როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდა კანი

.
კანის გაახალგაზრდავების მეთოდებზე კლინიკა "ესთეტიკ სერვისის" ექიმი დერმატოკოსმეტოლოგი ია დარსაველიძე გვესაუბრება.
ქალბატონო ია, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ქალმა კანზე ზრუნვა?
- ადამიანის ყველაზე დიდი და იმავდროულად მნიშვნელოვანი ორგანო კანია. ჩვენს სხეულზე არ არსებობს უბანი, კანით რომ არ იყოს დაფარული. ამიტომ კანის მოვლა სიცოცხლის პირველივე დღეებიდან უნდა დავიწყოთ (მოგეხსენებათ, ჩვილის კანი ძალიან სათუთი და ნაზია).
კანს სჭირდება დატენიანება, დროთა განმავლობაში - გამკვრივებაც. დერმატოკოსმეტოლოგის ჩარევა დაახლოებით 25 წლიდან არის რეკომენდებული. ეს ის ასაკია, როდესაც დაბერების პროცესი ბიოქიმიურ დონეზე მიმდინარეობს და ჩვენი ახალგაზრდობის განმაპირობებელი ნივთიერებების სინთეზი ნელ-ნელა იკლებს. ქალებს ჰგონიათ, რომ კანის მოვლა 50 წლიდან უნდა დაიწყონ; სინამდვილეში უნდა დაიწყონ მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგება.
ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია, ამიტომ საჭიროა, ქალი დერმატოკოსმეტოლოგს ეწვიოს. ის დაათვალიერებს და სწორად შეურჩევს კოსმეტიკურ საშუალებებსა და პროცედურებს. მოგეხსენებათ, კანი რამდენიმე ტიპისაა. მშრალ და ცხიმიან კანს განსხვავებული მოვლა სჭირდება. ასევე, სხვადასხვანაირი მოვლაა საჭირო წელიწადის სხვადასხვა დროს. ზამთარში, მაგალითად, დამატენიანებელი კრემი ღამით იხმარება, მკვებავის წასმა კი ძილის წინ არ შეიძლება - ის დილით უნდა წავისვათ; ზაფხულში ღამით ვისვამთ მკვებავს, ხოლო დღისით - დამატენიანებლებს. ცხიმიანი ტიპის კანს კი საერთოდ არ სჭირდება მკვებავი კრემი.
კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. როგორ განსაზღვროს ადამიანმა, რომელია მისთვის მისაღები?
- ამის განსაზღვრა არ არის ძნელი, მით უმეტეს, როცა ქალი მეგობრობს სარკესთან. მთავარია, სწორად შეირჩეს მკურნალობა. ძალიან პოპულარული, უსაფრთხო და სწორი მეთოდია ლაზერული გაახალგაზრდავება. ლაზერის სხივის საშუალებით ხდება კანში არსებული კოლაგენისა და ელასტინის გამკვრივება, განახლება, ახლის სინთეზი და ძველის სტიმულირება.
კოლაგენი და ელასტინი ის კომპონენტებია, რომლებზეც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული კანის მდგომარეობა. თუ ორგანიზმში მათი სინთეზი დარღვეულია, კანის დაბერება შესამჩნევი ხდება. ლაზერის სხივის უნიკალური თვისების ხარჯზე ხდება კანის გაახალგაზრდავება, ფერის გაუმჯობესება. არსებობს ინექციური მეთოდებიც. ერთ-ერთი მათგანია მეზოთერაპია. მისი საშუალებით ხდება კანის სტრუქტურის გამკვრივება, სახის ოვალის აღდგენა, წვრილი ნაოჭების გადასწორება, პიგმენტური ლაქების გაქრობა, სისხლის მიმოქცევის გაძლიერება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ კოქტეილებისა და პრეპარატების ხარისხს, რითაც ტარდება ეს პროცედურა.
შემდეგი მეთოდია ბოტოქსის ინექცია. ეს არ არის კანის მკურნალობა - მისი საშუალებით ხდება ისეთი ნაოჭების კორექცია, როგორებიც არის წარბებს შორის არსებული "მრისხანების" ნაოჭი, თვალის გარშემო არსებული, იგივე მიმიკური ნაოჭები - "ბატის თათები" და შუბლზე არსებული ნაოჭები. მათ საკორექციოდ იყენებენ ბოტულოტოქსინის სამედიცინო დოზებს. ის ადუნებს კუნთს და შედეგად ნაოჭები სწორდება.
სახე ამიმიური არ ხდება?
- მხოლოდ ზედოზირებისას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვნია დოზის სწორად შერჩევა და ექიმის პროფესიონალიზმი. ბედნიერებაა ლამაზად, ნაოჭებით დაბერება. ქალი ასაკის შესაბამისად უნდა გამოიყურებოდეს. არაბუნებრივია, როდესაც 20 წლის გოგონას სახე დანაოჭებული აქვს, მაგრამ ასევე არაბუნებრივია, როდესაც 60 წლის ქალს საერთოდ არ აქვს ნაოჭი.
ბოტოქსის გარდა არსებობს ფილერები, რომლებიც ავსებს ცხვირ-ტუჩის, ტუჩის ზემოთ არსებულ ნაოჭებს. ფილერებიც ინექციით შეგვყავს, ტუჩის მოცულობას ოდნავ ვზრდით და ამის ხარჯზე კანის ზედაპირიც სწორდება. ეს არის სახის კონტურული და მოცულობითი პლასტიკა. გამოვარჩევ ბიორევიტალიზაციას. ამ მეთოდით კანის შედარებით ღრმა შრეებში შეგვყავს სპეციალური პრეპარატი, რომლის ძირითადი კომპონენტია ჰიალურონის მჟავა. ამ ნივთიერებას ჯერჯერობით ანალოგი არ მოეპოვება, რადგან ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილია. მისი სინთეზი ასაკთან ერთად იკლებს. ჰიალურონის მჟავას ინექციის საშუალებით შეიძლება ნაოჭების კორექცია, სახის მოდელირება, ოვალის აღდგენა, გამკვრივება. მთავარია, მოვხვდეთ პროფესიონალთან. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ამ პროცედურებს, სამწუხაროდ, სალონებშიც ატარებენ. იქ, სადაც ინექცია კეთდება, უმაღლეს დონეზე უნდა იყოს დაცული ჰიგიენისა და სტერილურობის ნორმები. სხვაგვარად, გამორიცხული არ არის, განვითარდეს გართულებები, რომლებსაც სალონის დონეზე ვეღარ აღმოვფხვრით და პაციენტს სერიოზული ჩარევა დასჭირდეს.
სულ ერთი წელია, რაც საქართველოში დაინერგა თანამედროვე კოსმეტოლოგიის ნოვაცია – პლაზმოლიფტინგი. პაციენტისავე სისხლიდან ცენტრიფუგირების საშუალებით გამოვყოფთ სუფთა პლაზმას, რომელსაც ემატება მთავარი კომპონენტი - აქტივატორი. ეს არის ნივთიერება, რომელიც ჩვენსავე საკუთარ პლაზმას ააქტიურებს და საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ როგორც სამკურნალო ნივთიერება. ამ გზით ხდება სახეზე ნაოჭების კორექცია, იგივე ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, მოდელირება. ძალიან ეფექტურია თმის ცვენის დროს. თანამედროვე კოსმეტოლოგიაში გაახალგაზრდავების, კანის გამკვრივების, ნაოჭების პრევენციის უამრავი უსისხლო მეთოდი არსებობს. როდესაც ჩვენს ხელთ არსებულ რესურსებს ამოვწურავთ, პაციენტს მაშინღა ვგზავნით პლასტიკურ ქირურგთან.
პლასტიკური ქირურგია რა გამაახალგაზრდავებელ მეთოდებს იყენებს?
- კანის დაჭიმვას და ამის ხარჯზე ნაოჭები გადასწორებას, თუმცა პლასტიკური ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, შედეგის შესანარჩუნებლად, საჭიროა მეზოთერაპია და ის კოსმეტოლოგიური პროცედურები, რომელთა შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ. ასევე მნიშვნელოვანია პილინგი - კანის აშრევება. პილინგი არსებობს ზედაპირული, საშუალო და ღრმა. ღრმა პილინგი პლასტიკური ქირურგიის საქმეა, სერიოზული პროცედურაა და ზოგადი ნარკოზით კეთდება. იგი ძალიან ეფექტურია წვრილი ნაოჭების კორექციისთვის. არანაკლები ეფექტი აქვს საშუალო სიღრმის პილინგს (ოღონდ მისი ჩატარება არ შეიძლება ზაფხულში) და ზედაპირულ აშრევებას. საშუალო პილინგის შედეგად კანის ფერი უმჯობესდება, პიგმენტური ლაქები ლაგდება და წვრილი ნაოჭებიც სწორდება.
რით დავიწყოთ?
- პირველ რიგში, სწორად განვსაზღვროთ კანის ტიპი. ახალგაზრდა გოგონებს აუცილებლად უნდა ვურჩიო, ერიდონ მზეს. რატომღაც ძალზე მოდურია რუჯი, რაც ქალის დაბერების პირველი რისკფაქტორია. ზედმეტ გარუჯვას მოჰყვება კანის გამოშრობა, ნაოჭების, პიგმენტური ლაქების გაჩენა, კაპილარების განვითარება და სხვა პრობლემები. უნდა გამოვიყენოთ კრემები რაც შეიძლება მაღალი SPF ფაქტორით. ზომიერად ვიხმაროთ დეკორატიული კოსმეტიკა, ტონალური კრემები. მნიშვნელოვანია ექიმ დერმატოკოსმეტოლოგის შერჩევაც. 25 წლის ასაკში ვიწყებთ დღისა და ღამის კრემების გამოყენებას და ეტაპობრივად, პრობლემის გათვალისწინებით, სპეციალისტთან კონსულტაციით, შეირჩევა გაახალგაზრდავების მეთოდი.
საშუალოდ რამდენი პროცედურაა საჭირო, როდის ხდება თვალსაჩინო და რამდენ ხანს ძლებს ეფექტი?
- ესეც ინდივიდუალურია. ბოტოქსის ერთი ინექციის ეფექტი ძლებს საშუალოდ 6-8 თვეს, კანის ზონისა და ნაოჭების დონის გათვალისწინებით. თვეში ერთხელ მაინც საჭიროა კოსმეტოლოგთან ვიზიტი. ნებისმიერი პროცედურის შემდეგ უნდა ვიზრუნოთ ეფექტის შენარჩუნებაზე. როგორც წესი, 6 თვეში ერთხელ საჭიროა განმეორებითი კურსის ჩატარება. დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის შინაგან მდგომარეობას, ჯანმრთელობას, ცხოვრების წესს, მავნე ჩვევებს, ჰორმონულ ფონს. თუ ქალი გინეკოლოგიურად და ენდოკრინოლოგიურად ჯანმრთელია, ის ყოველთვის კარგად გამოიყურება და მისთვის მცირე კოსმეტოლოგიური ჩარევაც საკმარისია.
თქვენ მიერ ჩამოთვლილი პროცედურები ძვირი სიამოვნებაა?
- საქართველოში უამრავი სილამაზის ცენტრია, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები შეიძლება ჩაიტაროთ. სურვილის შემთხვევაში ქალს, რომელიც დასაქმებულია და აქვს გარკვეული შემოსავალი, შეუძლია თავს ელემენტარულ დონეზე მაინც მიხედოს. ჩემი რჩევა იქნება, აუცილებლად შეინარჩუნონ ინდივიდუალურობა. მთავარი ბუნებრიობაა. ეს ექიმმა კოსმეტოლოგმაც უნდა გაითვალისწინოს და პაციენტმაც. ძალზე მოთხოვნადი, ხელმისაწვდომი და მოდურია ლაზერული ეპილაცია. ეს არის ჭარბი თმისგან გათავისუფლების სწრაფი და ეფექტური მეთოდი. შედეგად ქალის თვითშეგნება, თვითრეალიზება იზრდება, რადგანაც იშორებს იმას, რაც აკომპლექსებდა და თრგუნავდა.
თქვენ მიერ ჩამოთვლილ პროცედურებს უკუჩვენებები თუ აქვს?
- ყოველგვარი ინექციური პროცედურა უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. თითოეულ მეთოდს აქვს თავ-თავისი უკუჩვენებაც, რაც ექიმთან კონსულტაციისას ირკვევა.
მეზოთერაპია
მეზოთერაპიის საშუალებით კანის გაახალგაზრდავებაზე გვესაუბრება United Cosmetics Group-ის ოფიციალური ტრენერი, ექიმი დერმატოკოსმეტოლოგი მაია ღონღაძე.
ქალბატონო მაია, რა მეთოდია მეზოთერაპია?
- ესთეტიკურ მედიცინაში უამრავი მეთოდი არსებობს, რომელსაც საქართველომდე ჯერ არ მოუღწევია, რადგან ძვირია და მხოლოდ განვითარებული ქვეყნების მოსახლეობისთვის არის ხელმისაწვდომი. მეზოთერაპია კი გახლავთ სამკურნალო კოქტეილის კანქვეშ შეყვანის სავსებით ხელმისაწვდომი პროცედურა.
რით სჯობს იგი სხვა მეთოდებს?
- მეზოთერაპიის კეთება პირველად 1944 წელს დაიწყო ფრანგმა ექიმმა ჟან მიშელ პრისტონმა. ამ მეთოდის გარეშე კანის გაახალგაზრდავება და გაჯანსაღება პრაქტიკულად შეუძლებელია. როდესაც კანი მოდუნებულია, გამომშრალი და იწყება გრავიტაციული პტოზი, ამ პრობლემებს მეზოთერაპიის საშუალებით ვაგვარებთ.