რამ შეიძლება გამოიწვიოს წამწამების, წარბებისა და ფრჩხილის დაავადებები და როგორია მკურნალობის საშუალებები
თუ როგორია კლინიკური ნიშნები, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებები, ამ საკითხებზე გვესაუბრება კლინიკა „ენმედიცის“ დერმატო-ვენეროლოგი, ვერიკო აბრალავა.
– ქალბატონო ვერიკო, რამ შეიძლება გამოიწვიოს წამწამებისა და წარბების ცვენა?
– კანი ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოა. ორგანიზმში მიმდინარე ყველა პათოლოგიური ცვლილება პირდაპირპროპორციულად აისახება ადამიანის კანის, თმისა და ფრჩხილის მდგომარეობაზე. თმა, წარბები, წამწამები და ფრჩხილები კი კანის დანამატებია. თმის ცვენა, თმიანი საფარველის შეთხელება, წამწამების და წარბების გაცვენა ერთ-ერთი ყველაზე გახშირებული პრობლემებია.
არსებობს თმის ცვენის ორი ძირითადი ჯგუფი: ნაწიბუროვანი და არანაწიბუროვანი ალოპეცია.
წამწამების და წარბების გაცვენა ძირითადად არანაწიბუროვანი ალოპეციების ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა, შესაძლებელია, ის ნაწიბუროვანიც ანუ ტრამვის, ინფექციის ან დამწვრობის შედეგიც იყოს.
წარბებისა და წამწამების გაცვენა შესაძლოა გამოიწვიოს აუტოიმუნურმა პროცესებმა, როდესაც ორგანიზმში არსებული აუტოანტისხეულები თმას აღიქვამენ როგორც პათოგენს და იწვევენ თმის ბოლქვის დაზიანებას.
დაავადების მიზეზი შესაძლოა იყოს ბლეფარიტიც, ქუთუთოს ანთებითი დაავადება, რომელიც ვლინდება ქავილით, სიწითლით და აქერცვლით.
ერთ-ერთი მიზეზი სტაფილოკოკური ინფექცია, ტკიპა დემოდექსი და სოკოვანი დაავადებებია, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს თვალის ქუთუთოზე და მის ირგვლივ.
წარბებისა და წამწამების დაცვენა შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქოლოგიურმა დაავადებამ, როდესაც ადამიანები თვითნებურად იგლიჯავენ თმის ღეროებს და ამ დაავადებას ტრიქოტილომანია ეწოდება.
ხშირად ეს პრობლემა გვხვდება ონკოლოგიური დაავადებების დროს, ქიმიოთერაპიული მედიკამენტებით მკურნალობის პერიოდში.
– როგორია კლინიკური ნიშნები?
– წამწამებისა და წარბების გაცვენა შეიძლება იყოს როგორც ორმხრივი, ისე ცალმხრივი. კლინიკურად გამოიხატება თმის ტოტალური ანუ სრული, ან ნაწილობრივი გაქრობით. თმის ცვენის ეს მდგომარეობა არის ბუდობრივი ალოპეციის ერთ-ერთი სახეობა.
– როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
– დაავადების დიაგნოსტირება უპირველესად ვიზუალური დათვალიერებით ხდება, რის საფუძველზეც ექიმი განსაზღვრავს შემდგომ კვლევებს, შესაძლოა ჩატარდეს თმის ბოლქვის (თუ აღინიშნება) ტრიქოსკოპია, თუ ანთებით პროცესზე ან სოკოვან დაავადებაზე იეჭვებს ექიმი, მაშინ კანისა და თმის ღეროს მიკროსკოპიული, ბაქტერიოლოგიური ან ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა.
– როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ წამწამებისა და წარბების ცვენას?
– დაავადების მკურნალობა ხდება უპირველესად დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენით და ამ რგოლის მოგვარებით. თუ წარბების და წამწამების დაცვენის მიზეზი უცნობია, ამ შემთხვევაში საჭიროა ისეთი მედიკამენტებით მკურნალობა, რომლებიც ასტიმულირებენ თმის ზრდას. მკურნალობის გეგმა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე, მის სიმძიმესა და ხანგრძლივობაზე.
– ფრჩხილბუდის რა პათოლოგიები არსებობს?
– ფრჩხილიც, ისევე როგორც თმა, კანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ფრჩხილებზე არსებულმა ცვლილებებმა შეიძლება მიგვანიშნოს სხეულში მიმდინარე სხვადასხვა პათოლოგიის შესახებ. ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული 35-მდე პრობლემა, რომელმაც შეიძლება პირდაპირი გავლენა მოახდინოს ფრჩხილის მდგომარეობაზე.
ფრჩხილის მდგომარეობა უკავშირდება ასაკს, შინაგან ჯანმრთელობას, ანემიას, ჰორმონულ ცვლილებებს. ფრჩხილი ჩვენი სხეულის ფანჯარაა, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია შევაფასოთ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები.
პრაქტიკაში ძირითადად გვხვდება ფრჩხილის დაზიანების ორი ძირითადი ჯგუფი: ფრჩხილის სოკოვანი დაავადებები და ფრჩხილის დისტროფია.
ფრჩხილის სოკოვან დაავადებებს შორის გვხვდება ონიქომიკოზი და ფრჩხილის კანდიდოზური დაზიანება. სოკოვანი დაავადება ვითარდება არასწორი ჰიგიენის დროს. ხშირია შაქრიანი დიაბეტის, აივ-ინფექციისა და სხვა იმუნოსუპრესორული დაავადებების დროსაც. ასევე შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადების დროს მიღებულმა სამკურნალო საშუალებებმა – ანტიბიოტიკების, აზათიოპრინის, მეტოტრექსატის, ციკლოსპორინის ხანგრძლივი გამოყენების ფონზე. ამ პრობლემის წარმოქმნა ხშირია ორსულობის დროს.
სოკოვანი ინფექცია ხასითდება კონტაგიოზურობით, მაგრამ მასი გადამდებუნარიანობა არც ისე დიდია. გადაეცემა ძირითადად მჭიდრო კონტაქტით, ერთი და იგივე ტანსაცმლისა და თეთრეულის მოხმარებით, დაინფიცირება შესაძლებელია აუზზე დაბინძურებული შეზლონგით, პირსახოცით, საშხაპით, არასწორი ჰიგიენისა და დეზინფექციის გამო. მაგრამ მთავარია მასპინძლის, ამ შემთხვევაში ადამიანის, იმუნური პასუხი. დაავადების გადადება უფრო ხშირია იმ შემთხვევაში, თუ კანის მთლიანობა დარღვეულია და არ არის სწორი ჰიგიენა. აუცილებელია ბანაობის შემდეგ ნაოჭებისა და ფრჩხილების კარგად გამშრალება იმისთვის, რომ პარაზიტს ნესტიანი გარემო არ შევუქმნათ.
– როგორ ვლინდება?
– ფრჩხილების დისტროფიას ახასიათებს სხვადასხვაგვარი კლინიკური სურათი:
- სიყვითლე;
- გასქელება;
- ფრჩხილის ფირფიტის ფრჩხილის საწოლიდან დაშორება;
- ფრჩხილის შუაში გაყოფა;
- წერტილოვანი ჩანაჭდევები და ა. შ.
ყველა ჩამოთვლილი მდგომარეობა არის სხვადასხვა დაავადების ნიშნები.
ბოლო პერიოდში, არასწორი მანიკიურისა და ე. წ. გელლაქების გამოყენების გამო, ძალიან ხშირია ფრჩხილის დაავადებები. ე. წ. გელლაქების შემადგენლობაში შედის ისეთი ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც იწვევს ფრჩხილების დათხელებას, გამოშრობას, მტვრევას, კანის ზედაპირიდან მის აშრევებას, რაც ფრჩხილის დისტროფიის წინაპირობაა. დაზიანებული ფრჩხილი კი ხელსაყრელ გარემოს ქმნის სოკოების გამრავლებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ფაქტორის გათვალისწინებაც.
– მკურნალობის რა საშუალებები არსებობს ფრჩხილის სხვადასხვა დაავადების დროს?
– ფრჩხილის დაავადებების მკურნალობა უნდა წარიმართოს პათოგენის საწინააღმდეგოდ. მაგ: თუ სოკოვანი ინფექციაა, სამკურნალოდ გამოიყენება ანტიფუნგალური პრეპარატები. თუ არის დისტროფია, საჭიროა ფრჩხილის დატენიანება და სასარგებლო მინერალებით გამდიდრება.
სწორი მკურნალობის გეგმა კი უნდა შეიმუშაოს პროფესიონალმა დერმატოლოგმა.