რა სიმპტომებით ხასიათდება ეგზემა და როგორია მისი მკურნალობისა და პრევენციის საშუალებები
– ქალბატონო ნინო, რას არის ეგზემა?
– ეგზემა – ეს არის არაგადამდები, საკმაოდ გავრცელებული კანის ანთებითი მდგომარეობა, რომლის დროსაც ჩნდება სხვადასხვა ტიპის გამონაყარი. ის მიეკუთვნება ალერგოდერმატოზების ჯგუფს, რომლის ესა თუ ის ფორმა აღენიშნება მსოფლიოს მოსახლეობის 10%-ს და მეტად გავრცელებულია ქალებს შორის. მის ნებისმიერ გამოვლინებას თან ახლავს:
- სიმშრალე;
- ქავილი;
- აქერცვლა;
- სიწითლე.
– რამ შეიძლება გამოიწვიოს ეგზემის განვითარება?
– მისი ზუსტი გამომწვევი უცნობია, თუმცა განარჩევენ სხვადასხვა ფაქტორს:
- გენეტიკურ წინასწარგანწყობას;
- ეპიდერმული ბარიერის დარღვევებს, ასევე შესაძლებელია იყოს გარეგანი ანუ კონტაქტური ფაქტორებით გამოწვეული ან სხვა დაავადების თანმხლები მდგომარეობა;
- უნდა აღინიშნოს მისი განვითარება სტრესის ან ორსულობის შემდგომ, რაც უკავშირდება იმუნური და ჰორმონული სტატუსის ცვლილებებს.
– რა სახის შეიძლება იყოს ეგზემა, სხეულის რომელ ნაწილებზე ვითარდება და რა სიმპტომები აქვს?
– განარჩევენ ეგზემის ფორმებს:
- დისჰიდროზულს – რომელიც ხასიათდება ხელისა და ფეხისგულებზე და თითებს შორის ბუშტუკოვანი გამონაყარით. შესაძლოა გართულდეს ძლიერი ჰიპერემიით, შეშუპებითა და ეროზიებით, როგორც წესი, თან ახლავს ძლიერი ქავილი და წვა.
- მიკრობული ეგზემა – ვითარდება, როდესაც ეგზემის ამა თუ იმ ფორმას თან ერთვის ინფექციური აგენტი. ამ შემთხვევაში შესაძლოა გამონაყარს ჰქონდეს სუნი, თან ახლდეს ჩირქოვანი ქერქები, რომელთა ქვემოთ ეროზიებია.
- ნუმულარული მონეტისმაგვარი ეგზემა ხასიათდება მომრგვალო, ჰიპერემიული ერითემული უბნებით, რომლებიც აქერცლილია და შესაძლოა გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ უბანზე. როგორც წესი, ხასიათდება ძლიერი ქავილით.
- ვარიკოზული ფორმა ხშირად თან ახლავს ვენური სისტემის პათოლოგიებს. ლოკალიზდება ძირითადად ქვედა კიდურებზე სიწითლის, აქერცვლისა და ნახეთქების სახით.
- იდიოპათიური ჭეშმარიტი ეგზემის ლოკალიზაცია შეიძლება იყოს ნებისმიერ უბანზე, მიმდინარეობს ჰიპერემიით, შეშუპებით, ბუშტუკებითა და ქერქებით. ხშირად არის სიმეტრიულიც. უმეტესად მისი მწვავე ფორმა გადადის ქრონიკულ მდგომარეობაში.
- სებორეული ეგზემა, როგორც წესი, უჩნდებათ სებორეით დაავადებულ ადამიანებს იმ ლოკალიზაციაზე, სადაც დიდი რაოდენობით ცხიმი გამოიყოფა. ესაა თავის თმიანი არე, ყურის, სახისა და გულმკერდის მიდამო. ის ხასიათდება სიწითლით და მოყვითალო აქერცვლით.
- პროფესიული ეგზემა ჩნდება იმ არეში, სადაც მოხდა გამღიზიანებელთან კონტაქტი და მიმდინარეობს სიწითლით, შეშუპებით, აქერცვლით, ზოგ შემთხვევაში ბუშტუკებით. თუმცა ხშირად ეს სიმპტომები მალევე ქრება ალერგენთან შეხების შეწყვეტით.
- ნ ატოპიური დერმატიტი – ეს დაავადება ხასიათდება გამოხატული სიმშრალით, სიწითლით, აქერცვლით, ასევე შესაძლებელია შეინიშნებოდეს ბუშტუკები და პაპულები. მას სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა მიმდინარეობა აქვს. გვხვდება ჩვილობის ასაკიდან მოხუცებულობამდე. ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა: სახე, ლოყები, კისერი, ზედა და ქვედა კიდურის მომხრელი ზედაპირები და დუნდულები. ამ ყველაფერს, როგორც წესი, თან ახლავს შემაწუხებელი ქავილი და წვა, რაც შესაძლებელია უძილობის მიზეზიც გახდეს.
– თითოეულ შემთხვევაში თერაპიის შესარჩევად მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკა. როგორ ხდება ეგზემის დიაგნოსტიკა?
– პირველ რიგში, პაციენტი უნდა დაათვალიეროს და ანამნეზი შეკრიბოს დერმატო-ვენეროლოგმა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა დაავადებებთან დიფერენციაციისთვის, შესაძლებელია კვლევის დამატებითი მეთოდების გამოყენება: დერმატოსკოპია, კანიდან ნაცხი ან ბიოფსიური კვლევა.
– როგორ მკურნალობენ ეგზემას?
– პირველ ეტაპზე ეგზემის თითქმის ყველა ფორმას სჭირდება ერთნაირი მიდგომა. თუმცა გასათვალისწინებელია მისი ფორმა, სტადია, თანმხლები დაავადებები და პაციენტის ასაკი, რათა სწორად იმართოს პროცესი. ხშირად, თუ დაავადება ადრეულ სტადიაზეა, შესაძლებელია გამონაყარის ალაგება ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო ჰორმონული და დამატენიანებელი მალამოებით. თუმცა შორს წასული ფორმების დროს გვჭირდება სისტემური სხვადასხვა მედიკამენტის გამოყენება.
– შესაძლებელია თუ არა ეგზემის პროფილაქტიკა და როგორ?
– ნებისმიერი ალერგოდერმატოზის შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომელი ალერგენი ამწვავებს მას, რომ დაავადება არ განვითარდეს, ხოლო თუ დაავადება სტრესის ფონზე ჩნდება, უნდა მოიხსნას მაპროვოცირებელი მიზეზი. ამ დაავადებების პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია ასევე კანის მოვლა და დატენიანება.
უნდა აღვნიშნო ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაც აძლიერებს ორგანიზმს და გვიცავს არა მარტო ეგზემის განვითარებისგან, არამედ ბევრი სხვა დაავადებისგან.