მელაზმა და მისი მკურნალობის მეთოდები
შუბლს, ცხვირის ხიდს და კანის უბანს ცხვირსა და ზედა ტუჩს შორის. ასეთი ჰიპერპიგმენტური უბნები, ჩვეულებრივ, უვლინდებათ ორსულ ქალებს, ასევე იმ ქალებს, რომლებიც იყენებენ ორალურ კონტრაცეპტივებს. მელაზმა შედარებით იშვიათად უვითარდებათ ქალებს, რომლებიც იღებენ კანის მომატებული ფოტომგრძნობელობის მაპროვოცირებელ მედიკამენტებს.
მელაზმის გამომწვევი მიზეზები
ექსპერტების უმეტესობა მელაზმის განვითარებას ორსულობას უკავშირებს, რის გამოც ორსული ქალის სახეზე განვითარებულ სპეციფიკურ ლაქებს „ორსულის ნიღაბს“ უწოდებენ. როგორც წესი, მშობიარობის შემდეგ ჰიპერპიგმენტაციის უბნები თავისთავად ქრება. თუმცა მელაზმა არა მხოლოდ ორსული ქალების ხვედრია და ყველა ქალსაც არ უქრება თავისთავად.
ანომალიური პიგმენტაცია, გენეტიკურის გარდა, შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი ფაქტორებით:
- გარკვეული მედიკამენტების მიღებით – ჰორმონული პრეპარატების, გარკვეული ჯგუფის ანტიბიოტიკების და სხვა;
- ულტრაიისფერი სხივების გადაჭარბებული ზემოქმედებით, განსაკუთრებით მგრძნობიარე კანის სპეციალური კრემებით დაუცველობის შემთხვევაში. უფრო ხშირად ეს ეხება ღია ფონოტიპების კანის მფლობელებს. მელანინი არის პიგმენტი, რომელიც იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან და ვლინდება რუჯის სახით კანის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების საპასუხოდ. თუმცა, მელაზმის განვითარების შემთხვევაში, ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო კანი იწყებს ზედმეტად რეაგირებას მზის გამოსხივებაზე, ასინთეზებს (გამოიმუშავებს) მელანინს მომატებული რაოდენობით და იწვევს სახეზე პიგმენტური ლაქების გაჩენას;
- ჰორმონული ფონის სხვადასხვა ცვლილებით, რომელიც უკავშირდება როგორც ორსულობას, ასევე განპირობებულია სხვა მიზეზებით.
სხვადასხვა კოსმეტიკურმა საშუალებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კანის გარკვეულ უბნებში პიგმენტის გამომუშავების (წარმოქმნის) გაძლიერება. ზოგიერთ შემთხვევაში მელაზმა კოსმეტიკური საშუალებების მიმართ განვითარებული ალერგიის შედეგია. მელაზმის ტიპის ჰიპერპიგმენტაცია შეიძლება გამოვლინდეს ფარისებრი ჯირკვლის არაადეკვატური ფუნქციობის შემთხვევაში.
განასხვავებენ მელაზმის სამ ტიპს:
- დერმული ტიპი. ამ ტიპს ახასიათებს არამკაფიო საზღვრების მქონე ღია ყავისფერი ლაქები. დერმული ტიპი ძალიან ძნელად იკურნება;
- ეპიდერმული ტიპი. ეს ტიპი ვლინდება მკაფიო საზღვრების მქონე მუქი ყავისფერი ლაქებით, რომლებიც ადვილად განისაზღვრება სინათლის სუსტი სხივების დროსაც კი. ამ ტიპის მელაზმა საკმაოდ წარმატებით იკურნება;
- შერეული ტიპი. ამ ტიპს ახასიათებს მელაზმური ლაქების არაერთგვაროვანი (ჰეტეროგენული) პიგმენტაცია – შეინიშნება როგორც ღია, ასევე მუქი ტონების ლაქები. შერეული ტიპი ექვემდებარება მკურნალობას, თუმცა კანის ზოგიერთი უბანი უკეთესად რეაგირებს, ზოგი კი უარესად.
მელაზმის მკურნალობა
თუ მელაზმა ორსულობით იქნა პროვოცირებული, მაშინ მშობიარობისა და ლაქტაციის შეწყვეტის შემდეგ პიგმენტური ლაქები, ჩვეულებრივ, ფერმკრთალდება და მალევე თავისით ქრება. მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც მელაზმა სხვა მიზეზების გამო განვითარდა, ჩვეულებრივ, საჭიროა საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობა.
პირველი თერაპიული ხაზი მოიცავს კანზე გარეგანი საშუალებების გამოყენებას მელანინის გამომუშავების დაბლოკვის მიზნით, ესენია: შენიღბვის სხვადასხვა საშუალება (ტონალური კრემები, კორექტორები და ა.შ.), მზისგან დამცავი საშუალებები არანაკლებ SPF50 დაცვის დონით. უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც უწყობს ხელს ჰიპერპიგმენტაციის არიდებას თავის დამცავი საშუალებები, ე.წ. თავსაბურავები (თავსაფრები, ქუდები და ა.შ.). კანის გასაღიავებლად (გასანათებლად) გამოყენებული საშუალებები პირობითად შეიძლება დაიყოს გამაღიავებელ (რომელიც ხელს უწყობს უკვე არსებული პიგმენტაციის აღმოფხვრას) და მელანინის სინთეზის დამბლოკველ საშუალებებად (აფერხებს ახალი პიგმენტური ლაქების განვითარებას).
მეორე თერაპიული ხაზი უფრო მეტად ინვაზიურია, მოითხოვს უფრო სერიოზულ დამოკიდებულებას და დიდ ხარჯს. კარგი თერაპიული ეფექტი მიიღწევა მხოლოდ კომბინირებული თერაპიის შემდეგ, რომელიც მოიცავს ფოტოთერაპიას, ლაზეროთერაპიას და ქიმიურ პილინგს.
გარდა ამისა, აუცილებელია შემდეგი სამკურნალო-პროფილაქტიკური ზომების გამოყენება:
- აუცილებლად უნდა შეწყდეს ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღება;
- არ არის რეკომენდებული ისეთი კვებითი დანამატების, საკვები პროდუქტებისა თუ მედიკამენტების მიღება, რომლებსაც გააჩნიათ ფოტომასენსიბილიზებელი (ფოტომგრძნობელობის გამაძლიერებელი) მოქმედება;
- მთელი წლის განმავლობაში რეკომენდებულია კანზე მზისგან დამცავი ისეთი საშუალებების წასმა, რომელთაც აქვთ დამცავი ფაქტორების ფართო სპექტრი;
- კანის კოსმეტიკური წმენდისთვის არ არის სასურველი აგრესიული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება;
- არ უნდა დაუშვათ კანის ზედმეტი სიმშრალე, საჭიროა კანის რეგულარულად დატენიანება.
ჰიპერპიგმენტაციის შესამცირებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები, რომელთა მოქმედება მიმართულია მელანინის წარმოების (გამომუშავების) დასათრგუნად: ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები, აზელაინის მჟავა, ჰიდროქინონი (უკუნაჩვენებია ორსულობის დროს), კოჯიკის მჟავა.
გარდა ამისა, წარმატებით გამოიყენება მელაზმის სამკურნალო ეგრეთ წოდებული ამქერცლავი მეთოდი, რომელიც მოიცავს სპეციალური ქიმიური რეაგენტების გამოყენებას (ადგილობრივი რეტინოიდები, სალიცილის მჟავა, გლიკოლისა და რძემჟავები).
დასასრულ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მელაზმის მკურნალობის ყველა ჩამოთვლილი მეთოდი აუცილებლად უნდა განხორციელდეს ამ დარგის კვალიფიციური სპეციალისტის, კერძოდ, დერმატოლოგის ან დერმატოლოგ-კოსმეტოლოგის მეთვალყურეობით.