ადამიანის კანი
გენზე, რომლებიც განაგებს ორგანიზმში პიგმენტ მელანინის გამომუშავებას. ეს გენები ოთხ სხვადასხვა ქრომოსომაშია ლოკალიზებული. რაც უფრო მეტ აქტიურ გენს შეიცავს უჯრედი, რომელიც მელანინს ასინთეზებს, მით უფრო მუქია კანი. ყველაზე მუქკანიან ადამიანებს ამ გენების რვა აქტიური ალელი აქვთ, ყველაზე ღია კანის ფერის მქონეებს კი არც ერთი აქტიური ალელი არ გააჩნიათ. ადამიანის კანის ფერს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ისიც, დედამიწის რომელ კუთხეში ცხოვრობდნენ მისი წინაპრები.
-
კანის პიგმენტები
კანი სამი სახის საღებავს ანუ პიგმენტს შეიცავს:
- მელანინს,
- კაროტინს,
- ჰემოგლობინს.
-
-
მელანინი
-
მელანინი პიგმენტია, რომელსაც შეიცავს კანი, თმა და თვალის ფერადი გარსი. იგი ნახშირწყლისგან, აზოტისა და წყალბადისგან შედგება, თანაფარდობით 1:5:5. ზოგ შემთხვევაში მასში გოგირდიც არის - 2-დან 12%-მდე. მელანინი არ იხსნება წყალში, მჟავასა და ორგანულ გამხსნელებში. გამონაკლისია თმის პიგმენტი. იგი ადვილად იხსნება ტუტეებში და სწორედ ამიტომ არის, რომ საღებავები ადვილად უცვლის ფერს თმას. როდესაც თეთრკანიანი ადამიანი დიდ ხანს ატარებს მზეზე, მის კანში დიდი რაოდენობით მელანინი წარმოიქმნება და იგი მუქდება - ირუჯება. კანში მელანინის დაგროვება ერთგვარი დამცავი რეაქციაა - იგი იცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, რომლის სიჭარბეს შეუძლია კანის კიბო გამოიწვიოს. სწორედ მელანინი შთანთქავს ჭარბ და მავნებელ ულტრაიისფერ სხივებს.
-
-
კაროტინი
-
მეორე პიგმენტი კაროტინია. ეს ყვითელი ნივთიერებაა, რომელიც ყველაზე მეტია სტაფილოსა და კვერცხის გულში. როგორც მელანინს, კაროტინსაც ყველა ადამიანის კანი შეიცავს. ბაცი შეფერილობის გამო იგი ნაკლებად ხვდება თვალს, ვინაიდან მუქი მელანინი ფარავს. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც მელანინის მცირე შემცველობის ფონზე კაროტინის სიჭარბე აღენიშნებათ. სწორედ ასეთები არიან აღმოსავლეთ აზიის მცხოვრებნი. მათ ყვითელკანიანებს უწოდებენ.
-
ჰემოგლობინი
მესამე პიგმენტი ჰემოგლობინია. იგი სისხლს წითელ ფერს სძენს. სისხლძარღვებში სისხლთან ერთად გამდინარე ჰემოგლობინი პრაქტიკულად არ ჩანს. მას მთლიანად ფარავს მელანინი და კაროტინი. ჰემოგლობინი ადვილი შესამჩნევია თეთრკანიან ადამიანებში. სწორედ იგი სძენს კანს ვარდისფერს და სახის წამოწითლებაც მისი დამსახურებაა. ამ სამი პიგმენტის თანაფარდობის მიხევდით იყოფიან ადამიანები შავკანიანებად, ყვითელკანიანებად და თეთრკანიანებად. შავკანიანების კანში ჭარბადაა მელანინი, ყვითელკანიანებს ამ პიგმენტის შემცველობა მცირე აქვთ, ხოლო კაროტინისა - მაღალი, თეთრკანიანების კანში კი ცოტაა როგორც მელანინი, ისე კაროტინი.
-
თეთრი ადამიანები
არის შემთხვევები, როდესაც ორგანიზმში ირღვევა მელანინის სითეზი და ვითარდება ალბინიზმად წოდებული დაავადება, როდესაც ადამიანის კანი, თმა, თვალის ფერადი გარსი და ბადურა მელანინს არ შეიცავს. ალბინიზმი გენეტიკური დაავადებაა. ამ დროს ორგანიზმში არ არსებობს მელანინის მასინთეზებელი ფერმენტი თიროზინაზა და მელანინი ვერ წარმოიქმნება.
ალბინოსებს აქვთ ვარდისფერი კანი და მოწითალო თვალები - უფერული ბადურა და ფერადი გარსების ქვეშ კარგად მოჩანს სისხლძარღვები. თმა ალბინოსებს სრულიად თეთრი აქვთ. ხშირად აღენიშნებათ მხედველობის ცვლილებებიც: მხედველობის სიმახვილის დარღვევა, ასტიგმატიზმი და სინათლისადმი ჰიპერმგრძნობელობა.
-
კანის ჯირკვლები
კანში სამი სახის ჯირკვლებია: საოფლე, ქონისა და ცვილისა.
საოფლე ჯირკვალი წვრილ მილს წააგავს, რომლის ერთი ბოლო საოფლე ხვრელით კანში იხსნება, მეორე კი გორგალივით არის მომრგვალებული. ადამიანს საშუალოდ ორიდან თხუთმეტ მილიონამდე საოფლე ჯირკვალი აქვს. ისინი ყველაზე უხვადაა ხელისგულების, შუბლის, ზურგისა და საზარდულის არეში. ქონის ჯირკვლებით განსაკუთრებით მდიდარია კანის შუა ფენა. ადამიანის კანში დაახლოებით 900 ათასი ასეთი ჯირკვალია. ისინი ყველაზე მეტია თავის, სახის, ზურგისა და გულმკერდის კანზე, ხელისგულებსა და ტერფებზე კი თითქმის არ არის.
-
თმა და ფრჩხილები
თმა და ფრჩხილები კანის რქოვანი წანაზარდებია, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში იზრდება. თმა შედგება თმის ღერისგან, ბოლქვისგან, პარკისგან, ფესვის ანუ ძირისა და მათთან დაკავშირებული თმის გამმართველი კუნთებისგან. თმის ფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენი პიგმენტია მის არხში, რომელიც ასაკთან ერთად ილევა. მის ადგილს ჰაერის ბუშტუკები იკავებს. სწორედ ამის ბრალია გაჭაღარავება და თმის გათეთრება.
ფრჩხილი ეპიდერმისის გარქოვანებული ფირფიტაა, რომელიც თითის დისტალური ფალანგის ნახევარს ფარავს. ხელის ფრჩხილები კვირაში 1 მმ-ით იზრდება, ფეხისა კი ამაზე დაახლოებით სამ-ოთხჯერ ნელა. ფრჩხილის ზრდა და სისქე ორგანიზმის მდგომარეობაზე, პროფესიაზე, ცხოვრების წესსა და ასაკზეა დამოკიდებული.
-
კანის ფუნქციები
კანი მეტად მნიშვნელოვან ფუნქციებს ახორციელებს:
- დამცველობითი - მასში არსებული ნერვული უჯრედები აღიქვამენ ტკივილს, წნევას, სითბოსა და სიცივეს, ქავილს, ღუტუნს, ჩქმეტასა და ნებისმიერი სახის მექანიკურ თუ ქიმიურ გაღიზიანებას. პიგმენტი მელანინი, როგორც კი ულტრაიისფერ გამოსხივებას შეიგრძნობს, ინტენსიურად იწყებს წარმოქმნას, ფართოვდება, სქელდება, ამცირებს სხივების შთანთქმის ხარისხს და ამით ორგანიზმს მათი მავნე ზემოქმედებისგან იცავს.
- გამომყოფი - საოფლე ჯირკვლების მეოხებით ორგანიზმიდან გამოიყოფა ჭარბი სითხე, მარილები და ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტები.
- თერმოსარეგულაციო - საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების საშუალებით კანი ზამთარ-ზაფხულ ერთნაირ ტემპერატურას ინარჩუნებს, რითაც ორგანიზმს გადაცივებისა და გადახურებისგან იცავს.
- ანტიბაქტერიული - ჯანსაღი კანი დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს ორგანიზმში არ უშვებს. ამასთანავე, ოფლისა და ქონის ჯირკვლების სეკრეტი ქმნის მჟავა გარემოს, რომელიც ხელს უშლის მათ გამრავლებას. დაბოლოს, კანი ანტისხეულებს გამოიმუშავებს და თვითონვე სპობს მასზე მოხვედრილ მიკრობებს.
- სამკურნალო-თერაპიული - მრავალი სამკურნალო საშუალება სწორედ კანის ფორების მეშვეობით აღწევს ორგანიზმში სამიზნე ორგანომდე.
- კოსმეტიკური - ცხიმოვანი ჯირკვლები თმას ბზინვარებასა და ელასტიკურობას სძენს. კოსმეტიკურ საშუალებათა მთავარი ეფექტი სწორედ კანის ადსორბციულ თვისებას ეფუძნება.
-
კანის ტიპები
შენების მიხედვით, სახელდობრ კი მასში წყლისა და ლიპიდური ბალანსის გათვალისწინებით, კანის ოთხი ტიპია ცნობილი:
- ნორმალური,
- მშრალი,
- ცხიმიანი (პრობლემური),
- კომბინირებული (შერეული).
-
ნორმალური კანი
ეს ტიპი ყველაზე ხშირად პატარა ბავშვებს აქვთ. იგი მოვარდისფროა, რბილი, გლუვი, სუფთა, ელასტიკური, ზომიერად ხავერდოვანი, არ აქვს წითელი ლაქები, ანთებითი უბნები, დიდი ფორები, არ გააჩნია გამონაყარი, თეთრი და შავი ფერის წერტილები, მით უფრო, მასზე არ არის დაჩირქებული უბნები. ასეთ კანზე ბევრი ქალი ოცნებობს, მისი ყველაზე დიდი ღირსება სიმკვრივეა. იგი პრაქტიკულად არ ქმნის პრობლემებს, მშვენივრად იტანს სიცხესა და სიცივეს, ყინვასა და ქარს.
-
მშრალი კანი
ნორმალურისგან განსხვავებით, იგი პრაქტიკულად არ აქვთ ბავშვებსა და მოზარდებს. იგი მოვარდისფრო-მოყვითალოა, ნაზი, თხელი და მცირეფორებიანი, მიდრეკილია აქერცვლისკენ. ადვილად უჩნდება ნაოჭები და ღრმა ნაკეცები, მტკივნეულად რეაგირებს დასაბან საშუალებებზე. სიცივესა და ქარში შესაძლოა გაწითლდეს და აიქერცლოს. მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რადგან ყოველთვის მტკივნეულად რეაგირებს არასწორად შერჩეულ კოსმეტიკაზე.
-
ცხიმიანი კანი
ცხიმიანი კანი უმეტესად ახალგაზრდებს აქვთ სქესობრივი მომწიფების ასაკში, თუმცა მათ 10%-ს ასეთი კანი ზრდასრულ ასაკშიც გაჰყვება და ბოლომდე რჩება. აქვს მოყვითალო-მონაცრისფრო ფერი, პრიალაა და ცხიმიანი, ყველაზე ხშირად - სახის ცენტრალურ ნაწილში: შუბლის, ცხვირისა და ნიკაპის არეში. მასზე კარგად ჩანს გაფართოებული ფორები, რომლებიც კანს გამონაყარისკენ მიდრეკილს ხდის. ეს პრობლემური ტიპია, თუმცა ბევრი დადებითი თვისებაც აქვს: კარგადაა დაცული გამოშრობისგან და მაქსიმალურად ხანგრძლივად ინარჩუნებს სიგლუვესა და სიმკვრივეს. მასზე ნაოჭები გაცილებით გვიან ჩნდება, ვიდრე სხვა ტიპის კანზე.
-
კომბინირებული კანი
ის რამდენიმე ტიპის ელემენტებს შეიცავს: ლოყებზე მშრალი ან ნორმალურია, შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპზე - ცხიმიანი. იგი კანის ყველაზე გავრცელებული ტიპია და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.