დიაბეტით დაავადებულის ფსიქოპორტრეტი
დიაბეტიანი თავდაპირველად შესაძლოა მხოლოდ საერთო სისუსტეს და შრომის უნარის დაქვეითებას უჩიოდეს. დაავადება დიდხანს ფარულად მიმდინარეობს და მხოლოდ რომელიმე გართულების გამოვლენის შემდეგ იპყრობს ყურადღებას. ეს გართულებებია კანის ქავილი და ჩირქოვანი წარმონაქმნების გაჩენა, მხედველობის დაქვეითება, კიდურების მგრძნობელობის შეცვლა, ტაქიკარდია, სტენოკარდიული შეტევები და გულის კუნთის ინფარქტი, ღვიძლის გადიდება და გამკვრივება, თირკმელების დაზიანება.
არტერიული სისხლის წნევის მომატების შედეგად ზოგჯერ ვითარდება დიაბეტური კომა, რასაც ცნობიერების დაკარგვა სდევს თან. დიაბეტის ნებისმიერი ფორმის მკურნალობის საფუძველი დიეტაა. ავადმყოფის რაციონში უნდა შეიზღუდოს ნახშირწყლები, ხოლო ტკბილეული საერთოდ გამოირიცხოს. საზოგადოდ, დიაბეტით დაავადებულს ბევრ რამეზე უხდება უარის თქმა, რაც ძლიერ დარტყმას აყენებს მის ფსიქიკას.
დიაბეტიანის ცხოვრება გარკვეული რეჟიმის მუდმივი დაცვაა, ეს კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს - მათ ხომ მუდმივად უხდებათ უარის თქმა საკუთარ მოთხოვნილებებზე, ზოგჯერ - ძალიან აქტუალურზეც.
-
დიაბეტი პიროვნებას ცვლის
არსებობს დაავადებები, რომლებიც მეტისმეტად ხანგრძლივდება და ამით ერთიორად შემაწუხებელი ხდება, ზოგიერთი კი საერთოდ უკურნებელია. მათ რიცხვს ეკუთვნის დიაბეტიც.
დიაბეტიანი ზოგჯერ მთელი სიცოცხლე ჰორმონ ინსულინზეა დამოკიდებული, იძულებულია ზუსტად დაიცვას კვებისა და აუცილებელი ფიზიკური დატვირთვის რეჟიმი, ჰიგიენა, გაუფრთხილდეს კანს. ყოველივე ეს ფსიქიკას ძაბავს. არ არის გამორიცხული, მძიმე ფსიქოლოგიური დარღვევებიც გამოიწვიოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა დაავადება სტაბილურად მძიმეა და წლობით გრძელდება. ამ დროს ადამიანი დაძაბუნებულია, მოდუნებული, გაღიზიანებული, უქვეითდება ინტელექტი, გარე სამყაროსადმი გულგრილი, ინდიფერენტული ხდება, ზოგჯერ ირგვლივ მყოფებს თითქმის აღარ აქცევს ყურადღებას, რადგან გამუდმებით საკუთარ თავსა და ავადმყოფობაზეა კონცენტრირებული. ზოგჯერ ასეთ ადამიანებს უუარესდებათ მეხსიერება, უქვეითდებათ საკუთარი ქცევის კრიტიკა.
დიაბეტის ქრონიკულმა მიმდინარეობამ შესაძლოა გააღრმაოს განსაკუთრებული პიროვნული წყობის ადამიანის ფსიქოლოგიური თავისებურებანი. დიაბეტიანებისთვის დამახასიათებელია შფოთვა, ეგოცენტრიზმი ცხოვრების მკაცრი რეჟიმის გამო, რამაც შეიძლება ირგვლივ მყოფი ჯანმრთელი ადამიანებისგან მათი გაუცხოება გამოიწვიოს. ავადმყოფს ეცვლება დამოკიდებულება საზოგადოებისა და ოჯახის მიმართ, ახლებურად აფასებს გარემომცველ სინამდვილეს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თავის მოვლას და ყოველ წვრილმანზე ამახვილებს ყურადღებას, რაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აგდებს მომვლელს. ეს ავადმყოფის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებაა.
თუ დიაბეტიანი ინსულინით მკურნალობს, საჭიროა კვების რეჟიმის საათობრივი დაცვა. ადამიანი პრეპარატზე ხდება დამოკიდებული. ზოგი ავადმყოფი მშვიდად მიჰყვება რეჟიმს და ეგუება, რომ ეს მისი ცხოვრების წესია, ზოგი კი მეტისმეტად იძაბება, განუწყვეტლივ შფოთავს, შიშობს, უყურადღებობის შემთხვევაში ცუდად არ გახდეს, მდგომარეობა არ გაურთულდეს და კომაში არ ჩავარდეს, ამიტომ მუდამ დაძაბულია და გარშემო მყოფებსაც ძაბავს, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდხანს მოუხდა მარტოს, უმეთვალყურეოდ დარჩენა. ასეთ დროს ახლობლებმა მეტი ყურადღება და გულისხმიერება უნდა გამოიჩინონ, რათა ავადმყოფს ზედმეტი მღელვარება თავიდან ააცილონ.
დიაბეტმა შესაძლოა გამოიწვიოს ცნობიერების დარღვევა და სიყრუე. ამ დროს გამღიზიანებლების აღქმა ქვეითდება და ისინი ცნობიერებამდე ვერ აღწევს. ხმამაღალ და საშუალო ბგერებზე ავადმყოფი ისევე რეაგირებს, როგორც ძალიან სუსტზე, სუსტს კი საერთოდ ვერ აღიქვამს. გარემოს აღქმა ბუდოვანია, ჭირს მოვლენების გააზრება, მეხსიერებიდან მოგონებების გამოხმობა, შენელებულია ასოციაციების წარმოქმნა. ამას თან ახლავს ძლიერი ძილიანობა. კიდევ უფრო მძიმეა დიაბეტური სიბრმავე. უფრო რთულ სიტუაციებში მოსალოდნელია ფსიქოზის ჩამოყალიბებაც.
დიაბეტის მძიმე ფორმების დროს ვითარდება ჩირქოვანი დაავადებები. ხშირია განგრენა. ზოგჯერ გარდაუვალი ხდება კიდურის ამპუტაცია. ავადმყოფის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს მოძრაობის შეზღუდვა. დიაბეტიანებს შორის ხშირია დეპრესიული მდგომარეობა, ყოფილა სუიციდის (თვითმკვლელობის) მცდელობაც. ყოველივე ეს გავლენას ახდენს პიროვნებაზე, არღვევს მის მთლიანობას. ადამიანს ეცვლება ხასიათი, ღალატობს ნებისყოფა, გაღიზიანებულია და გამუდმებით საკუთარ ავადმყოფობაზე ლაპარაკობს. ეს უხასიათობის ბრალი არ არის, ეს ხანგრძლივი და მძიმე დაავადების შედეგია. მხოლოდ მოთმინება, თანაგრძნობა, გულისხმიერება თუ დაეხმარება ავადმყოფის ახლობლებს მასთან საერთო ენის გამონახვაში, თუმცა ზოგჯერ ეს მეტისმეტად ძნელია.
გვახსოვდეს: ადამიანს შეუძლია ებრძოლოს დიაბეტს, შეამციროს გართულების რისკი, დიდხანს იცოცხლოს და სიბერემდე შეინარჩუნოს სიცოცხლის ხალისი, ამაში კი ახლობლები უნდა დაეხმარონ და მისი ხვედრი მოთმინებით გაიზიარონ. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ფსიქოთერაპევტის დახმარებაც გამოგადგეთ.