როგორ ვებრძოლოთ ფეხის ფრჩხილის სოკოს
თავდაპირველად აღვნიშნავ, მცენარეული საშუალებები, საზოგადოდ, სოკოს საწინააღმდეგო მცირე აქტივობით გამოირჩევა, აქედან გამომდინარე, ფეხის ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ ხალხური მეთოდები ნაკლებეფექტურია, თუმცა დაავადების ადრეულ სტადიაზე ეფექტი შესაძლოა მოახდინოს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მკაცრად დაიცავთ ჰიგიენას, სამკურნალოდ მოწოდებულ მცენარეთა ექსტრაქტების (გამონაწვლილების) კონცენტრაციას და სხვა რეკომენდაციებს ნაყენებისა თუ ნახარშების მომზადება-გამოყენების თაობაზე.
როდესაც ხალხური საშუალებები ვერ ამარცხებს ფრჩხილის სოკოს, აუცილებელია ექიმ სპეციალისტთან ვიზიტი კვალიფიციური სამედიცინო დახმარებისთვის და სათანადო მკურნალობა.
შორს წასულ შემთხვევებში სათანადო შედეგი ხშირად არათუ ხალხური, კლასიკური მეთოდითაც ვერ მიიღწევა.
დიდი მნიშვნელობა აქვს პათოლოგიური პროცესის კერაში სამკურნალო საშუალებათა საჭირო კონცენტრაციით მოხვედრას - წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედი კომპონენტის მიმართ სოკო გამძლეობას გამოიმუშავებს, შედეგად ჩამოყალიბდება ე.წ. რეზისტენტული ფორმები და სოკოვან ინფექციასთან ბრძოლა გართულდება. საჭირო გახდება ხანგრძლივი და კომპლექსური მკურნალობა.
ახლა კი - უშუალოდ ხალხური საშუალებების შესახებ:
- კარგ ეფექტს იძლევა დაავადებულ ფრჩხილზე იოდის ნაყენის წასმა. პროცედურა დღეგამოშვებით უნდა ჩაიტაროთ, ღამით, ძილის წინ, შხაპის შემდეგ, მანამდე, სანამ პათოლოგიური პროცესი არ ალაგდება.
- ფეხის ფრჩხილის სოკოს ებრძვის ქრისტესისხლას კონცენტრირებული ნახარში. დაავადებული ტერფი თბილ ნახარშში ნახევარი საათი უნდა გააჩეროთ. ფეხის აბაზანებთან ერთად რეკომენდებულია დღის განმავლობაში დაზიანებულ ფრჩხილზე კომპრესების დადება.
- ზაფხულში სასარგებლოა ასფურცელას ფოთლების კომპრესი. ახალდაკრეფილი ფოთლები დაავადებულ თითებზე უნდა დაიფინოთ და ბანდით გადაიხვიოთ.
- დანაყილ ნიორს შეურიეთ კარაქი და რეგულარულად შეიზილეთ დაზიანებულ ფრჩხილში.
- თუ ძმარზე ალერგია არ გაქვთ, კვირაში ერთხელ, ძილის წინ, დაზიანებულ ფრჩხილზე 9%-იანი ძმრის კომპრესი გაიკეთეთ: თითზე დაიდეთ ძმარში დასველებული დოლბანდის პატარა ტამპონი, ზემოდან დაიფინეთ ცელოფნის ნაჭერი და შეიხვიეთ. დილით დაზიანებული ფრჩხილი ადვილად მოგძვრებათ.
ფეხის ფრჩხილის სოკოსთან ბრძოლისას დიდი მოთმინება გმართებთ, რადგან მისი მოსპობა ბევრ დროს მოითხოვს. მკურნალობის პროცესში ცალკეული მეთოდები მონაცვლეობით უნდა გამოიყენოთ გარკვეული პერიოდულობით. მკურნალობა არ უნდა შეწყვიტოთ, სანამ პათოლოგიური პროცესი არ ალაგდება. წინააღმდეგ შემთხვევაში გაღებული ძალისხმევა წყალში ჩაგეყრებათ და ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევთ.
მკურნალობას თან უნდა ახლდეს სათანადო ჰიგიენაც - ფეხები დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა გაიგრილოთ ცივი წყლით, წინდები დღეში ორ-სამჯერ, უკიდურეს შემთხვევაში, ერთხელ მაინც იცვალოთ, ფეხსაცმელი რეგულარულად წმინდოთ აფთიაქში შეძენილი ფორმალდეჰიდით.