მზისგან დამწვრობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მზისგან დამწვრობა

ცოცხალ ორგანიზმებს მუდმივად სჭირდებათ ულტრაიისფერი სხივები, რომლებიც ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლას, სპობენ ბაქტერიებსა და მავნე მიკროორგანიზმებს, აკაჟებენ ორგანიზმს და იცავენ მას უამრავი დაავადებისაგან. თუმცა, ზომიერება მზის სიკეთით ტკბობისასაც აუცილებელია, რადგან მზის სხივები მეტად სახიფათოცაა. სითბური დაკვრა, დამწვრობა, პათოლოგიური პროცესების პროვოცირება და გამწვავება - აი, იმ უსიამოვნებათა ნუსხა, რომელიც მზის გულზე დიდხანს ნებივრობას მოსდევს.

მზის ხილული გამოსხივება, სინათლე, მზის კაშკაშა ზედაპირიდან, რომელსაც ფოტოსფერო ეწოდება, ჩვენამდე თითქმის სრულად მოდის. ევოლუციის პროცესში მზის ულტრაიისფერი სხივების მიმართ კანს დამცველობითი რეაქცია გამოუმუშავდა. ეს გახლავთ პიგმენტი მელანინი, რომელიც სხივებისათვის ერთგვარ ბუნებრივ ფილტრს ქმნის. თუმცა, პიგმენტ მელანინის ჭარბად გამომუშავება არ ნიშნავს იმას, რომ კანი მზისაგან დაცულია და არავითარი საფრთხე არ ემუქრება ორგანიზმს.

თუ მზის სხივების ზემოქმედებით კანმა ფერი იცვალა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას უკვე გარკვეულწილად ზიანი მიადგა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნარუჯი უმნიშვნელოა. მუდმივად გარუჯვისა და მით უფრო, მზეზე დამწვრობისას, დნმ-ის მოლეკულაში უჯრედთა ზრდასა და დაყოფაზე პასუხისმგებელი გენები ზიანდება. ამან კი შესაძლოა რაღაც ეტაპზე კანის კიბოს განვითარებას მისცეს დასაბამი.

მზის სხივები აზიანებს კანის სტრუქტურას. კანი კარგავს ტენიანობასა და ელასტიკურობას. ეს კი ნაოჭების განვითარებას იწვევს და კანის ნაადრევ დაბერებას განაპირობებს. თუ უწინ გაბატონებული იყო მოსაზრება, რომ მზეს მხოლოდ ღია (თეთრი) კანის მქონე ადამიანები უნდა ერიდონ, დღეს ეს მიდგომა შეიცვალა. მზეზე ხანგრძლივად ყოფნა მუქკანიანი ადამიანებისთვისაც არანაკლებ საშიშია.

თუ ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ადრევე უვლინდებათ, მუქკანიანებს შორის ამა თუ იმ დაავადებამ შესაძლოა მოგვიანებით იჩინოს თავი. რა თქმა უნდა, მზე და მისი სხივები მეტად სასარგებლოა, მაგრამ ნორმირებულად, განსაზღვრულად და გონივრულად გამოყენების შემთხვევაში. მზის მავნე ზემოქმედების შედეგია კანის სხვადასხვა პათოლოგია. სიმსივნურ პათოლოგიათა ერთი მესამედი კანის კიბოზე მოდის.

მზის გამო ზოგჯერ კანზე გამონაყარი ჩნდება. ზოგს მზეზე ალერგია აღენიშნება. ამგვარად მზის სხივების აუცილებლად უნდა გვეშინოდეს და მაქსიმალურად უნდა ვიცავდეთ მათგან თავს. მზეზე ყოფნა მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ დილის 10 საათიდან საღამოს 5-6 საათამდე. ამ დროს ყველაზე ინტენსიურია ულტრაიისფერი გამოსხივება.

უდავოა, რომ მზის აქტივობა და ენერგია გავლენას ახდენს ორგანიზმის ცალკეულ ორგანოთა ფუნქციობაზე. მზის სხივების მოქმედების კვალობაზე იცვლება სისხლის შედგენილობა, მაგალითად, ცილების დალექვის რეაქცია. ცვლილებას განიცდის ორგანიზმის სხვა ბიოლოგიური სითხეებიც.

რამდენიმე ათეული წლის წინ საფრანგეთში, ინგლისში, საბჭოთა კავშირში, იტალიასა და ბელგიაში ჩატარებული სისხლის 300 000 ანალიზის შესწავლამ ცხადყო, რომ ლეიკოციტების რაოდენობა მზის აქტივობის შესაბამისად კანონზომიერად იცვლებოდა. დღეს უკვე მეცნიერულად არის დასაბუთებული, რომ ნევროზების გამწვავება, თავის ტკივილის სხვადასხვა ფორმის რეციდივი, ქალასშიდა წნევის მერყეობა და ორგანიზმში მიმდინარე მრავალი ფიზიოლოგიური პროცესი მზის ფოტოსფეროში მიმდინარე ამოფრქვევების - რადიო, ულტრაიისფერი და კორპუსკულური გამოსხივების გაძლიერებას უკავშირდება.

მზეზე ხანგრძლივად ყოფნამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალებისა და იმუნური სისტემის დაზიანება, კანის დაავადებები, მათ შორის კიბოც. რაც უფრო ახლოა ეკვატორთან კვადრატი, მით უფრო, მაღალია იქ ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობა. შესაბამისად, მით მეტი საშიშროება ელით იქ ადამიანებს. ამასთან, უფრო მეტად ჩასულ ტურისტებს, ვიდრე მკვიდრ მოსახლეობას. ამ მიზეზით მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იტანჯება კატარაქტით და დაკარგული აქვს მხედველობა.

კატარაქტა ბროლის შემღვრევა-დაზიანებაა. ეს პათოლოგია უმალ არ ვლინდება, თუმცა, ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ხშირად აღმოცენდება.

კატარაქტის გამომწვევი სხვა მიზეზებიც არსებობს, თუმცა მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ მზეზე ხანგრძლივად ყოფნა ერთ-ერთი უშუალო გამომწვევი მიზეზია კატარაქტის განვითარებისა და შესაბამისად, ამ პათოლოგიით განპირობებული სიბრმავისა.

მზის დაკვრა და დამწვრობა

მზის დაკვრას თავის არეში მზით ინტენსიური და ხანგრძლივი დასხივება იწვევს. ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც სიმპტომთა განსაზღვრული კომპლექსით ხასიათდება. შესაძლოა განვითარდეს როგორც უშუალოდ მზის სხივებით დასხივების პროცესში, ასევე მზეზე ყოფნიდან 6-8 საათის გასვლის შემდეგ.

მზის დაკვრის დროს აღინიშნება ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუხვევა, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, კანის შეწითლება, მოჭარბებული ოფლდენა, ზოგჯერ სისხლდენა ცხვირიდან. პულსი და სუნთქვა გახშირებულია, არტერიული წნევა - დაქვეითებული. მძიმე შემთხვევებში სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა 41 გრადუსს მიაღწიოს და ადამიანმა გონი დაკარგოს. ასეთ დროს ხშირად ეცემა გულის მუშაობის აქტივობა, ვითარდება გულყრა.

პირველი დახმარება მზის დაკვრის დროს

მზის დაკვრის შემთხვევაში დაშავებული გადაიყვანეთ ჩრდილში, გრილ შენობაში ან საწოლში, დააწვინეთ ზურგზე, თავი აუმაღლეთ (ამაღლებულზე დაადებინეთ). სასურველია ტანი ცივი წყლით დაუზილოთ ან შემოახვიოთ სველი ზეწარი. მძიმე შემთხვევაში, როდესაც დაუყოვნებელი მოქმედებაა საჭირო, შეგიძლიათ დაასხათ ცივი წყალი. შუბლზე ცივი კომპრესები დაადეთ, დაალევინეთ ბევრი სითხე. ექსტრემალურ სიტუაციაში (როცა ადამიანს გონი აქვს დაკარგული, მაჯა არ ესინჯება, სუნთქვა შესუსტებული და გაიშვიათებულია) საჭიროა ჰოსპიტალიზაცია, თანაც უთუოდ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ექიმის მოსვლამდე დაზარალებულს ჩაუტარეთ გულის არაპირდაპირი მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა.

მზისგან დამწვრობის დროს ადამიანის ისედაც დამძიმებულ მდგომარეობას ემატება კანის მძიმე დაზიანება. ამ დროს ეპიდერმისის (კანის ზედაპირული ეპითელური შრის) უჯრედთა მნიშვნელოვანი ნაწილი იღუპება. ვითარდება ძლიერი ტკივილი, კანი ბუშტუკებით იფარება, შემდგომ კი იქერცლება, იფცქვნება. ამას თან ერთვის დაუოკებელი ქავილი. დაზიანებულ კანი შესაძლოა მეორეულად დაინფიცირდეს და ჩირქოვან-ანთებითი პროცესით გართულდეს.

მზის დაკვრის პროფილაქტიკა

უპირველეს ყოვლისა, ერიდეთ თაკარა მზეზე (ზღვის სანაპიროზე დასვენებისას, ყანასა თუ ტრიალ მინდორში მუშაობისას) თავსაბურავის გარეშე დიდხანს ყოფნას. გარკვეულ გარემოებათა გამო აღნიშნულ ვითარებაში მოხვედრისას აკონტროლეთ თქვენი მდგომარეობა, დროდადრო შეისვენეთ, დაჯექით ჩრდილში, ისხურეთ ცივი წყალი, დაიცავით სითხის მიღების რეჟიმი - მიიღეთ ჩვეულ ოდენობაზე მეტი სითხე მცირე ინტერვალებით. გახსოვდეთ, სითხის მცირე ოდენობის მიღების შემთხვევაში ოფლიც ცოტა გამოიყოფა, ოფლთან ერთად კი მოგეხსენებათ, ორგანიზმიდან სითბოც გამოიყოფა და სხეული გრილდება. ეს ფიზიოლოგიური პროცესი ადამიანის ორგანიზმს გადახურებისაგან იცავს, ამიტომაც სიცხეში სითხის მიღების კონტროლი აუცილებელია.

მზის აბაზანები კატეგორიულად უკუნაჩვენებია იმ ადამიანებისათვის, ვისაც აღენიშნება:

  • ძლიერი ანემია;
  • არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება;
  • ცალკეული ორგანოებიდან სისხლდენა;
  • ონკოლოგიური პათოლოგია;
  • კანის ზოგიერთი დაავადება.

მზისგან დამწვრობა

მზისგან დამწვრობა ულტრაიისფერი სხივების გადამეტებული ზემოქმედებით გამოწვეული კანის ანთებაა. ანალოგიური დამწვრობა ვითარდება სოლარიუმის ხელოვნური მზის ქვეშ ხანგრძლივად დაყოვნების დროსაც. ულტრაიისფერ გამოსხივებას, კანის გარდა, თვალების დაზიანებაც შეუძლია.

მზისგან დამწვრობამ შესაძლოა შეუქცევადი ცვლილებები გამოიწვიოს. მაგალითად, ადრეულ ასაკში მიღებული მზის დამწვრობა მომავალში კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდის. გარდა ამისა, გადამეტებული განმეორებითი ულტრაიისფერი დასხივება ზოგჯერ ნაწიბურებსა და ე. წ. ჭორფლს (პიგმენტირებულ უბნებს) ტოვებს, იწვევს კანის სიმშრალესა და ნაადრევ დაბერებას, ზრდის კატარაქტისა და მაკულური დეგენერაციის განვითარების რისკს.

ულტრაიისფერი სხივები სინათლის უხილავი ტალღებია, რომელთა წყაროა როგორც მზე, ასევე სოლარიუმის ნათურები.

მზე გამოასხივებს ულტრაიისფერი სხივების სამ ძირითად ტიპს (სპექტრს), ესენია:

  • ულტრაიისფერი სხივები A,
  • ულტრაიისფერი სხივები B,
  • ულტრაიისფერი სხივები C.

ცნობილია, რომ დედამიწაზე აღწევს მხოლოდ A და B გამოსხივება, C სხივებს კი ოზონის შრე აკავებს. აქამდე მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ულტრაიისფერი სხივები B იყო კანის სიმსივნის გამომწვევი, უახლესი კვლევებით კი გაირკვა, რომ ულტრაიისფერი სხივები A ასევე მეტად სახიფათოა.

ყველაზე ინტენსიური (დიდი) ულტრაიისფერი გამოსხივება აღინიშნება შუადღეს, 10-დან 15 საათამდე, განსაკუთრებით გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში, თუმცა, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ზამთრის სუსტმა მზემაც კი შეიძლება ავნოს კანსა და თვალებს. გამოსხივების ინტენსივობა დამოკიდებულია სიმაღლესა და განედზე, რაც უფრო მაღლა მდებარეობს ზღვის დონიდან რეგიონი და რაც უფრო ახლოსაა ეკვატორთან, მით დიდია იქ გამოსხივება. ისიც საყურადღებოა, რომ ულტრაიისფერ გამოსხივებას არეკვლადი ზედაპირებიდან ერთგვარი ასხლეტის თვისება აქვს. მაგალითად, თოვლი, ქვიშა და წყალი აირეკლავს (ისხლიტავს) აღნიშნულ გამოსხივებას, ამგვარად, მოცურავეები, მოთხილამურეები, მეთევზეები და უბრალოდ ზღვის სანაპიროზე დამსვენებლები, არეკლილი დასხივების რისკჯგუფში არიან.

მზისგან დამწვრობის სიმპტომები

  • კანის დამწვარი უბანი წითლდება და ანთებას განიცდის, მასთან შეხება მტკივნეულია;
  • მზის ზემოქმედებიდან რამდენიმე დღეში კანი შეიძლება შესივდეს, ქერქით ან სითხით სავსე ბუშტუკებით დაიფაროს, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს გამონაყარიც;
  • ზოგჯერ იმატებს სხეულის ტემპერატურა, ასეთ დროს იზრდება ორგანიზმის გაუწყლოების რისკი;
  • სიმპტომთა სიმძიმე დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე: კანის ტიპზე, მზეზე დაყოვნების ხანგრძლივობაზე, მიღებულ სამკურნალო პრეპარატებზე, მზისგან დამცავი კრემის ხარისხზე.

ზოგჯერ მზისგან დამწვრობის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ ვლინდება, თუმცა, მზეზე ხანგრძლივად ყოფნა მაინც აისახება კანზე, ზრდის მისი დანაოჭების, ჭორფლის აღმოცენებისა და კიბოს განვითარების რისკს.

მზისგან მძიმე დამწვრობისა და დაკვრის სიმპტომები

მძიმე შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები (მათი გამოვლენისას აუცილებელია სამედიცინო დახმარება):

  • ცხელება;
  • თავბრუხვევა;
  • ციებ-ცხელება;
  • გულისრევა;
  • პულსის აჩქარება;
  • სუნთქვის გახშირება;
  • გაუწყლოება;
  • კანზე მტკივნეული ბუშტუკების აღმოცენება;
  • შოკი ცნობიერების (გონების) დაკარგვით.

პირველი დახმარება მზისგან დამწვრობის დროს

მზის დაკვრაზე ეჭვის მიტანისთანავე აუცილებელია დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ექიმის მოლოდინში დაზარალებულს არ უნდა დაალევინოთ ცივი წყალი (ის აძლიერებს, აღრმავებს ციებ-ცხელებას), კომპრესებიც არ უნდა იყოს ცივი, არამედ გრილი. საშუალო სიმძიმის დამწვრობისას, გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად, ადამიანმა რაც შეიძლება ბევრი წყალი უნდა დალიოს, გარდა ამისა აუცილებელია:

  • გრილი კომპრესები - შეგიძლიათ დაზარალებულს უბრალოდ დაუსველოთ ტანსაცმელი, რომ დაუქვეითოთ სხეულის ტემპერატურა და შეუმციროთ ტკივილის შეგრძნება;
  • დაზარალებულს შეუძლია მიიღოს გრილი აბაზანა საპნისა და სხვა დასაბანი საშუალებების გარეშე, რადგან მათი გამოყენება კიდევ უფრო აძლიერებს კანის გაღიზიანებას. აბაზანის მიღების შემდეგ, არ შეიძლება კანის საგულდაგულოდ გამშრალება-ტრავმირება, კანის ოდნავ შესაშრობად საკმარისია ზეწრის მსუბუქად მიდება;
  • შეიძლება დამატენიანებელი და დამარბილებელი ლოსიონის ან კრემის წასმა, თუმცა, მანამდე კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან, რადგან, ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება შეიცავს ბენზოკაინს, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციებს, კრემებისა და საცხების დიდი ნაწილი კი აფერხებს კანის შეხორცებას, უწყვეტს რა მას ჟანგბადის მიწოდებას;
  • ბუშტუკებით დაფარული უბნები სასურველია დოლბანდის საფენით დაფაროთ (გადაიხვიოთ), რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის შეჭრა;
  • ძლიერი დისკომფორტისას შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.

მზე და დაავადებები

არსებობს პათოლოგიები, რომელთა მიმდინარეობის დროსაც ულტრაიისფერი დასხივება სერიოზულ დაზიანებას აყენებს კანს დამწვრობის, სითხით სავსე ბუშტუკებისა და წყლულების განვითარების სახით, ეს პათოლოგიებია:

  • ალბინიზმი - ალბინოსები (მათ კანსა და თვალებში არ არის პიგმენტი მელანინი) განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან მზის ულტრაიისფერი დასხივებისადმი, შესაბამისად, მათი კანი გაცილებით ადვილად იწვება;
  • სისტემური წითელი მგლურა - ამ დაავადებით დაავადებულებს აღენიშნებათ ქსოვილების ანთება, მათ შორის, სახის კანის. სისტემური წითელი მგლურასთვის დამახასიათებელი (კლასიკური) „პეპელა“ ცხვირსა და ლოყებზე განსაკუთრებულად მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივებისადმი, ფაქტობრივად, მზე ამძიმებს, აუარესებს როგორც კანის, ასევე დაავადების სისტემურ გამოვლინებებს;
  • პორფირია - ამ დაავადებას ახასიათებს ჰემის (ჰემოგლობინის შემადგენლობაში შემავალი პიგმენტის) სინთეზში მონაწილე ფერმენტების დეფიციტი, პორფირინების მოჭარბებული წარმოქმნის ფონზე. ამ უკანასკნელთა სტიმულირება, კანში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით, იწვევს კანის ქრონიკულ ანთებას და სითხით სავსე ბუშტუკების განვითარებას;
  • ვიტილიგო - არის პათოლოგია, რომელსაც ახასიათებს კანზე დეპიგმენტირებული უბნების არსებობა. ისინი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა მზის სხივების ზემოქმედებისადმი.