პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

.

  • "ჩემი შეყვარებული მეტისმეტად თავქარიანია. გამუდმებით აწყობს გეგმებს, რომლებსაც ვერასოდეს ასრულებს. მაგალითად, შემპირდა, რომ საშობაოდ ბაკურიანში ან გუდაურში წავიდოდით, შემდეგ კი პირობა დაავიწყდა. როცა ვუსაყვედურებ, თავის მართლებას მოჰყვება ხოლმე - ხან სამსახურს აბრალებს, ხან ნათესავებს, ხან დაღლილობას. როგორ მოვიქცე?"

-როგორც ჩანს, შენი შეყვარებული ადეკვატურად ვერ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. ვფიქრობ, გულწრფელად სჯეროდა, რომ პირობის შესასრულებლად დროსა და თანხას გამონახავდა, მაგრამ რაღაც ვერ გათვალა... ასე რომ, საყვედურებით ნუ აავსებ. უმჯობესია დაარწმუნო, კარგად აწონ-დაწონოს თავისი შესაძლებლობები და მხოლოდ იმას დაგპირდეს, რის გაკეთებასაც შეძლებს. გამორიცხული არ არის, შენი შეყვარებული იმ ადამიანების რიცხვს ეკუთვნოდეს, რომლებსაც საინტერესო იდეები ებადებათ, მაგრამ მათი განხორციელება არ ძალუძთ. თქვენი პრობლემა აუცილებლად მოგვარდება, თუ "ადმინისტრატორის" როლს თვითონ იკისრებ - მარტივად რომ ვთქვათ, საკუთარ თავზე აიღებ ყველაფრის ორგანიზებას და გეგმის ხორცშესხმას.

  • "ახლახან ერთ ფირმაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ სამუშაომ იმედი გამიცრუა. წამოსვლა მინდა, მაგრამ ვყოყმანობ, რადგან კოლექტივი ძალიან კარგია, მათთან განშორება არ მინდა. როგორ გავაკეთო არჩევანი?"

-ერთადერთი გამოსავალი არსებობს - ახალი სამსახური უნდა მოძებნო. როგორც არ უნდა მოგწონდეს კოლეგები, თუ სამუშაო არ მოგწონს, მათთან ურთიერთობა ვერავითარ სიხარულს ვერ მოგანიჭებს. ყოფილ თანამშრომლებთან შეხვედრა კი თავისუფალ დროსაც შეიძლება. თბილად დაემშვიდობე კოლეგებს. შეგიძლია, გამოსათხოვარი საღამოც მოაწყო და უთხრა, რომ მათთან მუშაობა შენთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

  • "დიდი ხანია, ერთ მამაკაცთან მაქვს ურთიერთობა. საკმარისია, ერთმანეთი დავინახოთ, რომ ვნება საოცარი ძალით იფეთქებს ხოლმე, მერე კი საშინლად ვჩხუბობთ და ვშორდებით, ვიდრე... შემთხვევით ისევ არ შევხვდებით ერთმანეთს. როგორ მოვიქცე, როგორ დავაღწიო თავი ამ მოჯადოებულ წრეს?"

-როდესაც ერთი და იგივე სიტუაცია მრავალჯერ მეორდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი გარკვეული არ არის. თქვენი რომანი ყოველი შეხვედრისას თავიდან იმიტომ იწყება, რომ არ დამთავრებულა! ყოველ ჯერზე ცდილობთ, ამჯერად მაინც მოიქცეთ სხვაგვარად: რაღაც დაუმტკიცოთ ერთმანეთს, ურთიერთობა უფრო სერიოზული გახადოთ, თავიდან აიცილოთ განხეთქილება და ა.შ. თუ გსურთ, ამ მოჯადოებულ წრეს თავი დააღწიოთ, ან თქვენი ფარული სურვილების რეალიზაცია უნდა მოახდინოთ, ან უარი თქვათ მათზე.

  • "ყოფილი შეყვარებული თითქმის ყოველდღე მირეკავს და საყვედურებით მავსებს... საუბარს ყოველთვის იმით იწყებს, ბოდიშის მოხდა მინდაო, მაგრამ თანდათან ჩხუბზე გადადის და საბოლოოდ ცრემლებამდე მივყავარ. როგორ მოვიშორო?"

-მის წინაშე დამნაშავეც რომ იყო, თავისი საქციელით მან დიდი ხანია გადაგიხადა სამაგიერო. ასე რომ, ნუ მოითმენ მის დაუსრულებელ ისტერიკას. უბრალოდ, შეწყვიტე მასთან ურთიერთობა: არ უპასუხო ზარს, არ წაიკითხო წერილი, არ დაელაპარაკო შეხვედრისას. შეგიძლია, მობილური ტელეფონის ნომერიც შეცვალო.

  • "დაქალი ხშირად მითრევს არასასიამოვნო ამბებში - ხან კაფეში მივყავარ, სადაც აღმოჩნდება ხოლმე, რომ ყველაფერი ძალიან ძვირია, ხან საეჭვო ახალგაზრდების გაცნობისკენ მიბიძგებს. დამღალა უსიამოვნებებმა, მაგრამ არც ის შემიძლია, მეგობარი განსაცდელში მივატოვო. მირჩიეთ რამე!"

-რა გიშლის ხელს, პასუხისმგებლობის გრძნობა მანამდე გამოიჩინო, ვიდრე მორიგ უსიამოვნებაში გაეხვევი? სცადე, შენი გაიტანო - წახვიდე მხოლოდ იმ კაფეში, სადაც გსურს, ნურც საეჭვო ახალგაზრდებთან გააბამ ურთიერთობას. აშკარაა, შენ უფრო მეტად გაქვს განვითარებული ზომიერების გრძნობა, ვიდრე შენს მეგობარს. ასე რომ, ნუ მისცემ საშუალებას, გადაწყვეტილებები შენს ნაცვლად მიიღოს.

  • "აღმოვაჩინე, რომ ჩემი ექიმი მომწონს. როგორ ვუთხრა ეს? საერთოდ, ღირს კი ამის აღიარება?"

-კარგი ექიმისთვის მთავარია არა პაციენტის გარეგნობა, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასე რომ, ადვილი შესაძლებელია, საკუთარ კაბინეტში მან ვერც შენი მოხდენილი ფიგურა შეამჩნიოს და ვერც სიყვარულით აღსავსე მზერა. უბრალოდ, ვერ შეამჩნიოს და მორჩა! უმჯობესია, "შემთხვევით" შეხვდე კაბინეტის მიღმა, აგრძნობინო, რომ გაგახარა მისმა დანახვამ, მოიკითხო... ძნელი სათქმელია, რა გამოვა ამ საუბრიდან, მაგრამ იმას მაინც მოახერხებ, ინიციატივის გამოჩენის შანსი მისცე.

  • "დამღალა დედის გაუთავებელმა შენიშვნებმა და კარნახმა. უსუსურ ბავშვად მთვლის თუ რა ხდება, ვერ გამიგია! მაგალითად, ყველა ოჯახური დღესასწაულის თარიღი ზეპირად ვიცი, მაგრამ დედა გამუდმებით მახსენებს: დაურეკე, მიულოცე, ასე უთხარი, ისე უთხარი..."

-როგორც ჩანს, დედას მოსწონს ოჯახური ტრადიციების დამცველის როლი, ეს არის და ეს. ერთ უბრალო ხერხს გასწავლი: შესთავაზე, საღამოს თვითონვე დაურეკოს იუბილარს და შეამოწმოს, მიულოცე თუ არა დაბადების დღე. ეს დედას დაარწმუნებს, რომ მართლაც ბევრი რამ გახსოვს და მითითების გარეშეც საჭიროებისამებრ მოიქცევი.

  • "ჩემი დედამთილი დარწმუნებულია, რომ გოგონას ყაჩაღანად ვზრდი. თვითონ ნაირ-ნაირ კაბებს სჩუქნის და სასტიკად უკრძალავს ხეებზე ძრომას, დაღმართზე სრიალს, ველოსიპედით სიარულს - ახალ ტანსაცმელს დასვრი და გააფუჭებო. მე კი დიდ უბედურებად არ მიმაჩნია, თუ ჩემს გოგონას დალაქავებული შარვალი ეცმება - ის ხომ ჯერ მხოლოდ რვა წლისაა!"

-მთავარი ბავშვის სურვილები და მოთხოვნილებებია, ამ ასაკის პატარებს კი ხმაურიანი, ენერგიული თამაშები მოსწონთ. რაც შეეხება ტანსაცმელს, ბავშვები მის მოხერხებულობას უფრო აფასებენ, ვიდრე სილამაზეს. გარდა ამისა, მოძრაობითი აქტივობა ჯანმრთელობისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ისე რომ, თუ შენს გოგონას ხეებზე ცოცვა უყვარს და ველოსიპედსაც ბიჭივით დააქროლებს, მართლაც არ ღირს, გახამებულ კაბაში გამოწყობილ თოჯინად აქციო.

  • "ჩემი ქმრის ყოფილი შეყვარებული უცხოეთიდან დაბრუნდა. პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ ჩემს მეუღლეს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. რაც მთავარია, ჩემი ქმარი დათანხმდა! ეჭვიანობისგან ადგილს ვერ ვპოულობ - ქმარი კი მარწმუნებს, ჩვენ შორის ყველაფერი დიდი ხანია დამთავრდაო, მაგრამ... მაინცდამაინც არ მჯერა ყოფილი შეყვარებულების მეგობრობის. როგორ მოვიქცე?"

-არსებობს ერთი ნაცადი ხერხი: ის ქალი სტუმრად მოიწვიე (სასურველია, სხვებთან ერთად) და დააკვირდი. იმედი მაქვს, ქალური ალღო მოგახვედრებს, ნამდვილად არსებობს აღელვების საფუძველი თუ არა. იქნებ შენი მეუღლე მასთან შეხვედრას მხოლოდ იმისთვის აპირებს, რომ აუხსნას, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდაო? ასეთ შემთხვევაში მის მოპატიჟებაზე არ დაგთანხმდება. თუ ასე მოხდა, მისი უარი მშვიდად მიიღე.