შეიძლება თუ არა, ყლაპვის გაძნელება ნევროგენულმა მიზეზებმა გამოიწვიოს? როგორ მკურნალობენ დღეს ასეთ პაციენტებს? ამ საკითხებზე გვესაუბრება აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკის ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი მაია მგალობლიშვილი.
- რომელმა ნევროლოგიურმა პათოლოგიებმა შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება?
- ყლაპვის გაძნელება ზოგჯერ მძიმე ნევროლოგიური დაავადების ნიშანია. ყველაზე რთულია შემთხვევა, როდესაც დისფაგია გამოწვეულია თავის ტვინის ორგანული დაზიანებით, რაც, პირველ ყოვლისა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას გულისხმობს. დისფაგია რომ განვითარდეს, უნდა დაირღვეს სისხლის მიმოქცევა თავის ტვინის ღეროში, რადგან სწორედ აქ მდებარეობს ნერვები, რომელთა დაზიანება ყლაპვის მოშლას იწვევს. დისფაგია ასევე

ხშირად ყლაპვის გაძნელება ფარისებრი ჯირკვლის დაზიანების შედეგია. ენდოკრინოლოგთან კონსულტაციისა და ორგანული დაზიანების გამორიცხვის შემდეგ დაისმის სათანადო მკურნალობის საკითხი.
დიდი მნიშვნელობა აქვს ხახისა და მბგერი იოგების მდგომარეობის შეფასებას, რაც ოტორინოლარინგოლოგების კომპეტენციაა - შესაძლოა, დისფაგია ლოკალური პროცესით, მაგალითად, ხორხსარქველის დაზიანებით, სიმსივნით, შუასაყარის ამა თუ იმ პათოლოგიით იყოს გამოწვეული.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დისფაგია დაავადებების საკმაოდ ფართო დიაპაზონს მოიცავს, ამიტომ მის დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები უნდა ჩაერთონ.
- განსხვავდება თუ არა ყლაპვის გაძნელებასთან დაკავშირებული სიმპტომატიკა თავის ტვინის ორგანული დაზიანებისა და ფუნქციური მოშლილობის დროს?
- ორგანული დაზიანების დროს უმთავრესად დაქვეითებულია ხახის რეფლექსი, მისი უკანა ზედაპირის შპადელით ან კოვზით გასინჯვა ღებინებას არ იწვევს, ნაქი დუნედ იკუმშება, შესაძლოა, დაშვებული იყოს მარჯვნივ ან მარცხნივ (ჩვეულებრივ, ის ხახის შუაში უნდა იდგეს). საზოგადოდ, ორგანულ და ფუნქციურ დაზიანებათა დიფერენცირება ნევროლოგისთვის ძნელი არ არის. ის ეფუძნება იმ სიმპტომების ჯაჭვს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, 90%-იანი სიზუსტით განვსაზღვროთ, ყლაპვის დარღვევა თავის ტვინში მიმდინარე ორგანული დაზიანებით არის გამოწვეული თუ ფუნქციურით.
- რა განასხვავებს ნევროგენულ დისფაგიას სხვაგვარი წარმოშობის, მაგალითად, ასტროენტეროლოგიური პრობლემებით გამოწვეული დისფაგიისგან?
- თავის ტვინის ორგანული დაზიანების შემთხვევაში უფრო მეტად ჭირს თხიერი საკვების, წყლის ყლაპვა, ხოლო ფუნქციური ანუ ნევროზული დისფაგიის დროს საკვების კონსისტენციას მნიშვნელობა არ აქვს. ამასთანავე, ნევროზის შემთხვევაში ყლაპვის გაძნელება შესაძლოა პაციენტის სუბიექტური შეგრძნება იყოს.