ფსიქოლოგიური კონსულტაცია
თუ სთხოვთ, დაგავოს იატაკი, ვიდრე თქვენ ჭურჭელს რეცხავთ, მან შესაძლოა ჩათვალოს, რომ ყველაზე მოსაწყენი სამუშაოს შესრულება ერგო წილად, ამიტომ დაავალეთ გოგონას იგივე საქმე, რომლითაც თქვენ ხართ დაკავებული. შეეცადეთ, შეიტანოთ ამაში თამაშის ან შეჯიბრების ელემენტები. მაგალითად, დამალეთ კანფეტი ან რაიმე მისთვის სასურველი ნივთი კარადის ყველაზე შორეულ კუთხეში, გოგონას კი უთხარით, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაგნებს მას, თუ ყველა ნივთს ფაქიზად შეალაგებს კარადაში.
ჩემი საყვარელი ადამიანი ახლახან დაშორდა ცოლს, მაგრამ არ ჩქარობს, რომ ხელი მთხოვოს. არ მესმის, რატომ იქცევა ასე. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვხვდებით ერთმანეთს. ნატო, 27 წლის
როგორც ჩანს, განქორწინების მიზეზი ცოლთან უთანხმოება გახდა და არა თქვენთან რომანი. უიღბლო ქორწინებას წერტილი დაუსვა, მაგრამ თქვენი მეგობარი ალბათ ჯერ არ არის მზად, კვლავ გაებას ოჯახურ უღელში. ნახევარი წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ შეძლოს მომხდარის “გადახარშვა”. ამ დროის გავლის შემდეგ, თუ თქვენ მოითმენთ, შეძლებთ დაელაპარაკოთ მომავალ გეგმებზე.
ქმარს გავეყარე. მყავს 12 წლის ვაჟი, რომელიც ჩემთან ცხოვრობს. ვხვდები მეგობარ მამაკაცს, რომელიც ჩემი თანატოლია. მას მთელი ცხოვრება მშობლებთან ერთად აქვს გატარებული. ერთმანეთს უმეტესად უქმეებზე ვხვდებით. ის ოჯახის შექმნას არ ჩქარობს. ღირს თუ არა, გადავუკრა სიტყვა ამ თემაზე? ნათია, 37 წლის
მამაკაცთა უმეტესობა “სახლის კაცია”. სახლი მათთვის სტაბილურობასა და კეთილდღეობას ნიშნავს, ამიტომ მშობლების ოჯახთან კავშირი შეიძლება წლობით გაგრძელდეს. ისინი არ ფიქრობენ ცვლილებებზე ოჯახურ ცხოვრებაში. მეორე მხრივ, თქვენს შვილს აუცილებლად სჭირდება სრულფასოვანი ოჯახი. 36 წლის ასაკში თქვენი მეგობარი მამაკაცი უკვე სავსებით მოწიფული უნდა იყოს სერიოზული ურთიერთობისთვის, მაგრამ მას, ალბათ, აშინებს პასუხისმგებლობა ან არ იცის, რით დაიწყოს. დაეხმარეთ მას, მაგრამ იყავით ძალიან ფრთხილად და არ დაკარგოთ სიმტკიცე, რადგან შეიძლება შეეჯახოთ გაუგებრობას მისი ოჯახის მხრიდან.
წელიწად-ნახევარია, დაქორწინებული ვარ, ქმრის ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, დედამთილთანაც, მაგრამ ახლახან შევიტყვე, რომ მას ურთიერთობა აქვს ჩემი ქმრის ყოფილ შეყვარებულთან, რომელიც ხშირად ურეკავს. ჩემი ქმარი იმ ქალს ორი წელია დაშორდა. ვერ გამიგია, რატომ აგრძელებს ურთიერთობას მასთან ჩემი დედამთილი, ნუთუ ჩვენი ოჯახის დანგრევა სურს? მე მასთან ამ თემაზე არ მისაუბრია. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მარი, 26 წლის
არც ერთი დედა არ დაუშვებს, რომ მის შვილს ცხოვრება დაენგრეს. გარდა ამისა, მტკიცე და მოსიყვარულე ოჯახი ყოველგვარ სირთულეს გაუმკლავდება. დედამთილთან ამ თემაზე საუბარი არ ღირს - შესაძლოა, გაანაწყენოთ. თქვენი ეჭვები ქმარს გაუმხილეთ, პირდაპირ ჰკითხეთ, რა უნდა მის ყოფილ შეყვარებულს მისი ოჯახისგან. რაც შეეხება თქვენი დედამთილის მიერ შვილის ყოფილ შეყვარებულთან კავშირის შენარჩუნებას, შესაძლოა, ეს იყოს უბრალოდ მოთხოვნილება იზრუნოს ვინმეზე, მისცეს რჩევა-დარიგებები, სწორ გზაზე დააყენოს. იქნებ თქვენი დედამთილი მისთვის დედის ან დაქალის როლს ასრულებს, უბრალოდ, ჭორაობენ, ერთმანეთს ახალ ამბებს უზიარებენ საერთო ნაცნობების შესახებ, საუბრობენ ახალ შენაძენზე... გასაგებია, რომ თქვენ ეს არ გსიამოვნებთ, მაგრამ ეს გოგონა თქვენი ოჯახისთვის საშიშროებას არ უნდა წარმოადგენდეს.
მე არ მყავს და-ძმა, არც ბიძაშვილ-მამიდაშვილები, მაგრამ ბავშვობიდან ვმეგობრობ გოგონასთან, რომელიც ჩემს უახლოეს ადამიანად მიმაჩნდა. მასთან თავს მარტოსულად არ ვგრძნობდი. ბოლო ხანს კი ის უფრო და უფრო მშორდება. ჩვენ სხვადასხვა ინსტიტუტში ჩავაბარეთ, ჩემმა დაქალმა ახალი მეგობრები შეიძინა... არ მინდა მისი დაკარგვა, როგორ მოვიქცე? ნატო, 20 წლის
თქვენ გიჭირთ იმ გრძნობებთან გამკლავება, რომლებსაც თქვენში ცხოვრების ახალი ეტაპი იწვევს. ვერავინ შეძლებს სხვისი მოქმედებების მართვას. ამრიგად, იმედი ნუ გექნებათ, რომ აიძულებთ მეგობარს, სხვაგვარად მოიქცეს. სამაგიეროდ, თქვენ მოგეცათ შესაძლებლობა გაიაზროთ, რა როლი შეასრულა ამ მეგობრობამ თქვენს ცხოვრებაში და რა დაგრჩებათ ამ ურთიერთობიდან სამუდამოდ. როგორც ჩანს, მეგობარი ყოველთვის იყო თქვენი ფსიქოლოგიური ორეული, სარკე. ახლა თქვენ გაიზარდეთ და მოგეცათ შესაძლებლობა, იცხოვროთ დამოუკიდებლად და დაინახოთ მარტოობაში პოზიტიური მხარე - თავისუფლება.
შარშან გავიცანი ბიჭი და გავიფიქრე, რომ ვიპოვე ადამიანი, რომელსაც ვუყვარვარ და რომელიც ზრუნავს ჩემზე, მაგრამ უეცრად გავაცნობიერე, რომ ის მე ხელს მიშლის ვიცხოვრო ისე, როგორც ადრე ვცხოვრობდი. მისი მუდმივი კონტროლი ჩვენს ურთიერთობას ძალიან ართულებს. მისი მზრუნველობა მოსაბეზრებელი გახდა... შევთავაზე, დავშორებოდით ერთმანერთს, ვცადეთ კიდეც, მაგრამ შევრიგდით. მეორე მხრივ, მესმის, რომ ურთიერთობა ბევრი რამის დათმობას მოითხოვს. ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება? მარიამი, 19 წლის
თქვენ გააცნობიერეთ, რომ ყოველგვარ ურთიერთობას სასიამოვნოსთან ერთად ნაკლებად სასიამოვნო მხარეებიც აქვს. ეს აღმოჩენა კი გააკეთეთ, მაგრამ მიზეზების გარკვევა არ გიცდიათ. მთელ დანაშაულს ახალგაზრდა კაცს მიაწერთ? მშვენიერი უფლისწული ურჩხულად გადაიქცა? გაცნობისას გიხაროდათ, რომ თქვენ გაგიჩნდათ ადამიანი, რომელიც თქვენზე ზრუნავს. ახლა, როცა აღმოაჩინეთ, რომ მზრუნველობას მეორე მხარეც აქვს - კონტროლი, მასთან ურთიერთობა აღარ გსურთ. გასაგებია, რომ დასაწყისში თქვენ ნათელმა მხარემ მიგიზიდათ - ალბათ ეს გაკლდათ. იქნებ საქმე ის არის, რომ მამაკაცებზე ბავშვის შთაბეჭდილებას ახდენთ, რომელსაც მზრუნველობა სჭირდება? დაფიქრდით, რა გიშლით ხელს იმაში, რომ სხვაგვარად მოიქცეთ და მიიპყროთ მეორე ტიპის მამაკაცების ყურადღება - მათი, ვინც მზადაა, პატივი სცეს საყვარელი ქალის თავისუფლებას?
ჩემი მეგობარი გოგონა ძალიან ულამაზოდ მომექცა. უნდოდა, თავი დაეღწია ერთი მომაბეზრებელი ბიჭისგან და მას ჩემი ტელეფონის ნომერი მისცა. მან არაერთხელ დამირეკა და უზრდელად დამელაპარაკა. ძალიან ნაწყენი ვარ ჩემს მეგობარზე. ის კი თავს დამნაშავედ არ თვლის. ეჭვი მაქვს, რომ სხვა დროსაც შეუძლია, ასე მოიქცეს... ინგა, 18 წლის
ძალიან ძნელია, მეგობრად ჩათვალო ის ადამიანი, რომელიც თავს გახვევს პასუხისმგებლობას იმ უსიამოვნებებზე, რომლებიც თავად შეემთხვა. თქვენი ეჭვები ალბათ საფუძველს მოკლებული არ არის. არ გსურთ ისევ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეთ? შეეცადეთ, ამ გოგონასთან ურთიერთობაში დისტანცია დაიჭიროთ. თუ მისთვის სულ ერთი არ არის თქვენი დამოკიდებულება, შეეცდება, ყველაფერი გააკეთოს, რომ თქვენი ნდობა კვლავ მოიპოვოს.
მეტისმეტად კრიტიკული ვარ სხვების მიმართ - ახლობლების, მეგობრების, უცნობების მიმართაც კი. ყველას ნაკლს ვამჩნევ და ეს მაღიზიანებს. არ ვიცი, რა მოვუხერხო საკუთარ თავს, როგორ შევხედო ყველასა და ყველაფერს სხვაგვარად. ნანუკა, 35 წლის
ფსიქოლოგების აზრით, სხვის ნაკლოვანებათა აღმოჩენისკენ სწრაფვა საკუთარი თავის ავადმყოფური პატივისცემისა და შინაგანი არასრულფასოვნების მანიშნებელია, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავსაც კი არ უმხელს. როცა გარშემო მყოფთა არასრულყოფილებას ვამჩნევთ, გვეჩვენება, რომ მათ ფონზე ჩვენ უკეთ გამოვიყურებით. გარდა ამისა, ის, რასაც სხვაში ვაკრიტიკებთ, ხშირად ჩვენი, საკუთარი ნაკლია, რომელსაც ჯიუტად არ ვაღიარებთ. მიგაჩნიათ, რომ თქვენი მეგობარი გასუქდა? - თქვენ რა, ყოველდღე ვარჯიშობთ? მეგობრის ცოლს სახლი მუდამ არეული აქვს? - განა თქვენს სახლში ყოველთვის იდეალური წესრიგია? გარშემო მყოფთა მიმართ უკმაყოფილება - ეს არის სარკე, რომელშიც, აჯობებს, ჩაიხედოთ ფართოდ გახელილი თვალებით. ასეთი კრიტიკულობის კიდევ ერთი მიზეზია ადამიანებთან დაახლოების გაუცნობიერებელი შიში. ეს არის თავდაცვის თავისებური ხერხი, თითქოს ხელოვნურად ვაშენებთ გალავანს. როცა განვიხილავთ სხვის ნაკლოვანებებს, ვაზვიადებთ ან ვიგონებთ მათ, ამით თავს ვიმართლებთ იმის გამო, რომ არ გვინდა ვინმესთან ურთიერთობა. ისეც ხდება, რომ ნაკლი - ეს არის უკიდურეს ზომამდე მიყვანილი ღირსება. ნაცნობი ქალი უნიათო და გაუბედავი გეჩვენებათ? - იქნებ ეს მისი თავმდაბლობის ნიშანი იყოს? მეზობელი ძუნწია? - ეგებ თავშენახული და პრაქტიკული დიასახლისია? ისწავლეთ ნაკლში ღირსების დანახვა. მიიღეთ ადამიანები ისეთებად, როგორებიც არიან.