როგორ დავამარცხოთ კანისა და ფრჩხილის სოკოვანი დაავადებები
სტატისტიკას თუ ვენდობით, მსოფლიოს მოსახლეობის მეხუთედს აქვს. მათი გავრცელების მიზეზებზე აღარ შევჩერდებით, პირდაპირ პროფილაქტიკისა და მკურნალობის გზებზე გადავალთ, ხოლო ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყოველგვარი დაავადების საწინააღმდეგო საუკეთესო იარაღი ცოდნაა. მაშ, მოდი, შევიტყოთ მეტი და დავიცვათ არცთუ ისე რთული ჰიგიენისა და პროფილაქტიკის წესები.
ამრიგად, სოკოვანი დაავადების თავიდან აცილება ჩვენს ხელთაა, მკურნალობით კი მას ექიმმა სპეციალისტმა უნდა უმკურნალოს, კანის მიკოზების შემთხვევაში - დერმატოლოგმა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მიკოზი, განსაკუთრებით - ფრჩხილისა, საკმაოდ ძვირადღირებული პრეპარატებით ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს, ამიტომ ბევრს ბოლომდე ვერ მიჰყავს მკურნალობა და გარშემო მყოფთათვის დაავადების წყაროდ რჩება.
კანის სოკოვანი დაავადებების მკურნალობასა და პროფილაქტიკაზე გვესაუბრება დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი დერმატოლოგი ნინო კოხრეიძე.
- ქალბატონო ნინო, მოდი, თავის თმიანი ნაწილით დავიწყოთ. რამდენად ხშირია სხეულის ამ უბნის სოკოვანი დაავადება და როგორ ვლინდება იგი?
- თავის თმიანი ნაწილის სოკოვანი დაავადებები საშუალოდ არის გავრცელებული. საზოგადოდ, ქვემწვავე და ქრონიკული სოკოვანი ინფექციებისთვის დამახასიათებელია აქერცლილი გამელოტების კერების წარმოშობა, ხოლო მწვავე ინფექციის დროს შეინიშნება თმის ფოლიკულის ანთება, დაჩირქება, ღრმა მტკივნეული კვანძები, ნაწიბუროვანი ალოპეცია. ზოგადი ნიშნები, გამომწვევის კვალობაზე, ასეთია:
- მიკროსპორიის დროს თავის თმიან არეში წარმოიშობა მრგვალი, მკვეთრად შემოფარგლული, 2-3 სმ და უფრო დიდი დიამეტრის კერები; თმის ღერები გადატეხილია კანის ზედაპირიდან 3-5 მმ-ზე; კერაში მსუბუქად არის გამოხატული ერითემა; კანი ამ ადგილებზე დაფარულია მონაცრისფრო-მოთეთრო ქერცლით.
- ზედაპირული ტრიქოფიტიისთვის დამახასიათებელია დასაწყისში - ერთეული, შემდგომ კი მრავლობითი, 1-2 სმ დიამეტრის კერები არასწორი მოხაზულობითა და არამკვეთრი საზღვრებით. კერები იზოლირებულია. კანი ამ ადგილებზე ოდნავ შეშუპებულია და ჰიპერემიული, დაფარულია მონაცრისფრო-მოთეთრო ქერცლით. პერიფერიაზე ჩნდება ბუშტუკები, პუსტულები და ქერქები. თმის ღერები ტყდება ძირში ან კანიდან 2-3 მმ-ზე.
- ინფილტრაციულ-ჩირქოვანი ტრიქოფიტიის დროს ზიანდება წვერი, ულვაში (პარაზიტული სიკოზი) და თავის თმიანი არე. პარაზიტული სიკოზის დროს კანზე წარმოიშობა მკვეთრად შემოფარგლული გამკვრივებული კვანძები მონაცრისფრო-მოწითალო ფერის ხორკლიანი ზედაპირით, რომელიც დაფარულია ეროზიებით, ქერქით, ქერცლით. კერაში თმა ნაწილობრივ ცვივა, ნაწილობრივ კი ირყევა და ადვილად ვარდება. ამ დროს თავის თმიან არეში შეინიშნება გაფართოებული ფოლიკულები, რომლებიც სავსეა ჩირქით. ზეწოლისას ჩირქი გამოიყოფა. მკვრივი კვანძი თანდათან რბილდება, ცომისებრი კონსისტენციისა ხდება და თაფლის ფიჭას (კერიონი) ემსგავსება.
- ფავუსი ქრონიკული სოკოვანი დაავადებაა, რომელიც ბავშვობის ასაკში იწყება. უმთავრესად თავის თმიან არეს აზიანებს. დაზიანების კერა ფართოა, იფარება სქელი მოყვითალო ქერქით, რომელშიც ამოჭრილია თმის ღერები.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს თავის სოკოვანი დაავადების განვითარება, როგორია რისკფაქტორები?
- თავის თმიანი ნაწილის დაავადებათა გამომწვევი სოკოები სხვადასხვა წარმოშობისაა: ზოოფილური (ძირითადი წყაროა კატა, ძაღლი, თაგვი, ვირთხა, ძროხა, ცხენი) და ანთროპოფილური (წყაროა მხოლოდ დაავადებული ადამიანი). ჯანმრთელი ადამიანი ავადდება დაავადებულ ცხოველებსა და ადამიანებთან უშუალო კონტაქტისას, ასევე - იმ ნივთების გამოყენებისას, რომლებიც დაბინძურებულია სოკოს შემცველი ქერცლითა და თმით. სოკო ადვილად გადაედება ოჯახში (დაავადებულისგან ჯანმრთელ წევრს), საპარიკმახეროში, ბავშვთა კოლექტივში. დაავადების განვითარების რისკფაქტორებია: ჰიპოვიტამინოზი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ჰიგიენის დაუცველობა.
- როგორ უნდა დაისვას თავის თმიანი ნაწილის სოკოვანი დაავადების დიაგნოზი?
- თავის თმიანი არის სოკოვანი დაავადების დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკურ მონაცემებს, მიკროსკოპიული გამოკვლევისა და ვუდის ლამპით განათების შედეგებს.
- როგორ მკურნალობენ?
- პირველ რიგში, საჭიროა დაზიანების კერებიდან თმის პინცეტით ამოღება, კერების ირგვლივ კი თმის მოპარსვა, რაც შემდეგ კვირაში ერთხელ უნდა გამეორდეს. მკურნალობა ტარდება სოკოს საწინააღმდეგო - როგორც შინაგანად მისაღები, ასევე ადგილობრივი - პრეპარატებით. მათ შორის - იოდის სპირტიანი ხსნარით, გოგირდ-სალიცილის მალამოთი და ანტიმიკოზური სპრეით.
- რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა?
- 2-3 თვე. კურსის დასრულებიდან 3-4 კვირის შემდეგ ტარდება მიკროსკოპიული გამოკვლევა. დადებითი პასუხის შემთხვევაში ხელახლა ინიშნება ანტიმიკოზური პრეპარატები, ორი კვირის განმავლობაში - დღეგამოშვებით, მომდევნო ორი კვირა კი - სამ დღეში ერთხელ. მკურნალობა დასრულებულად მიიჩნევა ზედიზედ სამი უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, რომლებიც 5-7-თვიანი ინტერვალით უნდა მივიღოთ.
- რას გულისხმობს თავის კანის სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკა?
- დაავადებული შინაური ცხოველების გამოვლენას და მკურნალობას, რასაც ვეტერინარიული სამსახური უზრუნველყოფს, ასევე - ოჯახის სხვა წევრების, ბავშვთა კოლექტივების (საბავშვო ბაგა-ბაღები, სკოლები) დათვალიერებას. დაავადების გამოვლენის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მკურნალობა და დეზინფექცია. სილამაზის სალონებში ყოველი კლიენტის გასტუმრების შემდეგ ინსტრუმენტებს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია.
- კანის დანარჩენი უბნების სოკოვან დაავადებებზე რას გვეტყვით?
- კანის სოკოვან დაავადებებს სხვადასხვა ტიპის სოკო იწვევს. ეს დაავადებებია: ნაირფერი პიტირიაზი, რუბროფიტია, მიკროსპორია, ზედაპირული ტრიქოფიტია, კანის ნაკეცების კანდიდოზი, საზარდულის ეპიდერმოფიტია.
- როგორია მათი კლინიკური ნიშნები?
- ნაირფერი პიტირიაზის დროს ტანის ზედა ნაწილში, ბეჭებზე, კისერზე, მუცელზე, იღლიის ფოსოში, მხრებზე ჩნდება სხვადასხვა ზომის ბაცი ყავისფრიდან მუქ ყავისფრამდე შეფერილობის ან მოყვითალო-მოთეთრო აქერცლილი ლაქები, რომლებსაც აქვთ გაერთიანებისადმი მიდრეკილება. ქავილი სუსტია, უმეტესად საერთოდ არ შეინიშნება.
რუბროფიტიის დროს გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ ადგილზე. დამახასიათებელია მკვეთრად შემოსაზღვრული ვარდისფერი ან მოვარდისფრო-მოწითალო ლაქები ცისფერი ელფერით. ლაქები დაფარულია წვრილი ქერცლით. პერიფერიაზე ჩნდება წვრილი ბუშტუკები და ფუფხი. ლაქები თავდაპირველად მონეტის ოდენაა, ახასიათებს პერიფერიული ზრდა და ერთმანეთთან შეერთება.
მიკროსპორიის დროს ტანსა და ზედა კიდურებზე ჩნდება 0.5-2 სმ დიამეტრის მსუბუქად ანთებადი ვარდისფერი აქერცლილი, მკვეთრად შემოფარგლული ლაქები. ლაქების ზრდის კვალდაკვალ ცენტრალური ნაწილი ფერმკთალდება, პერიფერიაზე ჩნდება პაპულური ან პაპულოვეზიკულური ელემენტები, შემდეგ ასეთი რგოლისებური ელემენტების შუაგულში წარმოიშობა ახალი რგოლი. გამონაყარი სწრაფად ვრცელდება.
ზედაპირული ტრიქოფიტიის დროს კანზე ჩნდება მომრგვალო, ოდნავ წამოწეული, მკვეთრად შემოფარგლული მოვარდისფრო-მოწითალო, ქერცლით, წვრილი ბუშტუკებითა და ქერქით დაფარული ლაქა, რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ რგოლის ფორმას იღებს.
კანის ნაკეცების კანდიდოზის დროს იღლიის ფოსოში, საზარდულის არეში, დუნდულებს შორის, სარძევე ჯირკვლის ქვეშ ჩნდება სიწითლე და წვრილი ბუშტუკები. ეს ბუშტუკები მალე იხსნება და აჩენს ეროზიებს, რომელთა შეერთებით მიიღება ფართოდ ეროზირებული ზედაპირი, რომლის გარშემო წარმოიქმნება წვრილი შვილეული პაპულები. ახასითებს ძლიერი ქავილი.
საზარდულის ეპიდერმოფიტიის დროს ზიანდება ბოქვენი, საზარდულის არე და ბარძაყის შიგნითა ზედაპირი. ერითემულ ფონზე წარმოიქმნება დიდი ზომის მკვეთრად შემოსაზღვრული ბალთები, რომელთა კიდეებზე ჩნდება პუსტულები და პაპულები. ახასიათებს ქავილი.
- როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესი?
- თუ დიაგნოზი დროულად არ დაისვა და მკურნალობა არ დაიწყო, პროცესი თანდათან განივრცობა და მოიცავს კანის უფრო და უფრო მეტ ფართობს.
- როგორ სვამენ კანის სოკოვანი დაავადების დიაგნოზს?
- დიაგნოზს სვამენ კლინიკური სურათის, ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების, ვუდის აპარატით გაშუქების საფუძველზე.
- როგორ მკურნალობენ?
- კანდიდას ტიპის სოკოს ფლუკონაზოლით მკურნალობენ. იტასპორი და ორუნგალი ნებისმიერ სოკოზე მოქმედებს.
- ჰიგიენაზე რას გვეტყვით, რომელი წესები უნდა დავიცვათ მკურნალობის პერიოდში?
- არ შეიძლება სხვისი ტანსაცმლის ჩაცმა; აუცილებელია, ყველამ იქონიოს საკუთარი მაკრატელი, საპარსი, პირსახოცი, ოფლის საწინააღმდეგო საშუალებები. ბანაობის შემდეგ კარგად უნდა გავიმშრალოთ. თავი უნდა ვარიდოთ სოკოს განვითარების ხელშემწყობ პირობებს.
- რას გულისხმობს ამ დაავადების პროფილაქტიკა?
- კანის სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკა ჰიგიენის იმ წესების დაცვას გულისხმობს, რომელთა შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ.
- როგორ ვლინდება თითებს შორის არსებული კანის სოკოვანი დაავადება?
- თითებს შორის არსებული კანის სოკოვანი დაავადება საკმაოდ ხშირია. მწვავე ფორმა მიმდინარეობს სიწითლით, ეროზიით, შეშუპებით, სისველით, ნახეთქებით, რომლებიც ზოგჯერ ღრმა და მტკივნეულია, გამჭვირვალე სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნით. ახასიათებს ქავილი და წვა. დაზიანება უმთავრესად III და IV ან IV და V თითებს შორის ლოკალიზდება. ქრონიკული ფორმის დროს წარმოიქმნება ბრტყელი ბალთები, რომლებიც დაფარულია მოთეთრო-მონაცრისფრო ქერცლით. გამონაყარი ვრცელდება თითების გვერდითა და მომხრელ ზედაპირებზე. თან სდევს სიმშრალის შეგრძნება, ზომიერი ქავილი.
- რა აჩენს თითებს შორის სოკოს?
- სოკოვანი დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ოფლიანობა, სიცხეში დახურული ფეხსაცმლის ხანგრძლივად ტარება, ცხელი, ნესტიანი კლიმატი.
- როგორ სვამენ დიაგნოზს?
- დიაგნოზს სვამენ კლინიკური სურათის, მიკროსკოპიული გამოკვლევით, ვუდის ლამპით დათვალიერების, დათესვის საფუძველზე.
- როგორ მკურნალობენ?
- თითებს შორის არსებული კანის სოკოვანი დაავადების დროს ინიშნება როგორც შინაგანად მისაღები, ისევე ადგილობრივად გამოსაყენებელი ანტიმიკოზური საშუალებები. მკურნალობის ხანგრძლივობაა 2-4 კვირა. აუცილებელია დაავადების ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრა და სათანადო ჰიგიენური თუ პროფილაქტიკური წესების დაცვა.
- სახელდობრ, რა წესებია ეს?
- არ შეიძლება სხვისი ფეხსაცმლის, წინდების ხმარება; ბანაობის დროს, შინაც კი, მით უმეტეს - საერთო საშხაპეში და აუზზე, აუცილებელია ინდივიდუალური რეზინის ჩუსტების ჩაცმა; აუცილებელია ფეხების ყოველდღიური დაბანა და დამუშავება ანტიმიკოზური სპრეითა და პუდრით.
რაც შეეხება პროფესიულ მიდგომას, აუცილებელია საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების იატაკის დეზინფექცია სამუშაო დღის ბოლოს; ხის სადგამი უნდა შეიცვალოს რეზინით, რომელიც იოლად ექვემდებარება დეზინფექციას; ძალიან მნიშვნელოვანია მანიკიურისა და პედიკიურის ინსტრუმენტების დეზინფექცია.
- რა იწვევს ტერფის სოკოს?
-ტერფის სოკოთი დაავადებული ადამიანის აქერცლილი კანი ხვდება იატაკზე, ფეხის საწმენდ პირსახოცზე, ღრუბელზე, ტერფის მოსავლელ საგნებზე, მერე კი ამ საგნებიდან (თუ მათ დეზინფექცია არ ჩაუტარდა) სხვას გადაედება. ჯანმრთელ კანზე მოხვედრისას დაავადებამ შესაძლოა დიდხანს არ იჩინოს თავი. მის კლინიკურ გამოვლენას ხელ უწყობს ჰიგიენის წესების დაუცველობა, ენდოკრინული სისტემის ფუნქციისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, იმუნოლოგიური რეაქტიულობის დაქვეითება.
- როგორია კლინიკური ნიშნები?
- კანი შეწითლებულია, ტერფის კიდეებზე ჩნდება წვრილი პაპულები, რქოვანა შრე გასქელებულია, კანი გამომშრალია, დაფარულია ფქვილისებრი ქერცლით. სუბიექტური ჩივილები არ შეინიშნება. კერები შეიძლება იყოს როგორც შემოფარგლული, ასევე გავრცობილი - მოდებული მთელ ფეხისგულებს, ტერფის გვერდითა მხარეებს. დისჰიდროზული ფორმის დროს ტერფის თაღზე ჩნდება ბუშტუკები, ეროზიები და ქერცლი.
- როგორ სვამენ დიაგნოზს?
-დიაგნოზი ისმება კლინიკური სურათის, მიკროსკოპიული გამოკვლევის, დათესვის შედეგების საფუძველზე.
- როგორ მკურნალობენ?
- ამ შემთხვევაშიც საჭიროა სოკოს საწინაამღდეგო როგორც შინაგანად მისაღები, ისე ადგილობრივად გამოსაყენებელი პრეპარატები. ტერფის სოკოს მკურნალობა შედარებით ძნელია, რადგან გასქელებული რქოვანა შრე სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედებას აფერხებს. თანმხლები ფრჩხილის სოკოც ინფექციის მუდმივი წყაროა, ამიტომ მკურნალობა ამ ფაქტორების გათვალისწინებით მიმდინარეობს.
- რამდენი ხანი სჭირდება ტერფის სოკოს მკურნალობას?
- საუკეთესო შემთხვევაში - 2-4 კვირა.
- საჭიროა თუ არა ფეხსაცმლის დეზინფექცია?
- ტერფის სოკოვანი დაავადების დროს ფეხსაცმლისა და წინდების დეზინფექცია აუცილებელია, რათა დაავადება ხელახლა არ განვითარდეს.
- როგორ და რა საშუალებით ტარდება დეზინფექცია?
- ფეხსაცმლის დეზინფექცია ტარდება ფორმიდრონის ხსნარით. ამ ხსნარში დასველებული და ოდნავ გაწურული ბამბით ფეხსაცმელები შიგნიდან იწმინდება, შემდეგ 24 საათით იდება ჰაერგაუმტარ პოლიეთილენის პარკში და ბოლოს კარგად ნიავდება.
- როდის ჩავუტაროთ ფეხსაცმელებს დეზინფექცია - მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის პროცესში თუ მკურნალობის დასრულების შემდეგ?
- დეზინფექცია მკურნალობის დასაწყისში უნდა ჩატარდეს.
- როგორია ფრჩხილის სოკოს განვითარების რისკფაქტორები?
- ფრჩხილის სოკოს ანუ ონიქომიკოზის განვითარების რისკ-ფაქტორებია:
- ტერფისა და მტევნის სოკოვანი დაავადებები;
- დახურული და მოჭერილი ფეხსაცმელი;
- სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
- ინერვაციის დარღვევა;
- ხელის ხშირი კონტაქტი წყალთან;
- ინფიცირებული საყოფაცხოვრებო საგნების და ნივთების გამოყენება;
- იმუნიტეტის დასუსტება.
- როგორ ვლინდება ფრჩხილის სოკო?
- განასხვავებენ სოკოთი დაავადებული ფრჩხილის დაზიანების სამ ტიპს.
- ნორმოტროფიული ტიპი: იცვლება ფრჩხილის შეფერილობა, ფრჩხილზე ჩნდება მოთეთრო-მოყვითალო ლაქები, თუმცა ფრჩხილი ინარჩუნებს სიპრიალეს და სისქეს;
- ჰიპერტროფიული ტიპი: ფრჩხილები გასქელებული და დეფორმირებულია, დაბურული, ნაცრისფერი; ხშირად გვერდითა მხარე საწოლს სცილდება;
- ონიქოლიზური ტიპი: ფრჩხილი სცილდება ფრჩხილის საწოლს თავისუფალი კიდიდან და ატროფირებულია.
- როგორ სვამენ დიაგნოზს?
- ძირითადად - კლინიკური სურათის, მიკროსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების შედეგების საფუძველზე.
- როგორ მკურნალობენ?
- მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ფრჩხილის მომზადება, რაც დაზიანებული ფრჩხილის მოცილებას გულისხმობს. სოდიან-საპნიანი აბაზანის შემდეგ ფრჩხილი იჭრება, იქლიბება, იფხიკება ანდა ეკვრის სპეციალური პლასტირი დასაშლელად. ზოგჯერ ქირურგიული გზით მოცილებაც ხდება საჭირო. ამის შემდეგ იწყება სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა.
- რატომ არის ძნელი სოკოვანი დაავადებისაგან განკურნება?
- სოკოს ძაფები ძალზე სიცოცხლისუნარიანნი არიან - 1-დან 5 წლამდე ცოცხლობენ, ამიტომ დასნებოვნებულ ზედაპირთან მომდევნო კონტაქტისას ხელშემწყობი ფაქტორების არსებობის შემთხვევაში დაავადება ხელახლა ვითარდება.
- რამდენ ხანს გრძელდება ფრჩხილის სოკოვანი დაავადების მკურნალობა?
- მკურნალობა ხანგრძლივია. გარდა თვით გამომწვევის სიცოცხლისუნარიანობისა, ის დამოკიდებულია სამკურნალოდ არჩეული პრეპარატების მოქმედებასა და სხვა ფაქტორებზე.
ასაკოვნებს, ღვიძლისა და თრიკმლის პათოლოგიებით დაავადებულებს სოკოს საწინააღმდეგო შინაგანად მისაღებ პრეპარატებს არ უნიშნავენ, ნებადართულია მხოლოდ ადგილობრივი მკურნალობა, რაც კურსის ხანგრძლივობას ზრდის. ხელის ფრჩხილების სოკოვანი დაავადება შედარებით მალე იკურნება, ვიდრე ფეხისა.
- ყურის სოკოვანი დაავადება ხშირია?
- საკმაოდ ხშირი. ამ დროს ადამიანს აწუხებს სასმენი მილის ქავილი, ყურის დახშობის შეგრძნება, ზოგჯერ - შუილი. ხშირად ჩნდება სეროზული გამონადენიც.
- როგორ და რატომ ვითარდება ყურში სოკოვანი დაავადება?
- დაავადებას იწვევს გარეთა სასმენ მილში ობისა და საფუარა სოკოების მოხვედრა. პროცესის განვითარებას ხელს უწყობს:
- გარეთა ყურის დერმატიტი;
- გარეთა ყურის ეგზემა;
- მიკროტრავმა;
- ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღება;
- პროფესიული ფაქტორი - მუშაობა ჭარბად ნოტიო გარემოში.
- რას გულისხმობს პროფილაქტიკა ამ დროს?
- ამ თვალსაზრისით საყურადღებოა გარეთა და შუა ყურის ანთებითი დაავადებების დროული მკურნალობა, აგრეთვე - ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება, აუზში ცურვისას სასმენ მილში საცობის ჩადება, ხოლო წყლიდან ამოსვლის შემდეგ ყურების კარგად გამშრალება.
- როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას?
- სამკურნალოდ იყენებენ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს - როგორც ადგილობრივს (სპირტიანი ხსნარი, მალამო), ისე სისტემურს (ტაბლეტებს).