ქრონიკული დეგენერაციული დაავადებების დროს დაზიანებული სახსრები ზედმეტი დატვირთვისგან უნდა დავიცვათ. ქვედა კიდურების სახსართა ოსტეოართროზის დროს რეკომენდებულია ისეთი აქტივობის შეზღუდვა, როგორიც არის სირბილი, ხტომა, ჩაბუქვნა. სახსრების მდგომარეობას აუარესებს და ტკივილს აძლიერებს სწრაფი და ხანგრძლივი სიარული, განსაკუთრებით - უსწორმასწორო ზედაპირზე, ასევ - აღმართზე ასვლა, კიბეზე ასვლა-ჩასვლა. გარდა ამისა, უნდა ვერიდოთ სიმძიმეების აწევასა და გადატანას. ყველა ამ სახის აქტივობის დროს დაზიანებულ სახსრებზე მოქმედებს ძალა, რომელიც გაცილებით აღემატება სხეულის წონას და უკვე სახეცვლილი ხრტილისათვის საზიანოა. ამასთანავე, მიზანშეწონილია:
- წონის კორექცია;
- სწორი კვება;
- მოხერხებული ფეხსაცმლის ტარება;
- სამკურნალო ვარჯიშები.
სპორტის სახეობათაგან ყველაზე მისაღებია ცურვა. რევმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა აუცილებლად ექიმმა რევმატოლოგმა უნდა ჩაატაროს.