გაცნობის ინსტიტუტი
თავს არ ზოგავენ, რომ ღირსეული მეორე ნახევარი მიპოვონ...
თითქოს პირი შეუკრავთო, ისე ტრიალებენ ნათესავები, მეგობრები, კოლეგები თქვენ გარშემო, აქებენ თქვენი ხელისა თუ გულისთვის შესაფერის ხან ერთ, ხან მეორე კანდიდატს... მოდი გავარკვიოთ, შეუძლიათ თუ არა გულშემატკივრებს, პირადი ბედნიერების პოვნაში დაგეხმარონ, ღირს თუ არა მათზე დაყრდნობა და საერთოდ, რა პერსპექტივა აქვს "გაცნობის ინსტიტუტს".
-
კოლექტიური შემოქმედება
თუ თქვენ და თქვენი კოლეგები ერთ დიდ ოჯახს წარმოადგენთ, მზად იყავით იმისთვის, რომ აუცილებლად ეცდებიან, გიპოვონ შესაფერისი პარტნიორი.
დადებითი მხარე: შანსი იმისა, რომ თანამშრომლების მიერ შემოთავაზებული კანდიდატურა მისაღები და ღირსეული იყოს, საკმაოდ მაღალია. ეს იმიტომ, რომ თქვენს კოლეგებს არ აქვთ პირადი ინტერესი თქვენი ოჯახური სტატუსის მიმართ. მათთვის ეს უფრო სპორტული ინტერესია. და რაკი ასეა, მათ უანგარობაში ეჭვი არ უნდა შეიტანოთ.
კოლეგები უბრალოდ მოძებნიან ნაცნობებს შორის შესაფერისი ასაკის უცოლო მამაკაცს და შექმნიან პირობებს გაცნობისა და ურთიერთობისთვის. მთავარია, თავს არ მოგახვიონ საკუთარი აზრი.
უარყოფითი მხარე კი ის გახლავთ, რომ კოლეგები თქვენი პირადი ცხოვრების საქმის კურსში არიან. ეს ყოველთვის კარგი როდია... წარმატების ალბათობა დაახლოებით 60%-ია.
-
ნათესაური გრძნობები
მშობლებს, დეიდებს, მამიდებს, დეიდაშვილ-ბიძაშვილ-მამიდაშვილებს ყველაზე მეტად აწუხებთ, რომ მარტოხელა ხართ, რადგან ეს მათ პირადად ეხებათ. ზოგჯერ კიდეც ჰგონიათ, რომ თქვენ გამო ოჯახის რეპუტაციას ჩრდილი ადგება. "თუ არავის უნდა მისი ცოლად მოყვანა, ე.ი. რაღაც ვერ არის რიგზე. რას იტყვის ხალხი?!" - დაახლოებით ასეთი აზრები მწიფდება ხოლმე მათი ცნობიერების წიაღში.
დადებითი მხარე: ნათესავებს, როგორც წესი, კეთილი ზრახვა ამოძრავებთ - მათ ხომ თქვენთვის მხოლოდ კარგი უნდათ. ამასთან, ახლობლები უმეტესად ისეთ კანდიდატს ეძებენ, რომელიც მატერიალურად უზრუნველყოფილია, კარგი მეოჯახე, არ აქვს მავნე ჩვევები, ღირსეულია და კარგი ოჯახიშვილი. ხშირად ეს სამეფო დინასტიების პოლიტიკურ ქორწინებას მოგვაგონებს.
უარყოფითი მხარე: წესისამებრ, ნათესავებს უცნაური წარმოდგენა აქვთ "შესაფერის" საქმროზე და ეს მთავარი არგუმენტია მათ კანდიდატებთან გაცნობის წინააღმდეგ. წარმატების ალბათობა დაახლოებით 20%-ია.
-
მეგობრული წინადადება
თქვენი მეგობარი გოგონები ნათესავებზე არანაკლებ არიან დაინტერესებულნი თქვენი პირადი ცხოვრების მოწყობით. მაგრამ ყველა მათგანს ერთნაირად ენდობით?
დადებითი მხარეები: მეგობრები ყველა თქვენი სასიყვარულო თავგადასავლის საქმის კურსში არიან და შესანიშნავად იციან, რა ტიპის მამაკაცები გიზიდავთ - ქერა თუ შავგვრემანი, გამხდარი თუ სპორტული აღნაგობისა. გარდა ამისა, ისინი კარგად იცნობენ თქვენს ხასიათსა და ტემპერამენტს, გემოვნებასა და გატაცებებს, თვისებებსა და ინტერესებს (ნათესავებისგან განსხვავებით, რომლებიც ისეთ პიროვნებად გხედავენ, როგორიც თავად სურთ). ამიტომ მეგობარი გოგონები უკეთ ხვდებიან, როგორ ადამიანს უფრო შეეწყობით, ვისთან გექნებათ ურთიერთგაგება, საერთო ინტერესები, სასაუბრო თემები.
უარყოფითი მხარეები: ყველა ქალს, განსაკუთრებით - თუ თავად ჯერ კიდევ გასათხოვარია, როდი შეუძლია გააცნოს მეგობარს საუკეთესო მამაკაცი, - ამ შემთხვევაში ხომ მოუწევს, ამოშალოს იგი თაყვანისმცემელთა სიიდან. უფრო მეტიც - მას სურს, თქვენც მარტო იყოთ, რადგან ასე საკუთარ მარტოობას გაცილებით იოლად გადაიტანს. შესაძლოა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებისგან თავის შეკავებაც გირჩიოთ... წარმატების ალბათობა 40%-ია.
-
ფსიქოლოგი მამაკაცის რჩევა
არაფერია იმაში უჩვეულო, რომ თქვენთვის ვისიმე გაცნობას ცდილობენ. არჩევანი, რა თქმა უნდა, თქვენზეა. შესაძლებელია თუ არა, ამ ჩანაფიქრიდან რამე გამოვიდეს? რა თქმა უნდა!
თუ მარტოხელა ხართ, ეს ნიშნავს, რომ შესაფერისი საქმრო ჰორიზონტზე ჯერ არ გამოჩენილა, ღირსეულნი კი უკვე დაკავებულები არიან. ამასთან, სამსახურში და ტრანსპორტში, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებთ, სერიოზული განზრახვით გაცნობა მიღებული არ არის, ხოლო სხვაგან წასვლას იშვიათად ახერხებთ. მაშ, რატომ უნდა უგულებელყოთ მამაკაცის გაცნობის, მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა? რა თქმა უნდა, არ არსებობს არავითარი გარნატია, რომ გაგიმართლებთ - იპოვით თქვენს უფლისწულს, დაქორწინდებით, უამრავ შვილს გააჩენთ, იცხოვრებთ დიდხანს და ბედნიერად და ერთ დღეს დაიხოცებით, მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, ცდა ბედის მონახევრეაო...
-
ფსიქოლოგი ქალის რჩევა
თუ მაჭანკლის როლს თქვენი მეგობარი მამაკაცები იღებენ საკუთარ თავზე, ეს განსაკუთრებით დასაფასებელია. ისინი თქვენ უმცროს დად აღგიქვამენ, რომელსაც დაცვა და მფარველობა სჭირდება. ასე რომ, კანდიდატს მკაცრი გამოცდის ჩაბარება მოუწევს: მიკროსკოპით შეისწავლიან მის გენეალოგიას, საქმიანობას, წარსულს... ხოლო თუ პოტენციური საქმრო გაწყენინებთ, ის მაშინვე გაქრება თქვენი ცხოვრებიდან. ამრიგად, მეგობარი მამაკაცების დახმარებით გათხოვების შანსი დიდი არ არის. მაგრამ... ხშირად ხდება ისე, რომ მეგობარი ქმრად იქცევა. მთავარია, დროზე დაინახოთ მის თვალებში თქვენდამი ინტერესი.
კარგად დააკვირდით თქვენს უახლოეს გარემოცვას: იქნებ მეგობრები ეჭვით იმიტომ უყურებენ თქვენს თაყვანისმცემლებს, რომ თავად სურთ მათ ადგილას ყოფნა?..