დეპრესიის მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები
ანტიდეპრესანტებით მკურნალობას სჯობია, თავს მოერიოთ და სხვა, ალტერნატიული მეთოდებით სძლიოთ დეპრესიას.
დეპრესიის მკურნალობაში ფსიქოთერაპიის სეანსები განსაკუთრებულ როლს ასრულებს. გამაჯანსაღებელი მასაჟი და იოგა ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. გახსოვდეთ, ცხოვრება მშვენიერია. თქვენ კი ძლიერი ხართ მაშინ, როდესაც ემოციები ვერ გმართავენ. პირიქით, თქვენი პიროვნება, როგორც ძლიერი ფენომენი, ყველა სირთულეს ერევა.
ფსიქოთერაპიული მეთოდებიდან აღსანიშნავია:
- კოგნიტიურ-ქცევითი თერაპია - ამ მეთოდით პაციენტი სწავლობს სწორად აზროვნებასა და ქცევას იმისთვის, რომ იყოს ჯანმრთელი. თერაპიის ეს მეთოდი გამოიყენება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურადაც.
- პიროვნული თერაპია - მკურნალობის ეს მეთოდი ეფუძნება პიროვნულ სოციალურ ურთიერთობებსა და პაციენტის კერძო პრობლემებს.
- პრობლემათა აღმოფხვრის თერაპია - თერაპიის ეს მეთოდი ფოკუსირდება იმ კონკრეტულ პრობლემებზე, რომლებსაც პაციენტი უშუალოდ დეპრესიის პერიოდში განიცდის. მკურნალობის ეს მეთოდი ეხმარება ადამიანს პრობლემებისგან თავის დაღწევაში, მათ მოგვარებასა და სირთულეთა გადალახვაში.
- ოჯახური თერაპია - ეს სეანსები ერთდროულად უტარდება ოჯახის ყველა წევრს.
დეპრესიისგან თავის დაღწევის რამდენიმე საშუალება
კარგი განათება - დეპრესია ადამიანს უმეტესად შემოდგომაზე ან ზამთარში უტევს. ამას თავისი ფიზიოლოგიური საფუძვლები აქვს. წელიწადის ამ დროს მზის სინათლის ნაკლებობას განვიცდით, რაც ჩვენს ორგანიზმში განსაზღვრული ჰორმონების სეკრეციის რეგულაციასა და ნივთიერებათა ცვლის სხვა მხარეებზე აისახება. ასე რომ, გახსოვდეთ, ელექტროდენის დაზოგვა შეცდომაა. მეტიც - მავნებელია. გუნება-განწყობის ასამაღლებლად და დეპრესიისგან თავდასაღწევად სამუშაო ადგილზე თუ შინ აუცილებლად გქონდეთ კარგი, გამახალისებელი განათება.
შეხვედრა მეგობრებთან - საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ყველას ახარებს. ერთგული მეგობრების წრეში თავს მარტოსულად აღარ აღვიქვამთ, გვავიწყდება პრობლემები, ნეგატიური ფიქრები ვეღარ გვერევა და კარგ გუნებაზე ვდგებით.
ასე რომ, დეპრესიის შემოტევისას ნუ ჩაიკეტებით, პირიქით, ხშირად შეუარეთ მეგობრებს, მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
შრომითი თერაპია - საყვარელი საქმიანობა ყველას აქვს. ზოგს ხატვა უყვარს, ზოგს - ქარგვა, ზოგსაც უბრალოდ სახლის დალაგება ანიჭებს სიამოვნებას. შრომის მთავარი მიზანი დეპრესიის დროს მტანჯველი ფიქრებისა და ერთფეროვნებისგან პიროვნების განდგომაა. ამიტომაც გამონახეთ დრო საყვარელი საქმიანობისთვის, ირწმუნეთ, რომ ესა თუ ის საქმე თქვენთვის აუცილებელია და მარდად შეუდექით მის შესრულებას.
არტთერაპია - ხელოვნებაში ჩაძირვა, ხელოვნების ნიმუშებით ტკბობა დეპრესიის მკურნალობის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. ამ დროს ადამიანი ყველაზე უკეთ გრძნობს, რომ ცხოვრება მშვენიერია, რომ ყოველდღიური პრობლემები წვრილმანია, რომ საჭიროა ამ წვრილმანებზე ამაღლება, რადგან ადამიანის არსებობას სულ სხვა აზრი და ხიბლი აქვს.
უგუნებობისა და ნაღველის გასაფანტავად გირჩევთ მიაშუროთ თეატრს, გამოფენას, წაიკითხოთ წიგნი ან უყუროთ ფილმს.
დეკორაციების შეცვლა - სიახლე ყოველთვის კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე. ავეჯის გადაადგილება, ახალი ფარდები, ინტერიერის უმნიშვნელო ცვლილებაც კი დეპრესიაში მყოფს ეხმარება, ახალი თვალით შეხედოს ცხოვრებას. დადებითი ეფექტი შესაძლოა ახალმა დღის რეჟიმმაც კი მოახდინოს. ასე რომ, თამამად შეცვალეთ რამე, ნუ გეშინიათ!
ფიზიკური დატვირთვა - სპორტი, საზოგადოდ, ფიზიკური აქტივობა გუნება-განწყობას ამაღლებს. დეპრესიით შეპყრობილმა თავს ძალა უნდა დაატანოს და ხანგრძლივად თუ არა, დილა-საღამოს თითო საათი მაინც იაროს სუფთა ჰაერზე. ნელი ნაბიჯით სეირნობისას სასურველია სასიამოვნო მოვლენებზე იფიქროთ. თუ ბუნების წიაღში დასვენებას შეძლებთ, კიდევ უფრო მეტი ენერგიით აივსებით და განდევნით დეპრესიას.
საჩუქარი საკუთარ თავს - მიენდეთ თქვენს გრძნობებს, სურვილებს და ასიამოვნეთ თავს. უძღვენით თუნდაც მცირე საჩუქარი - შეიძინეთ ახალი ნივთი, ტანსაცმელი ან საკვები, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ. ეს გაგახალისებთ, გაგალაღებთ და დროებით მაინც გადაგავიწყებთ უსიამოვნო ფიქრებს.
მასაჟი და ჰიდროპროცედურები - აკუპუნქტურა, წერტილოვანი მასაჟი ძალზე სასიკეთო ეფექტს ახდენს დეპრესიაში მყოფ ადამიანებზე. კარგი შედეგი აქვს ჰიდროპროცედურებსაც - შხაპი, საუნა, აბანო, დილაობით - ტანის დაზელა ცივი წყლით, ხოლო ძილის წინ - წიწვების ექსტრაქტის ან ეთერზეთების თბილი აბაზანა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქიკურადაც აჯანსაღებს ადამიანს.
მუსიკით თერაპია და არომათერაპია - ევროპის მრავალ ქვეყანაში ჰანგებით და არომატებით (მატონიზებელი ეთერზეთებით) მკურნალობა ძალიან პოპულარულია. თუ დღეში თუნდაც 20 წუთით დაწვებით, თვალებს დახუჭავთ და სასიამოვნო მელოდიას მოუსმენთ, დიდ შვებას იგრძნობთ, განიტვირთებით, გუნება-განწყობა აგიმაღლდებათ და ენერგიით აივსებით.
ცხოვრებისადმი ახლებური მიდგომა - შეეცადეთ, ცხოვრებას სხვა თვალით შეხედოთ, იუმორით აღიქვათ ბევრი რამ, ყოველგვარ სიტუაციაში რამე კარგი ეძებოთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის, განეწყვეთ იმისათვის, რომ იმსახურებთ ბედნიერებას.
დასასრულ კი გახსოვდეთ, ამქვეყნად ბევრი რამ არის საინტერესო, მშვენიერი და მიმზიდველი. აქედან გამომდინარე, დასანანია დარდსა და ნაღველზე დროის დაკარგვა. წვრილმანებშიც კი სიხარული ეძებეთ, გახსოვდეთ, თქვენი ბედნიერება თქვენს ხელთაა!