ნერვულ დაავადებათა პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნერვულ დაავადებათა პროფილაქტიკა

როგორ დავიცვათ თავი ნერვული სისტემის გადატვირთვისგან და როგორ მოვიქცეთ ამ სისტემის დაავადებათა თავიდან ასაცილებლად, ამაზე სასაუბროდ ნევროლოგ მზია ყიზილაშვილს ვეწვიეთ.

- რა არის ინსულტი და რა მიიჩნევა მის რისკ-ფაქტორად?

- ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლაა. მისი რისკ-ფაქტორები გახლავთ:

  • უკვე გადატანილი ინსულტი;
  • არტერიის კედლის ათეროსკლეროზული დაზიანება;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • მოციმციმე არითმია;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ჰიპერქოლესტერინემია;
  • ცხოვრების უმოძრაო ან ნაკლებმოძრავი წესი - ჰიპოდინამია და ადინამია;
  • ჭარბი წონა, სიმსუქნე;
  • თამბაქოს წევა;
  • ხშირი სტრესი;
  • გენეტიკური განწყობა.

- ვის ემუქრება ინსულტი ყველაზე მეტად?

- ინსულტი თანაბრად ემუქრება როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად მომუშავე ადამიანებს, ასე რომ, ინსულტის განვითარებასა და ადამიანის საქმიანობის სფეროს შორის უშუალო კავშირი არ არსებობს.

- რას გულისხმობს ინსულტის პროფილაქტიკა?

- ინსულტის პროფილაქტიკა გულისხმობს:

  • შრომისა და დასვენების სწორ რეჟიმს;
  • რაციონალურ კვებას;
  • ძილის მოწესრიგებას;
  • ოჯახსა და სამსახურში ნორმალური ფსიქოლოგიური კლიმატის უზრუნველყოფას;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების: გულის იშემიური დაავადების, ჰიპერტონიული დაავადებისა და არითმიის - დროულ მკურნალობას.

ინსულტის რისკ-ჯგუფში შემავალმა ადამიანებმა ექიმის კონსულტაციით წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, აუცილებლად უნდა მიიღონ სამკურნალო საშუალებები, რომლებიც არეგულირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევას და ამით თავიდან გვაცილებს თავის ტვინში ჟანგბადოვან დეფიციტს.

- რომელ ასაკობრივ ჯგუფებს მოიცავს მალათაშუა დისკოს დაზიანებები და რა არის მათი ძირითადი მიზეზი?

- დისკოს დაავადებები უმთავრესად 20-დან 45 წლამდე ასაკის პირებში გვხვდება. ეს ის ასაკია, როდესაც ადამიანი ფიზიკურად ყველაზე მეტად იტვირთება. რაც შეეხება მიზეზებს, დისკოს თიაქარი უმეტესად ტრავმას უკავშირდება. აქ იგულისხმება როგორც საგზაო, საყოფაცხოვრებო, შრომითი თუ სპორტული გენეზის ტრავმები, ისე სხვადასხვა სახის ქრონიკული დაზიანება, რომლებიც თავს იჩენს სიმძიმის აწევისა და უხერხული მოძრაობის დროს. ეს უკანასკნელი ფაქტორები მალათაშუა თიაქრებს უკვე დაზიანებულ დისკოებში აჩენს, ანუ იქ, სადაც საამისო წინაპირობა უკვე შექმნილია და ჩვეულებრივმა უხერხულმა მოძრაობამაც კი შეიძლება დისკოს თიაქარს მისცეს დასაბამი, ჯანმრთელ დისკოში თიაქრის განსავითარებლად კი გაცილებით სერიოზული ტრავმაა საჭირო.

- რა უწყობს ხელს დისკოს თიაქრის განვითარებას?

- მთავარი ფაქტორი სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნაა. ადამიანის ხერხემლის მალებს შორის ყველაზე დიდი დატვირთვა წელის მალებს ადგება, თუმცა თიაქარი მხოლოდ ამ დონეზე არ ჩნდება; ის შესაძლოა ჩამოყალიბდეს როგორც კისრის, ისე გულმკერდის მალებშიც.


- რას ურჩევდით მკითხველს დისკოს თიაქრის საპროფილაქტიკოდ?

- უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია:

  • აქტიური ცხოვრების წესი (რეკომენდებულია ცურვა);
  • ნებისმიერი სახის ფიზიკური დატვირთვის ნორმირება და სწორად გადანაწილება;
  • შინ და სამსახურში კომპიუტერთან მუშაობისას ეცადეთ, დასხდეთ სპეციალურ საოფისე სკამზე, რომელიც ხერხემალს მეტ-ნაკლებად განტვირთვის საშუალებას აძლევს;
  • ტელევიზორის ყურებისას ჯობს უპირატესობა ნახევრად მწოლიარე ტიპის სავარძელს მიანიჭოთ;
  • მნიშვნელოვანია ავტომობილში მძღოლის სავარძლის სწორად შერჩევაც, რადგან საჭესთან მოუხერხებლად ჯდომა ოსტეოქონდროზის გართულების ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორია;
  • ხანგრძლივი მჯდომარე სამუშაოს შესრულებისას დროდადრო შეისვენეთ და გაიარ-გამოიარეთ;
  • ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ქალბატონებმა ჯობს იშვიათად ჩაიცვან ქუსლიანი ფეხსაცმელები - მაღალ და არამყარ ქუსლებზე დიდხანს დგომა ხერხემლის თიაქრის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რისკფაქტორია.
  • ნებისმიერი ტვირთი უნდა ასწიოთ ნელ-ნელა, ტვირთის აწევისას ჯერ მუხლებში უნდა მოიხაროთ და შემდეგ თანდათან გასწორდეთ; ტვირთი ჯობს ატაროთ სხეულთან რაც შეიძლება ახლოს; იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაავადების რისკჯგუფში შედიან, რეკომენდებულია თანაბრად განაწილებული ტვირთის ტარება ორივე ხელით; ოსტეოქონდროზით დაავადებულებმა თიაქრის თავიდან ასაცილებლად ერთ ჯერზე არ უნდა ასწიონ 10 კგ-ზე მეტი სიმძიმის ტვირთი;
  • აუცილებელია ხერხემლის განტვირთვა ჭარბი წონისგან;
  • თუ თქვენი სამუშაო ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, აუცილებელია დროდადრო 10-15-წუთიანი შესვენება, რათა ხერხემალს მოდუნების საშუალება მიეცეს.

ხერხემლის მთავარი მტერი უმოძრაობაა, ამიტომ მისი დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო გზა ფიზკულტურაა. სასურველია მეტი მოძრაობა და ცურვა. სირბილის დროს ხშირია ხერხემლის დისკოების მიკროტრავმატიზაცია, ამიტომ სირბილის დროს სიფრთხილეა საჭირო.

ხერხემლის მოქნილობისთვის რეკომენდებულია ყოველ დილით 15-წუთიანი ვარჯიშის ჩატარება. კარგია სხეულის გაკაჟება კონტრასტული შხაპით. თავი არიდეთ სტრესულ სიტუაციებს - ნერვული სისტემის არასწორი ფუნქციონირება აუარესებს ხერხემლის მალების კვებას და აპროვოცირებს მათში თიაქრის წარმოქმნას.

დაძლიეთ მავნე ჩვევები. ალკოჰოლი და თამბაქო ავიწროებს სისხლძარღვებს, ამცირებს მათში იმ საკვები ნივთიერებების რაოდენობას, რომლებიც მალათაშუა დისკოებში უნდა მოხვდეს და ამით ხელს უწყობს ოსტეოქონდროზისა და ხერხემლის თიაქრის განვითარებას.

- ნევროზული მოშლილობა ჩვენს ქვეყანაში ისევე გავრცელებულია, როგორც სომატური დაავადებები, ამიტომ საინტერესოა, რა ასაკში შეიძლება განვითარდეს იგი.

- ნევროზით დაავადებულთა რიცხვი, სამწუხაროდ, დღითი დღე იზრდება და ეს ბუნებრივიცაა - ჩვენ ხომ სტრესების საუკუნეში ვცხოვრობთ. საბედნიეროდ, არიან ისეთებიც, ვისთვისაც ნერვული სისტემის პათოლოგიები უცნობია. ასე რომ, მძიმე ნერვულ-ემოციური ფონი ყველას ერთნაირად როდი ვნებს; მის გავლენას ყველაზე მეტად მშფოთვარე, ეჭვიანი, თავდაჯერებას მოკლებული ადამიანები ემორჩილებიან. ნევროზმა ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი, ამასთან, განსხვავებული ფორმებით.

ზრდასრულ ასაკში ნევროზის კლინიკური გამოვლინება პიროვნების თავისებურებებთან არის დაკავშირებული და გარემოსთან შეგუების მექანიზმების დათრგუნვის შედეგია. აქ იგულისხმება ის, რამდენად შეუძლია ამა თუ იმ პიროვნებას დაძლიოს საკუთარი მოთხოვნილებები მაშინ, როდესაც ამ მოთხოვნილებებსა და მათი განხორციელების შესაძლებლობას შორის კონფლიქტი წარმოიშობა. დღეს ჩვენი მოსახლეობის 70-80%-ს სხვადასხვა ფორმის ნევროზი აქვს.

- როგორ მოვიქცეთ ამგვარ მოშლილობათა თავიდან ასაცილებლად?

- ნევროზული მდგომარეობის ჩამოყალიბებას დიდად უწყობს ხელს უძილობა, რომელიც დამოუკიდებელი პათოლოგია არ გახლავთ, მაგრამ ძილის პროცესის დარღვევა უკვე იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმში არასასურველი ფსიქოემოციური ძვრები დაიწყო. ამრიგად, ნევროზის პროფილაქტიკაში ძილის მოწესრიგებას უდიდესი როლი ეკისრება. ერთსა და იმავე დროს დაწექით დასაძინებლად, ძილის წინ ივარჯიშეთ ან ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ნუ დალევთ დაწოლამდე 3-4 საათით ადრე ყავას ან რომელიმე სხვა მატონიზებელ სასმელს. თუ ძილი მაინც ვერ მოიწესრიგეთ, მიმართეთ სპეციალისტს უძილობის მიზეზისა და ხასიათის დასადგენად, რათა დროულად იმკურნალოთ.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანაარსებული სომატური დაავადებების მკურნალობას, რა მსუბუქადაც არ უნდა მიმდინარეობდეს, რადგან ავადმყოფობაზე მუდმივი ფიქრი მუდმივი სტრესის მიზეზია, ეს კი ხელს უწყობს ნევროზული მდგომარეობის ჩამოყალიბებას. ბევრს შველის ფსიქოთერაპევტთან საუბარი, ცხოვრების რთულ პერიოდში მეგობრისთვის გულის გადაშლა.

ხშირად ნევროზი საკუთარი გარეგნობისადმი უარყოფითი დამოკიდებულების შედეგია, ამიტომ აუცილებელია დასვენების, შრომისა და კვების მართებული რეჟიმის შერჩევა, რადგან უპირატესად სწორედ მისი დარღვევა იწვევს ადამიანში გარეგნულ ნიშან-თვისებათა არასასურველ ცვლილებას. დროდადრო ბუნების წიაღში გასეირნება, განტვირთვა პრობლემებს დროებით გვავიწყებს და მათდამი დამოკიდებულების შეცვლაშიც გვეხმარება - ისინი ისეთი მძიმე და მოუგვარებელი აღარ გვეჩვენება, გამოსავალსაც უფრო იოლად ვპოულობთ.

რთულ, დაძაბულ პერიოდებში რაც შეიძლება ნაკლები სვით და ნაკლები მოსწიეთ. ალკოჰოლი და ნიკოტინი პრობლემების მოგვარებაში ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ. იპოვეთ საქმე, რომლის კეთებაც სიამოვნებას გგვრით. გამონახეთ დრო და კვირაში 3-ჯერ 45 წუთი დაუთმეთ ფიზიკურ ვარჯიშს, სპორტი შესანიშნავი ანტიდეპრესანტია, ხშირად იგი მედიკამენტებზე უკეთ ახერხებს ფსიქიკის კორექციას. შესანიშნავი შედეგი აქვს რელაქსაციურ სეანსებს, რამდენიმე მათგანი საკმარისია, რომ თავი უკეთ იგრძნოთ.

ასე რომ, თუ გარე სამყაროს ვერაფერს უხერხებთ, საკუთარი თავის შეცვლა ნამდვილად შეგიძლიათ. სხვა თვალით შეხედეთ პრობლემებს და ისინიც ვერაფერს დაგაკლებენ.