ფსიქოლოგიური კონსულტაცია
-
მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ. ორივეს კარგი ანაზღაურება გვაქვს და თავისუფლად შეგვიძლია, დავეხმაროთ ახლო ნათესავებს, მაგრამ ჩემს მეუღლეს მხოლოდ დედა და და ჰყავს, მე კი - მთელი გუნდი, ამიტომ გამოდის, რომ ჩემიანებს უფრო ხშირად ვეხმარებით, ხოლო ჩემი ქმრის ნათესავებს - უფრო იშვიათად... ეს დანაშაულის განცდას მიჩენს.
მარი, 27 წლის
ალბათ გაგიგონიათ, რომ კარგ ოჯახებში ადამიანები არა ფულის კარნახით, არამედ შესაძლებლობებისა და პრობლემების შესაბამისად მოქმედებენ. თუ ნათესავების დახმარება გადაწყვიტეთ, იმის ანგარიში, ვის მხარეს მეტი ყურადღება ერგება წილად, ისევე უხერხულია, როგორც სუფრასთან ჯდომისას თვალის დევნება, ვინ რამდენს მიირთმევს. სიტუცია შეიძლება არაერთხელ შეიცვალოს. თუ უეცრად თქვენი ქმრის ახლობლებს ძვირად ღირებული მკურნალობა დასჭირდათ, მატერიალურმა დანახარჯმა შესაძლოა ბევრად გადაწონოს ის სურსათით სავსე ჩანთები, რომლებიც თქვენ თქვენი ახლობლებისთვის მიგაქვთ. თუ მაინც გღრღნით ეჭვი, გულახდილად ესაუბრეთ ამაზე ქმარს.
-
ჩემი შეყვარებული ოჯახის შექმნასა და ბავშვების გაჩენაზე ოცნებობს. ვცდილობ ავუხსნა, რომ ჯერ არავითარი ვალდებულების აღება არ მინდა, მით უმეტეს, ასე ნაადრევად ბავშვების გაჩენაზე ფიქრი, ის კი მპასუხობს, რომ გადაწყვეტილებას არ შეიცვლის და აუცილებლად დაქორწინდება, ჩემზე თუ არა, სხვაზე მაინც. იქნებ შევცდი, როცა ვუთხარი, რომ ჯერ ქორწინებისთვის მზად არ ვარ?
ქეთა, 22 წლის
ნუ განიცდით, თქვენ ყველაფერი სწორად გააკეთეთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას შეყვარებულის თითოეულ სიტყვას. როცა არჩევანის წინაშე გაყენებთ, ის თქვენით მანიპულირებას ცდილობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აუცილებლად მიუგდებდა ყურს თქვენს აზრს და, რა თქმა უნდა, არავითარ პირობას არ წამოგიყენებდათ. კარგად დაფიქრდით, ღირს კი ასეთ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება? შეყვარებულებს შორის ხომ სრული თანხმობა, სრული ჰარმონია უნდა სუფევდეს. სხვაგვარად ერთობლივი ცხოვრება წარმოუდგენელია.
-
პრობლემები ნაადრევი ქორწინების დროს
საქართველოში ქორწინების ქვედა ზღვრად, იურიდიული თვალსაზრისით, ორივე სქესისთვის 18 წელია მიჩნეული. შეიძლება თუ არა, მხოლოდ ასაკობრივი მაჩვენებელი იყოს ნაადრევი ქორწინების კრიტერიუმი? თითოეული ადამიანი საკუთარი შეხედულებისამებრ ირჩევს მეწყვილეს.
არსებობს საყოველთაოდ მიღებული ე.წ. “პარტნიორული ნორმების” კრიტერიუმები. ერთ-ერთია მოწიფულობა. ის შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური. პარტნიორთან სქესობრივი ურთიერთობის დასამყარებლად საკმარისია ფსიქოფიზიოლოგიური მომწიფება, ქორწინებისთვის კი სოციალური მომწიფებაც საჭიროა, რადგან ოჯახის შექმნა შეუძლია მხოლოდ ჩამოყალიბებულ, დამოუკიდებელ პიროვნებას.
საუკეთესო ვარიანტია, როცა ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მომწიფების ვადები ერთმანეთს ემთხვევა. სხვაგვარად, არსებობს დისჰარმონიისა და კონფლიქტების რისკი.
თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე
https://mkurnali.ge/fsiqonevrologia/fsiqologia/8366-problemebi-naadrevi-qortsinebis-dros.html