კიდევ ერთხელ ფსორიაზზე

ქრონიკულად დეპრესიაში მყოფ პაციენტებს მზის ნათება გუნება-განწყობასაც პოზიტიურად უცვლის. ზღვის კურორტიდან დაბრუნებულები ხომ თავს ყოველმხრივ უკეთ გრძნობენ, რადგან შეუძლიათ, ჩვეული პრობლემები რამდენიმე ხნით მიივიწყონ. ამას თავისი რეალური საფუძველიც აქვს - თალასოთერაპია (ზღვის, ტენიანი ჰაერისა და მზის ერთობლივი ზემოქმედება) ფსორიაზის დროს განსაკუთრებულ ეფექტს იძლევა.
ფსორიაზთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება დერმატოკოსმეტოლოგიური კლინიკა “დერმ-არტის” ექიმი დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი ქეთევან ბერიანიძე.
ფსორიაზის წარმოშობას, როგორც ცნობილია, სხვადასხვა თეორიით ხსნიან. რა სიახლეა სადღეისოდ ამ კუთხით?
- ფსორიაზის ეტიოლოგია, სამწუხაროდ, დღემდე უცნობია და აქტიური კვლევის საგანს წარმოადგენს. მოგეხსენებათ, ის ქრონიკული არაინფექციური ბუნების დაავადებაა, რომელიც აზიანებს კანს, ფრჩხილებსა და სახსრებს. ფსორიაზი საკმაოდ გავრცელებულია - მის წილად მოდის კანის დაავადების შემთხვევათა 2-4%. დაავადება უმეტესად ზრდასრულ ასაკში იჩენს თავს, ხოლო მამაკაცები ქალებზე ხშირად ავადდებიან.
ფსორიაზი გენეტიკურად დეტერმინირებული პათოლოგიაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დაავადებისადმი მემკვიდრეობითი განწყობა თაობებს შთამომავლობით გადაეცემათ. სტრესი, ვიტამინების ნაკლებობა (კერძოდ, A ვიტამინის დეფიციტი), ანტიბიოტიკების დარტყმითი დოზები, სტრეპკოკოკული ინფექცია ფსორიაზის მაპროვოცირებელ ფაქტორებად გვევლინება.
ფსორიაზი შესაძლოა თან ახლდეს ისეთ ენდოკრინულ დაავადებას, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი. თავად ფსორიაზით დაავადებულებსაც ხშირად აქვთ ენდოკრინული პათოლოგიები და ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა დარღვევა, რაც, მაგალითად, მელატონინის სეკრეციის მოშლით ან ინსულინის დონის მომატებით გამოიხატება.
ცნობილია, რომ აქტიურად განიხილავენ ფსორიაზის განვითარებაში აუტოიმუნური მექანიზმების როლსაც...
- რამდენიმე თეორია არსებობს - გენეტიკური, ნერვულ-ინფექციური, აუტოიმუნური, თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ფსორიაზი დღემდე გაურკვეველი ეტიოლოგიის დაავადებად რჩება.
ძირითად სიმპტომებზე რას გვეტყვით?
- ფსორიაზისთვის დამახასიათებელია აქერცვლადი პაპულების განვითარება. დაავადება არ არის გადამდები. თუმცა იმის გამო, რომ ვიზუალიზდება, ფსიქოემოციური თვალსაზრისით, კანის სხვა დაავადებათა მსგავსად, მეტად მძიმე და რთულია.
გამონაყარი უმთავრესად სხეულის გამშლელ არეებზე - მუხლებზე, იდაყვებზე, ასევე - თავის თმიან ნაწილზე ჩნდება, საზოგადოდ კი შესაძლოა, სხეულის ნებისმიერი არე მოიცვას. ფსორიაზულ გამონაყარს მეტწილად სიმეტრიული ხასიათი აქვს. ფსორიაზული ელემენტები ზოგჯერ იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ მთელ ტანს ედება. სახესა და ლორწოვანზე გამონაყარი იშვიათია.
მართალია, პაპულები იქერცლება და ხშირად ძალიან ჰგავს სოკოვან პათოლოგიას, მაგრამ უნდა მოხდეს მისი სწორად დიფერენცირება და დიაგნოსტიკა. ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ გარშემო მყოფთათვის საშიში არ არის.
ფსორიაზული ელემენტები დროდადრო ფერმკრთალდება და პიგმენტირებულ უბნებს ტოვებს.
რამდენად ხშირია ქავილის გამო მეორეული ინფექცია?
- ქავილი შეიძლება იყოს სუსტიც და ძლიერიც. მეორეული პიოდერმიით ფსორიაზი იშვიათად რთულდება, თუმცა არსებობს დაავადების პუსტულოზური ფორმა. ამ დროს პუსტულები - ჩირქის შემცველი ბუშტუკები - მექანიკური გაღიზიანების გამო შესაძლოა მეორეული ინფექციის კარიბჭედ იქცეს, თუმცა ეს მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, იმუნურ სტატუსსა და სხვა ფაქტორებზე.