ფრჩხილის პათოლოგიები
როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, მოვლილი ხელები და ფრჩხილები წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ფრჩხილების ინფექციურ და დისტროფიულ პათოლოგიებზე გვესაუბრება აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი დერმატოვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი – ცირა ლეონიძე.
– ქალბატონო ცირა, რა ფუნქცია აქვთ ფრჩხილებს და რატომ არის საყურადღებო მათი ცვლილებები?
– ფრჩხილები, გარდა იმისა, რომ თითებს ტრავმისაგან იცავენ, ესთეტიკური მნიშვნელობაც აქვთ. რატომ ვინტერესდებით ფრჩხილების მდგომარეობით? იმიტომ, რომ ფრჩხილებს ექიმისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ფრჩხილების ცვლილებები ხშირად სისტემური დაავადებების, ცალკეული შინაგანი ორგანოებისა და მათი სისტემების პათოლოგიების პირველი ნიშანია. ფრჩხილებზე გამოხატული ცვლილებები გვეხმარება კანის დაავადებათა დიაგნოსტიკაშიც. ფრჩხილებზე გავლენას ახდენს და მათ დაზიანებას განაპირობებს მრავალრიცხოვანი გარეგანი და შინაგანი ფაქტორი: ინფექცია, ტრავმა, მედიკამენტები, ქიმიური გამღიზიანებლები, ტიკები, მავნე ჩვევები და სხვა.
ფრჩხილების დაავადებებისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება არა მხოლოდ დერმატოლოგიაში, არამედ სხვა სპეციალობებშიც. გაზრდილ ინტერესს განაპირობებს ფრჩხილების პათოლოგიის გახშირება. ზიანდება არა მხოლოდ ფეხის, არამედ ხელის ფრჩხილებიც. ზოგჯერ ზიანდება იზოლირებულად მხოლოდ ხელის ფრჩხილები, ზოგჯერ – მხოლოდ ფეხის, მაგრამ გვაქვს როგორც ხელის, ასევე ფეხის ფრჩხილების ერთდროულად დაზიანებაც.
ფრჩხილების დაზიანება გამოიხატება ფრჩხილის ფერისა და კონფიგურაციის შეცვლით. დაზიანება, ხშირ შემთხვევაში, უსიმპტომოა, პაციენტს არ აქვს ტკივილი, მაგრამ აწუხებს ფრჩხილის ფერისა და ფორმის შეცვლა. ეს უფრო ხშირად აშფოთებთ ქალებს, განსაკუთრებით თუ ხელის ფრჩხილებს ეხება საქმე.
– რა იგულისხმება ფრჩხილის სტრუქტურულ ცვლილებაში და რა იწვევს მას უხშირესად?
– როგორც უკვე აღვნიშნე, ფრჩხილის ცვლილება შეიძლება გამოწვეული იყოს სისტემური დაავადებით, ენდოკრინული და სხვა შინაგანი პათოლოგიით, შეიძლება იყოს კანის ამა თუ იმ დაავადების დასაწყისი და მისი პირველი ნიშანი.
ფრჩხილებზე გამოხატული ცვლილებები შეიძლება გამოვლინდეს მრავალი დაავადების დროს, თუმცა, ეს ცვლილებები არ არის მხოლოდ ამ კონკრეტული დაავადებისათვის სპეციფიკური და პათოგნომური, ცვლილებების უმეტესობა არის ნაწილი იმ სიმპტომოკომპლექსისა, რომელიც გვეხმარება დიაგნოსტიკაში.
მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დროს ფრჩხილებს ეცვლებათ ფერი, ისინი მსხვრევადი ხდება. ფრჩხილების ფერისა და სტრუქტურის ცვლილება ვლინდება გულის უკმარისობის, ფილტვის პათოლოგიების, სხვა ვისცერული დაავადებების დროსაც. ამგვარად, ფრჩხილები ორგანიზმის ერთგვარი სარკეა.
ფრჩხილის დაზიანების გამო, უფრო ხშირად დერმატოლოგს მიმართავენ, ზოგჯერ ქირურგსაც, ამიტომ ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოსტიკას.
ფრჩხილების დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს კანის ინფექციურმა და არაინფექციურმა დაავადებებმა. არაინფექციური პათოლოგიებიდან აღსანიშნავია ფსორიაზი, ლიქენი, ალოპეცია ანუ თმის ცვენა, ეგზემა და სხვა. ინფექციური დაავადებები, თავის მხრივ, შეიძლება გამოწვეული იყოს სოკოვანი, ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით.
საყურადღებოა, რომ ფრჩხილის სოკოვანი დაავადება ფრჩხილების დაავადებათა მხოლოდ 15-20%-ს შეადგენს და ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტი წლობით მკურნალობს ფრჩხილების სოკოვანი ინფექციის დიაგნოზით, მაშინ როცა მას არ აქვს სოკოვანი ინფექცია და აქვს ფსორიაზი, წითელი ბრტყელი ლიქენი, ეგზემა ან კანის სხვა დაავადება. ასეთი შეცდომები ხშირად გვხვდება, რადგან ფრჩხილებზე გამოხატული დისტროფიული თუ ფერის ცვლილებები ძალიან ჰგავს სოკოთი გამოწვეულ დაზიანებას.
ფრჩხილის დაზიანებას იწვევს არა მხოლოდ სოკოვანი, არამედ ბაქტერიული ინფექციაც. ხშირია ასევე შერეული ინფექცია, ანუ დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ერთდროულად როგორც სოკოვანი, ისე ბაქტერიული ინფექციით. ფრხილების დაზიანების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ერთდროულად ორი სხვადასხვა სახის სოკოც იყოს.
ფრხილების დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნურმა პროცესმაც. ასეთ შემთხვევაში არასწორმა დიაგნოზმა შეიძლება მძიმე შედეგამდე მიგვიყვანოს.
ფრჩხილებზე მავნე ზემოქმედებას ახდენს ქიმიური ფაქტორები: მჟავები, ტუტეები, ფორმალდეჰიდი, სხვადასხვა ქიმიური საშუალება, რომლებიც იწვევს ფრჩხილების გამოშრობას და დაზიანებას. დაზიანებული ფრჩხილები კი შემდეგ (მეორადად) ადვილად ინფიცირდება სოკოთი. განსაკუთრებით ხშირად უზიანდებათ ფრჩხილები ქალებს, რადგან ისინი უფრო ხშირად ხმარობენ ლაქს, აცეტონს, სპირტს, ქსილოლს, წყალბადის ზეჟანგს და სხვა ქიმიურ საშუალებებს. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია შილაკი, რომელიც განსაკუთრებულად ტრავმულია ფრჩხილებისათვის. მსხვრევადი ფრჩხილებიც უფრო ხშირად ქალებს აღენიშნებათ, რადგან მათ უფრო ხშირად უწევთ ცხელ წყალთან, სარეცხ, საწმენდ, სადეზინფექციო საშუალებებთან, ცალკეულ ქიმიურ გამღიზიანებლებთან კონტაქტი, ეს კი იწვევს ფრჩხილების დაზიანებას, განლევას, სიგრძივი ხაზების განვითარებას და ნახეთქების გაჩენას.
– რატომ იცვლის ფრჩხილები ფერს?
– ფერი ფრჩხილებს სხვადასხვა მიზეზით ეცვლებათ. ფრჩხილმა შეიძლება შეიძინოს ყვითელი, მწვანე, ლურჯი ფერი, ასევე თეთრი და ყავისფერი ლაქების სახით. მაგალითად, არსებობს ყვითელი ფრჩხილის სინდრომი, რომელიც ვითარდება სხვადასხვა შინაგანი პათოლოგიის დროს. ამ დროს ფრჩხილები ყვითლდება, თუმცა, სტრუქტურულად შეუცვლელია (არ ახასიათებს აქერცვლა, მსხვრევადობა), მაშინ როცა, სოკოვანი ინფექციისათვის, ფრჩხილების გაყვითლებასთან ერთად, დამახასიათებელია მათი სტრუქტურული ცვლილებებიც (მსხვრევადობა, აქერცვლა, გასქელება, იგივე ჰიპერკერატოზი, ონიქოლიზისი ანუ ფრჩხილის მოცილება ფრჩხილის საწოლიდან). მწვანე ფრჩხილები, ბაქტერიული ინფექციის მანიშნებელია. ზოგჯერ ფრჩხილებზე (ძირითადად ხელის) ჩნდება თეთრი ლაქები. ამას ლეიკონიქიას უწოდებენ. ის არ არის განსაკუთრებული პათოლოგია. სამაგიეროდ განსაკუთრებით საყურადღებოა ყავისფერი ლაქები. ეს უკანასკნელი, შესაძლოა მელანომის განვითარებაზე მიუთითებდეს. ლურჯი ანუ ციანოზური ფრჩხილები დამახასიათებელია ფილტვის უკმარისობისათვის, გვხვდება ღვიძლის ციროზის დროსაც. ამგვარად, ფრჩხილების ფერს დიდი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს.
ფრჩხილების დაზიანება ხდება პროფესიული დაავადებების, თანდაყოლილი პათოლოგიებისა და ინტოქსიკაციების დროსაც.
პროფესიული დაავადებების დროს ფრჩხილების ცვლილებები გამოწვეულია ტრავმით, მექანიკური დაზიანებით, მაცერაციით, ფიზიკური, ქიმიური თუ ბიოლოგიური ფაქტორებით. პროფესიული დაავადებების დროს სპეციფიკური ცვილებები გამოხატულია როგორც ფრჩხილებზე, ასევე კანზეც, რადგან პროფესიულის დროს, იზოლირებულად მარტო ფრჩხილის დაზიანება არ ხდება.
– რას ეფუძნება ფრჩხილების დაავადებათა დიაგნოსტიკა?
– ორგანიზმის სისტემური თუ ადგილობრივი ფაქტორების გავლენით ხდება ფრჩხილის მატრიცის დაზიანება, რაც იწვევს ფრჩხილის დისტროფიას, ანუ მისი სტრუქტურის შეცვლას. ამიტომაც, ფრჩხილების დაზიანებისა და მათი მსხვრევადობის დროს, მნიშვნელოვანია, გავარჩიოთ არის თუ არა ეს სოკოვანი ინფექციით გამოწვეული, ანუ დაზიანება მიკოზურია თუ არა. ყველა შემთხვევაში აუცილებელია ფრჩხილის მიკროსკოპული კვლევა სოკო პარაზიტებზე, რათა შეცდომა არ მოხდეს მკურნალობისას. სოკოზე კვლევისას, 85%-ის შემთხვევაში პასუხი დადებითია, უარყოფითი პასუხი არ გამორიცხავს სოკოვანი ინფექციის არსებობას. ამგვარად, ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის პროფესიონალიზმი.
თავდაპირველად ხდება ფრჩხილების ვიზუალური დათვალიერება, ამაში შედის დერმოსკოპიაც, რადგან დერმოსკოპი დერმატოლოგისთვის იგივეა, რაც ფონენდოსკოპი თერაპევტისთვის.
ფრჩხილების გამოკვლევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ ფერს, გამჭვირვალობას, ფორმას, კონსისტენციას და ზედაპირს.
– რა უწყობს ხელს ფრჩხილის სოკოვანი დაავადების განვითარებას?
– სოკოვანი ინფექციის წყარო ხშირად არის ავადმყოფი ან სოკომტარებელი. ინფიცირება ხდება ავადმყოფიდან პირდაპირი კონტაქტით ან მის მიერ დაინფიცირებული საგნებით. სოკოვანი დაავადების შემთხვევათა ზრდას ხელს უწყობს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის პათოგენურ ორგანიზმთან მჭიდრო კონტაქტი საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში, როგორებიცაა აბანო, საუნა, საცურაო აუზი, საშხაპეები, სპორტული დარბაზი და სხვა. დასახელებულ ნესტიან ადგილებში სოკო ადვილად მრავლდება, აქედან კი უკვე ადამიანებს გადაეცემათ.
ფრჩხილების სოკოს განვითარებას ხელს უწყობს ჰაერგაუმტარი ვიწრო ფეხსაცმლის ტარება, ფრჩხილების ტრავმა.
სოკოვანი დაავადების პათოგენეზში დიდი როლი აქვს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, ჰიპო და ავიტამინოზს, დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკების, იმუნოსუპრესორების, ციტოსტატიკური და კორტოკისტეროიდული პრეპრატების მიღებას, ასევე, შინაგანი ორგანოების პათოლოგიებს, ნივთიერებათა ცვლის მოშლას, ნეიროენდოკრინულ დისფუნქციებს, შაქრიან დიაბეტს, ფარისებრი ჯირკვლის და სხვა დაავადებებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქვედა კიდურების ვენებში სისხლის მიმოქცევის მოშლა. ეს უკანასკნელი ფრხილების მიკოზით დაავადებულთა უშედეგო მკურნალობის ერთ-ერთი მიზეზია ხოლმე, ამიტომაც სოკოვანი დაავადების მკურნალობისას, ანტიმიკოზური თერაპიის პარალელურად, ყოველთვის უნდა მოხდეს თანმხლები დაავადებების მკურნალობა. მხოლოდ ასეთი მიდგომით არის შესაძლებელი მკურნალობის მაღალი ეფექტურობის მიღწევა.
– როგორ მკურნალობთ ფრჩხილის სოკოს?
– ფრჩხილის სოკოს (ონიქომიკოზის) მკურნალობა უნდა ჩატარდეს კომპლექსურად, ანტიმიკოზური და პათოგენეზური საშუალებების გამოყენებით.
ქვედა კიდურების სოკოს ახასიათებს რეციდივი. მორეციდივე წითელი ქარის შემთხვევაში ხშირია ფრჩხილების სოკოვანი დაავადების რეციდივიც. წითელი ქარის რეციდივი ყოველთვის თანხვედრაშია ტერფის მიკოზის რეციდივთან. საზოგადოდ, როდესაც პაციენტი დაავადებულია წითელი ქარით, მას აუცილებლად უნდა დავუთვალიეროთ ფრჩხილები, რასაც ქირურგები, ხშირ შემთხვევაში, არ მიმართავენ, არ აქცევენ ყურადღებას პაციენტის ფრჩხილების მდგომარეობას. ამის გამო, წითელი ქარის მკურნალობა ხშირად უშედეგოა. წითელი ქარის მკურნალობისას პაციენტი იღებს ანტიბიოტიკს, რის გამოც სოკოვანი პათოლოგია კიდევ უფრო მეტად მწვავდება, ამიტომ აღნიშნული დიაგნოზის მქონე პაციენტებს, ძირითადი მკურნალობის პარალელურად, აუცილებლად უნდა დაენიშნოთ ანტიმიკოზური საშუალებებით თერაპია. დაზიანებული ფრჩხილების ადგილობრივად მკურნალობის გარდა, წითელი ქარით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა სისტემურადაც (დასალევად) მიიღონ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები. ეს პრინციპი ხშირად ირღვევა და წითელი ქარის მკურნალობა ამიტომაც არის რთული და ხანგრძლივი.
– რას ნიშნავს სოკოვანი პათოლოგიის რეინფექცია?
– უპირველესად, უნდა ვიცოდეთ, რომ სოკო არ ტოვებს იმუნიტეტს, ანუ ის, რომ სოკოვანი ინფექცია გადავიტანე და ის მეტი აღარასოდეს დამემართება, არასწორია. რეინფექცია ხდება იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი არ იცავს მკურნალობის, პროფილაქტიკისა და ჰიგიენის სათანადო წესებს. თუ არ მოხდება ფეხსაცმლისა და წინდების დეზინფექცია, არ იქნება დაცული პროფილაქტიკის ყველა სავალდებულო წესი, თუ არ ჩატარდება სრულფასოვანი მკურნალობა, სოკო არ აღმოიფხვრება. ადგილობრივ ლიმფურ კვანძებში, მაგალითად, ფეხის ფრჩხილების სოკოვანი დაავადების დროს, საზარდულის ლიმფურ კვანძებში, ჩვეულებრივ, ხდება სოკოს სპორების შენახვა და დაავადების რეაქტივაცია. სოკოვანი პათოლოგიის გამწვავება შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკებით მკურნალობამაც. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე პაციენტის ასაკსა და თანმხლები დაავადებების არსებობას. სოკოთი ინფიცირება ხდება კონტაქტით, ხოლო გავრცელება ლიმფოჰემატოგენური (ანუ ლიმფისა და სისხლის) გზით. სოკოს მკურნალობაზე, დანიშნული თერაპიის ეფექტურობაზე, გავლენას ახდენს ჭარბოფლიანობა, ასაკი, დაავადების ხანგრძლივობა, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, კერძოდ, ვარიკოზი, ტრომბოფლებიტი, ენდარტერიიტი.
– საჭიროა თუ არა სოკოთი დაავადებული ფრჩხილის მოცილება პათოლოგიისგან თავდასაღწევად?
– თუ ფრჩხილი მთლიანად არის დაზიანებული სოკოვანი ინფექციით, რა თქმა უნდა, საჭიროა მისი მოცილება, თუმცა, მოცილება არ ხდება მაინც და მაინც ქირურგიული მეთოდით. არსებობს სპეციალური საშუალებები, რომლებიც ფრჩხილს სრულად უმტკივნეულოდ აცილებს. ესენია: ურეაპლასტი, რომელიც ეკვრება დაზიანებულ ფრჩხილზე, უმტკივნეულოდ შლის და აცილებს მხოლოდ მის სოკოთი დაზიანებულ ნაწილს, აპარატურული მეთოდი, რომელიც ფრჩხილს მექანიკურად აცილებს და ლაზერი, რომლითაც ხდება ფრჩხილის დამუშავება.
ფრჩხილის. მოცილების შემდეგ აუცილებელია მკურნალობის გაგრძელება, როგორც ადგილობრივად, ისე სისტემურად. ეს უკანასკნელი გულისხმობს ფართო სპექტრის ანტიმიკოზური საშუალებების დალევას. სოკოს, ხშირად, მხოლოდ ადგილობრივი საშუალებებით (სპეციალური ლაქები, ხსნარები, მალამოები) მკურნალობენ, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს სისტემურად არ იღებენ, რაც არასწორია, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეიძლება სოკოს სპორები ლიმფურ კვანძებში დარჩეს და აქედან ლიმფოჰემატოგენური გზით ადვილად გავრცელდეს.
ჯანმრთელი ფრჩხილის გაზრდას, სულ მცირე, 9-10 თვე სჭირდება. არის ასეთი სტანდარტი: ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, როდესაც ფრჩხილი სრულად ჯანმრთელი გაიზრდება, ვიზუალურად და მიკროსკოპულადაც გამომწვევი აღარ დადასტურდება, პაციენტმა 2 წელი მაინც უნდა იწვეთოს ანტიმიკოზური ხსნარი იმისათვის, რომ სოკოვანი ინფექციის რეციდივი არ მოხდეს.
საყურადღებოა ისიც, რომ სოკოს პარაზიტებს შეუძლიათ ორგანიზმის სენსიბილიზაციის გამოწვევა. ამას სხვაგვარად ალერგიულ რეაქციას ვეძახით. ამ დროს კანზე გამონაყარი ჩნდება, ანუ ფრჩხილის დაზიანების პარალელურად, კანზე ხშირად ცვლილებები ვლინდება. ეს არ არის სხვა მიზეზით განვითარებული გამონაყარი, ეს არის სოკოს ტოქსინებით გამოწვეული ალერგიული რეაქცია კანზე, ამიტომაც მკურნალობის მიზანია სოკო პარაზიტების სრული ელემინიცა კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან.
– რას გვეტყვით ასაკოვანთა ფრჩხილების სახეცვლილებაზე?
– ცალკე უნდა გამოვყოთ ფრჩხილების ცვლილებები მოხუცებულებთან. ხანდაზმულთა ფრჩხილებს ახასიათებთ დისტროფიული ცვლილებები, რაც ხშირად სიგრძივი ხაზების განვითარებით გამოიხატება. ასეთი ცვლილებების ანალოგია შეიძლება გავატაროთ კანზე ნაოჭების განვითარებასთან. მოხუცებულთა ფრჩხილები კარგავენ გამჭვირვალობას და იღებენ მორუხო ფერს. გარდა ამისა, მიდრეკილია ნახეთქებისადმი. ადვილად მსხვრევის გამო ფრჩხილების თავისუფალი კიდე ხშირად წამოედება ხოლმე ქსოვილს, ფრჩხილი ტყდება და დისკომფორტს ქმნის, რაც მეტად შემაწუხებელია. ყოველივე ეს ფიზიოლოგიურია, პათოლოგიად არ ითვლება, თუმცა, ასეთი ფრჩხილები საჭიროებენ განსაკუთრებულ მოვლას, დამატენიანებელი და დამარბილებელი საშუალებების გამოყენებას.
– რას გულისხმობს ფრჩხილების დაავადებათა პროფილაქტიკა? როგორც დერმატოლოგი, რას ურჩევთ პაციენტებს ფრჩხილების ჯანმრთელობისათვის?
– ფრჩხილების დაავადებათა პროფილაქტიკა გულისხმობს უპირველესად იმ შინაგანი თუ სისტემური დაავადებების მკურნალობას, რომელთა გაღრმავება-გართულების ფონზეც ვითარდება ფრჩხილების დისტროფიული ცვლილებები.
თუ პაციენტს აღენიშნება ფსორიაზი, წითელი პრტყელი ლიქენი, ეგზემა და სხვა პათოლოგიები, აუცილებელია მათი სათანადოდ მკურნალობა.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებთან, ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის მოშლის გამო (ანგიო და ნეიროპათიების ფონზე), ხშირად ვითარდება ფეხის ფრჩხილების დაზიანება, მათი სოკოვანი ინფექციით დაავადება, ამიტომაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიაბეტის მკურნალობასა და მართვას, ფრჩხილების სათანადო მოვლას.
სოკოს მკურნალობისა და საბოლოოდ ელიმინაციისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა კერიდან მის ლიკვიდაციას და ოჯახის ყველა წევრის ერთდროულად მკურნალობას. დაუშვებელია სოკოთი დაავადებულის პირადი ნივთების, მისი მოვლისა თუ ჰიგიენური საშუალებების, სხვადასხვა მოხმარების საგნის გამოყენება.
ზოგი ადამიანი იკვნეტს, იჭამს ფრჩხილებს (ონიქოტილომანია), რაც შეიძლება ამა თუ იმ ინფექციის მეორადად დართვისა და ფრჩხილების სერიოზული დაზიანების მიზეზი გახდეს. ასეთ დროს აუცილებელია განმაპირობებელი ნევროზული მდგომარეობისა თუ დაავადების მკურნალობა, მავნე ჩვევისაგან გადაჩვევა.
ხელების ხშირად დაბანა, კანთან ერთად ფრჩხილების გამოშრობასაც იწვევს, ამიტომაც აუცილებელია ხელის მტევნების რეგულარულად დატენიანება. ფრჩხილის დაზიანების ასარიდებლად საჭიროა მათი სწორად მოვლა, დროულად და სწორად (არა მრგვალად) მოჭრა, ხელებისა და ტერფების ოფლიანობის კორექცია.
ქიმიურ გამღიზიანებლებთან და სარეცხ საშუალებებთან კონტაქტისას დამცავი ხელთათმანების გამოყენება.
ფრჩხილებზე ამა თუ იმ ცვლილების აღმოჩენისთანავე, უმჯობესია, პირმა დროულად მიმართოს ექიმს და არ დაიწყოს თვითმკურნალობა. მე, ყოველთვის ვეუბნები პაციენტებს, როდესაც ფრჩხილს დახედავთ და შენიშნავთ მისი ფერის ან სხვა სახის ცვლილებას, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ ფრჩხილის გარდა სხვა პრობლემებიცაა.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის სანიტარულ-ჰიგიენური ცოდნის ამაღლებას, რათა ფრჩხილებზე ნებისმიერი ცვლილების აღმოჩენისთანავე დროულად მიმართონ ექიმს და არ დაიწყონ თვითმკურნალობა!